შვილის მართვის საუკეთესო საშუალება - გზაპრესი

შვილის მართვის საუკეთესო საშუალება

- ნინო, როცა ბაია გაიცანით, როგორ გამოიყურებოდა?

- 4 კილოსა და 200 გრამს იწონიდა. თვალები საერთოდ არ ეხილებოდა. მრგვალი, მსუქანი ქუთუთოები ჰქონდა, ოღონდ - ყურებამდე ჭრილით. აბსოლუტურად მელოტი იყო, თან - უწარბო, უწამწამო...Gგული მისკდებოდა, - ასეთ წამწამებიან დედიკოს უწამწამო შვილი რატომ მეყოლა-მეთქი (იცინის)?!.

ბაია:

- ნინო მკაცრი დედაა. თბილად იმ შემთხვევაში მეპყრობა, როცა რამე სჭირდება. მზრუნველია. ბევრს შრომობს: ძირითადად - თავისთვის, მაგრამ - ჩვენთვისაც... ძალიან მიყვარს!

- საინტერესოა, ნინოს შენგან რა სჭირდება ხოლმე?

- როცა მამასთან ერთად სადმე წასვლა უნდა, ჩემს ძმას ძიძა ხომ სჭირდება? როცა ძიძა არ არის, ივიკოსთან მე ვრჩები.

ნინო:

- ბაია, რაც მე ტანჯვაში გამიზრდიხარ, ეგ უნდა დამამადლო?

ბაია:

- ბავშვებს ყველა ტანჯვაში ზრდის.

ნინო:

- შენი გაზრდისას მე განსაკუთრებულად დავიტანჯე (იცინის): შუქი, გაზი არ იყო...

ბაია:

- "96-იანები" ასეთ პირობებში გაიზარდნენ.

ნინო:

- ნავთის სუნზე რომ გაგზარდე, იმიტომაც, ცოტა "ვერ ხარ".

- ვფიქრობ, რომ დაქალური ურთიერთობა გაქვთ. ვცდები?

ბაია:

GzaPress- ცდებით. დედასთან დაქალური ურთიერთობა ვერ მექნება: რასაც დაქალს გავუბედავ, დედას - ვერასოდეს... რჩევის მისაღებად პირველად ნინოსთან მივდივარ.

ნინო:

- დაქალობა არ გამომდის. თავადაც ისე ასკეტურად გამზარდეს, რომ მშობლებთან ფამილარული ურთიერთობა არ მქონია. ბაიასთან მეგობრული (და არა - ზღვარგადასული ფამილარული) ურთიერთობა მაქვს.

- რა საკითხზე კამათობთ?

- ნებისმიერზე - სწავლიდან დაწყებული, ქცევის წესებით დამთავრებული. რაც არ მომწონს, ყველაფერზე ვჯუჯღუნებ. ზოგ საკითხში ვიმორჩილებ, ზოგში - ვერა. ჩემს მშობლებსაც ჩემი არაფერი მოსწონდათ. "ტრადიციას" ვაგრძელებ.

- დედიკოს სიმკაცრე შენთვის სასიკეთოდ მიგაჩნია თუ მასთან სხვანაირ ურთიერთობას ისურვებდი?

ბაია:

- დედასთან სხვანაირი ურთიერთობა ვერ წარმომიდგენია. კმაყოფილი ვარ. ზოჯერ მინდება, მოვკლა, ან რაღაც მსგავსი ჩავიდინო (იცინის), მაგრამ რას ვიზამთ? დედა რაც უფრო დიდხანს მეყოლება, უკეთესია.

- რას საქმიანობ?

- პირველი კურსის სტუდენტი ვარ. სტომატოლოგის პროფესიას ვეუფლები.

- მედიცინის სფეროსგან განსხვავებულ პროფესიაზე ოდესმე გიფიქრია?

- არასოდეს! ექიმების გარემოცვაში გავიზარდე და სხვა პროფესიისკენ "გახედვაც" არ მინდოდა. სტომატოლოგობა მარტივი არ არის, მაგრამ ქალისთვის იდეალურია.

- დღის განმავლობაში დედა-შვილი ერთმანეთს ხშირად ხვდებით?

ნინო:

- ძილის წინ. შინ დაახლოებით, საღამოს 9 საათზე ვბრუნდები. მთელი დღე ტელეფონით ვკონტაქტობთ, მაგრამ ყოველ წამს შეკითხვებით არ ვაწუხებ.

ბაია:

- ჩემი ადგილსამყოფელი არასდროს დამიმალავს.

ნინო:

- ბაია ისეთ ტერორში არ მყავს, როგორშიც დედაჩემს ვყავდი. ჩემ შესახებ დედას დღემდე ყველაფერი აინტერესებს, მტუქსავს...

ბაია:

- ნინოსთვის მთავარია, ვუთხრა, - სად და ვისთან ერთად ვარ.

- შეყვარებული გყავს?

- არა (იცინის).

- იქნებ ვინმე მოგწონს?

- არავინ. ვინც მომწონდა, დედამ ძალიან ნელა, ლამაზად ჩამომაშორა.

- ნინო, ბაიას რჩეული როგორი უნდა იყოს?

- რაც მთავარია, უნდა მომეწონოს, თორემ სახლში არ შემოვუშვებ. იმდენი კრიტერიუმი მაქვს, რომ მგონი, შვილი გაუთხოვარი დამრჩება (იცინის). მინდა, ბაიას რჩეულს კარგი მშობლები ჰყავდეს, სწორი ფასეულობებით აღზრდილი იყოს, ოჯახის ფასი იცოდეს. ჩემი შვილი უნდა უყვარდეს, აფასებდეს, გულს არ სტკენდეს... ჯერჯერობით, შვილი არავისთვის მემეტება და ამ თემაზე ფიქრიც არ მინდა. თანახმა ვარ, ბაია ჩემთან შინაბერად დარჩეს. მინდა, სულ ჩემთან იყოს.

- თქვენთვის გასაცნობად ბიჭი მოუყვანია?

- რამდენჯერაც დამიპირა, იმდენჯერ ყური "წავუყრუე", თვალი "დავიბრმავე" და გაცნობის პროცესი ავირიდე. ეს საკითხი "დავბლოკე", - არ მაინტერესებს-მეთქი, მერე კი "მაღალი ტექნოლოგიები" ჩავრთე (იცინის)... სხვათა შორის, ყველაფერმა აგრესიის გარეშე ჩაიარა - ყოველდღიურად, მარცვალ-მარცვალ ვმოქმედებდი. შემდეგ ის ბიჭი უკვე ბაიას აღარ უნდოდა (იცინის)...

ბაია:

- თავდაპირველად, ერთი ბიჭი ძალიან მომწონდა. მერე ნინოს რჩევები გავიხსენე, რეალობას თვალებში ჩავხედე...

- დედა-შვილი ერთმანეთს რით ჰგავხართ?

ნინო:

- კისრით და ტუჩებით. ხასიათს რაც შეეხება, ბაია ბევრად უფრო მშვიდია.

ბაია:

- ნინო კი ემოციური.

ნინო:

- მე უფრო ნიჭიერი ვიყავი (იცინის)... ბაია არაჩვეულებრივი ადამიანია: გაწონასწორებული, კეთილშობილი. მე თუ რამე არ მომეწონა, პოლკს გადავჯეგავ, ბაია კი ყველაფერს დიპლომატიურად, ხმის აწევის გარეშე აგვარებს. ჩემზე ბევრად ეშმაკია.

- ეშმაკობას თქვენთან ურიერთობისას იყენებს?

- ჩემი მომტყუებელი დედამიწაზე ჯერ არ დაიარება.

ბაია:

GzaPress- რამდენჯერაც ვცადე, არ გამომივიდა და მივხვდი, რომ მის მოტყუებას აზრი არ აქვს. სად ვარ, რას ვაკეთებ - ყველაფერი იცის, რაღა დავუმალო? ამის სურვილიც არ მიჩნდება.

- ნინო, ჯადოსნური სარკე გაქვთ თუ დეტექტივი გყავთ დაქირავებული?

- მეც ვიყავი პატარა, მეტი - არაფერი (იცინის).

- მშობელთა კრებაზე...

ბაია:

- (მაწყვეტინებს) ...ნამყოფი არ არის! სკოლაში მხოლოდ ერთხელ (მაშინ მეორე თუ მესამე კლასში ვიყავი), ზრდილობის გამო მომაკითხა და შინ წამიყვანა.

ნინო:

- ახლა ივიკოს კლასის მშობელთა კრებაზე ვიყავი.

- ივიკო რამდენი წლის არის?

- 11-ის. "დედას ბუშტია". მის მიმართ დამთმობი ვარ, ყველაფერზე თვალს ვხუჭავ... ჩემი ტკივილია.

- მასზე ვინ ზრუნავს?

- "ინტერნატში" გავამწესეთ (იცინის). მანამდეც ძალიან კარგ სკოლაში დადიოდა, მაგრამ რადგან არ გვეცალა, რომ სპორტის სხვადასხვა სახეობაზე გვეტარებინა, გუგამ გადაწყვიტა, რომ კიკეთში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სკოლაში გადაგვეყვანა. ბავშვი დილის 7 საათზე სახლიდან გამყავს და საღამოს 9-ზე მომყავს. ძალიან საბრალოა... სამაგიეროდ, ნელ-ნელა დამოუკიდებლობა დაეტყო. ჩვენ ძალიან განებივრებული გვყავდა. ბაიასგან განსხვავებით, ივიკო თბილი და ტკბილია. მისთვის შენიშვნის მიცემა არ მინდება. თან, როცა ივიკო შემეძინა, 29-30 წლის ვიყავი.

ბაია:

- მართალია, რომ მეორე შვილის გაჩენისას, დედები უფრო "აზრზე მოსულები" არიან... ნინოს ისეთი დაძაბული დღის რეჟიმი აქვს, ვერ მოვთხოვ, - აქ მომაკითხე და იქ წამიყვანე-მეთქი. ჰოდა, არც იცოდა, რომელ საგნებში ვემზადებოდი. როცა რაღაც თავადაც შეგიძლია, მშობელი რატომ უნდა შეაწუხო?

ნინო:

- სკოლა მეც წარჩინებით დავამთავრე და უმაღლეს სასწავლებელშიც ისე მოვეწყვე, მშობლები არ "გამკარებიან".

- ბაია, როცა რამის ყიდვა გინდა, დახმარებას ვის სთხოვ?

- ბაბუას. დედას თავისი გასჭირვებია, თავისთვის აქვს საყიდელი (იცინის)... მერე შეძენილი ნივთები ჩუმად გამოგვაქვს და ერთმანეთს ვაჩვენებთ...

- ერთმანეთის სამოსს იცვამთ?

- ახლაც ჩემი "ელასტიკი" აცვია.

ნინო:

- ბაიას კი ჩემი გეტრები და კაბა.

- ბაია, პლასტიკური ქირურგისთვის თუ მიგიმართავს?

- ცხვირი შარშან ზაფხულს "გავიკეთე". მამამ დიდხანს "იტრიალა" - ჩემთვის ოპერაციის გაკეთება არ უნდოდა, მაგრამ ბოლოს მაინც დავითანხმე.

- ნინო, შვილთან მოწესრიგებული ურთიერთობისთვის მშობლებს რას ურჩევთ?

- მინდა, ყველა მშობელს და შვილს ვურჩიო: ერთმანეთს ნერვები არ მოუშალოთ. ისედაც ძალიან ცოტა ხანს ვცოცხლობთ და ყოველი დღით ისიამოვნეთ, ერთმანეთს მიეფერეთ, გული არ ატკინოთ, პატარ-პატარა ნაკლზე თვალი დახუჭეთ... მშობლის მხრიდან ზედმეტი ტერორი საჭირო არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვს პროტესტის გრძნობა გაუჩნდება და შესაძლოა, ჯიბრით ისე მოიქცეს, საკუთარ თავს რაღაც დაუშავოს. თქვენი პირადი ცხოვრების მაგალითი შვილის მართვის საუკეთესო საშუალებაა.

ეთო ყორღანაშვილი