"მეტსახელად რაგნარა შემერქვა"
მიუხედავად იმისა, რომ წლებია, მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე თამაშობს, ფართო საზოგადოებამ სერიალიდან - "ჩემი ცოლის დაქალები", რაგნარას როლით გაიცნო. "ჩემი გმირი აგრესიულია და მიუხედავად ამისა, მაყურებლის მხრიდან დიდ სიყვარულს ვგრძნობ", - ამბობს მსახიობი თორნიკე ქინქლაძე.
პრეამბულის მაგიერ
- ყოველდღე თეატრში ვარ. საკმაოდ დატვირთული გრაფიკი მაქვს, ბევრ სპექტაკლში ვარ დაკავებული. მოზარდ მაყურებელთა თეატრის გარდა, "გლობუსშიც" ვთამაშობ, ამას ემატება გადაღებები სერიალში და წიგნების წასაკითხად დროის გამონახვას ვეღარ ვახერხებ, რის გამოც გული ძალიან მწყდება.
სკოლისა და სტუდენტობის წლებში აქტიურად ვკითხულობდი. ძალიან მიყვარს ოთარ ჭილაძის შემოქმედება.
ჩემ მიერ განსახიერებული როლებიდან რომელ გმირთან ვიმეგობრებდი? ემილთან (ასტრიდ ლინდგრენი). მაინტერესებს, ისეთია თუ არა რეალობაში, როგორიც წარმოსახვაში მყავს. ეს მიდგომა მაქვს ყველა პერსონაჟთან. ემილთან კი ბევრი საერთო პიროვნული თვისება აღმომიჩენია. გიჟი ბავშვი ვიყავი, კედლებზე "დავდიოდი", გათბობის მილებზე დავძვრებოდი. ერთხელ ჭერში ვიმალებოდი და დედას ეგონა, ფანჯრიდან გადავვარდი, ინერვიულა. (პაუზის შემდეგ) დიდი სიამოვნებით ვიმეგობრებდი დ"არტანიანთან.
რაგნარა მოძალადეა. მიუხედავად ამისა, საზოგადოება ამ გმირისადმი ცუდად არ არის განწყობილი. კომენტარებს ვკითხულობ, საზოგადოებას არ მოსწონს ბილწსიტყვაობა. ამიტომ ვცდილობ, შევამცირო. გასაგებია, რომ კარგი მოსასმენი არ არის. რეალურად, საზოგადოებაშიც ბილწსიტყვაობა დიდი დოზითაა. ეს სერიალი ხომ სოციალური სატირაა. ცდილობენ, არსებული რეალობა ასახონ.
რაგნარამ ჩემში პიროვნულად არაფერი შეცვალა, მაგრამ ცხოვრება შემიცვალა. ქუჩაში ბევრი მცნობს, უცხო ადამიანებისგან დიდ ყურადღებას ვგრძნობ. თეატრში ზოგჯერ ისეთი გრიმი გვაქვს, წარმოუდგენელია, მსახიობი იცნო. რამდენი წელია, ვმუშაობ და ახლა კოსტიუმებს თორნიკე ქინქლაძის ნაცვლად, რაგნარას აწერენ. მეტსახელად რაგნარა შემერქვა (იცინის). შეყვარებულიც კი ასე მომმართავს.
- "ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა ის იყო, რომ დამერწმუნებინა ჩემი ცოლი, ჩემზე დაქორწინებულიყო". რომელი ცნობილი ინგლისელი საზოგადო მოღვაწეა ამ სიტყვების ავტორი?
- ვაიმეე!!! ასეთები უნდა მკითხო? არ ვიცი.
- ჩერჩილი. რომელია ყველაზე პატარა ზომის ჩიტი?
- კოლიბრი.
- დაასახელე საქართველოს 2 ქალაქი, რომელიც მსოფლიოს უძველეს ქალაქთა ნუსხაშია შეტანილი.
- ქუთაისი და მცხეთა.
- რა ჰქვია სამხედრო იარაღის გამოსაცდელ ადგილს?
- პოლიგონი გამიგონია, მაგრამ დედისერთა ვარ და ჯარში არ წავსულვარ.
- ახლა კი გთხოვ, იტალიური ანდაზა დაასრულოO: "არასდროს გაეკიდო არც ქალს და არც ტრამვაის. აუცილებლად..."
- გაეკიდე.
- "...მოვა შემდეგი".
- ვაიმე, იტალიელები ძალიან საყვარლები არიან.
- ვის პატივსაცემად ეწყობოდა ძველ რომში ოლიმპიური თამაშები?
- ზევსის.
- "წელს გადავწყვიტე, მეცხვარეობა დამეწყო და ამ ხელობის შემწეობით მომევლო მთა და ბარი. გამეცნო ხალხი და გამომეცადა ის შიშითა და სიამოვნებით სავსე ცხოვრება, რომელიც მწყემსს განუშორებლივ თან სდევს. რასაკვირველია, პირველი ჩემი ნაბიჯი, განურჩევლად ყველამ მასხარად აიგდო, რადგანაც ამბობდნენ, რომ მებატონეს და მასთან სახელიანი კაცის შვილს მეცხვარეობა არ ეკადრება". ალექსანდრე ყაზბეგის რომელ ნაწარმოებში ვკითხულობთ ამ სიტყვებს?
- "ნამწყემსარის მოგონებანში".
- ვინ უწოდა შავ ზღვას შავი?
- არ ვიცი.
- სტრაბონი მას მოიხსენიებდა კოლხიდის ზღვად. ბერძენი ზღვაოსნები კი "პონტოს აქსიონს" უწოდებდნენ, რაც არასტუმართმოყვარე ზღვას ნიშნავს, შავი ზღვის სანაპიროზე ბერძენი კოლონიზატორების დასახლების შემდეგ, მას "პონტოს ევქსიონისი" (სტუმართმოყვარე) უწოდეს. XV საუკუნიდან კი თურქებმა "ყარადენიზი" ანუ "შავი ზღვა" დაარქვეს და მერე ეს სახელი დამკვიდრდა ყველა ენაში.
- საინტერესო ისტორია ჰქონია.
- "ეს არის ადამიანი, რომელიც გათხოვებს ქოლგას კარგ ამინდში და წაგართმევს მაშინ, როცა წვიმს". რომელი პროფესიის ადამიანებზე ამბობდა ამ სიტყვებს მარკ ტვენი?
- ბანკის თანამშრომლებზე. ბანკირებზე.
- გამოიცანი. 1919 წელს, კიევში სოლოვეცის თეატრში კოტე მარჯანიშვილის მიერ დადგმული ლოპე დე ვეგას დრამა - "ცხვრის წყარო" საბჭოთა თეატრის ისტორიაში შევიდა და განსაკუთრებული ადგილი დაიკავა. რატომ?
- "ცხვრის წყარო" პირველი საბჭოთა სპექტაკლი იყო.
- მის გამო გი დე მოპასანი საყვარელი ქალაქის დატოვებას აპირებდა. საფრანგეთის მთავრობამ კი მიიღო წერილი, რომელსაც ხელს ინტელიგენციის არაერთი წარმომადგენელი აწერდა. ისინი წინააღმდეგი იყვნენ პროექტისა, რომელიც მაინც განხორციელდა. რომელ პროექტზეა ლაპარაკი?
- მოპასანს ეიფელის კოშკი არ უყვარდა.
- სკოლაში მათემატიკას კარგად სწავლობდი?
- მკითხე, აბა, მაინტერესებს, თავს თუ გავართმევ.
- რა ციფრზე უნდა გავყოთ 2, რომ მივიღოთ 4?
- 2:X=4 ასე დავიანგარიშო?
- დიახ.
- და რა გამოდის?
- დაფიქრდი.
- (პაუზის შემდეგ) 0.5. სწორად ვამბობ?
- დიახ. ეტლმა, რომელშიც 2 ცხენი იყო შებმული, 10 კილომეტრი გაიარა. რამდენი კილომეტრი გაიარა თითოეულმა ცხენმა?
- (იცინის) 10.
- რომელი სასახლე ითვლება მსოფლიოში უძველეს სასახლედ, სადაც მეფეები და დედოფლები ისევ ცხოვრობენ?
- სახელი არ მახსოვს.
- დიდ ბრიტანეთშია.
- ვერ გიპასუხებ.
- უინძორების სასახლე. ვინ იყო თამარ მეფისთვის დავით ნარინი?
- შვილიშვილი.
- "საშველს რომ აღარ მაძლევს ხოლმე/ მამულზე ფიქრი,/ ხანდახან გულში ღიმილით ვიტყვი: -/ რა ჩემი ჭკუის საქმეა ნეტა,/ მამულო ჩემო, გილხინს თუ გიჭირს! -/ რომელი მეფე ერეკლე მე ვარ!/ ანდა რომელი მსაჯული მისი!/ პასუხად მყისვე,/ ვითარცა სეტყვა,/ ვინც კი და რაც კი არსებობს ირგვლივ, -/ იხუვლებს ხოლმე, იხუვლებს ერთხმად - / ღალატიაო მაგგვარი ფიქრი!" - ვინ არის ამ ლექსის ავტორი?
- მუხრან მაჭავარიანი.
- უფასოა, მაგრამ ძვირი ღირს, რაც მეტს გასცემ, მეტს მიიღებ. წამიერია, მაგრამ ხსოვნაში სამუდამოდ რჩება. ვერსად იპოვი ისეთ მდიდარს, რომელსაც უმისობა შეეძლოს, ვერც ისეთ ღატაკს, რომელსაც ის არ გაამდირებს. მას ვერ იყიდი, ვერც თხოვნა-მუდარით მოიპოვებ. ვერც ისესხებ, ვერც მოიპარავ, რადგან თუ გულით არ გაიცა, გროშია მისი ფასი. თუ სწორად უპასუხებ, ის აუცილებლად გეწვევა. რის შესახებ ამბობდა ამას დეილ კარნეგი?
- ვერ ვხვდები.
- სავარაუდო პასუხი მითხარი.
- ხან სიყვარული ვიფიქრე, ხან - ფული, მაგრამ ვხვდები, სწორი პასუხი არც ერთი არ არის.
- ადამიანის ქმედებაზეა ლაპარაკი.
- არ ვიცი, აჯობებს შენ მითხრა.
- ღიმილი. 1872 წელს, თბილისსა და ფოთს შორის რკინიგზის ხაზის გახსნის შემდეგ, ერთ-ერთი უბნის ტერიტორია 2 ნაწილად გაიყო, სადაც მუშახელი მიწებს უნებართვოდ იტაცებდა და სახლდებოდა. რა დაერქვა ამ უბანს?
- ა! ნაძალადევი ამიტომ ჰქვია? უბრალოდ, გამოვიცანი. ასეთი ისტორია თუ ჰქონდა, არ ვიცოდი.
- რაიმე ფობია გაქვს?
- ადრე სიმაღლის შიში მქონდა, სიმაღლიდან გადახედვა არ შემეძლო, მაგრამ გადავლახე.
- რისი შიშია პელადოფობია?
- არ ვიცი.
- მელოტი ხალხის შიში. მეცნიერულად მას ფილემატოლოგია ჰქვია. რაზეა ლაპარაკი?
- არ ვიცი.
- კოცნაზე. რა ჰქვია ბრიყვულად გაწეულ სამსახურს, რომელსაც განზრახული სიკეთის ნაცვლად ზიანი და უსიამოვნება მოსდევს? ეს გამოთქმა მას შემდეგ გაჩნდა, რაც კრილოვის იგავ-არაკი - "დათვი და მეუდაბნოე" გამოქვეყნდა.
- დათვური სამსახური.
- ეს საზოგადო მოღვაწე გურიაში, სოფელ ლიხაურში დაიბადა, მამა სულ პატარას გარდაეცვალა, 5 წლის ასაკში დედითაც დაობლდა. 3 წლის რომ იყო, ხიდან ჩამოვარდა და ფეხი მოიტეხა, კარგი ექიმი ვერ გამოუძებნეს და სამუდამოდ დაკოჭლდა. ერის წინაშე გაწეული სამსახურისთვის, საქართველოს ეკლესიამ წმინდანად შერაცხა (დაახლოებით 10 წლის წინ) და ღვთისკაცი უწოდეს.
- ექვთიმე თაყაიშვილზეა ლაპარაკი.
- დაბოლოს, დაასრულე მაჰათმა განდის ცნობილი გამონათქვამი: "იყავი ცვლილება, რომლის დანახვაც გსურს..."
- შენში.
- "...გსურს სამყაროში".
თამუნა კვინიკაძე