სასურველი სარძლო - წარმატებული ბალერინა, "გემრიელი ხელით" - გზაპრესი

სასურველი სარძლო - წარმატებული ბალერინა, "გემრიელი ხელით"

თათა ჯაში უცხოეთში წარმატებული ქართველი ბალერინაა. როგორც ამბობს, მისი გული ჯერჯერობით თავისუფალია... "ისიც კი არ ვიცი, როგორი მამაკაცი მინდა მყავდეს გვერდით, თორემ აუცილებლად, ზუსტად ჩემი გემოვნების შესაფერისს ვიპოვიდიო"|, - ამბობს თათა.

- შენს ოჯახზე გვიამბე რამე. ვინ არიან შენი მშობლები?

- ძალიან მზრუნველი, ყურადღებიანი და მოსიყვარულე დედ-მამა მყავს. დედა პროფესიით ხელოვნებათმცოდნეა და მეც მის კვალს გავყევი... მამა ეკონომისტია. მყავს უფროსი და, რომელიც პროფესიით იურისტია. ვფიქრობ, ჩემი ოჯახის წევრების დახმარებით გადავლახე ცხოვრებაში ბევრი მნიშვნელოვანი ეტაპი.

- გარეგნულად დედას გამსგავსებენ?

- როცა დედასთან ერთად მხედავენ, მას მამსგავსებენ, როცა მამის გვერდით ვარ, ამბობენ, რომ მამას ვგავარ.

- რამდენად ტრადიციულ ოჯახში გაიზარდე? მშობლები გზღუდავდნენ?

- დიახ, ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე. თუმცა, მშობლები ჩემს სურვილებს პატივს სცემენ, მენდობიან და ეს ძალიან მომწონს.

- რამდენი წელია, რაც ბალეტს ცეკვავ?

- ბალეტზე სიარული 8 წლის ასაკში დავიწყე და მას შემდეგ, ხელოვნებით ვარ შეპყრობილი.

- როგორ ეგუება შენი ოჯახი იმ ფაქტს, რომ მათთან ერთად არ ხარ და იშვიათად გხედავენ.

- როცა გერმანიაში ვცხოვრობდი, მათთან ყოველდღიური კონტაქტი მქონდა. შეძლებისდაგვარად ხშირადაც ჩამოვდიოდი საქართველოში ან დედა მსტუმრობდა. იქ ბევრ ჩემს თანატოლს უკვირდა, ოჯახთან ასეთი მჭიდრო კავშირი რომ მქონდა... დღესდღეობით თბილისში ვარ და მშობლებთან ერთად ვცხოვრობ. მართალია, დღის უმეტეს დროს თეატრში ან გადაღებებზე ვატარებ, მაგრამ ჩემი ოჯახისთვის დროს ყოველთვის ვნახულობ.

- ზოდიაქოთი ვინ ხარ?

- თევზები ვარ.

- თუ კითხულობ შენს ჰოროსკოპს და რამდენად გჯერა ამ მეცნიერების?

- მჯერა, რომ ზოდიაქოს ნიშნებს ადამიანის ხასიათის ფორმულირებაზე გავლენა ნამდვილად აქვს. მაგალითად, მე ჩემს თავში ვხედავ იმ კონკრეტულ ნიშან-თვისებებს, რომელიც თევზებს ახასიათებს. თუმცა, ყოველდღიური ჰოროსკოპით ნამდვილად არ ვინტერესდები.

- საკუთარ თვისებებზე რას გვეტყვი? როგორი ადამიანი ხარ: ზედმეტად სერიოზული თუ ხალისიანი?

- მაქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი თვისებებიც. ვერ ვიტყვი, რომ სერიოზული ან ძალიან მხიარული ვარ. ძირითადად, მშვიდი ადამიანი გახლავართ. თუმცა, განწყობა ხშირად მეცვლება.

- რისი კომპლექსი გაქვს?

- კომპლექსს ვერ დავარქმევ, მაგრამ ბევრი რამ არის, რასაც არასდროს გავაკეთებ. ვფიქრობ, ადამიანმა ღირსება არაფრის ფასად არ უნდა დაკარგოს.

- რა მავნე ჩვევები გაქვს და რომელიმეს გამოსწორებას თუ ცდილობ?

- მორიდებული და დამყოლი ხასიათი მაქვს, რაც დისკომფორტს ხშირად მიქმნის. ხასიათის ამ თვისებას დღემდე ვებრძვი. სხვა ისეთი არაფერი მახსენდება, რომ მინდოდეს გამოსწორება და არ გამომდიოდეს.

- როგორი გაბრაზება გჩვევია?

- საკმაოდ ცუდი... "ფეთქებადი"| ხასიათი მაქვს. თუკი კონფლიქტი ჩემთვის ახლობელი ადამიანის გამო მომივიდა, უკან არ დავიხევ, მის დაცვას ბოლომდე შევეცდები. მადლობა ღმერთს, გოგო ვარ, თორემ სულ ცემა-ტყეპაში ვიქნებოდი (იცინის).

- რამ შეიძლება წონასწორობა დაგაკარგვინოს?

- ვცდილობ, წონასწორობა ყოველთვის შევინარჩუნო. ჩვენ ყოველდღიურად ვდგავართ იმ საფრთხის წინაშე, რომ შეიძლება, ვიღაცამ შეურაცხყოფა მოგვაყენოს. მსგავსი შემთხვევები მაბნევს. ვერ ვიგებ, რატომ უნდა გადაიტანო შენი უარყოფითი განწყობა უცხო ადამიანზე და სრულიად უსაფუძვლოდ მიაყენო შეურაცხყოფა?..

- წყენის გულში ჩადება გჩვევია?

- გააჩნია, რის გამო მაწყენინეს. ვცდილობ, გაბრაზება გულში არ დავიტოვო, მაგრამ ისეც მომხდარა, რომ წყენის დავიწყების პარალელურად, კონკრეტული ადამიანის დავიწყებაც მიცდია...

- როგორი მამაკაცები მოგწონს? რა არის ის ძირითადი კრიტერიუმი, რის მიხედვითაც ძლიერ სქესს აფასებ?

- ვერ გამოვყოფ იმ კონკრეტულ დეტალს, რის გამოც შეიძლება, მამაკაცმა მომხიბლოს. თუმცა, იმის თქმა შემიძლია, რომ როგორც ყველა მანდილოსანს, მეც მომწონს ჩამოყალიბებული, მხიარული, ძლიერი და შემდგარი პიროვნებები.GzaPress

- შენი რჩეული აუცილებლად მატერიალურად ძლიერი უნდა იყოს, თუ ღარიბიც შეიძლება შეგიყვარდეს?

- მატერიალური მხარე ჩემთვის გადამწყვეტი არასოდეს ყოფილა, რადგან ძალიან მინდა, ისეთი გრძნობა განვიცადო, რაც მხოლოდ წიგნებში წამიკითხავს. თუმცა, თავად მატერიალურად დამოუკიდებელი ადამიანი ვარ და მაშინაც კი, როცა ტრავმის გამო ვერ ვცეკვავდი, საკუთარი თავის რეალიზება სხვა სფეროში მოვახდინე, რადგან უსაქმურად სახლში ჯდომას ვერ ავიტანდი. შესაბამისად, ჩემ გვერდით მყოფ მამაკაცსაც უნდა ჰქონდეს იმის სურვილი, რომ საკუთარი შემოსავალი ჰქონდეს. ყველა შრომისუნარიან ადამიანს შეუძლია რაღაცის გაკეთება და დრო უქმად არ უნდა დაკარგოს.

- რამდენი წლის ხარ და შეყვარებული რამდენჯერ ყოფილხარ?

- 25 წლის უკვე გავხდი. 15 წლის ასაკში პირველად შემიყვარდა. მაშინ მეგონა, ჩემი გრძნობა ცას სწვდებოდა, მაგრამ თინეიჯერობას რომ გადავაბიჯე, მივხვდი, ეს მხოლოდ ჩემი გულუბრყვილო, ბავშვური გატაცება იყო. ზრდასრულ ასაკში ერთი-ორჯერ სერიოზულად მომეწონა მამაკაცი, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა სიყვარულით არ დასრულებულა.

- უცხოელ და ქართველ მამაკაცებს შორის რაიმე საერთოს ხედავ?

- რაღაც საერთო თვისებები მგონი, ყველა ეროვნების ადამიანებს აქვთ. თუმცა, ტრადიციებით, მენტალიტეტით განვსხვავდებით სხვებისგან და ეს ლოგიკურიც არის.

- ბევრი თაყვანისმცემელი გყავს? როგორ გამოხატავენ შენ მიმართ სიმპათიას? საჩუქრებით განებივრებენ?

- თაყვანისმცემლების ნაკლებობას არ ვუჩივი... მათ ყველანაირი სიურპრიზი გაუკეთებიათ ჩემთვის, რაც კი გოგომ შეიძლება ინატროს და რისთვისაც უზომოდ მადლობელი ვარ. ძალიან სასიამოვნოა, როცა შენს გაოცებასა და გახარებას ცდილობენ.

- შესაძლებელია, უცხოელს გაჰყვე ცოლად, თუ ეს შენთვის მიუღებელია?

- გამორიცხული არაფერია, წინასწარ ვერაფერს ვიტყვი.

- საოჯახო საქმეები გეხერხება?

- სხვათა შორის, შესანიშნავი კულინარი ვარ. ერთადერთი, რისი მომზადებაც ჯერჯერობით არ გამომდის, ეს სუშია და ალბათ, მომავალში ამაშიც დავხელოვნდები. სხვა ყველა საოჯახო საქმე ვიცი.

- უთოობა თუ შეგიძლია?

- მოგატყუებთ, რომ გითხრათ, თავად მიწევს რაიმეს დაუთოება-მეთქი, მაგრამ როცა დამჭირდება, მჯერა, ეს საქმეც აუცილებლად გამომივა... ვიცი, რომ რთული არ არის.

- რას ამზადებ ყველაზე გემრიელს?

- როგორც ამბობენ, ძალიან "გემრიელი ხელი" მაქვს. ამიტომ მიჭირს ერთი კონკრეტული კერძის გამოყოფა. ცოტა ხნის წინ, "ვეგანი" გავხდი და კვების ახალ რაციონს ადვილად შევეგუე, რადგან ბოსტნეულითა და ხილით ბევრნაირი გემრიელი სალათის მომზადება შეიძლება.

- ხორცზე უარის თქმა არ გაგიჭირდა?

- ამაზე დიდი ხანი ვფიქრობდი. როცა ეს ნაბიჯი გადავდგი, დარწმუნებული ვიყავი საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში. შესაბამისად, ეს ყველაფერი არც გამჭირვებია.

- მომავალში როგორი ადამიანი წარმოგიდგენია შენ გვერდით?

- კონკრეტული სტერეოტიპი არ მაქვს ჩამოყალიბებული. დარწმუნებული რომ ვიყო, როგორი ადამიანი გამაბედნიერებდა, ასეთს როგორმე ვიპოვიდი.

- ქართულ ტრადიციულ ქორწილს თუ გადაიხდი?

- ვიცი, რომ ქართულ ტრადიციულ ქორწილს ნამდვილად არ გადავიხდი. პატივს ვცემ ჩვენს ტრადიციებს, მაგრამ ქორწილი ჩემი გემოვნებით უნდა გადავიხადო.

- როგორ ფიქრობ, შეძლებ, რომ დედამთილს ასიამოვნო და მას "დედა"| დაუძახო?

- არა, მე მყავს დედა და ასე სხვა ქალბატონს ვერასდროს მივმართავ! არ მომწონს, როცა რძლები დედამთილებს "დედას"| ეძახიან. პატივისცემა სხვანაირადაც შეიძლება გამოხატო ადამიანის მიმართ.

- როგორ ფიქრობ, სასურველი სარძლო ხარ?

- რთულია ამ კითხვაზე პასუხი გაგცე, რადგან ყველა ადამიანს ინდივიდუალური საზომი და წარმოდგენა აქვს. თუმცა, ბევრისთვის ალბათ, სასურველი სარძლო ვარ.

სოფო ჭონიშვილი