"უცხო ქვეყანაში წარმატების მიღწევა რთულია" - თამთა გოდუაძის დედის გულახდილი ინტერვიუ - გზაპრესი

"უცხო ქვეყანაში წარმატების მიღწევა რთულია" - თამთა გოდუაძის დედის გულახდილი ინტერვიუ

მოგეხსენებათ, საბერძნეთში ძალზე პოპულარული და ბევრისთვის საყვარელი ქართველი მომღერალი - თამთა გოდუაძე წელს ბერძნული "იქს-ფაქტორის" ერთ-ერთი მენტორი გახლდათ. ამ პროექტის შესახებ, ასევე - თამთასა და მისი ოჯახის სხვადასხვა ცხოვრებისეულ დეტალზე სასაუბროდ, მომღერლის დედას - დარეჯან ბუცხრიკიძეს საბერძნეთში დავუკავშირდით...

- მყავს ორი შვილი - თამთა და ლადო, ახალშეძენილი რძალი (ლადოს მეუღლე) - სალომე, რომელსაც შვილად მივიჩნევ და ერთადერთი და განუმეორებელი შვილიშვილი - ანი. თამთა 1981 წელს შემეძინა. პირველი შვილი გახლავთ და მისი აღზრდა მარტოს მომიხდა. მინდა, რომ როინ ჩხიკვაძის ოჯახს მადლობა გადავუხადო იმ თანადგომისთვის, რომელიც თამთას დაბადების დღიდან გამიწიეს....

- თამთამ მუსიკალური ნიჭი როდის გამოავლინა?

- პატარობიდანვე ,,მზიურის" სიმღერებს ვასმენინებდი. წლინახევრისამ ლაპარაკი ჯერ კარგად არ იცოდა, მაგრამ როცა ჩემი რძალი, "მზიურის" მომღერალი - ხათუნა საბაშვილი, უმღეროდა, შესანიშნავად აჰყვებოდა ხოლმე. თამთა ორ-წლინახევრის იყო, როცა თამრიკო ჭოხონელიძემ რადიოში პირველად ამღერა. მაშინ ქალბატონი თამრიკო საბავშვო ბაღში სასწავლო პრაქტიკას გადიოდა. დამიბარა და მითხრა: ბავშვს აბსოლუტური სმენა და კარგი მონაცემები აქვს, მე დრო არ მაქვს და სადმე მიიყვანეო. 5 წლის თამთა რკინიგზელთა სახლში, ვოკალისტ ემა აფხაზავასთან მივიყვანე, რომელმაც რამდენიმე მეცადინეობის შემდეგ მითხრა, - ამას ყველას არ ვეუბნები: თამთა ბავშვთა ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლ "ნერგების" ხელმძღვანელთან, ნოდარ მდინარაძესთან მიიყვანეო. ბატონმა ნოდარმა ორკვირიანი საგამოცდო ვადით მიიღო, მაგრამ რამდენიმე დღეში, თამთა ანსამბლში ჩაირიცხა. ეს ბავშვობის საუკეთესო წლები იყო: ურთიერთსიყვარულით აღსავსე გარემო, მრავალი წარმატება... თამთა ანსამბლში 11 წლამდე იყო, შემდეგ კი მანანა თოდაძის მიერ ჩამოყალიბებულ ბავშვთა მუსიკალური თეატრის - "პრესტიჟი" წევრი გახდა. ასევე, ქალბატონ მანანას სოლო კონცერტებში მონაწილეობდა. მადლობას ვუხდი მას იმ სიყვარულისა და სითბოსთვის, რაც თამთას მიმართ გამოიჩინა.

- თამთა როგორი ბავშვი იყო?

- ჭკვიანი, პასუხისმგებლობით სავსე, ინტერესიანი, პუნქტუალური, დამჯერი და ამავდროულად, ძალზე მგრძნობიარე, საკმაოდ დამოუკიდებელი. თუ ერთხელ შენიშვნას მისცემდი, აღარასოდეს გაიმეორებდა. უნდოდა, ყველაფერი სრულყოფილად და საუკეთესოდ სცოდნოდა. საბავშვო ბაღში, სადაც ყველანი საუკეთესო ბავშვები იყვნენ, ყოველთვის ზეიმის წამყვანი იყო. სკოლაში შესვლამდე, ქართულ და რუსულ ენებზე წერდა და კითხულობდა. ასევე, გარკვეულ დონეზე იცოდა მათემატიკა, ინგლისურიც... ყოველთვის "ფრიადოსანი" იყო. ერთადერთხელ, სკოლაში "ოთხიანი" მიუღია და ტირილისგან თვალებდასივებული დამხვდა. უკითხავთ, - რა გატირებსო? - დედა ინერვიულებსო... მშობელთა კრება ყოველთვის თამთას ქებით იწყებოდა და მთავრდებოდა (არ ვაჭარბებ). მასწავლებლები მეუბნებოდნენ, - ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებული დედა ხარ. თამთა ყველა საგანში ერთნაირად ნიჭიერიაო. მუსიკალურ სკოლაშიც სწავლობდა, სამხატვრო სკოლაში სიარულიც სურდა (კარგად ხატავდა). ერთხელ გამომიცხადა: მხატვრული ტანვარჯიშისთვის თინა ლეკვეიშვილმა ბავშვებს შორის მე ამომირჩია და რომ არ წამიყვანო, სირცხვილი იქნებაო. ვერ წავიყვანე, დროში ვეღარ ვეტეოდი - ერთადერთი ეს არის, რაც ვერ შევუსრულე. მისთვის არასოდეს არაფერი დამიძალებია: სურვილი და ინტერესი ჰქონდა, მეც "მივყვებოდი". როდესაც თამთას კონცერტები ჰქონდა და სცენაზე გამოდიოდა, მესმოდა, მის შესახებ რას ამბობდნენ: რა გვარია? შენ გაიხარეო! როგორც ყველა მშობელს გაუხარდება, მეც მიხაროდა, როდესაც ჩემს შვილს უცხო ადამიანები აქებდნენ. მახსოვს, როდესაც 1992 წელს "საქართველოს ფერია" გახდა, თამთას ჰკითხეს, - საქართველოს ფერია შენ რომ იყო, რას ისურვებდიო? უპასუხა: ისეთ რაინდს ვისურვებდი, რომელიც ჩემს სამშობლოს გადამირჩენდაო. უცნობი ქალბატონი თვალცრემლიანი მეხვეოდა, მილოცავდა: შვილო, განძი გყავს და ამ განძს გაუფრთხილდი, ამ ბავშვს ბედნიერი მომავალი აქვსო. თამთამ მეორე მუსიკალური სასწავლებელიც წარმატებით დაამთავრა. სუხიშვილების ქორეოგრაფიულ სტუდიაშიც სწავლობდა. ყველგან უგამოცდოდ ჩაირიცხა... ძალიან ლამაზი ბავშვობა გაიარა, ყველგან სიყვარული დაიმსახურა, რითაც ჩემი ცხოვრება ძალიან გაალამაზა.

- საქართველოში რას საქმიანობდით? რა პროფესიის ბრძანდებით?

- სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი წითელ დიპლომზე დავამთავრე, სპეციალობით მეტყევე-ინჟინერი ვარ (დენდროლოგი). თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი - "სამკურნალო მცენარეებიც" წითელ დიპლომზე დავამთავრე. სატყეო მეურნეობის მექანიზაციის განყოფილების ინჟინრად ვმუშაობდი, შემდეგ საქართველოს სახელმწიფო ნაკრძალების მთავარ სამმართველოში, წამყვან სპეციალისტად. ასევე, სამეცნიერო საბჭოს სწავლული მდივანი გახლდით და "საქართველოს ნაკრძალების" მეხუთე ტომი ჩემი მონაწილეობით გამოიცა. როდესაც თამთა 10 თვის გახდა, ბაგა-ბაღში მივიყვანე და ასპირანტურაში გამოცდები ჩავაბარე. ვმუშაობდი თემაზე - "ბზის ბუნებრივი განახლება გუდაუთა, ლაშიფრე-ავადხარას ხეობაში".

- საბერძნეთში თქვენი გამგზავრება რამ განაპირობა?

- აფხაზეთის ომის პერიოდში ჩემი მეუღლე უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ორ შვილთან ერთად დავრჩი. მართალია, სამსახური მქონდა, ვკერავდი კიდეც და ჩემებიც მეხმარებოდნენ, მაგრამ ზღვარი ყველაფერს აქვს... ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ შვილებს დავტოვებდი და უცხო ქვეყანაში წავიდოდი, თანაც - სამუშაოდ, მაგრამ ყველაფერი ღვთის ნებაა. საბერძნეთში სამუშაოდ მეზობელი მიემგზავრებოდა. სხვათა შორის ვუთხარი, - რომ ჩახვალ, მომწერე, როგორი სიტუაცია იქნება და მეც ჩამოვალ-მეთქი. შემომთავაზა, ერთად წავიდეთო. ყველაფერი უცებ მოხდა: ერთ კვირაში საბერძნეთში აღმოვჩნდი, თითქოს - 1 წლით, მაგრამ უკვე 20 მოვიტოვე უკან. 10 წელია, აღარ ვმუშაობ.

- თქვენი ვაჟიც საბერძნეთში ცხოვრობს?

- არა, მარტში დაქორწინდა და სამშობლოს დაუბრუნდა.

- საბერძნეთში, "სუპერაიდოლში" მონაწილეობა თამთას ინიციატივა იყო?

- არა, ეს ჩემი ინიციატივა იყო. მე და ჩემს მეგობარს (რომელსაც დად მივიჩნევ), მაგული ქვლივიძეს თამთასთვის ბევრი ხვეწნა დაგვჭირდა, რომ კონკურსში მონაწილეობა მიეღო. კასტინგზე ჩემი ხათრით გავიდა. ყოველ ტურზე ამბობდა, - ეს ბოლოაო. "ბოლო ტურის" ძახილში, არც ერთ "ლაივზე" აუტსაიდერი არ ყოფილა, ისე გადავიდა ფინალში და კვიპროსისა და საბერძნეთის "სუპერაიდოლის" მეორე ადგილი დაიკავა. ადგილს მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, თავს როგორ დაიმკვიდრებ და მიღწეულ წარმატებას როგორ შეინარჩუნებ...

- თამთას ასეთ წარმატებას ელოდით?

- ველოდი, მწამდა და ვამბობდი, - პროექტის წარმომადგენლები თუ მოუსმენენ და აიყვანენ, არასოდეს ინანებენ-მეთქი. შვილის შესაძლებლობები მე ყველაზე კარგად ვიცოდი - მან საქართველოში დიდი სკოლა გაიარა. უცხო ქვეყანაში წარმატების მიღწევა რთულია, მაგრამ ბერძენმა ხალხმა მისი ყველა დადებითი თვისება დაინახა, შეიყვარა და ისე გაითავისა, ავიწყდებათ, რომ თამთა უცხოელია.

- თამთას პოპულარობის მერე, თქვენი ცხოვრება როგორ შეიცვალა?

- ჩემი ცხოვრება ჩვეულებრივია. ისეთივე პიროვნება და ადამიანი ვარ, როგორიც ვიყავი. სიამაყე ყოველთვის მახასიათებდა - ასეთი ვარ და ვიქნები. ის შეიცვალა, რომ ადრე თამთას შესახებ ამბობდნენ, - დარეჯანის შვილიაო, ახლა ჩემზე ამბობენ, - თამთას დედააო. მშობლისთვის ეს ბედნიერებაა.

- დედა-შვილს როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- ჩვეულებრივი, როგორიც მოსიყვარულე დედა-შვილს უნდა ჰქონდეს. თამთა ძალიან ყურადღებიანია. უსაზღვროდ ვუყვარვარ და პატივს მცემს, მიფრთხილდება. ასაკი რომ მემატება, ვატყობ, განიცდის. შემიძლია გითხრათ, რომ დღემდე თვალებში მიყურებს. თამთა ჩემი ცხოვრების ჩირაღდანია, ლადო კი - დედის ლომკაცა.

- სცენის მიღმა როგორია?

- თამთა არასოდეს თამაშობს. ხალასი, უკონფლიქტო, არამოჭორავე, არაშურიანი, დაკვირვებული, წინდახედული, მდიდარი ბუნების ადამიანი და ერთგული მეგობარია. არასოდეს "დაფრინავს" - ცხოვრებას მყარად, ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება.

- ერთად ცხოვრობთ?

- დიახ, ყოველთვის!

- თქვენს შვილიშვილზე - თამთას გოგონაზე რას გვეტყვით?

- ანი ძალიან ნიჭიერი, პრინციპული, შრომისმოყვარე და დამოუკიდებელი გახლავთ. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების ფაკულტეტზე სხვა ქალაქში სწავლობდა. ახლა სწავლას ათენში, "ნავტილიაკოში" აგრძელებს. სასწავლებელთან ახლოს ცხოვრობს და მუშაობს. სკოლაში სწავლის პერიოდშიც მუშაობდა და ახლაც, მიუხედავად იმისა, რომ არდადეგები აქვს. თავის გადასახადებს იხდის და თუ დრო დარჩება, დაგროვებული თანხით საქართველოში ან ინგლისში გაისეირნებს...

- თამთას და ანის როგორი ურთიერთობა აქვთ?

- მათ შორის დედაშვილური ზღვარი არსებობს. თუმცა, დედასთან ანის ძალიან "გახსნილი" ურთიერთობა აქვს. მართალია, თავისებური გარდატეხის ასაკი ჰქონდა, მაგრამ თამთას მოზომილი და ტაქტიანი მიდგომით ყველაფერი გადალახა, დღეს საოცრად კარგი პიროვნება გახლავთ.

- თამთას სასცენო იმიჯი მოგწონთ?

- ეს სასცენო იმიჯია და მე არ მეხება, ამაზე ცნობილი სტილისტები და დიზაინერები ზრუნავენ.

- შენიშვნებს აძლევთ ხოლმე?

- ასაკის გამო, შენიშვნებს აქეთ ველოდები (იცინის)... ერთადერთი, შენიშვნას მაშინ ვაძლევ (სახლიდან გასვლის წინაც ვაფრთხილებ ხოლმე), როცა ავტომობილის მართვის დროს მობილურ ტელეფონზე საუბრობს.

- თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე როგორია?

- დილიდან "ბიჭებს" (ძაღლები - რობი და ბონო) ვასეირნებ. "კუსკუნებს" (2 კუს) სალათის ფურცლები დროულად უნდა დავუყარო, თორემ თუ სახლის კარი ღიაა, შინ შემომაკითხავენ; თუ დაკეტილია, ბაკნით ჩამოჰკრავენ კარს... კურდღელსაც დავაპურებ და შემდეგ ჩვეულებრივად, საოჯახო საქმეებს ვაკეთებ. ინტერნეტი ძალიან მაცდენს... ხშირად, თამთა თავის საქმეებზე მგზავნის იმ მოსაზრებით, რომ სახლში არ ვიჯდე და საზოგადოებასთან ურთიერთობა მქონდეს.

- საბერძნეთში მყოფ ქართველ ემიგრანტებთან თუ ურთიერთობთ?

- რა თქმა უნდა. ახლახან "ქართული სახლი" დაარსდა, რომლის ვიცე-პრეზიდენტიც გახლავართ.

- თამთას პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვით?

- მე ჩემი ცხოვრებით ვიცხოვრე, მის პირადში კი არ ვერევი. ბევრი ლაპარაკი თავადაც არ უყვარს.

- საბერძნეთში, "იქს-ფაქტორში" მენტორობას თავი როგორ გაართვა?

- შესანიშნავად. თამთა ნებისმიერ საქმეს სრულყოფილად აკეთებ, მაგრამ თვითკმაყოფილი არასოდეს არის. საკუთარი თავის მიმართ მომთხოვნია. ის სიყვარული, რომელიც მსმენელებისა და მაყურებლებისგან ჰქონდა, კიდევ უფრო გაღრმავდა, რაც მახარებს არა მხოლოდ მე, არამედ - ქართველი ემიგრანტების უმეტესობას... ქართულ "იქს-ფაქტორში" მონაწილეობითაც ძალიან კმაყოფილია - მონატრებული სამშობლოდან დიდი სითბო და სიყვარული წამოიღო.

ეთო ყორღანაშვილი