ქარიზმატული და თავგადასავლების მოყვარული მაკა ზამბახიძე - გზაპრესი

ქარიზმატული და თავგადასავლების მოყვარული მაკა ზამბახიძე

დატვირთული სამუშაო რეჟიმის გამო წიგნის კითხვისთვის თუ ვერ იცლის, სამაგიეროდ, ზაფხულში, დასვენების პერიოდში, უკვე მეორე წიგნს კითხულობს და მესამის წაკითხვასაც აპირებს... მომღერალ მაკა ზამბახიძის "წიგნის თაროს" გაგაცნობთ.

-რა თქმა უნდა, ჩემს ცხოვრებაში წიგნს ბავშვობაში უფრო დიდი ადგილი ეკავა, ვიდრე ახლა, რადგან მთელი ბავშვობა სწავლის პროცესია და წიგნიც ჩვენი განუყრელი მეგობარია.

-ახლა რომელ წიგნს კითხულობთ?

-ჩემმა შვილმა ჯეკ ლონდონის "წინაპართა ძახილი" წაიკითხა და მეც მომინდა, წამეკითხა. უკვე ნაწარმოების შუამდე ვარ მისული: ძაღლის შესახებ საინტერესო ამბებია მოთხრობილი. საერთოდ, ჩემს შვილს ცხოველები ძალიან უყვარს და ამის ეშხით გადავწყვიტე, წამეკითხა. ძალიან საინტერესო ნაწარმოებია...

-ზოგჯერ მშობლები წუწუნებენ, -ახალ თაობას წიგნის კითხვა არ უყვარსო...

-რომ გითხრათ, სალომეს წიგნს ხელიდან ვერ ვაგდებინებ-მეთქი, ასე არ არის, მაგრამ ახლა, დაბადების დღეზე, მამაჩემს ემილი ბრონტეს "ქარიშხლიანი უღელტეხილი" დააბარა...

-გარკვეული ძალისხმევა დაგჭირდათ, რომ თქვენს გოგონას წიგნის კითხვა შეჰყვარებოდა?

-რაღაც პერიოდის განმავლობაში, მშობელი ბავშვს ყოველთვის მიუთითებს, რომ წიგნი წაიკითხოს და შეიყვაროს. ეს დრო უკვე გამოვიარეთ. ახლა სალომე საკუთარი სურვილით კითხულობს.

-საკუთარი სურვილით, პირველად, თქვენ რომელი ლიტერატურული ნაწარმოები წაიკითხეთ, გახსოვთ?

-ნოდარ დუმბაძის ტომეული. მერე ისტორიულ რომანებს ვკითხულობდი... საერთოდ, რომანების კითხვა უფრო მიყვარს, რადგან რომანტიკული ვარ (იცინის). დეტექტიური, საგამომძიებლო ამბები დიდად არ მხიბლავს.

-განსაკუთრებულად რომელი რომანი მოგწონთ?

-რა ვიცი, ჩემთვის საყვარელი ბევრი წიგნია... მაგალითად, ჯეკ ლონდონის "დიდი სახლის პატარა დიასახლისმა" ჩემზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა.

-რატომ იყო შთამბეჭდავი?

-ნაწარმოების მთავარ გმირ ქალს ერთდროულად, ორი მამაკაცი უყვარს. ძალიან შთამბეჭდავი ფაქტი ის არის, რომ ამ გრძნობას ვერ უმკლავდება და თავს იკლავს. მთელი ნაწარმოები გრძნობების აღწერას, გრძნობების ჭიდილს ეთმობა, ფინალი კი ისეთი მოულოდნელია, რომ მკითხველი პირდაღებული რჩები...

-როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია, ქალს ორი მამაკაცი ერთდროულად უყვარდეს?

-კი, რა თქმა უნდა, მაგრამ 50/50-ზე ვფიქრობ, რომ ეს გამორიცხულია. პროცენტულად მცირე შანსია, რომ ასეთი რამ მოხდეს. ამ ნაწარმოების შემთხვევაში, მიმაჩნია, რომ ქალს მეუღლესთან დარჩენა არ უნდოდა, უფრო მეტად მეორე მამაკაცთან ყოფნა სურდა, მაგრამ ამას ვერ აკეთებდა და თავი მოიკლა...

-საკუთარ თავს რომელ ლიტერატურულ პერსონაჟს ამსგავსებთ?

-საერთოდ, ამბობენ, რომ სკარლეტს ვგავარ, "ქარწაღებულნიდან" (იცინის). ძალიან რომანტიკული ვარ და თავგადასავლები მიყვარს. კონკრეტულად ერთი ლიტერატურული გმირი არ მესახება, ვისაც საკუთარ თავს ვამსგავსებ: ბევრი პერსონაჟი არსებობს, ვისაც თავგადასავალი და რომანტიკული ცხოვრება აქვს...

-როგორ ფიქრობთ, სკარლეტ ო"ჰარას რითი ჰგავხართ?

-არ ვიცი... მეგობრები მეუბნებიან, რომ ვგავარ. ალბათ, სკარლეტს მაინც, ქარიზმატულობით, ბობოქარი ხასიათით ვგავარ. ნაწარმოების მიხედვით, მას ტრაგიკული ცხოვრება აქვს. უფრო "ტიპაჟურად" ვგავარ და არა -ცხოვრებით.

-ერთი და იმავე ნაწარმოების ხელმეორედ წაკითხვა თუ გჩვევიათ?

-მე -არა, მაგრამ ვიცი, რომ მამაჩემს ერთი და იგივე წიგნი ბევრჯერ წაუკითხავს. როდესაც წიგნის კითხვისას უკმარისობის გრძნობა გრჩება, შეიძლება, წაკითხული ბოლომდე ვერ გაიაზრო და ხელმეორედ გადაიკითხო. ასეთი შემთხვევები ხდება და შესაძლოა, მეც დამემართოს, თუმცა ჯერჯერობით, ეს არ მომხდარა. ალბათ, ყველაფერი გააზრებულად წავიკითხე (იცინის).

-რომელიმე ნაწარმოების წაკითხვა გინანიათ?

-რაღაც წიგნის კითხვა დამიწყია და მიმიტოვებია -ვერ გამიგია ან ალღო ვერ ამიღია, ვერ დავუინტერესებივარ და კითხვის გაგრძელება აღარ მომნდომებია. ასე ბავშვობაში ხდებოდა. ახლა რის კითხვასაც დავიწყებ, ბოლომდე ვასრულებ.

-რომელი ქვეყნის ლიტერატურა მოგწონთ განსაკუთრებულად?

-ამ შემთხვევაში, ჩემი ქვეყნის პატრიოტი ვიქნები და ვიტყვი, რომ -ქართული. მართლა გენიოსები გვყავდნენ და ჩემთვის პირველ ადგილზე, ქართული მწერლობა დგას.

-ქართულ ლიტერატურას კარგად იცნობთ?

-თავს ვერ დავდებ, რომ ფილოლოგის დონეზე ვიცნობ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ძირეული ვიცი, რაც ჩემთვის ნამდვილად საკმარისია, რომ ვთქვა -პირველ ადგილზე ქართული მწერლობა დგას-მეთქი.

-ყველაზე მეტად, რომელი ავტორის წერის მანერა, სტილი მოგწონთ?

-ნოდარ დუმბაძის. თავადაც გურული ვარ და გურული იუმორი ძალიან მიყვარს. ბავშვობიდან ჩემი საყვარელი მწერალია. ერთ-ერთ ნაწარმოებში, მატარებელში პერსონაჟი -ზამბახიძე ამოდის და რაღაცნაირად, ამის გამოც, ეს მწერალი კიდევ უფრო მეტად მიყვარს (იცინის). ნოდარ დუმბაძის თხრობის მანერა ჩემთვის ძალიან მისაღები და რაც მთავარია, ახლობელია.

-თანამედროვე ქართულ ლიტერატურას თუ ეცნობით?

-სამწუხაროდ, ისე არა, რომ ამ თემაზე ვისაუბრო... ვიცი, რომ ყოველწლიურად "საბა" ტარდება და ძალიან კარგი მწერლები ჯილდოვდებიან. წელს დაჯილდოების ცერემონიალში ვმონაწილეობდი -ვიმღერე. იქ გავეცანი, ვინ დაჯილდოვდა და ა.შ.

-ლიტერატურული ნაწარმოებების ეკრანიზაციებით ინტერესდებით?

-რამდენიმე მათგანი მომწონს, უფრო -ძველი გადაღებული. ახლა რასაც იღებენ, ნაკლებად მხიბლავს. მაინც, წიგნის წაკითხვა უფრო საინტერესოა -ასე იყო და ასე დარჩება...

-შეგიძლიათ, რომელიმე შთამბეჭდავი ეკრანიზაცია დაგვისახელოთ?

-ქართული ეკრანიზაციებიდან, რა თქმა უნდა, დათა თუთაშხია, მაგრამ ფილმს მაინც, წიგნი ჯობია.

-თქვენი აზრით, რა დააკლდა ფილმს, რომ უფრო შთამბეჭდავი ყოფილიყო?

-ახლა ძალიან უწვრილმანდები შენ (იცინის). ყოველ შემთხვევაში, წიგნში უფრო მკაფიოდაა გადმოცემული ამბავი, მაგრამ მე ფილმიც ძალიან მიყვარს და მისი ყურებისას ყოველთვის დიდ სიამოვნებას ვიღებ.

-შეგიძლიათ, "გზის" მკითხველებს რომელიმე წიგნის წაკითხვა ურჩიოთ?

-ამის რჩევა ჩემგან მეათეხარისხოვანია. უბრალოდ, ყველას ვეტყვი, რომ რაც უფრო მეტ წიგნს წაიკითხავენ, მით უფრო მეტი რამ ეცოდინებათ ცხოვრების შესახებ. როცა წიგნს კითხულობ, გარკვეულ ცხოვრებისეულ საკითხებს სწავლობ. შემდეგ, უკვე შენზეა დამოკიდებული, ამას მომავალში როგორ გამოიყენებ. ადამიანისთვის წიგნი უზარმაზარი განძია. ვნანობ, რომ უფრო მეტი წიგნი არ წავიკითხე. ახლა, ინტერნეტის ეპოქაში, რთულია, ადამიანს წიგნის კითხვისკენ მოუწოდო, მაგრამ მე მაინც იმ აზრს ვუჭერ მხარს, რომ წიგნები უნდა ვიკითხოთ.

-ელექტრონულ წიგნებს არ კითხულობთ?

-არა, არა (იცინის)!

-რატომ, თქვენთვის მოუხერხებულია?

-ვისთვის როგორ, მაგრამ ჩემთვის მოუხერხებელია...

-შინ მდიდარი ბიბლიოთეკა გაქვთ?

-ახალ სახლში რომ გადმოვედი, აქაურობას ვერ "მოვარგეთ", რომ ერთ ოთახში ბიბლიოთეკა გაგვეკეთებინა, მაგრამ ძველ სახლში მაქვს. ბავშვობაში უამრავი წიგნი მქონდა. მერე, ჩემმა მშობლებმა ზოგიერთი მათგანი ვიღაცებს ათხოვეს და რამდენიმე დაიკარგა. ასევე, სახლი რომ გამოვიცვალეთ, ზოგი წიგნი გადაადგილებისას "გაიფანტა", მაგრამ ასე თუ ისე, კარგი ბიბლიოთეკა მაქვს (ქართულიც და რუსული წიგნებიც). წიგნის მოყვარული ოჯახი მაქვს -დედ-მამა "მწიგნობართუხუცესები" არიან (იცინის).

-თქვენი ოჯახისთვის განსაკუთრებულად ძვირფასი წიგნი რომელია?

-ნოდარ დუმბაძის ტომეული ჩემს ოჯახში მყარად არის ნომერ პირველ ადგილზე. ახალი გამოცემის წიგნებიც შევიძინეთ.

ეთო ყორღანაშვილი