100-დოლარიანი გოზინაყის შემოქმედი, ანუ რამდენი ძრავა აქვს ონისე ონიანის მანქანას? - გზაპრესი

100-დოლარიანი გოზინაყის შემოქმედი, ანუ რამდენი ძრავა აქვს ონისე ონიანის მანქანას?

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, ონისე ონიანი, წარმოშობით სვანი, ლენტეხის რაიონის სოფელ საშაშიდან, ამბროლაურის რაიონში დაბადებული და რაჭაში გაზრდილი, 27 აგვისტოს 50 წლის გახდა. იგი ხალისით საუბრობს თავს გადახდენილ ამბებზე.

მანქანის ირგვლივ

- საჭეს პირველად 39 წლის მივუჯექი. რამდენიმე თეატრში ერთდროულად ვმუშაობდი. ფეხით სიარული ხშირად მიწევდა და ზოგჯერ მაგვიანდებოდა. ერთ დღესაც გაჩერებასთან ვიდექი, როცა ვთქვი, - მორჩა, ხვალ მანქანა უნდა ვიყიდო-მეთქი! არც ფული მქონდა და არც მართვის მოწმობა. ავტოსკოლაში ისეთი მასწავლებელი ვნახე, რომელმაც მართვა ძალიან სწრაფად მასწავლა. საჭესთან თავიდან დაძაბული ვიჯექი. მასწავლებელი ერთხელ უკანა სავარძელზე მოთავსდა და სრული დამოუკიდებლობა მომცა. გავატარე მანქანა, მაგრამ ვაი იმ გატარებას. ჩემი ნათესავი "ფორდ ესკორტს" ყიდდა და მანქანაც სასწრაფოდ შევიძინე. ერთი სიტყვით, დაპირებიდან მეხუთე დღეს უკვე მყავდა მანქანა. საჭეს მარტო მივუჯექი და ქალაქში გავედი. ერთ მშვენიერ დღეს, მანქანაში წინ ერთი მეგობარი ჩამიჯდა, დანარჩენები კი უკანა სალონში უნდა ჩამსხდარიყვნენ. - დასხედით-მეთქი, ვუთხარი. მანქანას კარი არა აქვსო... მთელი ორი კვირა რატომღაც მეგონა, რომ ოთხკარიანი მანქანა მყავდა. როცა მანქანას ვეღარაფერს ვუგებდი, დუტა სხირტლაძეს ვურეკავდი. ისიც მოდიოდა, მანქანას სასურველ ადგილზე დააყენებდა და მიდიოდა. ერთ დღეს, ბარნოვზე ჩემ წინ მიმავალმა მანქანამ ძალიან ცუდი მანევრი გააკეთა. ავაცილე და სიჩქარეში რაც კი საჭესთან ღილაკი არსებობდა, ყველაფერს ხელი ავკარი. რა აღარ ჩაირთო - შუშის საწმენდი, ღუმელი, ციმციმები... ამ დროს, ბოლო ხმაზე ვყვიროდი! ხალხი გადარეული მიყურებდა. დუტამ მითხრა, საქარე მინაზე დააწერე, - საჭესთან ალქაჯი ზისო.

პირველი ვიზიტი "პროფილაქტიკაში", განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. ხელოსანმა მკითხა, - თქვენს ავტომობილს ძრავა რამდენი აქვსო? - ერთი-მეთქი, ვუპასუხე. - არა, გენაცვალე, ძრავა რამდენიაო? - გამიმეორა. - ახლავე ავხდი კაპოტს და გაჩვენებთ, რომ ნამდვილად ერთი ძრავა აქვს-მეთქი. სიცილი დამაყარეს. მერე ამიხსნეს, რომ თურმე გამწეობის ძალას მეკითხებოდნენ.

ერთხელ, აკრძალულ ადგილზე გავაჩერე მანქანა. დავბრუნდი და სადღაა?! ძალიან ცხელოდა. ვიფიქრე, ალბათ წნევამ ამიწია-მეთქი, რამდენჯერმე ავიარ-ჩავიარე. ბოლოს, იქვე მდგომ ხილის გამყიდველს ვკითხე, - აქედან ავტომობილი ხომ არ წაუყვანიათ-მეთქი? - კი, თეთრი ჯიპი წაიყვანესო. "სითი პარკმა" მანქანა "მომპარა". რამდენჯერმე ტელეფონზე საუბრის გამო გამაჩერეს. პატრულმა გამაჩერა თუ არა, მობილურს ხელი გავუშვი, ისიც ქვემოთ ჩასრიალდა. ხელი არ ჩამომიღია, ვითომ ყურს ვიფხანდი. მოვიდა პატრული - თქვენ ტელეფონზე ლაპარაკობდითო. - არა, ბატონო, ტელეფონი საერთოდ არა მაქვს, - თამამად განვუცხადე. თან ვფიქრობდი, ამ დროს ვინმეს არ დაერეკა. დიდხანს ვუმტკიცებდი, რომ არ ვლაპარაკობდი. მერე მეორე პატრულიც მოგვიახლოვდა. მას ჩემი სპექტაკლები ნანახი ჰქონია და მიცნო. შინაურული საუბარი გაიბა. ვუთხარი: - თუ ძმა ხარ, გადმომირეკე, ტელეფონს ვერ ვპოულობ-მეთქი. მერე იმან თავისი ბავშვის ნათლობაში დამპატიჟა, მერე მეც დავპატიჟე და ასე დავმეგობრდით.

ერთხელ წითელ შუქნიშანზე გავიარე. პატრულმა გამაჩერა. გავიკვირვე: - არ არსებობს, წითელზე გამევლო. თუმცა, ძალიან დაღლილი ვარ. ფერები ისე ამერია, წითელსა და მწვანეს ერთმანეთისგან ვეღარ ვარჩევ-მეთქი. ბევრი ვიცინეთ და აღარ დამაჯარიმა.

ქალი მძღოლების მიმართ ძალიან კრიტიკულად ვარ განწყობილი. ელბაქიძეზე უნდა ჩამეხვია. ჩემ წინ ქალი მოძრაობდა, ციმციმა ხან მარცხნივ ჩამირთო, ხან - მარჯვნივ. ვერ მივხვდი, რას აკეთებდა. გავბრაზდი, მანქანა თეთრ ხაზზე გავაჩერე, გადავხტი და - გააჩერეს ძახილით ქალს ფეხით გავეკიდე. - ვერა ხარ დალაგებულიო, მომაძახა და გავარდა. საერთოდ, ქალების უმრავლესობა ცუდი მძღოლია, მაგრამ კარგი მძღოლებიც მინახავს, მაგალითად, ეკა ნიჟარაძე.

საფირმო კერძი

- დამოუკიდებლად ცხოვრება ადრიანად გადავწყვიტე და ცალკე გადავედი. ჯარის გავლის მერე თბილისში ვცხოვრობდი, ჩემები - ქუთაისში. როცა საჭმლის გაკეთება მომინდებოდა, დედას ვურეკავდი და რეცეპტებს მაწერინებდა. კულინარიაში მას დავემსგავსე. მეუბნებიან, გემრიელი ხელი გაქვსო. ჩემს მეგობრებს ძალიან უყვართ კუბდარი. ხშირად მეუბნებიან, - კუბდარის დღე არ მოვაწყოთო? როცა ჩემთან რაიმეს მიირთმევენ და მერე აღნიშნავენ, - რა გემრიელიაო, ეს უზომოდ მსიამოვნებს. ველოდები ხოლმე, ამ სიტყვებს როდის იტყვიან.

კერძების მომზადება ჩემი ჰობია. იმდენად მიყვარს, ერთი პერიოდი ისიც ვიფიქრე, კულინარიულ კურსებზე ხომ არ ვისწავლო-მეთქი. კარგ კულინარს, ნებისმიერ მაღალი დონის სასტუმროსა თუ რესტორანში შეუძლია იმუშაოს. საჭმლის კეთება საინტერესო, შემოქმედებითი პროცესია და კარგია, როცა ამის უნარი გაქვს. რაც დედა საცხოვრებლად ჩვენთან გადმოვიდა, კერძების მომზადება აღარ მიწევს, ადრე კი მეგობრები განებივრებული მყავდა. სხვათა შორის, ჩემი შვილები ჩემს მომზადებულ კერძებზე გიჟდებიან და მაშინვე ხვდებიან - ეს მამამ გააკეთაო. მოკლედ, კულინარიას კარგად ავუღე ალღო.

საფირმო კერძიც მაქვს, მოვიფიქრე სოკოს საცივი, რომელიც ძალიან გემრიელი გამომდის. ოღონდ, აუცილებლად ხის სოკო უნდა იყოს. ერთხელ, მარხვის პერიოდში, ჩემს მოძღვარს ამ კერძით გავუმასპინძლდი, რომელიც მერე ხუმრობდა: - მგონი, ონისე გვატყუებს და ძვალგამოცლილ ინდაურის ხორცს გვაჭმევსო. ყოველ წელიწადს, ახალ წელს ოჯახში გოზინაყს მე ვაკეთებ. ამას მოუთმენლად ელოდებიან, რადგან თან ნიგოზს მპარავენ (იცინის). თავიდან ისეთი კარგი არ გამომდიოდა, ახლა შესანიშნავად ვაკეთებ. პროპორციებზე არ ვფიქრობ, ყოველთვის თვალის ზომით ვხვდები, რამდენ გრამ თაფლზე რამდენი ნიგოზია საჭირო. ერთი პროექტი იყო, სადაც გასაყიდად, ცნობილი ადამიანების მიერ მომზადებული გოზინაყები გაიტანეს. ჩემი გოზინაყი 100 დოლარად გაიყიდა. GzaPress

მსახიობი უნდა ვყოფილიყავი

ბავშვობიდან სცენაზე ვდგავარ. ქუთაისში, სკოლაში სწავლის პერიოდში, ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლ "ალიონში" ვმღეროდი. კონცერტით ხშირად გამოვდიოდით არა მხოლოდ ქუთაისის, არამედ საქართველოს სხვადასხვა რაიონის მაყურებელთა წინაშე. მაშინ შემიყვარდა და მოვიხიბლე სცენით. გარდა ამისა, ჩვენს მეზობლად ცხოვრობდნენ ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის მსახიობები, ანზორ ხერხაძე, ალექსანდრე ჩიქვინიძე, ოპერის მომღერლები და სხვა ხელოვანები. მე მათ შვილებთან ვმეგობრობდი, ხშირად დავდიოდი სპექტაკლებზე, ვსტუმრობდი ოჯახებში. დიდი ინტერესით ვათვალიერებდი ფოტოალბომებს, სადაც არაჩვეულებრივი დადგმების ამსახველი ფოტოების ხილვით ვტკბებოდი. ასევე დიდი ინტერესით ვკითხულობდი ყველა რეცენზიას სპექტაკლების შესახებ, ბევრი მათგანი დღემდე შენახული მაქვს. არასოდეს დამავიწყდება ალექსანდრე ჩიქვინიძისა და იპოლიტე ხვიჩიას გამოსვლა სცენაზე. ამ ადამიანებთან ურთიერთობით მივხვდი, რომ მსახიობებს ძალიან საინტერესო ცხოვრება აქვთ. ჩემი ოცნება მხოლოდ თეატრს უკავშირდებოდა.

ერთ დღეს მივედი ჩემს მეზობელ ანზორ ხერხაძესთან და ვუთხარი, რომ თეატრში მინდოდა მუშაობის დაწყება. შინაგანად ვგრძნობდი, რომ მსახიობი უნდა ვყოფილიყავი. სკოლის დამთავრების შემდეგ, ქუთაისის თეატრში სცენის მუშად ამიყვანეს. მერე ოჯახში გამოვაცხადე, რომ თბილისში მივდიოდი სწავლის გასაგრძელებლად. მშობლებს წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. თეატრალურ ინსტიტუტში გივი სარჩიმელიძის ჯგუფში ჩავირიცხე.

მარჯანიშვილის თეატრი ბავშვობიდან მიყვარდა. გული ყოველთვის ამ თეატრისკენ მიმიწევდა და მართლაც, 1993 წელს მოვედი აქ. ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ ლეგენდარული მსახიობების გვერდით მომიწია მუშაობამ. ბატონმა ლევან წულაძემ მარჯანიშვილის თეატრში, პირველად "ყვარყვარე თუთაბერში" მიმიწვია. უბედნიერესი ვიყავი, როცა ქალბატონმა სოფიკო ჭიაურელმა ერთი მსახიობის თეატრში პარტნიორობა შემომთავაზა. სპექტაკლით - "პლანეტების დაბადება", რომელიც ვერიკო ანჯაფარიძისა და მიხეილ ჭიაურელის ბიოგრაფიას მოგვითხრობდა, თითქმის მთელი საქართველო შემოვიარეთ.

იტირე, ცოტნე, იტირე!

სკოლაში თეატრალურ სასცენო ხელოვნებას, პირველი კლასიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით ვასწავლი. ყოველ წელს მოდიან პირველკლასელები. მათ ვეცნობი და თითოეულს ვესაუბრები. ერთი განსაკუთრებული პატარას შესახებ მოგიყვებით. სულ ერთი ციდა ბიჭია. შევედი თუ არა კლასში, ტირილი დაიწყო. თან ამბობდა: რაღაც, ვერა ვარ კარგადო. რა თქმა უნდა, მასთან მივედი და ვეკითხები: - რა მოგივიდა, გენაცვალე, დაწყნარდი. რა გინდა, წყალი? თუ სხვა რამე? - არა, არაფერი მინდა, უკვე დავწყნარდი, კარგად ვარ. მეც გავაგრძელე საუბარი და სულ ცოტა ხანში ისევ ისმის - ვაიმე, ვერა ვარ კარგად, რა მეშველება? მასთან მივალ თუ არა, წყნარდება. გავიხედავ სხვისკენ და ეს ბიჭი იმავე ტექსტს იმეორებს. ვერ ვხვდები, რატომ ტირის. - რა მოხდა, "პასტა" წაგართვა ვინმემ, რვეული? არაფერი ამის მსგავსი. მაინც, მის გვერდით მჯდომს ვუთხარი, რომ "პასტა" მიეცა. ბავშვმაც მიაწოდა და პატარა დამშვიდდა. ახლა დაფაზე ვხატავ და მესმის ტირილის ხმა - ვაიმე, დედა, ძალიან ცუდადა ვარ, რა ვქნა? მოდი და გულგრილი იყავი.

შემდეგ ბავშვები საუზმეზე გავიყვანე ბუფეტში, ვიფიქრე, იქნებ დაწყნარდეს-მეთქი. ამასაც გაუხარდა. ბუტერბროდი და კაკაო, მისი სურვილის გათვალისწინებით დავუდგი. ცოტა მოშორებით დავჯექი და ბავშვებს ვუყურებ. უცებ, ისევ ატყდა: - არ მინდოდა ბუტერბროდი, არ მინდოდა! მივედი და ავაცალე ბუტერბროდი. რა ვქნა, არ უნდა და რა გავაკეთო, აღარ ვიცი. ზედმეტად რომ დავუყვირო ვინმეს ან დავტუქსო, შეიძლება ციხეში მიკრან თავი. სხვანაირად უნდა მივუდგე. ცოტა ხანში ჩემთან მოდის და მეკითხება: - შეიძლება, პიანოზე დავუკრა? რატომღაც პიანინო კი არ თქვა, "პიანო". - კი-მეთქი, თითქოს ამოვისუნთქე. ბუფეტში მომუშავე ქალბატონ ლალის გავხედე, თვალებით ვანიშნე, ახლა ამის ბრახუნიც ავიტანოთ-მეთქი. სკამზე რომ დაჯდა, საზურგემ ბავშვი დაფარა. ისეთი მოცუცქნულია, აღარ ჩანს. პატარა პაუზის შემდეგ, ეს პატარა ბიჭი დაკვრას ნამდვილი პროფესიონალივით იწყებს. გაოგნებული და გაშტერებული დავრჩი, რომ დასცხო ბახი, შოპენი, შუბერტი. რაც უნდოდა, დაუკრა. დანარჩენებს გავხედე, ამის გადამკიდემ ვეღარ მივაქციე სათანადო ყურადღება. სხედან, ჭამენ და ითუთხნებიან, ზოგს ტანსაცმელი დაესვარა. ამ ციცქნასთან მივედი: - ცოტნე, ყოჩაღ, შენ ყოფილხარ კაცი, იტირე, რამდენიც გინდა, იტირე!

მეგობრობა

ლევან წულაძე და მე ოჯახებით ვმეგობრობთ. მანანა და ლევანი ხშირად გვეპატიჟებიან ბეთანიის აგარაკზე, სადაც მივდივართ მე, ჩემი მეუღლე, შვილები და ჩემი ძაღლი - როკი. ჩვენთან ერთად მოდიან ქეთი ცხაკაია და მისი მეუღლე, ზურა გაგლოშვილი. სალონური სიტუაცია გვაქვს - ერთად ვუყურებთ ფილმებს, სპექტაკლებს ვარჩევთ, ვიხსენებთ საინტერესო და კურიოზულ ცხოვრებისეულ ეპიზოდებს, ჩვენსას თუ სხვებისას. ამავე დროს ყოველთვის ვსაუბრობთ გურიაზე. საოცრად ნიჭიერ, ენაკვიმატ და სტუმართმოყვარე ხალხზე. ეს არის საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა. გურია წულაძის სუსტი წერტილია, ძალიან უყვარს თავისი კუთხე. ამაზე დაუსრულებლად შეუძლია ისაუბროს. ერთ-ერთ ახალ წელს მე და ჩემი მეუღლე ეკა ნიჟარაძის მანქანით (მაშინ მანქანა არ მყავდა) ბათუმში წავედით. იქ გველოდებოდნენ მანანა კოზაკოვა, ლევან წულაძე, თამუნა ლალიაშვილი. საახალწლო კონცერტს დავესწარით და თან არაყიც დავლიეთ. კონცერტის დამთავრების შემდეგ ნამცხვარი მომინდა. შევედით კაფეში. იქიდან რომ გამოვედით, ვხედავ, ქუჩაში ვიღაც ქალი ფულს ითხოვს. მივუჯექი გვერდით, გავიწოდე ორივე ხელი და ხმამაღლა დავიწყე: დამეხმარეთ, ხალხო... ნახევარ საათში 50 ლარი მოვაგროვე. გამვლელ-გამომვლელი, ყველა ჩვენთან ჩერდებოდა. ჩემი მეგობრები იქვე იდგნენ და ხორხოცებდნენ, ვერ გამომგლიჯეს იქაურობას. რაც იმ ქალმა მლოცა...

ნანული ზოტიკიშვილი