წიგნების ცნობილი ქურდი - ნინო შავგულიძე
"ყველაზე აქტიურად ზაფხულში ვკითხულობ, 2 წიგნი უკვე წავიკითხე, გუშინ კი ჯეინ ოსტინის "ემა" შევიძინე", - ამბობს მსახიობი ნინო შავგულიძე. ახლა მას კითხვის პერიოდი აქვს. ზღვის სანაპიროზე ყოველთვის თან აქვს წიგნი და გარუჯვის დროს თავს კითხვით იქცევს.
- ახლახან ოტია იოსელიანის "ქალი გამოვიდა საღალატოდ" და ჩემი ახლობლის, თეკლა ჯავახიშვილის ნოველები დავასრულე.
დასასვენებლად რომ მივდივარ, წიგნები მიმაქვს. მე ხომ წიგნების ცნობილი ქურდი ვარ. ასე ვამდიდრებ ჩემს ბიბლიოთეკას (იცინის). ბოლოს ფრედერიკ ბეგბედერის "99 ფრანკი" მოვიპარე, ოღონდ წიგნები მეგობრებისგან მომაქვს. ისე არავინ გაიგოს, რომ მაღაზიიდან ვიპარავდე. კარგ წიგნში ფულის გადახდა არ მენანება. არა მგონია, ჩემთვის ოდესმე ვინმეს წიგნი მოეპაროს, გადამალული მაქვს.
თავის დროზე "ტრიუმფალური თაღი" ძალიან მომეწონა, განსაკუთრებით რავიკით მოვიხიბლე. პატრიოტია, ღირსეული ქცევები აქვს. ქალების პატივისცემა იცის.
მობილურ ტელეფონში არაერთი წიგნი მაქვს, ელექტრონულ ვერსიებს ვიძენ. ტელეფონი ყოველთვის თან მაქვს და თავისუფალი წუთი თუ გამომიჩნდება, ვკითხულობ ხოლმე, ეს ძალზე მოსახერხებელი ფორმაა, მაგრამ არჩევანის წინაშე რომ დამაყენო, წიგნში წაკითხვას ვამჯობინებ. როცა ეხები, ფურცლავ, ამბებსაც თითქოს მეტად მძაფრად აღიქვამ.
პროზა მეტად მიყვარს, ვიდრე - პოეზია. ზეპირად ბევრი ლექსი არ ვიცი, ვერ ვიმახსოვრებ, ერთ დღეში მავიწყდება. "ვეფხისტყაოსანი" გამორჩეულად მიყვარს.
რატომღაც დამკვიდრებულია აზრი, რომ მსახიობი ლექსებს კარგად უნდა კითხულობდეს. მე ყველაზე მეტად მომწონს, როცა ლექსს თავად ავტორისგან ვისმენ.
- ვინ დაწერა მუსიკა ფილმისთვის - "ვერის უბნის მელოდიები"?
- გოგი ცაბაძემ.
- რომელი ცნობილი ქართველი მწერლის ნაწარმოებები უდევს საფუძვლად თენგიზ აბულაძის ფილმს - "ვედრება"?
- ვაჟა-ფშაველას.
- ვის მიუძღვნა ვაჟა-ფშაველამ შემდეგი სიტყვები: "სამშობლოს სიყვარულისთვის ჩანგი გიკურთხოს ზენამა"?
- აკაკი წერეთელს. სწორად მახსოვს თუ ვცდები?
- სწორი პასუხია. ლეგენდარული იბნ სინა ამბობდა: "ექიმს პირველ რიგში სჭირდება ..., მეორე რიგში - ბალახი, მესამე რიგში - რკინა". დაასახელე გამოტოვებული სიტყვა.
- პირველ ეტაპზე პაციენტს შიში უნდა მოუხსნას, თბილად დაელაპარაკოს, გულისხმიერება გამოიჩინოს.
- ანუ გამოტოვებულია...
- ტკბილი სიტყვა, ადამიანური სითბო, თანადგომა რაღაც ამდაგვარი იქნება.
- "სიტყვაა" სწორი პასუხი. ეს ორგანო ადამიანის წონის დაახლოებით 3%-ს შეადგენს. მოიხმარს მთელი ორგანიზმის ჟანგბადის 20%-ს და კალორიების 20%-ს. რაზეა ლაპარაკი?
- თირკმელი?
- არა.
- ტვინი?
- დიახ. რომელი ცნობილი ქართველი პოეტი ამბობდა, "ანგელოზი მკარნახობს, თორემ ლექსების წერისთვის სად მცალია"?
- ანა კალანდაძე.
- ცდები. გალაკტიონზეა ლაპარაკი. "ლამის სახლში შემოიჭრას თუთა,/ ლამის თავზე გადამისვას ხელი/ დამიძახებს, თვალს ჩამიკრავს მუდამ,/ ხე მაღალი, ხე ზურმუხტისფერი.../ რა ჩურჩული ესმით ჩემთა ყურთა!/ რა ჩურჩული!.. დამდაგველი, მწველი.../ ლამის სახლში შემოვიდეს თუთა, /ლამის წელზე შემომხვიოს ხელი". ვინ არის ამ ლექსის ავტორი?
- ანა კალანდაძე. ეს ლექსი მართლა ძალიან მიყვარს. ერთ-ერთ სპექტაკლში - "სხვა საქართველო სად არის", ამ ლექსს ვკითხულობ.
- რა ჰქვია იაპონიის ეროვნულ დროშას?
- არ ვიცი.
- პინომარუ ("მზის წრე"). "ეს არის ფითილი, რომლის ერთ მხარეს ცეცხლია, მეორე მხარეს - სულელი". რის შესახებ ამბობდა ამ სიტყვებს ბერნარდ შოუ?
- ვერ ვხდები.
- ადამიანის მავნე ჩვევაზეა ლაპარაკი.
- მწეველებზე? თამბაქო, სიგარეტის მოწევა.
- წარსულში ქმრის მოღალატე ცოლებს შუბლს უდაღავდნენ, რათა მისი უღირსი საქციელის შესახებ ყველას სცოდნოდა. სწორედ მაშინ გაჩნდა და დღემდე არსებობს ვარცხნილობის ფორმა, რომელსაც ჩვენ ვეძახით...
- "ჩოლკას".
- რა თქმა უნდა. 1911 წელს, ლეონარდო და ვინჩის "ჯოკონდა" მოიპარეს. ერთ-ერთ ეჭვმიტანილად ცნობილი ესპანელი მხატვარი იყო მიჩნეული. დაასახელე იგი.
- ვერ გეტყვი.
- პიკასო. რომელ თევზს აქვს ორივე თვალი ცალ მხარეს?
- ვერ ვიხსენებ.
- კამბალას. რომელ თვეს უწოდებენ გიორგობის თვეს?
- ნოემბერს.
- 7 საოცრებიდან ერთ-ერთი - არტემიდეს ტაძარი ამ ადამიანმა დაწვა. მისი მიზანი იყო, სახელი გაეთქვა მთელ ქვეყანაზე, მაგრამ კანონის ძალით, ვინც მის სახელს ახსენებდა, სიკვდილით სჯიდნენ. მიუხედავად ამისა, ისტორიამ მისი სახელი მაინც შემოგვინახა. დაასახელე იგი.
- რა რთული კითხვები გაქვს. არ ვიცი.
- ჰეროსტრატე. რა ფერის პერანგები ეცვათ ჯუზეპე გარიბალდის მიმდევრებს?
- ვერ ვიხსენებ.
- წითელი. რომელ ბიბლიურ პირს გადასცა ღმერთმა 10 მცნება?
- მოსეს.
- ეს ხე აღმოსავლეთ აზიის ბინადარია, დღე-ღამეში იზრდება 60-70 სანტიმეტრით. 100 წლამდე ცოცხლობს და სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ ყვავის.
- ვერ გიპასუხებ.
- ბამბუკი. არსებობს მხედველობის ნაკლი, რომლის დროსაც ადამიანი ფერებს კარგად ვერ არჩევს. დაასახელე ინგლისელი მეცნიერი, რომელსაც მხედველობის ეს ნაკლი ჰქონდა და რომელმაც პირველმა აღწერა იგი. შემდგომში მხედველობის ამ ნაკლს მისი სახელი დაერქვა.
- დალტონი.
- რა ერქვა ავაზაკს, რომელიც იესო ქრისტეს დასჯის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
- არ მახსოვს.
- ბარაბა. "ვინც სევდიანია, ის გულახდილიცაა" - ამბობდა ეს მხატვარი. მისი შემოქმედებითი ბიოგრაფია 70 წელზე მეტს ითვლის. ამბობენ, სახელოსნოში მუდამ ჰქონდა ერთი დიდი ტილო, რომელზეც მისი ხელმოწერა იყო. რომელ მხატვარზეა ლაპარაკი?
- ტილოები რომ დამისახელო, შეიძლება?
- მას ეკუთვნის ცნობილი ტილოები "ქალი პლაჟზე", "მოხუცი მათხოვარი ბიჭთან ერთად", "ავინიონელი ქალიშვილები" და ა.შ.
- მივხვდი, პიკასოზეა ლაპარაკი.
- იმ დღეს, როცა მწერალთა სახლიდან შალვა დადიანის ცხედარი გამოასვენეს, ერთი პოეტის ცხედარი დაასვენეს. დაასახელე ეს პოეტი.
- ვერ დავასახელებ.
- გალაკტიონ ტაბიძე. რომელ სოფელში დაიბადა იგი?
- ჭყვიშში.
- "ქვეყნის სიყვარულს საყველპუროდ და საარშიყოდ ნუ გაიხდით, სამშობლო როსკიპი ქალი არაა, მთვრალს რომ მოგენატრება და მაშინ გაიხსენებ, სამშობლო ტაძარია სალოცავი, მუხლზე დაჩოქილი უნდა იდგე მის საკურთხეველთან", რომელი მწერალია ამ სიტყვების ავტორი?
- ნოდარ დუმბაძე. ეს არის ავტორი, რომლის ნაწარმოებებსაც ბავშვობიდან მოყოლებული დღემდე დიდი სიამოვნებით ვკითხულობ.
- რამდენი წუთი აშორებს დილის 10 საათსა და 30 წუთს იმავე დილის 9 საათსა და 15 წუთისგან?
- ვერ მივხვდი, დამაბნიე. (კითხვის გამეორების შემდეგ) რამდენი გამოდის, 75?
- რა თქმა უნდა. რომელი მხატვრის მოხატულია ქაშუეთის ტაძრის საკურთხეველი?
- მისი გვარი "გ"-ზე იწყება, არა?
- დიახ.
- ლადო გუდიაშვილი.
- ვინ ითვლება ქართული საოპერო მუსიკის ფუძემდებლად?
- მელიტონ ბალანჩივაძე.
- რომელ ქვეყანაში დაარსდა პირველი დისნეი-ლენდი?
- საფრანგეთში.
- ცდები.
- ამერიკაში.
- "ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ანტიქრისტე მოვნათლე" - წერდა 1725 წელს თავის დღიურში ერთ-ერთი ვენეციელი მღვდელი, რომელსაც ცოტა ხნის წინ მოენათლა 2 კვირის ჩვილი, სახელად ჯაკომო. ამ ადამიანმა 73 წელი იცოცხლა და ამ ხნის მანძილზე სარეცელი 122 ქალთან გაიყო. მათ შორის იყვნენ მაღალი წრის მანდილოსნები, წარჩინებული მსახიობები, მოცეკვავეები. ის მოძალადე არ ყოფილა, მის "მსხვერპლთა" უმეტესობას ის უყვარდა. სახელისა და სიმდიდრის ძიებაში მან მოიარა თითქმის მთელი ევროპა. იყო ჯარისკაცი, მუსიკოსი, ბიბლიოთეკარი. არაერთხელ იჯდა ციხეშიც. ვისზეა ლაპარაკი?
- კაზანოვაზე.
- დაასახელე ფრანგი მწერალი, რომელიც ხელმოკლე ლიტერატორებს ქირაობდა, გარკვეულ სიუჟეტს უყვებოდა და საკუთარი რომანის რამდენიმე თავს აწერინებდა.
- ვერ დავასახელებ.
- ალექსანდრე დიუმა (უფროსი). ვინ დაუბეჭდა სტალინს სიყმაწვილეში დაწერილი ლექსი - "ვარდს გაეფურჩქნა კოკორი"?
- ილია ჭავჭავაძემ.
- დაბოლოს, დაასრულე ბერნეს ცნობილი გამონათქვამი: "მძულვარების დამალვა და არგამოჩენა ადვილია, სიყვარულის ძნელია, ხოლო გულგრილობის თითქმის"...
- "...თითქმის შეუძლებელი".
თამუნა კვინიკაძე