ვინ არის ლუკა ათანელი - გზაპრესი

ვინ არის ლუკა ათანელი

ტელესერიალ "ჰეროკრატიას", რომელიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის 9-წლიან პერიოდს ასახავს, დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა საზოგადოებაში. მისი რეჟისორი გოგა ხაინდრავა ამბობს, რომ 1 200 ადამიანთან ჩაწერა ინტერვიუ და სწორედ მათი საუბრიდან შეირჩა ყველა საინტერესო ამბავი. პირველი ორი სერია 19 წლის სტუდენტის, ალექსანდრე ახალკაცის წინააღმდეგ შეკერილი საქმის დეტალებს ასახავს, რომელმაც ციხეში 5 წელი, საშინელ წამებასა და არაადამიანურ პირობებში გაატარა. ლუკა ათანელის, რეალურად კი ალექსანდრე ახალკაცის როლი თეატრალური უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტმა, 21 წლის ლუკა თარხან-მოურავმა მოირგო და დაკისრებულ მოვალეობას თავი იმდენად კარგად გაართვა, რომ ახალგაზრდა მსახიობის "ფეისბუკ"-გვერდი კომპლიმენტებით აივსო.

ლუკა თარხან-მოურავი ახლა რუსეთიდან (სადაც ფილმში იღებენ) ადევნებს თვალყურს სერიალის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს. მასთან ინტერვიუს ჩაწერა "სკაიპით" მოგვიხდა.

ლუკა:

- მიხარია, სერიალს დიდი გამოხმაურება რომ მოჰყვა. კარგია, რომ მოსწონთ ჩემი შესრულებული როლი.

- როგორ აღმოჩნდით სერიალში?

- სიმართლეს გეტყვით, კასტინგში მონაწილეობა არ მიმიღია. საქართველოში გვყავს უნიჭიერესი ადამიანი, ბატონი მიშა აფხაზავა, რომელიც კასტინგების გზით არჩევს მსახიობებს და სწორედ მისი დახმარებით აღმოვჩნდი სერიალში. მან გამიწია რეკომენდაცია ბატონ გოგა ხაინდრავასთან. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პოლიტიკურ სერიალს იღებდნენ და რა დასამალია, რომ მასში მონაწილეობის სურვილი მეც მქონდა, ბატონ გოგასთან მუშაობაც მაინტერესებდა. ამ პროცესში რომ ჩავერთე, გადაღებები კარგა ხნის დაწყებული იყო. პირველ ორ სერიაში ვარ მთავარ როლში, შემდეგ კი იცვლება სიუჟეტი და სხვები გამოჩნდებიან. უფრო, პოლიტიკოსებზე, სასამართლო პროცესებზე, კონკრეტულ ამბებზეა აგებული. ალაგ-ალაგ ციხის კადრებიც იქნება. თავიდან ჩაფიქრებული იყო, რომ 4 სერიის მანძილზე იქნებოდა ჩემი მონაწილეობით გადაღებული ეპიზოდები, ნაწილ-ნაწილ, მიმოფანტული, მაგრამ ბატონმა გოგამ საპრემიეროდ გადააკეთა.

- სერიების გადაღებები სასჯელაღსრულების რომელ დაწესებულებაში მიმდინარეობდა და როგორი იყო ფილმის გადაღების პროცესი?

- გადაღებისას ურთიერთობა გვქონდა ყოფილ პატიმრებთანაც. ბატონი გოგა გვიხსნიდა, რა უნდა გაგვეკეთებინა და გვიჩვენებდა არა მარტო ციხის კადრებს, არამედ სხვა მსახიობების შესრულებულ ეპიზოდებსაც. გადაღების პროცესი საკმაოდ რთული იყო. სცენებს ე.წ. მატროსოვის ციხეში ვიღებდით, სადაც მძიმე აურაა, მიუხედავად იმისა, რომ ახალი აშენებულია და პატიმრები იქ ჯერ არ შეუყვანიათ. როგორც ვიცი, ეს დაწესებულება ქალებისთვის აშენდა. საშინელებაა, როცა გესმის "კარმუშკას" კარის ჭრაჭუნი. განსაკუთრებით მძიმეა დილა, როცა დერეფნიდან თითოეული ფეხის ნაბიჯი ისმის. ახლა ნამდვილად მესმის იმ პატიმრების, რომლებიც ოთხ კედელში გამოკეტილები არიან. სულ რომ თავზე გევლებოდეს ადმინისტრაცია, იქ ყოფნა მაინც საშინელება იქნება... ერთ მომენტში მოხდა ისე, რომ შემთხვევით, საკანში ჩამკეტეს. ხომ ვიცოდი, დიდი ხნით იქ არავინ დამტოვებდა, მაგრამ საშინელი გრძნობა დამეუფლა. შალვა რამიშვილმა დაწერა ასეთი სტატუსი: ციხეში ფერები არ არისო და ვეთანხმები, იქ ფერების აღქმა არ გჭირდება. მშრალი და ცარიელი ხდება სამყარო. იხედები ფანჯრიდან, საიდანაც არაფერი ჩანს. რეალურად, ბეტონის უდაბნოში ხარ.

- მასობრივ კადრებში პატიმრებიც ხომ არ მონაწილეობენ?

- ყოფილი პატიმარი ბევრია, მაგრამ ამჟამად პატიმრობაში მყოფი - არა.

- ე.წ. მატროსოვის ციხეში, ყოფილ ძალოვანებთან ერთად, ამჟამად სასჯელს იხდიან ის ყოფილი ჩინოსნებიც, რომელთა მუშაობის პერიოდს ეძღვნება ეს სერიალი. რაიმე გამოხმაურება ხომ არ მოჰყოლია გადაღებებს მათი კორპუსიდან, როცა ფილმს იღებდით?

- იმ ეზოში რამდენიმე კორპუსია. ბუნებრივია, იქ მსხდომები კი გაიგებდნენ, რა ხდებოდა მათ სიახლოვეს, მაგრამ გადაღების პროცესს ვერ ხედავდნენ.

- თქვენ განასახიერეთ ახალგაზრდა სტუდენტი, ალექსანდრე ახალკაცი. როცა მისი თავგადასავალი წაიკითხეთ, რა იგრძენით?

- ეს არის მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი და ბუნებრივია, აქ აქცენტი არა ადამიანზე, არამედ პერსონაჟის მხატვრულობაზე კეთდებოდა. მთავარი განცდები იყო, რომელსაც რეჟისორი მკარნახობდა. მთავარი იყო მეგრძნო ის ტკივილი, რაც ამ ახალგაზრდამ განიცადა, მაგრამ მის ჩვევებზე, მანერებზე, ლაპარაკზე ნამდვილად არ გვიმუშავია. როლზე მუშაობაში ციხე და იქაური ატმოსფერო ძალიან დამეხმარა.

- თქვენს პერსონაჟზე რას იტყვით? როცა ნახეთ გადაღებული სერიები, მოგეწონათ თქვენი ნამუშევარი?

- ვერ ვიტან საკუთარ თავზე ლაპარაკს. ძალიან თვითკრიტიკული ვარ და სხვაზე საუბრის დროსაც ობიექტურობას ყოველთვის ვინარჩუნებ. ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ნათამაშებით ძალიან კმაყოფილი ვარ, მაგრამ პროდუქტი მომეწონა, ძალიან მაღალი ხარისხია. გამოხმაურება იყო, რომ დრამატულად არ იყო კარგად აგებული. საზოგადოების ნაწილმა ვერ გაიაზრა, რომ ეს არის მხატვრულ-დოკუმენტური სერიები. მერწმუნეთ, მესამე სერიიდან უფრო მეტი დრამატურგია "შემოვა". ჩემი შესრულებულიდან ძალიან მომეწონა კარცერის სცენა. მთლიანად იმპროვიზაცია იყო. ბატონმა გოგამ მითხრა, - 15 წუთი იქნები კარცერში ჩაკეტილი, 4 კამერა გადაიღებს და არანაირი "სტოპი" არ იქნებაო. ამ დროის მანძილზე უნდა მეთამაშა. ის, რომ გული მერევა, სისხლი მომდის პირიდან, ფრჩხილი მაქვს ამძვრალი - ეს ყველაფერი იმპროვიზაციაა. მე მოვიფიქრე, რომ კონკრეტული ეპიზოდი შედარებით საინტერესო გამხდარიყო. როცა კარცერში გამომკეტეს, როლი ისე გავითავისე, თითქმის დამავიწყდა, რომ თავისუფალი ვიყავი.

- ამ სერიების ეთერში გაშვების შემდეგ, ქუჩაში გცნობენ?

- მხოლოდ ერთი სერია იყო გასული, საქართველოდან რომ წამოვედი. პირველი სერიაში დიდად არ ვჩანვარ, მაგრამ ქუჩაში უკვე ბევრი მცნობდა. ბაზრობაზე მომიწია წასვლამ და ქალბატონები მაჩერებდნენ: ვაიმე, შვილო, შენ ცოცხალი ხარო? სოციალურ ქსელშიც დიდი ხმაურია ატეხილი. მეგობრებმაც დამირეკეს თბილისიდან და მეუბნებიან, რომ ყველა "ჰეროკრატიაზე" ლაპარაკობს. საქართველოში სექტემბრის ბოლოს ჩამოვალ... მახსოვს, ვიღაცები ამბობდნენ, რომ ციხის კადრები დამონტაჟებული იყო, მაგრამ საუბედუროდ, ეს მწარე რეალობაა. როცა როლს ვთამაშობდი, მქონდა უდიდესი პასუხისმგებლობა იმ ადამიანების წინაშე, ვინც ეს ტკივილი გამოცადეს. ვფიქრობ, ეს დამეხმარა იმაში, რომ საქმე მაქსიმალურად კარგად გამეკეთებინა.

- პირადად თუ გაიცანით ალექსანდრე ახალკაცი?

- კი, ვიცნობ. მიუხედავად იმისა, რაც გადაიტანა, ძალიან მხიარული, წარმატებული ახალგაზრდაა. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ამ ადამიანს. მიუხედავად იმისა, რაც მან გადაიტანა, მაინც შეინარჩუნა სილაღე, ცხოვრების ხალისი.

- კიდევ, რომელი ეპიზოდის გადაღება იყო თქვენთვის გამორჩეულად მძიმე?

- ჩემთვის ძალიან მძიმე იყო მორგის ეპიზოდი. ნამდვილი ბორკილები რომ დამადეს, არ მომეწონა. ის ისედაც ძალიან გტკენს ხელებს და ამით მიბმული რომ ხარ ცივ სადგამზე, ირგვლივ კი გვამებია, ეს საშინელებაა. რთული სათამაშო იყო. დიდად არ ვარ კმაყოფილი ამ ეპიზოდის შესრულებით, უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა. თუმცა, გამიმართლა, რომ ძალიან მაგარი პარტნიორები მყავდნენ. ბევრი მათგანი ჩემი მეგობარია.

- რას ვნახავთ შემდეგ სერიებში?

- არ გვაქვს უფლება ვთქვათ, რა იქნება შემდეგ სერიებში, მაგრამ ერთს გეტყვით, უნიკალურია სააკაშვილის როლის შემსრულებელი. მესამე სერიიდან იქნება "ვარდების რევოლუციიდან" მოყოლებული, 2012 წლამდე განვითარებული მოვლენები. ეს იქნება ამბავი იმაზე, თუ როგორები იყვნენ პოლიტიკოსები და როგორები არიან დღეს. მართლა გენიალურად თამაშობს მიხეილ სააკაშვილის როლის შემსრულებელი. პირველად რომ მივედი გადასაღებ მოედანზე, სწორედ ის თამაშობდა. თითქოს არაფერი განსხვავებული არ იყო, მაგრამ ისე დაიწყო გარდასახვა, რომ ბოლოს მეგონა, მიხეილ სააკაშვილს ვუყურებდი, თამაშის დროს ძალიან დაემსგავსა.

- ცოტა რამ თქვენ შესახებაც გვიამბეთ. პროფესიად მსახიობობა რატომ აირჩიეთ?

- სცენა ბავშვობიდან მიყვარდა. მუსიკალური შვიდწლედი მაქვს დამთავრებული. კარგად ვუკრავდი ფორტეპიანოზე, ვმღეროდი... სიმართლე გითხრათ, თავიდან იურისტობა მინდოდა, მაგრამ ბოლო მომენტში გადავწყვიტე, თეატრალურში ჩამებარებინა, რაც მოულოდნელი იყო ჩემი ოჯახისთვის. გამიმართლა, რომ ბატონი გიზო ჟორდანიას ჯგუფში მოვხვდი. სხვათა შორის, მანანა ბერიკაშვილი ჩვენი ოჯახის ახლობელია. ჩემებმა მას დაურეკეს, - ლუკა მოვა შენთან და აუხსენი, რომ მისგან მსახიობი არ გამოვა, სხვა პროფესია აირჩიოსო. ქალბატონ მანანას პირადად არ ვიცნობდი. მასთან რომ მივედი და გავისაუბრეთ, პირდაპირ მითხრა, - შენ მიდიხარ მუსკომედიაში, ჩემთან უნდა ჩააბაროო (იღიმის).

- პირველი როლი გაიხსენეთ...

- ჩემი კინოდებიუტი პირველ კურსზე ყოფნისას შედგა. მიშელ ჰაზანავიჩუსმა, რომელმაც სახელი გაითქვა ფილმით - "არტისტი", საქართველოში გადაიღო "ძიებაში" და მე ამ ფილმში ეპიზოდური როლი ვითამაშე. მაშინ არანორმალურად მაღალი ჰონორარი შემომთავაზეს: 5 დღე იყო გადაღება და მითხრეს, რომ 500 ლარს ავიღებდი. მეგონა, ამ თანხას ხუთი დღის სამუშაოში გადამიხდიდნენ, მაგრამ მერე გაირკვა, რომ დღეში მაძლევდნენ 500 ლარს... ამ ფილმში რუსი მსახიობიც მონაწილეობდა, რომელთან ერთადაც ახლაც ხშირად მიწევს მუშაობა. მართალია, ფილმმა - "ძიებაში" დიდი წარმატება ვერ მოიპოვა, მაგრამ მე მაინც კმაყოფილი დავრჩი, რადგან პროფესიონალებთან ერთად ვიმუშავე...

ახლა რუსეთში ვარ, სადაც იღებენ კომედიას "ცეკვები სიმაღლეზე". მიხარია, რომ ამ კომედიაში ჩემი შეყვარებულიც მონაწილეობს - ის პირველი კურსის სტუდენტია. ჩვენ მომავალში სასწავლებლად ამერიკაში წასვლას ვაპირებთ და ამიტომაც, დაქორწინებას არ ვჩქარობთ.

თეა ხურცილავა