ეკა მახარობლიშვილი: "დედამ მასთან მიმიყვანა და უთხრა, ეკას შეუყვარდიო" - გზაპრესი

ეკა მახარობლიშვილი: "დედამ მასთან მიმიყვანა და უთხრა, ეკას შეუყვარდიო"

ხელოვანების ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. ამბობს, რომ მთელი ცხოვრება კულისებში აქვს გატარებული და რა გასაკვირია, რომ მომავალ პროფესიად მსახიობობა აირჩია. ეკა მახარობლიშვილმა პირველი როლი პროფესიულ სცენაზე 4 წლის ასაკში ითამაშა. როგორ იხსენებს კულისებში გატარებულ პერიოდს და პირველ სიყვარულს, რა მოსწონს ყველაზე მეტად საკუთარ ხასიათში და რის გამო იღებს საყვედურებს? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1985 წლის 21 აპრილი, 15 საათი და 15 წუთი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მსახიობი, მხატვარი, მომღერალი, მოცეკვავე. ერთი პერიოდი ექიმობის სურვილიც მქონდა. დედა და მამა მოზარდ მაყურებელთა თეატრში მუშაობდნენ. იყო შემთხვევები, როცა ბებიასა და ბაბუასთან ვერ მტოვებდნენ და რეპეტიციებზე რომ მიდიოდნენ, თან მივყავდი. მე ვარ ადამიანი, რომელიც მართლა კულისებში გაიზარდა: ხან საგრიმიოროში ვიყავი, ხან - გამნათებელთან, ხან - გარდერობის მორიგესთან ან რეკვიზიტორთან, მაშინ 3-4 წლის გახლდით. ჩემი მშობლები დილიდან საღამომდე რეპეტიციებზე იყვნენ. სპექტაკლზე პირველ რიგში, კუთხეში, ჩემი ადგილი მქონდა და ამ სკამს იმდენად ვიყავი მიჩვეული, სხვა თეატრში რომ მივდიოდი, მეგონა, ყველგან ის იყო ჩემი ადგილი. ხშირად გვერდით შალვა გაწერელია მომიჯდებოდა და მეკითხებოდა, - ეს ეპიზოდი ხომ არ შევცვალო ან ჩავასწოროო? ამას, რა თქმა უნდა, ხუმრობით მეკითხებოდა, მაგრამ მე მთელი სერიოზულობით ვპასუხობდი. ხანდახან თავის კაბინეტშიც შევყავდი და მაკეტების გაკეთებაში ვეხმარებოდი. 4 წლის ვიყავი, როცა თამაზ მესხმა არჩილ სულაკაურის "ცისფერი ირემი დადგა" - ეს იყო პირველი სპექტაკლი, რომელშიც ვითამაშე. პატარა ცისფერი ირემი ვიყავი.

- ჩემზე ამბობენ...

- ...კარგს რასაც ამბობენ, იმას ვერ გავიმეორებ, მეუხერხულება. ხუმრობით ამბობენ, რომ ვარ გიჟი და უცნაური გოგო, ხან ვაფრენ და ხან - დავფრინავ.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...დავიბადე საქართველოში, ჩემს არაჩვეულებრივ ოჯახში და მყავს კარგი მეგობრები. ბედნიერი ვარ, რომ მსახიობი გახლავართ და ცხოვრებაში ბევრ პატივსაცემ ადამიანთან მომიწია შეხვედრამ.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...თვითკრიტიკული ვარ. რაც უნდა ცუდად ვიყო, შემიძლია, ეს ხალხში არ გამოვამჟღავნო, გავიღიმო და თავი ბედნიერ ადამიანად მოვაჩვენო.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ეს სიზარმაცეა. ძალიან ზარმაცი არ ვარ, მაგრამ მინდა, რაც შეიძლება მეტს მივაღწიო, ამას კი ბევრი შრომა უნდა.

- ჩემთვის მიუღებელია...

- ყოველთვის ვცდილობ, ადამიანი მივიღო ისეთი, როგორიც არის და მისი ნებისმიერი ქმედება ჩემთვის გასაგები იყოს. პიროვნება ერთხელ, ორჯერ, სამჯერ რომ მომატყუებს, მომავალში მასთან ურთიერთობის გაგრძელება მაინც შემიძლია. შეიძლება, საუკეთესო მეგობარი აღარ იყოს, მაგრამ ხელს არ ვკრავ.

- არ მჩვევია...

- ...რეპეტიციაზე დაგვიანება.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ..."ბასტი ბუბუში" წამყვანი ვიყავი და თან, ვმღეროდი. იმ პერიოდში ქუჩაში ყველა მცნობდა. საღამოს, როცა თეატრიდან დედასა და მამასთან ერთად გამოვდიოდი, ხალხი მაჩერებდა და მთხოვდნენ, მათთან სურათი გადამეღო. ჩემი მშობლები ამბობდნენ, ეკამ პოპულარობით დაგვჩრდილაო.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ..სიმღერისა და ცეკვის.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...არაფერს.

- მეზარება...

- ....ბევრი რამ, ყველაზე მეტად კი ჭურჭლის რეცხვა და დილით ადრე ადგომა.

- ყოველთვის მრცხვენია, როცა...

- ...მაქებენ. ამ დროს სიხარულისა და უხერხულობის განცდა ერთდროულად მაქვს.

- ვნანობ, რომ...

- ...უფრო მეტი არ ვიშრომე და ვისწავლე, მაგრამ ამის გამოსწორება გვიანი ჯერ კიდევ არ არის. ვნანობ, ვინმეს გული თუ ვატკინე.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...მიამიტი ვარ. არ ვიცი, ეს თვისება რამდენად მაზარალებს, მაგრამ უსიამოვნება არაერთხელ მქონია. ჩემი მოტყუება ადვილია. მეგობრები სულ მეუბნებიან: ყველას რატომ ენდობი? ყველა შენი მეგობარი რატომ გგონიაო?

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...ხშირად ვიხსენებ და ვცდილობ, გამოვასწორო.

- პატიება შემიძლია, თუ...

- ...ეს ნებისმიერ შემთხვევაში შემიძლია. ადამიანებს ძალიან ადვილად ვპატიობ და წყენას ვივიწყებ. სამაგიეროს არასდროს არავის ვუხდი, შურს არ ვიძიებ და ცუდს არასდროს არავის ვუსურვებ.

- ბოლოს ვიტირე...

- ...დღეს დილით, რაღაცაზე ჩავფიქრდი და ამეტირა. ჩემი ატირებაც ძალიან ადვილია. საკმარისია მცირე ემოცია და ეგრევე, ცრემლები მომდის. განსაკუთრებით მაშინ, როცა ბავშვობას ვიხსენებ, გული მიჩუყდება. აი, თვალები ახლაც ამიწყლიანდა. სიხარულისგანაც ხშირად ვტირი.

- ვიბნევი, როცა...

- ...ვინმეს ვეპრანჭები.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...ვცდილობ, ეკლესიური ცხოვრებით ვიცხოვრო. ტვერელის სახელობის ტაძარში მგალობელი ვარ. ღმერთი ადამიანს იმ ადგილზე და იმ სიტუაციაში გამყოფებს, რომელიც იმ დროს შენთვის ყველაზე კარგია. ამიტომ, ყოველთვის მაქვს განცდა, სადაც ვარ, იქ ყველაზე კარგია.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...როცა ვბრაზდები, ამ დროს შემიძლია, ადამიანს ისეთი რამ ვუთხრა, რაც გულზე მოხვდება და ეწყინება.

- სიყვარული ეს...

- ...არის ღმერთი.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...3 წლის ვიყავი. მამას და დედას თეატრში ხომ დავყვებოდი. ჰოდა, ერთ დღეს "კუკარაჩა" ითამაშეს. ამ სპექტაკლში ერთი ბიჭი, ტატო ბერძენიშვილი თამაშობდა, რომელიც მაშინ 8-9 წლის იყო. სცენაზე რომ დავინახე, დედას ვუთხარი, - ეს ბიჭი შემიყვარდა-მეთქი. სპექტაკლი რომ დამთავრდა, დედამ მასთან მიმიყვანა და უთხრა, ეკას შეუყვარდიო. მე კი ისე ძალიან შემრცხვა, აღარ ვიცოდი, სად წავსულიყავი. ამ დღის შემდეგ იმ ბიჭს ჩემთვის ხან ყვავილები მოჰქონდა, ხან - სათამაშოები, მე კი ვემალებოდი. იმ პერიოდის მერე, ეს ბიჭი ერთხელაც არ მინახავს.

- დღეს შეყვარებული...

- ...ვარ, მაგრამ პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი არ მინდა. ის ადამიანი საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...უმნიშვნელო საკითხზე ჩავიციკლები ხოლმე, მთვრალი კაცები რომ "ჭედავენ", ისე მემართება. შეიძლება, ჩემი მეგობრები წონასწორობიდან გამოვიყვანო, გავიდეს დრო და ის მომენტი საერთოდ არ მახსოვდეს.

- მე ვარ შეუმდგარი...

- ...ექიმი, მაგრამ ამბობენ, რომ კარგი ფსიქოლოგი ვარ.

- ბედისწერის...

- ...მჯერა თუ არა? რადგან ეს სიტყვა არსებობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ბედისწერაც არსებობს და ამას ბევრ წვრილმანში ვგრძნობ.

- ინტუიცია...

- ...ნათელმხილველი არ ვარ, მაგრამ ბევრ რამეს წინასწარ ვგრძნობ.

- როცა მარტო ვარ...

- ...ვისვენებ, ვფიქრობ, ვსეირნობ და შეიძლება, რეპეტიციაც გავიარო. შეიძლება ვიცეკვო, ვიმღერო. მარტო ხშირად ვარ და არასდროს ვიწყენ.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ამ დროს საუკეთესო წამალი ეკლესიაა, გალობაა, მეგობრებისთვის გულის გადაშლაა. მათთან ბოლომდე გულწრფელი ვარ.

- ადამიანი, ვის აზრსაც ყოველთვის ვითვალისწინებ...

- ...არის ის პიროვნება, ვინც მიყვარს.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ძალიან კარგ მოხუცთა თავშესაფარს გავხსნიდი და ბევრ მოხუცს უზრუნველ სიბერეს ვაჩუქებდი.

- ვჯიუტდები...

- ...ხშირად, ძალიან ჯიუტი ვარ.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...ბებია მარიგებდა ხშირად: ყოველთვის ისე მოიქეცი, შენ როგორც გენდომებაო.

- ვოცნებობ...

- ...არ ვოცნებობ, გეგმებს ვაწყობ.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...მადლობა თქვენი ჟურნალის მკითხველს, ჩემს მაყურებელს. ვეცდები, ყოველთვის საინტერესო ვიყო.

თამუნა კვინიკაძე