ვინ ახმოვანებდა გრაფ სეგედს ფილმში "დათა თუთაშხია"
სიცოცხლის ბოლომდე სცენაზე იდგა. მის შრომისუნარიანობას, პასუხისმგებლობის გრძნობას, დიდ პროფესიონალიზმს, დახვეწილ მეტყველებას - ყველა მისი კოლეგა და თეატრმცოდნე უსვამდა ხაზს. 60 წლის განმავლობში ის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის (ამჟამად, ნოდარ დუმბაძის სახელობის ცენტრალური საბავშვო თეატრი) მსახიობი იყო. 1953 წელს დაიწყო მოღვაწეობა რადიოდიქტორის სტატუსით. ის საქართველოს ტელევიზიის დაარსებისთანავე, წლების მანძილზე უძღვებოდა სატელევიზიო გადაცემებს: "საესტრადო პანორამა", "ცისფერი კაფე" და "ოქროპირი". სცენაზე განსახიერებული ჰქონდა 250-ზე მეტი როლი, მონაწილეობდა 400-ზე მეტ რადიოდადგმაში და 2000-ზე მეტი ფილმი გაახმოვანა. რეზო თავართქილაძეს ყველა მისი კოლეგა საუკეთესო პარტნიორს ეძახდა.
როგორ აღმოჩნდნენ გურულები ბაქოში
რეზო თავართქილაძე ბაქოში, ქეთევან კალანდაძისა და პლატონ თავართქილაძის ოჯახში დაიბადა. მომავალი მსახიობის მამა ბაქოს ქართული თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო, შემდეგში მისი დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი, მსახიობი, რეჟისორი და ოჯახს გარკვეული პერიოდი აზერბაიჯანის დედაქალაქში მოუხდა ცხოვრება. მამას 4 წლის ასაკიდან დაჰყავდა სპექტაკლებზე და ბუნებრივია, თეატრისადმი ლტოლვა სწორედ იმ პერიოდში ჩაისახა.
თეატრალური ინსტიტუტი
რეზო თავართქილაძის პედაგოგი ჯერ ლილი იოსელიანი იყო, შემდეგ მიშა თუმანიშვილი, მეტყველების პედაგოგი კი მალიკო მრევლიშვილი გახლდათ. რეზოს მეორე სადიპლომო წარმოდგენას, მიხეილ თუმანიშვილის "განძთა კუნძულს" თბილისში ჩამოსული ხელოვნების მუშაკთა დელეგაცია დაესწრო. სპექტაკლის ნახვის შემდეგ, ტამბოვის თეატრის დირექტორმა ჯგუფის წაყვანის სურვილი გამოთქვა. მაშინ თბილისის თეატრალურ ინსტიტუტს აკაკი ხორავა რექტორობდა, პრორექტორი ვასო კიკნაძე იყო. ისინი გაოცებულები იყვნენ, ეს როგორ უნდა მომხდარიყო, მაგრამ რამდენიმე საათში მოსკოვის კულტურის სამინისტროს მესვეურებმაც დარეკეს და სტუდენტები ტამბოვში დაპატიჟეს. ეს ამბავი გახმაურდა. ეროსი მანჯგალაძე ახალგაზრდა მსახიობებს "ტამბოვის მგლებსაც" ეძახდა, მაგრამ ისინი მაინც არ წასულან. აკაკი ხორავამ უთხრა: არსად გაგიშვებთ და დიპლომებსაც არ მოგცემთ. ჯერჯერობით ვერც რომელიმე თეატრში გაგანაწილებთ, თუმცა, თუ სურვილი გექნებათ, თეატრის გარდა, სადაც გინდათ, იქ იმუშავეთო. მისი ჯგუფელებიდან ზოგი ფოტოგრაფიას, ზოგი კინოოპერატორობას დაეუფლა, ნაწილმა სხვა ინსტიტუტში დაიწყო სწავლა და პროფესია შეიცვალა. ერთ-ერთმა სასოფლო სამეურნეო-ინსტიტუტიც კი დაამთავრა და მოგვიანებით, ახმეტაში მთავარ აგრონომად დაინიშნა. რაც შეეხება რეზო თავართქილაძეს, ის მოგვიანებით, რადიოკომიტეტში მოეწყო: ერთ დღეს, რადიოკომიტეტის თავმჯდომარემ, მეცნიერმა და ლინგვისტმა ანტონ კელენჯერიძემ თეატრალურ ინსტიტუტში დარეკა: თუ გყავთ ისეთი კურსდამთავრებული მსახიობი, რომელიც ქართულ ენაზე კარგად მეტყველებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ, დიქტორად გვჭირდებაო. აზრი მალიკო მრევლიშვილს ჰკითხეს, რომელმაც რეკომენდაცია რეზო თავართქილაძეს გაუწია... უკანასკნელ ცნობებს კითხულობდა, როცა მის ხმას მოზარდ მაყურებელთა თეატრის მაშინდელმა დირექტორმა, აკაკი შანიძემ მოჰკრა ყური. რადიოკომიტეტში ანტონ კელენჯერიძესთან მოვიდა და რეზოზე უთხრა, - მე ეს კაცი თეატრში მჭირდებაო. კელენჯერიძე არ თმობდა, შესანიშნავი დიქტორია და ჩვენთან უნდა იმუშაოსო, მაგრამ ბოლოს შეთანხმდნენ, ყველანაირ პირობას შეუქმნიდნენ, რომ მას ორივე ადგილას ემუშავა.
"მოზარდი", კინო და ანიმაციური ფილმები
1953 წელს მოზარდ მაყურებელთა თეატრში მივიდა. 1956 წელს ტელევიზია დაარსდა და რეზო იქაც დაასაქმეს. მოგვიანებით, რადიო და ტელევიზია გაერთიანდა და საბურთალოზე დაიდო ბინა. წლების მანძილზე სამი სატელევიზიო გადაცემა მიჰყავდა: "საესტრადო პანორამა", "ცისფერი კაფე" და "ოქროპირი". შემდეგ კიდევ ერთი სამუშაო ადგილი გამოჩნდა: კინოსტუდიაში მხატვრულ, დოკუმეტურ და ანიმაციურ ფილმებს ახმოვანებდა. "დათა თუთაშხიას" ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი - გრაფი სეგედი გიგა ლორთქიფანიძემ რეზო თავართქილაძეს გაახმოვანებინა. მულტფილმის არაერთი პერსონაჟიც მისი ხმით მეტყველებდა. ანიმაციურ ფილმში "სოფლის მაშენებლები", მამალი და კატა გაახმოვანა. ასევე იმუშავა მულტფილმებზე: "ხელმარჯვე ოსტატი", "ტყის კვარტეტი", "სიზმარა", "ბაბაჯანას ქოშები" და ა.შ.
"ანიმაციური ფილმების თოჯინები და ნახატები ისე აშკარად აღებენ პირს, რომ იქ არტიკულაციის ჩასმა იოლია, უბრალოდ, ხასიათი უნდა მოარგო... წლების განმავლობაში, სულ 2000-ზე მეტი ფილმი მაქვს გახმოვანებული", - რეკორდულ ციფრს ასახელებდა ბატონო რეზო.
ერთადერთი სირთულე
"მოგახსენებთ ერთი როლის თაობაზე, რომლის შესახებაც დავა თეატრში ძალიან დიდხანს გაგრძელდა. სპექტაკლის მთავარი რეჟისორი სერგო ჭელიძე გახლდათ, ხოლო რეჟისორი თენგიზ მაღალაშვილი. ამ უკანასკნელმა გაანაწილა პიესა "ტარიელ გოლუა". იქ არის ერთი პერსონაჟი გაიოზ გადალენდია, რომლის როლი მე მომცეს. თავიდან ვიფიქრე, იქნებ კომედიად უნდა დადგას-მეთქი, მაგრამ რეჟისორმა იუარა. აბა, რომელი გაიოზ გადალენდია ვარ მე, ასეთი დაფსხრიკული კაცი, საშინლად გამხდარი, არც სიმაღლე მაქვს და ქალი რომ შემომხედავს, რაღაცით ხომ უნდა მოიხიბლოს?! დავწერე განცხადება, რომ იმ როლს არ ვითამაშებდი. იმავე თხოვნით, სამხატვრო საბჭოსაც მივმართე, მაგრამ თენგიზმა გადაწყვეტილება არ შეცვალა, - არ მინდა ამ როლზე რამე განსაკუთრებული გარეგნული მონაცემების მსახიობი, მინდა, ეს პერსონაჟი ინტელექტის პატრონი იყოსო. ბოლოს, დავთმე და ვითამაშე. რეჟისორი კმაყოფილი იყო და მგონი ისიც, ვინც ჩემს შეყვარებულს თამაშობდა, მარტო მე დავრჩი დაზარალებული. დანარჩენ როლებზე მსგავსი შემთხვევა არ მქონია, არაფერი გამჭირვებია", - ღიმილით იხსენებდა მსახიობი.
სპორტული მიღწევები და დღის რეჟიმი
"სკოლაში XI კლასში ახალგაზრდობის პირველი სპარტაკიადის ჩემპიონი გავხდი მსუბუქ მძლეოსნობა-სირბილში - 100 და 200 მეტრ დისტანციაზე. ჩემი მეგობრები ტანვარჟიშს მისდევდნენ, სპორტის ოსტატები იყვნენ. ერთი მე ვიყავი ხმელი და შეუხედავი. ვიფიქრე, მეც რამე უნდა გავაკეთო-მეთქი და სპორტკლუბში მივედი. იქ არაჩვეულებრივი ადამიანი და სპეციალისტი მძლეოსნობაში, თეიმურაზ მაჩაბელი დამხვდა. ჩემი განზრახვა რომ გავანდე, სიცილი დაიწყო: შენი ჭირიმე, შენგან სპორტსმენი არ გამოვაო. თქვენ მე მავარჯიშეთ და ვიცი, თანრიგს მივაღწევ-მეთქი. ბოლოს დავითანხმე და ვარჯიში დავიწყეთ. ძალიან მოვინდომე, სკოლიდან პირდაპირ სპორტდარბაზში მივდიოდი. დილა-საღამოს ვვარჯიშობდი და იმ რეჟიმის გამო, რამდენჯერმე გულიც კი წამივიდა. ასე გავიდა დრო და ბოლოს, ჩემპიონი გავხდი. შემდეგ საქართველოს ნაკრების წევრი ვიყავი მძლეოსნობაში. ლენინგრადში საბჭოთა კავშირის პირველობაზე 200 მეტრ სირბილში მესამე ადგილი ავიღე. საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრიც გავხდი. პრაღაში, ევროპის პირველობაზე უნდა წავსულიყავი, მაგრამ დიდმა სტალინმა არ გაგვიშვა! ის ხომ არავის უშვებდა საზღვარგარეთ. ინსტიტუტში შესვლის შემდეგ, ვარჯიში აღარ გამიგრძელებია. ვერ ვიტყვი, რომ სპორტის გამო მქონდა და მაქვს ენერგია. დილას ჩაის ვსვამდი, შემდეგ რამდენიმე ადგილას მივდიოდი: თეატრში, რადიოში, ტელევიზიაში, კინოსტუდიაში და ხანდახან კინოფილმშიც მიღებდნენ. დროთა განმავლობაში, სხვა თეატრებშიც მიწვევდნენ, მათ შორის: თუმანიშვილის, მარჯანიშვილის, სატირის, სამეფო უბნის, სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრებში, "ვაკის სარდაფში". ყველაფერს ვასწრებდი და შუალედებში ჭამაც კი არ მახსოვდა, არც მქონდა სურვილი. ისიც შევამჩნიე, რომ სცენაზე გასვლის წინ საკვების მიღება თამაშში ხელს მიშლის. მაძღარს არც გახმოვანებაზე მისვლა შემიძლია, მხოლოდ წყალს თუ დავლევ. საღამოს სახლში დაბრუნებული ვჭამდი ცოტას. დაღლას არასდროს ვეპუებოდი. თან, შინ რაღაც ორი გვერდი მაინც უნდა წამეკითხა. ჩემს კოლეგებს რომ ვაკვირდებოდი, ისე გამოდიოდა, რომ ყველაზე უვიცები ჩვენ ვიყავით, ვერ ვკითხულობდით პრესას, არც ახალი წიგნების საკითხავად გვქონდა დრო. გადავწყვიტე, საამისოდაც მომეცალა. ელემენტარულად, პრესას ხომ უნდა გაეცნო, რომ გაიგო, სად ვცხოვრობთ, რა ქვეყანაში ვართ. ასევე მაქვს დრო წიგნებისათვის, სხვაგვარად არ შეიძლება... მთელი ცხოვრება გადარბენაზე ვიყავი. რომ მეკითხებოდნენ: როგორ ხარო? ვპასუხობდი, - მორბენალი სტრიქონივით-მეთქი და, აი, ასე შემარქვეს "მორბენალი სტრიქონი".
2013 წლის 14 აპრილს, რეზო თავართქილაძეს საბავშვო თეატრის წინ, ვარსკვლავი გაუხსნეს. ბოლოს იქვე ითამაშა სპექტაკლებში: "კუკარაჩა", "ირინეს ბედნიერება" და თუმანიშვილის თეატრში დადგმულ რუსუდან ბოლქვაძის სპექტაკლში "ზვავი". მოკრძალებული პიროვნება იყო, საკუთარ თავზე საუბარი "მკრეხელობად" მიაჩნდა და ალბათ, სწორედ ამ თვისების გამო ბევრი არც იცნობდა მსახიობს, რომელიც 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ანა კალანდაძე