"მამაკაცი ქალის საყრდენი ძალა უნდა იყოს" - გზაპრესი

"მამაკაცი ქალის საყრდენი ძალა უნდა იყოს"

"არ ვფიქრობ, რომ ჩემი მომავალი მეუღლე აუცილებლად მდიდარი უნდა იყოს. მთავარია, მამაკაცს ჰქონდეს სურვილი, რომ საყვარელი ადამიანისთვის შეუძლებელი შეძლოს", - მითხრა მომღერალმა მარიკა თხელიძემ, რომელიც წლებია, სცენაზე აღარ გამოჩენილა...

- მარიკა, პირველ რიგში, მოგვიყევი, ახლა რას საქმიანობ?

- კულტურის სამინისტროში, სხვადასხვა საინტერესო პროექტზე ვმუშაობ. ხშირად მაქვს მივლინებები საზღვარგარეთ, სადაც ვხვდები უცხოელ კოლეგებს და მათ ჩვენი ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებს ვაცნობ. ძალიან მომწონს ის, რასაც ახლა ვაკეთებ.

- კულტურის სამინისტროში კონკრეტულად, რისი გაკეთება გევალება?

- მივლინებების ორგანიზება და კოორდინირება მევალება. მაგალითად, ახლახან ჩინეთში ვიყავი, სადაც ბატონ ანზორ ერქომაიშვილთან და მის ანსამბლთანEერთად კონცერტები გავმართე, გვქონდა შეხვედრა ჩვენი საელჩოს ხელმძღვანელებთან და ჩინეთის კულტურის მინისტრის მოადგილესთან... კულტურის სამინისტრო და ჩემი ამჟამინდელი საქმიანობა ხელს არ მიშლის იმაში, რომ ახალი სიმღერები ჩავწერო და შევასრულო, მაგრამ ამ საქმეების გადამკიდემ, უნებურად მივივიწყე სიმღერა და დიდი პაუზა გამომივიდა.

- პროფესიით ვინ ხარ?

- ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის ისტორიის ფაკულტეტი დავამთავრე.

- სიმღერა და სცენაზე დგომა არ გენატრება?

GzaPress- ძალიან მენატრება! დიდი სურვილი მაქვს, მომღერლის კარიერა გავაგრძელო, ისევ აქტიურად ჩავება შოუბიზნესში. ის, რომ ამდენი წელი არც ერთ კონცერტზე, ღონისძიებაზე არ ვჩანდი, მხოლოდ ჩემი ბრალი არ არის. არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც როგორც მომღერალს, შეგნებულად არ მეძახდნენ, მბლოკავდნენ.

- ვინ იყვნენ ეს ადამიანები?

- ამ კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავს შევიკავებ... არსებობს რამდენიმე მომღერალი, რომლებსაც ყველა კონცერტზე თუ გადაცემაში იწვევენ. ამ ყველაფრის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, არ ვარ შურიანი, მაგრამ ხომ შეიძლება, რომ სხვებიც გაიხსენონ? ამდენი წელია, არაფერი გამიკეთებია და ხალხს მაინც ვახსოვარ, მცნობენ, ჩემ მიმართ სითბოსა და სიყვარულს გამოხატავენ. ეს ყველაფერი მაძლევს იმის სტიმულს, რომ კიდევ ვიმღერო, ახალი სიმღერა ჩავწერო, კლიპი გადავიღო და თაყვანისმცემლები გავახარო. ხალხის სიყვარული ყველაზე დიდი სიმდიდრეა, რაც კი ოდესმე შემიძენია.

- შეგიძლია საკუთარი თავი დაგვიხასიათო?

- რთული იქნება, მაგრამ შევეცდები... ვარ ძალიან ემოციური, ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, საკუთარი თავი ვაკონტროლო. როცა რაღაც მინდა, სხვა რაღაცებზე ვეღარ ვფიქრობ, მთლიანად იმ საქმეზე ვარ ორიენტირებული.

- შენში ყველაზე დადებით თვისებად რას მიიჩნევ?

- (ფიქრობს) ძალიან მიზანდასახული ვარ. როცა რაღაც საქმის გაკეთებას გადავწყვეტ, ვცდილობ, ყველანაირი სირთულე დავძლიო, თუ რაღაც არ ვიცი, ვისწავლო და საქმე ისე მოვაგვარო, რომ უკან დახევა არ დამჭირდეს. ვფიქრობ, ამქვეყნად არ არსებობს ისეთი რამ, რასაც მონდომების შემთხვევაში, ადამიანი ვერ გააკეთებს.

- "ფეთქებადი" ხასიათი გაქვს?

- სამწუხაროდ, კი. შეიძლება, ელემენტარული რაღაც მეწყინოს და უცებ "ავფეთქდე".

- რაში გამოიხატება შენი სიფიცხე? ასეთ დროს რას აკეთებ?

- ასეთ დროს ძირითადად, ხმამაღლა ვიწყებ ლაპარაკს... ბოლო დროს ვცდილობ, როცა ვიღაცაზე გავბრაზდები, ნერვები არ ავიშალო და მას უბრალოდ, გავერიდო. არ მინდა, აღელვებულმა ისეთი რამ ვთქვა ან მოვიმოქმედო, რაც მერე სანანებელი გამიხდება. ვცდილობ, კონკრეტულ მომენტში თავი ხელში ავიყვანო, დავმშვიდდე, დავწყნარდე, ყველაფერი კარგად გავაანალიზო და მხოლოდ ამის შემდეგ ვთქვა ის, რაც მაწუხებს.

- მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება გიჭირს? თუ გყავს გვერდით ისეთი ადამიანი, რომლის აზრსაც და რჩევასაც ითვალისწინებ ხოლმე?

- სიმართლე გითხრა, გადაწყვეტილების მიღება ხანდახან მართლაც მიჭირს. საბედნიეროდ, არსებობენ ადამიანები, რომელთა აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია. დედა და მამიდა ჩემი ყველაზე დიდი მეგობრები არიან და მათ აზრს ყოველთვის ვითვალისწინებ. თუმცა, საბოლოოდ გადაწყვეტილებას მაინც თავად ვიღებ.

- მავნე ჩვევები გაქვს?

- სიგარეტს არ ვეწევი და არც ალკოჰოლს ვეტანები. ჩემი ოცნებაა, არც ერთი ჩემი მეგობარი არ ეწეოდეს.

- დეპრესიული ხარ?

- დეპრესიისკენ მიდრეკილი არ ვარ, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში იყო ისეთი მომენტებიც, რომ თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი. ეს ის პერიოდი გახლდათ, როცა სასწავლებლად საზღვარგარეთ წავედი. ოჯახის გარეშე ყოფნა მიჭირდა და დეპრესია დამეწყო. რაღაც მომენტში ვიფიქრე, - თბილისში დავბრუნდები-მეთქი, მაგრამ მერე საკუთარი თავის გამხნევება შევძელი და ის, რომ ახლა დამოუკიდებელი ადამიანი ვარ, იმ წლების დამსახურებაა.

- ქართული ტრადიციები შენთვის მისაღებია?

- სიმართლე გითხრა, ძალიან ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე და შესაბამისად, ეს ყველაფერი მომწონს კიდეც. თუმცა, ჩვენს ტრადიციებშიც არის რაღაც ისეთი, რაც შეიძლება არ მოგწონდეს.

- საოჯახო საქმეები თუ გეხერხება?

- (იცინის) ნაკლებად მეხერხება, რაც იმის ბრალია, რომ დედა ძალიან მანებივრებს, ყველაფერს ის აკეთებს. სახლში მაინცდამაინც ბევრ დროს არ ვატარებ. სამსახურის შემდეგ მეგობრებთან ერთად, ხან სად მივდივარ და ხან - სად. ბოლო დროს დედა მეუბნება, - რაღაცების კეთება უნდა ისწავლოო. მე კიდევ, ვსაყვედურობ: მთელი ცხოვრება რომ მანებივრებდი, ახლა შინ ყოფნა და სამზარეულოში ფუსფუსი მიჭირს-მეთქი. თუმცა, როცა გავთხოვდები და საოჯახო საქმეების მოგვარება დამჭირდება, დარწმუნებული ვარ, ყველაფრის გაკეთებას შევძლებ.

- ყავის და ჩაის მომზადება ხომ იცი?

- (იცინის) ასეთ ელემენტარულ რაღაცებს კი, მაგრამ ხარჩოს, "ბორშჩს" ვერ მოვამზადებ. ძალიან მიყვარს საცივი და სულ ვამბობ, რომ ამ კერძის მომზადება უნდა ვისწავლო. ვფიქრობ, თუ მოვინდობ, საცივის გაკეთება არ გამიჭირდება.

- როგორი მამაკაცები მოგწონს?

GzaPress- უპირატესობას შავგვრემანებს ვანიჭებ. ჩემ გვერდით აუცილებლად, ძლიერი, ვაჟკაცური მამაკაცი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, განათლებული. ბოლოს და ბოლოს, რჩევა რომ დამჭირდეს, მეუღლის სწორ გზაზე დაყენება ხომ უნდა შეძლოს? ყოველთვის ვამბობ: მინდა ისეთი მეორე ნახევარი მყავდეს, რომელსაც მხარზე თავს დავადებ და ბოლომდე მივენდობი-მეთქი. ვფიქრობ, მამაკაცი ქალის საყრდენი ძალა უნდა იყოს. არანაირი სურვილი არ მაქვს, ის მხოლოდ ჩემთვის იყოს კარგი და მისაღები. ჩემი მომავალი მეუღლე ყველა ჩემს ახლობელს უნდა უყვარდეს.

- ბევრჯერ ყოფილხარ შეყვარებული?

- 26 წლის ვარ და ვიღაცების მიმართ სიმპათია მქონია, მაგრამ შეყვარებული ჯერ არ ვყოფილვარ. ვფიქრობ, როცა შემიყვარდება, მთელი გულით მასთან ვიქნები, ვუერთგულებ...

- შენი გულის მოგება ძნელია?

- ყოველ შემთხვევაში, ადვილიც არ არის (იცინის).

- რა უნდა გააკეთოს მამაკაცმა იმისთვის, რომ შენი ყურადღება მიიპყროს?

- მამაკაცმა თავად უნდა იცოდეს, ქალის გული როგორ მოიგოს. დღევანდელ რეალობაში ყველაფერი "გადატრიალებულია". მაგალითად, კაფეში ბიჭებს გოგონები ეპატიჟებიან, რაც ჩემთვის მიუღებელია.

- თაყვანისმცემლებზე რას მეტყვი?

- არის პერიოდი, როცა მგონია, რომ არც ერთი თაყვანისმცემელი არ მყავს, ზოგჯერ კი ერთდროულად, იმდენი ბიჭი აქტიურობს, მიკვირს. ამ ეტაპზე უამრავი თაყვანისმცემელი მყავს; იმდენი, რომ მეშინია კიდეც, თავში არ ამივარდეს (იღიმის).

- და ისინი შენდამი სიმპათიას როგორ გამოხატავენ?

- ძირითადად, "ფეისბუკის" საშუალებით მეკონტაქტებიან, მაგრამ არც კართან ყვავილების დატოვება ავიწყდებათ. ძალიან თავმდაბალი ვარ და ყოველთვის ვცდილობ, თითოეული ადამიანის ყურადღება და პატივისცემა მივიღო.

- მარიკა, მზითევი თუ გაქვს?

- როცა გავთხოვდები, მზითევში მეგობრებს წავიყვან (იცინის). შეგროვებული არაფერი მაქვს. ალბათ ახალ ოჯახში რაც დამჭირდება, ოჯახი იმას მომიტანს. ვფიქრობ, ნორმალურია, როცა ახალშექმნილ ოჯახს მშობლები მხარში უდგანან და შეძლებისდაგვარად ეხმარებიან. ზუსტად ვიცი, მშობლები ყოველთვის ჩემ გვერდით იქნებიან.

- მეუღლის მშობლებთან ცხოვრება შენთვის მისაღებია?

- თუ ადამიანი გიყვარს, მას კი არ აქვს იმის საშუალება, რომ სახლი შეიძინოს და ცალკე გაცხოვროს, ამის გამო ხელი არ უნდა ჰკრა. თუმცა, რა თქმა უნდა, უმჯობესია, როცა ახალდაქორწინებული წყვილი დამოუკიდებლად იწყებს ცხოვრებას.

სოფო ჭონიშვილი