"ვერ ვი­ტან პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გის და­ნით გა­მო­ძერ­წილ ხე­ლოვ­ნურ თო­ჯი­ნებს" - გზაპრესი

"ვერ ვი­ტან პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გის და­ნით გა­მო­ძერ­წილ ხე­ლოვ­ნურ თო­ჯი­ნებს"

19 წლის დიანა ოვანოვა საზოგადოებამ სამოყვარულო დონეზე გადაღებული ფოტოსესიებით გაიცნო. წარმომავლობით უკრაინელია. დიანა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორია და თავს წარმატებულ ადამიანად მიიჩნევს. შეყვარებული არ ჰყავს. ამბობს, რომ დიდი სურვილი აქვს, თბილი და მოსიყვარულე ოჯახი ჰყავდეს.

ბავშვობა

- ბავშვობაში, როგორც ყველა პატარა, მეც ცელქი ვიყავი. რატომღაც, ასაკით ჩემზე უფროსებთან მეგობრობა და მათთან ახლოს ყოფნა მიყვარდა. ყოველთვის ინტერესით ვუსმენდი მათ საუბრებს და რაღაცებს ვსწავლობდი.

- ყველაზე ხშირად, მშობლებისგან შენიშვნებს რის გამო იღებდი?

- ყველაზე მეტ შენიშვნას თანაკლასელი ბიჭების ცემის გამო ვიღებდი. მათთან სულ ვჩხუბობდი და ხშირად, ფიზიკურადაც ვუსწორდებოდი. ახლა ამ ყველაფერზე მეცინება, მაგრამ მაშინ ეს მთელი ოჯახისთვის სერიოზული პრობლემა იყო.

- როგორი მოსწავლე იყავი? მასწავლებლებსაც აბრაზებდი?

- სკოლაში კარგად ვსწავლობდი. მიუხედავად ჩემი სიცელქისა, მასწავლებლებს ძალიან ვუყვარდი.

პროფესიული არჩევანი

- ძალიან მინდოდა ექიმი გამოვსულიყავი. სამედიცინოზე ჩაბარებასაც ვაპირებდი, შესაბამისი მონაცემებიც მქონდა, მაგრამ ბოლო წუთას არჩევანი შევცვალე და ექიმობას იურისტობა ვამჯობინე.

- სკოლის პერიოდში ან საბავშვო ბაღში შეყვარებული თუ გყავდა? გრძნობას როგორ გამოხატავდი?

- არც საბავშვო ბაღში მყვარებია ვინმე და არც - სკოლის პერიოდში.

- სკოლა საქართველოში დაამთავრე?

- არა, სკოლა უკრაინაში, მაგრამ უნივერსიტეტი თბილისში დავამთავრე.

პირველი წარმატება

- 19 წლისა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი გავხდი - ეს იყო ჩემთვის პირველი პროფესიული წარმატება. დღესდღეობით ვარ ეთნიკური უმცირესობების საბჭოს წევრი. ვთვლი, რომ ჩემს ასაკში საკმაოდ დიდ წარმატებას მივაღწიე და ეს ყველაფერი დიდი შრომის ფასად მივიღე.

- მიზანდასახული ადამიანი ხარ?

- კი, საკმაოდ მიზანდასახული ვარ და ამას ჩემ გარშემო მყოფი ადამიანებიც ხშირად აღნიშნავენ. ჯერ არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ რაღაც მეთქვას და არ შემესრულებინოს. ყოველთვის ბოლომდე ვიბრძვი საკუთარი მიზნებისა და სურვილების დასაკმაყოფილებლად.

- ხანდახან სიზარმაცე არ გიპყრობს?

- შრომისმოყვარე ვარ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არასდროს ვისვენებ. უბრალოდ, ვიცი, სად და რაზე, რა რაოდენობის ენერგია უნდა დავხარჯო. დროის სწორად გადანაწილება თუ შეგიძლია, დაღლილი არასოდეს იქნები. სიზარმაცის გამო საქმეს არასდროს ვაფუჭებ.

- ვინ არის შენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი და ვისი აზრია შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?

- დედა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია. ის ჩემთვის არა მარტო მშობელი, არამედ კარგი მეგობარი, შესანიშნავი მასწავლებელი და ყველაზე დიდი გულშემატკივარია. მე და დედამ ერთად ბევრი სირთულე გადავლახეთ და ვფიქრობ, ეს არის ჩვენი ასეთი დაახლოების მიზეზიც.

ჯანსაჯი ცხოვრების წესი

- როგორ იწყება შენი დილა?

- ძილი ძალიან მიყვარს, მაგრამ სამუშაო რეჟიმიდან გამომდინარე, ყოველთვის ადრიანად მიწევს გაღვიძება.

- რას ნიშნავს შენთვის ჯანსაღი ცხოვრების წესი? ბევრს ვარჯიშობ საიმისოდ, რომ სასურველ ფორმაში იყო?

- სამწუხაროდ, წლებია, აღარ მივარჯიშია. მას შემდეგ, რაც მუხლებზე ტრავმა მივიღე, ექიმმა ყველანაირი ვარჯიში ამიკრძალა. ასეც რომ არ იყოს, ფიზიკურად დრო არ მაქვს საიმისოდ, რომ სპორტდარბაზებში ვიარო.

- ალკოჰოლური სასმელები თუ გიყვარს? სიგარეტს ეწევი?

- არა, ალკოჰოლური სასმელები არ მიყვარს და არც სიგარეტს ვეწევი. ვთვლი, რომ ჯანმრთელობისთვის ორივე საზიანოა.

გემოვნება და იმიჯი

- ვინ იქონია გავლენა შენი გემოვნების ჩამოყალიბებაზე?

- რა თქმა უნდა, დედამ. ბავშვობიდან მინდოდა ვყოფილიყავი ისეთი, როგორიც დედა იყო. ის ყოველთვის ელეგანტურად და ქალურად გამოიყურება, არისტოკრატიული გარეგნობა აქვს და შესაბამისად, დახვეწილი გემოვნებაც.

- ხშირად იცვლი გარეგნულ იმიჯს?

- იმიჯის შეცვლა ჩემთვის დეპრესიის დაძლევის საუკეთესო საშუალებაა.

- ხშირად ხარ დეპრესიაში?

- საერთოდ, დეპრესიული ადამიანი არ ვარ. შემიძლია, დღესასწაული ნებისმიერ დროს მოვიწყო. თუმცა, ყველას გვაქვს ისეთი მომენტი, როცა საკუთარ თავთან მარტო ვრჩებით და ხანდახან, ერთფეროვნად გვეჩვენება ყველაფერი. ამიტომ მინდა, ოჯახი და შვილები მყავდეს. ცხოვრებაში რაც უნდა გქონდეს: სახლი, მანქანა, კარიერა, ფული - ეს ყველაფერი უღიმღამო გეჩვენება, როცა მარტო ხარ.

- რაიმე პლასტიკური ოპერაცია თუ გაქვს გაკეთებული?

- საკუთარი გარეგნობის შეცვლაზე არასოდეს მიფიქრია. მომწონს საკუთარი თავი. მე სილამაზის ჩემებური აღქმა მაქვს - დაახლოებით ისეთი, როგორიც მიქელანჯელოს, რემბრანდტის და დავინჩის ჰქონდათ, რენესანსის ეპოქაში. ვერ ვიტან პლასტიკური ქირურგის დანით გამოძერწილ ხელოვნურ თოჯინებს.

პირადი ცხოვრება

- შეყვარებული არ ხარ?

- სამწუხაროდ, შეყვარებული არ ვარ.

- როცა მამაკაცების ყურადღების ცენტრში ზედმეტად ექცევი, ეს გაღიზიანებს თუ პირიქით - სასიამოვნოა შენთვის?

- ზომიერების ფარგლებში ყველაფერი სასიამოვნოა, მაგრამ როცა ეს ყველაფერი საზღვარებს სცდება, სიამოვნება ხშირად, თავის ტკივილად გადაიქცევა ხოლმე.

- ხშირად გაქვს ასეთი "თავის ტკივილები"?

- სამწუხაროდ, კი (იცინის).

- როგორი მამაკაცები მოგწონს?

- მომწონს დახვეწილი, ვაჟკაცური, ზრდილობიანი, განათლებული და რა თქმა უნდა, სიმპათიური მამაკაცები. ამ ყველაფერთან ერთად, თუ შრომისმოყვარეც არის, ე.ი. იდეალური ადამიანია.

- როგორ გამოხატავენ მამაკაცები შენდამი სიმპათიას? რით ხარ მათგან განებივრებული?

- ძირითადად, კომპლიმენტებით. სხვათა შორის, კომპლიმენტებს მანდილოსნებისგანაც ვიღებ. მომწონს, როცა სიმპათიას ქალების გამოხატავენ, რაც ძალიან იშვიათად ხდება - ქალები ძალიან ამაყები ვართ და გვიჭირს სხვისი სილამაზის აღიარება.

წარმატების ფორმულა

- პოპულარული ფოტოსესიით გახდი, არა?

- პოპულარობა ჩემი მიზანი არასდროს ყოფილა. ეს უბრალოდ, სამოყვარულო დონეზე გადაღებული ფოტოსესია იყო და ამის წყალობით გამიცნო ფართო საზოგადოებამ. ბევრს მცდარი აზრი გაუჩნდა ჩემზე: მე არ ვარ შტერი. მერწმუნეთ, ბევრი კარგი და სასარგებლო საქმის კეთება შემიძლია საზოგადოებისთვის და ამას ვაკეთებ კიდეც.

- ისე, მოდელის კარიერაზე არასდროს გიფიქრია?

- არა, მოდელობაზე არასდროს მიფიქრია. თუმცა, ვფიქრობ, ეს საქმეც კარგად გამომივიდოდა.

- თუ გაქვს შენი წარმატების ფორმულა?

- მე არ ვფიქრობ, რომ პოპულარობა წარმატებაა. წარმატებული ხარ, როცა დიდი შრომის შემდეგ, პროფესიულ საქმიანობაში მიაღწევ მიზანს.

- რას მიიჩნევ შენი ცხოვრების მარცხად? დამარცხებას ეგუები თუ ყოველთვის იბრძვი მიზნის მისაღწევად?

- გაგეცინებათ, მაგრამ მართლა არ ვიცი, რას ნიშნავს "მარცხი" და ეს სიტყვა ჩემს ლექსიკონში არ არსებობს. ჩემთვის ყოველი დღე საკუთარ თავზე გამარჯვებაა.

- პროფესიული არჩევანი ოდესმე გინანია?

- არასდროს მინანია. პირიქით, ვამაყობ ჩემი პროფესიული არჩევანით. ბედნიერი ვარ, რომ იმ საქმეს ვაკეთებ, რომელიც ძალიან მიყვარს.

- გაძლევს პროფესია იმის საშუალებას, რომ მატერიალურად დამოუკიდებელი იყო?

- კი, ზუსტად იმიტომ ვშრომობ, რომ მატერიალურად დამოუკიდებელი ვიყო. ადამიანისთვის მხოლოდ დამოუკიდებლობას მოაქვს სრულფასოვნების შეგრძნება. მომწონს, რომ ჩემი პრობლემებითა თუ საჭიროებებით სხვებს არ ვაწუხებ. მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემი ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესმენია უკრაინაში... არ ვგავარ გოგონებს, რომლებიც სახლში სხედან და ფანჯარასთან, თეთრი "ფერარის" საჭესთან მჯდარ პრინცს ელოდებიან, რათა მთელი ცხოვრება მათ ხარჯზე იცხოვრონ. ვერ ვიტან ქალებს, რომლებსაც მხოლოდ სარფიანად გათხოვება აქვთ მიზნად დასახული.

სოფო ჭონიშვილი