ზურა მანაგაძის სიმღერების სკივრი - მუდამ სავსე და უძირო
ახლახან დაბრუნდა დასავლეთ საქართველოდან - საგასტროლო ტურნე ჰქონია, მალე კი მორიგ გასტროლზე მიემგზავრება, კვლავ საქართველოს ქალაქებში. მითხრა, - ახალი საავტორო სიმღერის არანჟირებაზე ვმუშაობ, რამდენიმე დღეში დავასრულებ ფონოგრამას და ალბათ, ვოკალსაც მალე ჩავწერო. ეს თურმე, მესამეა, მანამდე ორი საავტორო სიმღერა ჩაუწერია საკუთარ ლექსებზე და მათაც თავად ასრულებს: მომღერლებიდან ვერავის სტილი მივუსადაგე და ამიტომაც, თვითონ ვიმღერეო. სიმღერები კი მართლაც, საოცრად თბილი და ტკბილი აქვს. გეოგრაფიითაც რომ მრავალფეროვანია სიმღერაც და ავტორიც?! ბათუმს უმღერის, ჩემიაო და ასეცაა: იქ სახლი აქვს; ქუთაისო ჩემო, ჩემო დედულეთოო, რომ ესიყვარულება, - წყალი არ გაუვა, ეგეც მისი ყოფილა; ფეხი ლეჩხუმში აუდგამს, ფუძე კახეთში აქვს, ქართლს სისხლით ენათესავება, მეუღლე გურული ჰყავს, თბილისში კი ცხოვრობს... - მოკლედ, მთელი საქართველო მისია! თუმცა მისი სიმღერები პირიქითაც გვათქმევინებს: თვითონაც მთელი საქართველოსია.
კომპოზიტორს, მომღერალსა და არქიტექტორს, ზურა მანაგაძეს თბილისში, საბურთალოზე, მის ლამაზ სახლში შევხვდი და ინტერვიუსაც მისი ულამაზესი სიმღერები გასდევდა ფონად...
- დედისერთა ვიყავი. მამა გეოლოგი მყავდა და სულ ველზე იყო, მივლინებით, ჩემი აღზრდა კი დედამ ითავა: უნდოდა, ყველაფერი მცოდნოდა და ვუნდერკინდი გამოვსულიყავი. არადა, ძალიან ცელქი, ვერცხლისწყალივით ბავშვი ვიყავი. დიდობაშიც ასეთად დავრჩი, ეგაა, გამაზავეს და გაზავებული ღვინოსავით ვარ (იცინის). დედამ პირველი კლასიდან მუსიკაზე მიმიყვანა, მერე სიმღერა, ხატვა და ცეკვაც ზედ დაურთო, საბოლოოდ კი, სკოლის ყველა წრე შემომატარა. ერთხანს ლოტბარ ქავთარაძის გუნდში ვმღეროდი სიმღერებს ლენინზე და მას შემდეგ, პატრიოტული სიმღერები შემჯავრდა. თუმცა, საქართველოზე მაინც დავწერე სიმღერა. დედაც ძალიან კარგად მღეროდა და როგორც კი ქსელის რადიოში ქართულ სიმღერას მოჰკრავდა ყურს, მომიხმობდა და ორივე ხმამაღლა ავყვებოდით ხოლმე მომღერალს. სწორედ იმ წლებს ვუმადლი, რომ ყველა ქართული ხალხური სიმღერა შევისწავლე. მერე მუსიკალური შვიდწლედიც დავამთავრე, მადა გამეხსნა და საშუალო სკოლის პარალელურად - ათწლედიც, მაგრამ... შემთხვევით მეგობართან ერთად, სამხატვრო აკადემიაში აღმოვჩნდი, საღებავების სუნმა "მომწამლა" და იქვე, არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩავაბარე. მანამდე კი - "წვიმს და წვიმამ დამისველა თმები, წვიმს და წვიმამ აღარ გადაიღო..." (მღერის) ეს გახსოვთ? მეშვიდე კლასში გოგონა მომწონდა, მასაც მოვწონდი და ერთ დღეს ლექსების რვეული მაჩუქა. იმხანად გიტარაზე ვუკრავდი, ჩემით ვისწავლე. იმ რვეულიდან ლექსი ამოვარჩიე და სიმღერაც გამოვაცხვე. სკოლის დამთავრებამდე ათიოდე სიმღერა დავწერე, ჩემს მეგობარსაც ვასწავლე და შესანიშნავი დუეტი გამოგვივიდა - ყველა კლასის წვეულების სასურველი სტუმრები ვიყავით. რომანტიკოსი და მეოცნებე ვარ, სხვაგვარად ვერაფერს შევქმნიდი. "იებით, იებით ავსილა ნაპირი, ყველაფერს ფერი აქვს წვიმის" (ღიღინებს)... საათობით შემიძლია, წვიმას ვუსმინო, წვიმიანი ბალახისა და მიწის სურნელით დავტკბე, გუბეზე დაცემული წვეთისგან გაკეთებული ბუშტუკებით ვიხალისო... მთავარია, ეს შეგრძნებები არ გახუნდეს. სიმღერის ტექსტებს, ძირითადად, თვითონ ვწერდი და ახლაც ასეა. დიდხანს ვმუშაობ ლექსზე. შეკვეთით კი არც ლექსი დამიწერია, არც სიმღერა და არც არასდროს გამიყიდია ნაწარმოები. ერთადერთი, ხანდახან სიმღერის დაწერისთანავე მიგრძნია, ვის უნდა შეესრულებინა. მაგალითად, ზუსტად ვიცოდი, რომ "მელიქიშვილის გამზირი, ია, ვარდი და ბზა..." - ზურა დოიჯაშვილს უნდა ემღერა. ტექსტი ხომ მურმან ლებანიძისაა და ოდნავ გადავაკეთე. დავურეკე კიდეც ბატონ მურმანს და შევუთანხმე. გაეცინა, არ უსაყვედურია. ბატონ რეზო ამაშუკელსაც ცოტათი შევუცვალე ლექსი. თოვლზე რომ მაქვს, ისაა (კვლავ მღერის): "თოვს. მარტმა ამინდი არია. შენ გავხარ ღვთისმშობელ მარიამს..." ეს ნენოს ეძღვნება, ჩემს მეუღლეს და ერთად ვმღერით...
- სცენაზე ხშირად რატომ არ მღერით? არადა, რა კარგად გამოგდით...
- პირველად რობერტ ბარძიმაშვილმა გამიყვანა ფილარმონიის სცენაზე, თანაც - ყოველგვარი რეპეტიციის გარეშე. ვუარობდი, მაგრამ არაფერმა გაჭრა. არადა, ლამის მაჟრიალებდა, ისე მინდოდა სცენაზე სიმღერა. მუდამ მეოცნებებოდა, თუმცა რატომღაც, თვითონ შევიზღუდე თავი. მეგონა, სათანადოდ ვერ შევასრულებდი, მაგრად კი ვინერვიულე! ახლაც ყოველთვის ვღელავ, მაგრამ მხოლოდ გასვლამდე, მერე მაყურებელი, სიმღერა და მე ვრჩებით და... აღარაფრის მეშინია.
- წლებმა ბევრი მომღერალი თუ კომპოზიტორი გადაავიწყა მსმენელს, თქვენ კი თითქოს, მიჰყვებოდით ცხოვრების დინებას და შიგადაშიგ, თქვენი რომანტიკულ-ლირიკული მელოდიებით მუდამ გვახსენებდით თავს.
- რა კარგად ამბობ! კი, ეგრე იყო, არასდროს გავჩერებულვარ. მხოლოდ ერთხელ "დავიკარგე", 7 წლით - ოჯახით წავედი საზღვარგარეთ: "მე წავედი. ღმერთმა იცის, რომ მენატრები. მე წავედი. სული მეკვრის და მელანდები..." (მღერის) - ეს იქ დაიწერა. მიყვარხარ-მეთქი, - ვეუბნებოდი ჩემს ქვეყანას და თავს ვახსენებდი. თან მეიმედებოდა, რომ ისიც კვლავ შემიყვარებდა... გაცილებით ადრე კი, - "ვეღარ დავიბრუნებთ წარსულს, იმ დღეებს ნათელს და მზიანს..." იყო (მღერის). რამ დამაწერინა ეს?
- სიყვარულმა, ალბათ, აბა, სხვაგვარად როგორ დაწერდით? მაინც "რამდენი" იყო თქვენი სიყვარული? - ერთი მუზა მთელ შემოქმედებას ვერ ეყოფოდა.
- ნენო თავიდანვე გავაფრთხილე: თავისუფლება მინდა, რადგან ჩემს ლექსსა და სიმღერას ახალ-ახალი შეგრძნებები სჭირდება-მეთქი. გამიგო და არ მეკითხება, რომელი სიმღერა ვის ან რას მივუძღვენი. არც ეჭვიანობს. ყოველ შემთხვევაში, არ ამჟღავნებს. მაგალითად, "ტირიფები" არავისთვის მიმიძღვნია - ლია ჭიღლაძის ლექსი მომეწონა და მუსიკა დავუწერე. "ყველას ეჩვენება, რომ ვარ უკარება. ყველას ეზარება, გამიგოს..." - ეს სიმღერა კი ერთს მივუძღვენი...
ვცდილობ, "გამოვტეხო", ვის მიუძღვნა, მაგრამ სიცილით მპასუხობს, - მაგას ჩემი ცოლი არ მეკითხებაო და მოკლედ მიჭრის: იყო ერთი. სიყვარულს - არა, უფრო გატაცებას დავარქმევდი... ისე, სხვა გატაცებებიც მქონიაო და განაგრძობს:
- პირველი ოჯახი დამენგრა. ერთად ვსწავლობდით არქიტექტურის ფაკულტეტზე და 18 წლისანი ვიყავით, რომ გავიპარეთ. ოჯახის ფასი არც კი ვიცოდით. მე აქეთ-იქით დავრბოდი, ის ბრაზობდა. არაფერი გამოგვივიდა. იმ ქორწინებიდან ქალიშვილი მყავს - თამუნა, რომელიც ჩვენს კვალს გაჰყვა, არქიტექტორია. სხვათა შორის, ჩემს მეორე ცოლთან, ნენოსთან ძალიან მეგობრობს. "დავიღალე, დავიღალე" - იმჟამინდელ განცდებს მივუძღვენი და თვითონვე შევასრულე. რადიოშიც ხშირად ტრიალებდა. მახსოვს, ერთმა კაცმა დამირეკა და კარგა ხანს მლოცა: ეს რა შექმენი. კასეტის ორი გვერდი მხოლოდ ამ სიმღერით მაქვს შევსებული და გაუთავებლად ვუსმენო, - ალბათ, მასაც ოჯახი თუ ჰქონდა დანგრეული... ნენო მოგვიანებით გავიცანი, 28-29 წლის ვიყავი. 4 წელიწადს ვხვდებოდით და მერე დავოჯახდით. იცით, რა კარგი წლები იყო? საერთოდ, ხელის მოწერა აუცილებლად არ მიმაჩნია. სხვაა, რომ გიყვარს და ერთი სული გაქვს, როდის შეხვდები. აბა, ის ჯობია, სულ შინ რომ გხვდება? ალბათ, ცოლქმრობის ვალდებულებები გაღიზიანებს ადამიანს. ძალიან რთულია ცხოვრება. ახლა ამ ჭკუაზე ვარ, ხვალ შეიძლება სხვაგვარად ვიფიქრო. ხშირად მეცვლება გემოვნება, შეხედულებები... ბავშვობაში ერთი გოგო მიყვარდა უსაზღვროდ, მაგრამ დავშორდით. იმ სიყვარულს ბევრი ლამაზი სიმღერა მივუძღვენი. დაახლოებით 20 წლის შემდეგ დამირეკა და შევხვდით, უკვე მეორე მეუღლე მყავდა. შეხვედრამდე ძალიან ვღელავდი. შევხვდით და... ალბათ, არ ღირდა. წარსულს არ უნდა მიუბრუნდე, უაზრობაა... ხომ ხედავთ, რა ამბები გავიხსენე... ნენოსთან, სხვათა შორის, ბუკაზე უფროსი ვაჟი მყავს, დათო. ორი შვილის მამაა, ქალ-ვაჟის. ბუკა რომ ამღერდა, შევატყვე, მასაც უნდოდა, მაგრამ არაფერი მითხრა. მაინც შევთავაზე და რატომღაც, იუარა (ალბათ, მე დამემსგავსა). იურისტობა და ფეხბურთელობა ამჯობინა. ბუკა კი დროებით "ისვენებს" - ორ შვილს ზრდის: ვაჟი სკოლაში დადის, გოგონა - ბაღში. ჯერ ისინი უნდა დააყენოს ფეხზე. ჩემი სიმღერების სკივრი კი მუდამ სავსეა, უძიროა და არც არასდროს დაიკეტება. ასე რომ, კიდევ ბევრ სიმღერას გპირდებით. არქიტექტურაში? - იქაც ვმუშაობ. დიდი პროექტი დავიწყეთ: ჩემი უსაყვარლესი მელიქიშვილის გამზირის ერთი მონაკვეთის რეკონსტრუქცია-გალამაზება ჩავიფიქრე და მშენებლობა უკვე მიმდინარეობს. ხომ ხედავთ, რამდენი საქმე მაქვს!
ინტერვიუს შემდეგ, როცა მაცილებდა, ბატონი ზურა დაინტერესდა, - საით მიდიხართო? - ვერაზე-მეთქი, - ვუპასუხე და იქვე დავუზუსტე: - მელიქიშვილის გამზირზე მიმეჩქარება. ჩემი მარშრუტი ორივეს ძალიან გვახალისებს... ამქვეყნად შემთხვევითი მართლაც, არაფერია.
ირმა ხარშილაძე