გიორგი შარვაშიძის აღმაფრენა, ფორიაქი და მიჯაჭვულობა
მსახიობმა გიორგი შარვაშიძემ მაყურებლის ყურადღება ეკრანზე გამოჩენისთანავე მიიპყრო. "ჩემი ცოლის დაქალებში" ისეთ მსახიობებს უწევს პარტნიორობას, როგორებიც ნინო კასრაძე და მერაბ ნინიძე არიან. როგორი იყო პირველი დღე გადასაღებ მოედანზე, ვინ დაეხმარა სიძნელეების დაძლევაში, ვინ არის მისი რჩეული და რა ისწავლა საკუთარ შეცდომებზე? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
- დაბადების თარიღი...
- ...1989 წლის 29 დეკემბერი.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...სასულიერო პირი. 13-14 წლის ასაკში გავაცნობიერე, რომ ამის ძალა არ მქონდა. ახლახან ლუკა ბერაძის მოკლემეტრაჟიან ფილმში სასულიერო პირის როლი უნდა შემესრულებინა, ყველა ეტაპი გავლილი გვქონდა, თიზერიც გადავიღეთ, მაგრამ ფილმმა დაფინანსება ვერ მოიპოვა და დროებით შევჩერდით. სასულიერო პირებთან შეხება ხშირად მაქვს, ამ წრიდან ბევრი მეგობარი მყავს, ჩემი ძმა სასულიერო პირია, მღვდელია, ბერმონაზონი, გურიაში ჯუმათის მონასტერში იმყოფება. ჩვენ 4 ძმა ვართ. 2 ძმა ჩემზე პატარაა.
- ჩემზე ამბობენ...
- ...მაგრად უბერავსო. ამას ყველაზე ახლო მეგობრები ამბობენ. ჩემ გარშემო სულ დაუჯერებელი, დაუგეგმავი, გაუთვალისწინებელი ამოუხსნელი მოვლენები ხდება. მეგობრები მეუბნებიან, ყველაფერი შენ როგორ უნდა დაგემართოსო?
- ბედნიერი ვარ, რომ...
- ....ვაკეთებ იმას, რაც ძალიან მიყვარს და მსიამოვნებს. მსახიობობა 16 წლის ასაკში გადავწყვიტე. პროფესიული არჩევანის გამო არასდროს მინანია, სხვა საქმეში ჩემი თავი ვეღარც კი წარმომიდგენია.
- "ჩემი ცოლის დაქალებში" მოვხვდი...
- ...კასტინგის გზით. ეკა მჟავანაძემ დამირეკა და მითხრა, რომ სერიალში მერაბ ნინიძის გმირის შვილი უნდა შეეყვანათ. კასტინგზე მივედი, მალევე დამირეკეს, როლზე დაგამტკიცეთო.
- გადასაღებ მოედანზე პირველ დღეს...
- ...ძალიან ვღელავდი, ბევრი ვინერვიულე, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს შუა ზღვაში ჩამაგდეს. განცდებში ვიყავი, თან ვცდილობდი, არ შემტყობოდა. მერაბი, ნინო და ნატალია იმდენად დამეხმარნენ, თამაში გამიადვილეს. მერაბი იმ დღეს გავიცანი. ვუთხარი, რომ პირველად ვიყავი გადაღებაზე, გაუხარდა, მხარში დამიდგა, მამხნევებდა.
- მერაბ ნინიძე, როგორც პარტნიორი...
- ...ძალზე კომფორტულია. ის დიდი მსახიობია, გადასაღებ მოედანზე თავს ისე გაგრძნობინებს, როგორც მის თანასწორს. ეს ძალიან მესიამოვნა და მომეწონა. მისგან, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს ვსწავლობ, ვაკვირდები, როგორ მუშაობს, სულ ვუყურებ, დეტალებს დიდი მნიშვნელობა აქვს. განათების დაყენების და სხვა ტექნიკური მხარის მოგვარებისას, ყურადღება იფანტება. პირველ დღეს ვეკითხებოდი, ეპიზოდში ჩართვა როგორ უნდა მოვახერხო-მეთქი? მერაბს დრო არ ჰქონდა, თეატრში რომ დამეპატიჟა. ის ვენაში ცხოვრობს, ბევრ პროექტშია ჩართული და სულ გადაღებებზეა. რომ ჩამოვა, თეატრში აუცილებლად მივიწვევ.
ძალიან თბილი ადამიანია ნინო კასრაძე, აქამდე ერთად არასდროს გვიმუშავია, მაგრამ მერაბისგან განსხვავებით, მას ვიცნობდი.
ჩემი გმირი ნიკუშა ფიქრობს, რომ შეიძლება ერთდროულად მას და ნინის და ილოს და მაკას (მამა-შვილს დედა-შვილი) ერთმანეთი უყვარდეთ. ჩვენი ხაზით სერიალში ძალიან რთული მდგომარეობაა. ზედაპირულად რომ შეხედო იტყვი, უყვარდეთ ერთმანეთი, რა მოხდება? რეალობაში გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთული იქნება. წყვილები თუ არ იქორწინებენ და ისე იცხოვრებენ, ეს ჩემთვის მიუღებელი არ არის, მაგრამ უცხო და უცნაურია, ბოლომდე მაინც ვერ ვაცნობიერებ.
- ჩემს გმირს ვგავარ...
- ...სილაღით. მეგობრებთან ერთად ყველაზე კარგად ვერთობი. ძალიან მიყვარს ცურვა, ქალაქგარეთ ბუნებაში გასვლა... ვმღერი, კონსერვატორიაში II კურსზე ვარ. თეატრალური უკვე დავამთავრე. ახლახან ოპერაში კონცერტი მქონდა.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- ...მუდმივად განვითარებისკენ ვისწრაფვი. აკვიატება მჩვევია, ჩემს აკვიატებას მიზანიც შეიძლება დავარქვა. მიზანს ვისახავ და აუცილებლად ვაღწევ. ახლა მთელი არსებით ვილტვი, რომ დაფინანსება მოვიპოვო და ნიუ-იორკში კინოსკოლაში 3-თვიანი კურსი მაინც გავიარო.
- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...
- ...ცოტათი უყურადღებო ვარ. ზოგჯერ საქმე ის მშთანთქავს, რომ ოჯახის წევრების და მეგობრების მიმართ უყურადღებო ვხდები.
- ჩემთვის მიუღებელია...
- ...ბოროტება. გამიზნული, დაგეგმილი ბოროტება.
- ჩემი პირველი წარმატება იყო...
- ...როცა III კურსზე ვიყავი, თუმანიშვილის თეატრში, მიხეილ მარმარინოსის სპექტაკლში "რომეო და ჯულიეტა" ვითამაშე. არაჩვეულებრივი გარემო, მსახიობები, რეჟისორი... სტუდენტმა სხვა რა შეიძლება ინატროს?
- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...
- ...ბევრ რამეს. მინდა უფრო დიდი და კეხიანი ცხვირი მქონდეს.
- მეზარება...
- ...დილით ადრე ადგომა. ჭამაც მეზარება, უფრო სწორად კი არ მეზარება, ხშირად მავიწყდება.
- ყოველთვის მრცხვენია, როცა...
- ...რაღაც ისეთი წამომცდება, რაც არ უნდა მეთქვა.
- ვნანობ, რომ...
- ...მსახიობობაზე ფიქრი უფრო ადრე არ დავიწყე.
- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...
- ...ნერვებია. ძალიან ადვილად შეიძლება დამეუფლოს ცუდი განწყობა. ამ დროს მახსენდება ფრაზა "ესეც გაივლის" და ის განწყობაც გაივლის ხოლმე. არსებობს რაღაცები, რაშიც შენ ვერ ჩაერევი, შენს ძალას აღემატება, შენი ნება არ არის. ასეთი ამბები მშვიდად უნდა მიიღო და იცოდე, რომ ესეც გაივლის.
- როცა საჯაროდ მაქებენ...
- ...ძალიან არ მსიამოვნებს, მინდა ცუდი სიტყვები მაღალი ხმით ვთქვა, მაგრამ... ადამიანების ზოგადად მჯერა, მაგრამ ასეთ მომენტში მგონია, რომ შექება გადაჭარბებული გამოსდით ხოლმე. საჯარო ქების წინააღმდეგი ვარ. უფრო სასიამოვნოა, როცა ვინმე შენში რაღაც ნიჭს დაინახავს და სხვების დაუსწრებლად, პირდაპირ გეტყვის, რჩევას მოგცემს.
- სერიალში გამოჩენის შემდეგ...
- ...ადამიანები ქუჩაში მცნობენ, მაგრამ ერთი რამ ვერ გამიგია, ვინც კი მცნობს, ყველა იცინის, არადა, სასაცილო რამ არ მითამაშია. ნიკუშა დადებითი პერსონაჟია და ალბათ ამიტომ ეღიმებათ.
- პატიება შემიძლია თუ...
- ...ცოტა ხანს დამაცდი, თუ ამომასუნთქებ. ძალიან იოლად ვპატიობ. მგონია, რომ ეს თანდაყოლილი თვისებაა. მთავარია, იმ დროს არ მომეკარო, როცა ცუდად ვარ.
- დაშვებულ შეცდომებს...
- ...არ ვიხსენებ. ზოგადად ბევრ შეცდომას ვუშვებ.
- შეცდომებზე ვისწავლე...
- ...რომ ყველა ადამიანს უნდა გაუგო, მოუსმინო, არ უნდა გაკიცხო. თავად იმდენჯერ მოვქცეულვარ ცუდად, იმდენი სისულელე გამიკეთებია, იმდენი სიკეთე გამიკეთებია... ვისწავლე, სხვას შეცდომები უნდა ვაპატიო.
- ვიბნევი, როცა...
- ...მოულოდნელად უცხო ადამიანთან ერთად აღმოვჩნდები და მასთან არაფერი მაქვს სალაპარაკო.
- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...
- ...შვეიცარიაში. 3 წლის წინ ვიყავი გასტროლზე. ის ბუნება, სილამაზე კიდევ მინდა ვნახო.
- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...
- ...მყვირალა ადამიანებს. როცა ვინმე ყვირის, ამ დროს ვინთები. ყვირილი ყველაზე დიდი სისუსტეა. ადამიანები ყვირილს მაშინ იწყებენ, როცა არგუმენტები აღარ აქვთ.
- სიყვარული ეს...
- ...მიჯაჭვულობაა.
- პირველად რომ შემიყვარდა...
- ...გრძნობას ძალიან ცუდად გამოვხატავდი. იმ გოგოს ვემუქრებოდი, იცოდე, გარეთ მანქანა მელოდება და უნდა მოგიტაცო-მეთქი (იცინის). სხვათა შორის, ის გოგო ახლახან შემხვდა და შემახსენა, მთელი ბავშვობა შეშინებული დავდიოდიო.
- ახლა შეყვარებული...
- ...ვარ. ეს გოგო მსახიობი ნატალია გაბისონიაა. "ხელოვნურ სუნთქვაში" ზურა ყიფშიძის შვილის როლს ასრულებს.
- ჩვენ ერთმანეთი გავიცანით...
- ...სამეფო უბნის თეატრში. თემურ ჩხეიძემ სახელოსნო რომ გააკეთა, ერთმანეთს იქ შევხვდით. როგორი შეყვარებული ვარ? ძალიან რომანტიკული და ემოციური. 1 წელია ერთად ვართ და შინაგანი ფორიაქი, ეიფორია არ მთავრდება, ეს ძალიან მიხარია. შეყვარებული სულ აღტაცებული უნდა იყო, სულ უნდა აკვირვებდე ქცევით, სიტყვით, მოქმედებით... ჩვენ ხშირად ვახერხებთ ერთმანეთის გაოცებას.
- ვრისკავ, როცა...
- ...მეშინია. შიში არის ჩემი ყველაზე დიდი სტიმული და მამოძრავებელი ძალა. თუ გინდა, კარგი მიმართულებით განვითარდე, შენში არსებული ყველა შიში უნდა დასძლიო. ადრე ნევროზი მქონდა და დახურული სივრცის მეშინოდა, სცენაზე გასვლისაც მეშინოდა... დღეს რომ ვფიქრობ, ჩემს ცხოვრებაში უფრო მეტი "მეშინოდა" არის, ვიდრე - "მეშინია".
- ხშირად მსაყვედურობენ...
- ...რა გაცინებსო? ტრაგიკულ ამბავსაც აქვს სასაცილო მხარე. ხანდახან ცხოვრება მოულოდნელობებს გვთავაზობს. მაგალითად, როცა სერიალში ამიყვანეს, იმ პერიოდში პარიზში უნდა წავსულიყავი, ბილეთები ნაყიდი მქონდა, სასტუმრო დაჯავშნული. უცბად დამირეკეს კასტინგზე მოდიო. მერე გადაღებაზე მივედი, მეგონა 20 რიცხვამდე მოვრჩებოდით, მაგრამ გადაღებები გაგრძელდა და ასე დავრჩი პარიზში წაუსვლელი. ამის გამო შეიძლება მგლოვიარე გავხდე? უბრალოდ გავიცინე.
- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...
- ...(პაუზის შემდეგ) აუ, ამაზე ფიქრი რა კარგია. შეიძლება ვინმემ თქვას, ეგ ეგრე ახლა ლაპარაკობს, მერე შეიძლება საერთოდ გაქრესო, მაგრამ მაინც ვიტყვი, ბავშვობიდან ძალიან მძაფრად აღვიქვამდი, ქუჩაში გაჭირვებულ ადამიანებს რომ ვხედავდი. ვფიქრობდი, ნეტავ ყველა ასე განიცდის სხვის სიღარიბეს, როგორც მე? ეს ძალიან დამთრგუნველი იყო, განსაკუთრებით ბავშვების და მოხუცების მდგომარეობა მადარდებდა. ბევრი ფული რომ მქონდეს, თავშესაფრებს გავხსნიდი ადამიანებისთვის, ვინც უსამართლობით დაზარალდნენ, ყველას დავეხმარებოდი. ჩემთვის რას გავაკეთებდი? დიდ თეატრს ავაშენებდი, ნიჭიერი ადამიანებისთვის კინოსკოლას გავხსნიდი. ნივთები ნაკლებად მიზიდავს, სახლს მანქანას თვითმფრინავს სტაბილურობის განცდა მოაქვს, მაგრამ სიამოვნებას არ მანიჭებს. მე ცოცხალი პროცესი მეტად მიზიდავს, ვიდრე მიღწეულით ტკბობა.
- ადამიანი, ვის აზრსაც ყოველთვის ვითვალისწინებ...
- ...ეს ნატაშაა, მისი აზრი ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია. კაცები ერთი წამით იმაზე რომ დაფიქრდნენ, ქალები რამდენ კარგ რამეს ამბობენ და მოუსმინონ, მართლა ჰარმონია იქნება სამყაროში. ნატაშას ჩემთვის ისეთი რამეები უთქვამს, შეიძლება მთელი ცხოვრება თავში აზრად არც კი მომსვლოდა. ქალის და კაცის გონების ერთიანობა ქმნის ჰარმონიას.
- ყველაზე რომანტიკული დღე ჩვენი ურთიერთობიდან...
- ...ასეთი დღეები ბევრი გვქონია. ძალიან გვინდოდა ფილმებისთვის დიდ ეკრანზე გვეყურებინა. ნატაშას ეზოში გავაკეთეთ კინოთეატრი, საღამოობით ძალიან მშვიდად მარტო ვისხედით ბუნებაში, ვწრუპავდით ღვინოს და ვუყურებდით ფილმებს.
- ვჯიუტდები, როცა...
- ...რაღაცას მაიძულებენ, რაც არ უნდა იყოს, აღარ გავაკეთებ.
- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...
- ...ბავშვობაში ბებიამ მითხრა, ეცადე, აკეთო ისეთი საქმე, რომელიც გეყვარება, გარშემო ისეთი ადამიანები გყავდეს, რომლებიც გიყვარს, ჩამოიცილე ყველა, ვინც ცუდ ემოციას გიტოვებს, ვისაც შენთან ცუდი განწყობა მოაქვს, ვინც გღლის და ენერგიას გაცლის და ამის შემდეგ შენი ცხოვრება უკეთესი იქნებაო.
- დაბოლოს გეტყვით...
- ...მადლობას. სოციალურ ქსელში ძალიან დიდი სითბო ვიგრძენი, ეს მახარებს. ვეცდები, მაყურებლის მოლოდინი მომავალშიც გავამართლო.
თამუნა კვინიკაძე