"მიყვარს იმის კეთება, რისიც მეშინია" - ნატალია ყულოშვილი პირადსა და პროფესიაზე
"ახლა ისეთი პერიოდი მაქვს, სულ რეპეტიციებსა და გადაღებებზე ვარ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო მაქვს, როგორც სცენაზე, ასევე კამერის წინ", - ამბობს მსახიობი ნატალია ყულოშვილი. ახლახან ის რუსთაველის თეატრში სტაჟიორად მიიღეს. თამაშობს სერიალში, მოკლემეტრაჟიან და სრულმეტრაჟიან ფილმებში...
- რუსთაველის თეატრში კასტინგი ჩატარდა, რომელზე გასვლის ძალიან მეშინოდა, მაგრამ მეგობრების შეგულიანებით, მაინც გავედი. იმ პერიოდში, ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი არაფერი ხდებოდა. "ჩემი ცოლის დაქალებში" აქტიურად არ ვიყავი დაკავებული და ეს კასტინგი ისე მივიღე, როგორც გამოწვევა. ვიფიქრე, - გამოცდილებას მაინც მივიღებ-მეთქი. ამჯერად რუსთაველის თეატრის სტაჟიორი ვარ, ჩემზე დაკვირვება ხდება, მონდომება უნდა გამოვიჩინო. შეიძლება ითქვას, რომ გამიმართლა. ამ პერიოდს დაემთხვა სერიალში ჩემი გმირის გააქტიურებაც. გარდა ამისა, ივანე ფეზუაშვილმა პროექტის "დღეები და ღამეები" (აკა მორჩილაძის სცენარების მიხედვით) ფარგლებში გადამიღო ფილმში - "მკვლელობა". გასულ ზაფხულს კი ერთ-ერთ რეჟისორთან სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმზე ვიმუშავე. გარდა ამისა, ახლახან დავასრულე მოკლემეტრაჟიან ფილმზე მუშაობა, სადაც პატარა გოგონას როლი შევასრულე. ჩემს პერსონაჟს სოფელში ძალით ათხოვებენ. ამ ფილმებზე ამჟამად უფრო მეტის თქმა არ შემიძლია. არც ვიცი, ეკრანზე როდის გამოვა.
- კასტინგზე მიამბე, რუსთაველის თეატრში როგორ მოხვდი?
- კასტინგის წინა დღეებში გავცივდი. შეუძლოდ ვიყავი, მეცადინეობის თავი არ მქონდა. ხასიათზე რომ მოვსულიყავი, წინადღეს ცეკვის მონახაზი გავაკეთე, მაგრამ გავიგე, არავის აცეკვებენ და ამღერებენო. კასტინგზე რომ შევედი, მაინც ვიკითხე, - შეიძლება ვიცეკვო-მეთქი? მეგონა, უარს მეტყოდნენ. - შეიძლება, - გაისმა დარბაზიდან. დარბაზში ბნელოდა, მაგრამ ვიცოდი, რომ კასტინგს ბატონი რობერტი ასისტენტთან ერთად ატარებდა. ვიცეკვე და ამ ცეკვამ ჩემი ღელვა მთლიანად წაიღო, გამხსნა. მერე ჩემი უსაყვარლესი პირველი სპექტაკლიდან, რომელიც 4 წლის წინ ვითამაშე, მონოლოგი წავიკითხე. ეს იყო მონოსპექტაკლი, ბრეხტის "ებრაელი ცოლი". მონოსპექტაკლის თამაში გამოცდილ მსახიობებს უჭირთ და მაშინ ჩემთვის რაოდენ რთული სამუშაო იქნებოდა, ადვილი წარმოსადგენია. ამჯერად, მონოლოგით სხვაგვარად ვისიამოვნე: 4 წლის წინ რომ ვთამაშობდი, ემოცია თითქოს განსხვავებული მქონდა. არ ველოდი, რომ დამიკავშირდებოდნენ, მაგრამ როცა დამირეკეს, რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა. 3 გოგო და 3 ბიჭი მიგვიღეს. ამჟამად ახალმიღებული მსახიობების მოსინჯვა საშობაო სპექტაკლისთვის ხდება. "კავკასიური ცარცის წრიდან" "ალილუიას" ვმღერით. გადაწყვეტილებას ბატონი რობერტი მიიღებს.
- "ჩემი ცოლის დაქალებში" შენი პერსონაჟი ისევ გააქტიურდა. გიმართლებს, თამაში "ვარსკვლავებთან" გიწევს.
- ნინო კასრაძესა და მერაბ ნინიძესთან თამაში ძალიან სასიამოვნო და საინტერესოა. ჩვენ ერთმანეთთან ვმეგობრობთ. მათზე რომ დავიწყო ლაპარაკი, არ ვიცი, როდის დავასრულებ. იმდენად ბევრია სალაპარაკო, ვერც ვიგებ, საიდან დავიწყო. ბედნიერი ვარ, რომ მათთან მიწევს ურთიერთობა, მეგობრობა, განხილვები... ნინო კასრაძე ამ სერიალზე მუშაობის დროს გავიცანი. მანამდე ჩემი მეგობარი რეჟისორი იცნობდა და მასზე არაერთხელ გვისაუბრია. სულ მეუბნებოდა, გაგაცნობო, მაგრამ ერთ დღეს თავად დავურეკე და ვუთხარი, - ნინო კასრაძის შვილი ვხდები-მეთქი. - ვაა!!! გიმართლებსო. მნიშვნელოვანია, მისი თამაშის პროცესს თვალი ადევნო, როგორ უდგება თითოეულ საკითხს, როგორ ირგებს როლს, რაოდენ დიდია მისი პასუხისმგებლობა თითოეული დეტალის მიმართ. სუნთქვას როგორ "იღებს". ეს ჩვეულებრივი მასტერკლასია.
მერაბ ნინიძეს მანამდე ვიცნობდი, სანამ სერიალში შევხვდებოდით. ჩვენ ერთად ვიმუშავეთ რეზო გიგინეიშვილის ფილმზე, რომელიც "თვითმფრინავის ბიჭებს" ეძღვნება. ამ ფილმში ჩემს როლზე ვერაფერს ვიტყვი. როგორც ვიცი, ფილმი მომავალ წელს უნდა გამოვიდეს. სერიალში ჩემი პარტნიორია გიორგი შარვაშიძე, ძალიან ნიჭიერი მსახიობი. დადებითი ადამიანია. მიხარია, თამაში ერთად რომ გვიწევს.
- შენი პერსონაჟი - ნინი როგორ შექმენი? მისი მსგავსი ბევრი გოგო დადის ამ ქალაქში.
- შეიძლება ითქვას, რომ ამ ადამიანებით შეიკრა ეს ტიპაჟი. თან, ვიხსენებ გარდატეხის წლებს. ეს ხომ ის პერიოდია, როცა ხარ მეამბოხე, არღვევ დოგმებს, გაღიზიანებს უაზრო წესები და სტერეოტიპები, რომელსაც თავს გახვევენ. ჩემგან განსხვავებით, ნინი გაცილებით გაბედული და უშიშარია.
- შენ ფრთხილი ხარ?
- შეიძლება, ასეც ითქვას. შიშები არ მაბრკოლებს, პირიქით - მიყვარს იმის კეთება, რისიც მეშინია. ვცდილობ, ხასიათი გამოვისწორო, თორემ ყველა შიშს თუ დავყევი, ვერაფერს გავაკეთებ. იცი, ამ პერსონაჟში კიდევ რა მიყვარს? ცხოვრებაში არის რაღაცები, რაც არ გამიკეთებია, მაგრამ ვაკეთებ, როგორც ნინი.
- რით განსხვავდები შენი პერსონაჟისგან - ეს უკვე თქვი და რით ჰგავხარ?
- ნინის ხასიათიდან ძალიან ბევრი თვისება მეც მაქვს, მაგრამ სიმძაფრეშია სხვაობა. მასში ყველაფერი ბევრია; ეგოიზმი, იმპულსურობა, რადიკალიზმი... პატარა რომ ვიყავი, მეც რადიკალური გახლდით ყველაფერში, მაგრამ გავიზარდე და მივხვდი, რომ მხოლოდ შავი და თეთრი ფერები არ არსებობს, ბუნებაში გარდამავალი ფერებიც არის.
ჩემი და გიორგის ხაზი კი იმით მომწონს, რომ სიურპრიზებითაა დახუნძლული. არასდროს ვიცით, სცენარისტი როგორ განვითარებას მისცემს ჩვენს ამბავს. ზოგჯერ სრულიად განსხვავებულ მიმართულებას "გვაჯახებს" ხოლმე.
სტუდენტური ფილმების ჩათვლით, 7 ფილმში ვარ გადაღებული. სტუდენტურ ფილმებზე უარს იმიტომ არ ვამბოდი, რომ თეატრალურ უნივერსიტეტში კამერასთან თამაში არ ისწავლება. მე იმ ფილმებმა დიდი გამოცდილება დამიგროვა, კამერასთან მუშაობა აღარ მიჭირს.
- მსახიობობა ადრეული ასაკიდან გინდოდა. მიუხედავად ამისა, იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარე. რატომ?
- ბავშვობაში დავდიოდი ცეკვაზე, ვოკალზე, ფორტეპიანოზე... მერე იურიდიულ ფაკულტეტზე აღმოვჩნდი. იმ წელს, როცა ამ ფაკულტეტს ვამთავრებდი, გამოცდების პარალელურად, თეატრალურ უნივერსიტეტში ვაბარებდი და ჩავირიცხე.
- იურისტის პროფესია დაივიწყე?
- კი. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებითაც აქტიური ვიყავი. კონფერენციებზე სიტყვით გამოვდიოდი, გაწევრებული ვიყავი საერთაშორისო ორგანიზაციაში. წარმატებას იქაც მივაღწევდი, ჩემს ნიშას ვიპოვიდი, მაგრამ შიგნიდან რაღაც სულ მღრღნიდა, არ მასვენებდა. ამიტომ გამიწია გულმა თეატრალურისკენ. პირველ კურსზე გაორების მომენტი დამემართა: იმისგან, რასაც წლების განმავლობაში ვსწავლობდი, რადიკალურად განსხვავებულ გარემოში აღმოვჩნდი. თან, ამ სფეროში ახლობელიც არავინ მყავდა. ვფიქრობდი, რომ უნდა გამეცურა, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ? მოკლედ, მეორე კურსიდან ფეხქვეშ მიწა ვიგრძენი. მივხვდი, რომ უკვე გავლა შემეძლო. შეიძლება ითქვას, გარდატეხის პერიოდი მე ამ ასაკში მქონდა. თეატრალურში რომ ვაბარებდი, ძალიან ვნერვიულობდი და ჩემი მშობლები რა დღეში იყვნენ, გახსენება აღარ მინდა. ამ დროს თითქოს, შენს თავსაც და ახლობლებსაც უმტკიცებ, რომ შენ ეს შეგიძლია!
- შენი პირველი სპექტაკლი რომელი იყო?
- მონოსპექტაკლი, ბრეხტის "ებრაელი ცოლი", რომლის რეჟისორი გიორგი კავილაძე იყო. სცენაზე სრულიად მარტო რომ დგახარ, ამას ძალიან დიდი ძალა სჭირდება. ნერვიულობისაგან საერთოდ გამოვიფიტე, 48 კილოს ვიწონიდი. მეგონა, სცენაზე მოვკვდებოდი. ძალიან საინტერესო ტექსტი მქონდა. ინტერნეტში მასალის მოძიება დავიწყე, ვიდეოებს ვნახულობდი, ლიტერატურას ვკითხულობდი, ბრეხტის შესახებ ყველაფერი შევისწავლე. გავიგე, რატომ დაწერა ეს ნაწარმოები და ა.შ. მანამდე, ერთი პერიოდი, ებრაულ კომპანიაში ვმუშაობდი. ერთ ებრაელ ქალბატონს ინგლისური ენის მცოდნე ასისტენტი სჭირდებოდა და ვეხმარებოდი. მოკლედ, ამ ადამიანის დახმარებით, ებრაელი ხალხის შესახებ ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, მერე ისრაელშიც ჩავედი. ამ სპექტაკლმა დიდი გამოცდილება შემძინა.
- ყველაზე მეტად, სცენაზე რომელი როლის შესრულების სურვილი გაქვს?
- ყოველთვის ლედი მაკბეტის თამაში მინდოდა და მარჯანიშვილის თეატრში ვითამაშე, მაგრამ ეს ადაპტირებული, შემოკლებული ვარიანტი იყო. ამ როლს, კლასიკურ ვარიანტში, დღესაც სიამოვნებით შევასრულებდი. ძალიან ძლიერი პერსონაჟია. ნაჩვენებია, ქალის ძალა რამდენად ანგარიშგასაწევია. ქალის ბუნება კარგად ჩანს. ეს როლი სათამაშოდ ერთდროულად, საინტერესოც არის და რთულიც. მინდა, მის სიღრმეში კიდევ ერთხელ ჩავიდე.
- ნატალია, შენს პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვი, შეყვარებული ხარ?
- ჯერ ამ თემაზე ლაპარაკი არ მინდა. პირად ურთიერთობებზე ღიად ლაპარაკისას, ასე მგონია, მძარცვავენ და მერე რა იქნება, არ ვიცი.
- შენი სამომავლო გეგმები როგორია?
- ვანო ხუციშვილთან სარტრის პიესაზე - "ალტონელი განდეგილები" ვმუშაობ. ისეთი საინტერესო პიესაა და მასში ისეთი ტრაგიზმია, ისეთი ღრმაა, რომ დარწმუნებული ვარ, მაყურებელს ბევრ რამეზე დააფიქრებს. პრემიერა სავარაუდოდ, თებერვალში გვექნება.
თამუნა კვინიკაძე