ვინ არის ნუგო - "ჩემი ცოლის დაქალებიდან" - გზაპრესი

ვინ არის ნუგო - "ჩემი ცოლის დაქალებიდან"

სერიალში - "ჩემი ცოლის დაქალები" ვახტანგ ოქრუაშვილი ემოციური და ეჭვიანი ქართლელი კაცის, ნუგოს როლს ასრულებს. ბიზნესმენი ცოლის - ლუნად ქცეული მთვარისასგან განსხვავებით, კასპიდან თბილისში ჩამოსული ნუგო დახვეწილობის კურსებზე არ დადის და ლუნა-მთვარისას "ბიზნესფლირტსაც" რთულად ეგუება...

- ლუნას როლის შემსრულებელი, ქეთი ხუციშვილი ჩემი ბიძაშვილია. კასტინგზე მისი მისვლიდან მესამე დღეს დამიბარეს. ყველაფერი უცებ მოხდა. ტელეფონის კამერით პატარა სკეტჩივით ვიდეო გვქონდა გადაღებული. ის ვიდეო სერიალის სცენარისტს - ქეთი დევდარიანს უნახავს. ლუნასა და ნუგოს როლის შესასრულებლად, ზუსტად ჩვენნაირი ტიპაჟები სჭირდებოდა. ქართლური კილო უნდოდათ. მოკლედ, ნუგოს როლზე დამამტკიცეს.

- გადაღების პირველი დღე გაიხსენეთ...

- ეს შარშან, დეკემბერში იყო. ალბათ გახსოვთ, მიშკა და ჩაქუჩა სოფელში გოჭების საყიდლად იყვნენ ჩამოსულები, ჩემი და ქეთის გმირები კი გოჭებს ჰყიდდნენ. შემდეგ, გარკვეული პერიოდით, ჩვენი პერსონაჟების ხაზის განვითარება შეწყდა. სექტემბრიდან, როცა თენგო უკვე ბიზნესმენი გახდა, ჩემი და ქეთის პერსონაჟების კასპში დატოვება აღარ გამოდიოდა და თბილისში "ჩამოგვიყვანეს".

- პირველი ეპიზოდის გადაღებისას ნერვიულობდით?

- წინათ კამერასთან არასოდეს მიმუშავია. ყველაფერი ბუნებრივად მოხდა. ფაქტობრივად, არ მინერვიულია.

- ელოდით, რომ რამდენიმე თვეში თქვენი პერსონაჟები ასე გააქტიურდებოდნენ და პოპულარულები გახდებოდით?

- არა, ნამდვილად არ ველოდი. ქუჩაში უცხო ხალხსაც გავუჩერებივარ, - თქვენ ხომ ის მსახიობი ხართ, ნუგოს როლს რომ თამაშობსო? ეს სასიხარულოა.

- ნუგოს როგორ დაახასიათებთ?

- სოფლელი კაცია, რომელიც ახლა თბილისში ჩამოვიდა. მისი მეუღლე - მთვარისა დახვეწილობის კურსებზე დადის და ცოტათი "გამოვიდა", მაგრამ "მე", მასთან შედარებით, მაინც სოფლელად დავრჩი. ამიტომ, სუფრასთანაც ისევ ქართლური კილოთი ვსაუბრობ.

- მთვარისას საქციელს როგორ შეაფასებთ?

- (იცინის) პრინციპში, მთვარისამ იცის, ბიზნესს ასე სჭირდება და ყოველთვის ამას "მეჩიჩინება". როგორც ქართლელი და მოუთმენელი ტიპი, ჩემი გმირი ამას ვერ ეგუება. შედეგად, ცოლ-ქმარი ყოველთვის ჩხუბობს. ლუნა უკვე კარლსრუეშიც იყო. მაინც "მეჩხუბება", მაგრამ თავდაცვას "ვცდილობ". 2 ადამიანს - თენგოს და მთვარისას "ვეწინააღმდეგები".

- როგორ ფიქრობთ, კარლსრუეში ლუნამ ნუგოს რქები უკვე დაადგა?

- არა, არა... მგონი, არ დაუდგამს. უბრალოდ, ჩემი გმირი ეჭვიანობს, მისთვის ცოლს არ უღალატია. ასე რომ არ იყოს, მოვლენები სხვაგვარად განვითარდებოდა. ლუნას ღალატის ამბავს თავად თენგოც ვერ შეეგუებოდა - ისინი ხომ და-ძმა არიან? ჯერჯერობით, მოვლენები წყნარად, მაგრამ პატარ-პატარა ჩხუბებით ვითარდება...

- სერიალში მონაწილეობის გარდა, რას საქმიანობთ?

- საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1996 წელს დავამთავრე. მას შემდეგ ვმუშაობ: სავაჭრო აგენტად, ვაიზერად... მუშაობის 19-წლიანი სტაჟი მაქვს. ახლა პატარა სადისტრიბუციო კომპანიაში ვარ დასაქმებული. კვირაში რამდენიმე დღე თავისუფალი მაქვს და ხანდახან, ტაქსის მძღოლობას ვითავსებ - საკუთარი მანქანა მყავს.

- მგზავრები გცნობენ?

- კი. სხვათა შორის, ზოგს ჰგონია, რომ რაღაც აქციაა (იცინის). მოგეხსენებათ, საქართველოში გაჭირვებული ცხოვრებაა. ჩვეულებრივად დავდივარ, ვმუშაობ და ეს არ მეთაკილება.

- ოჯახის წევრებზეც გვიამბეთ...

- მყავს მეუღლე - ნინო რუსიშვილი (ისტორიის პედაგოგი გახლავთ), 16 წლის ქალიშვილი - თიკო, 23 წლის ვაჟი - საბა და 2 წლის შვილიშვილი - ვატო (ვაჟისგან).

- სამსახიობო სფეროში თქვენს გააქტიურებას ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ?

- გოგონა სკოლის მოსწავლეა. თინეიჯერების ამბავი მოგეხსენებათ: თანატოლები ეკითხებიან, - მამაშენი ამას როგორ აკეთებს? სერიალში ღვინოს მართლა სვამსო? მსგავსი დეტალები აინტერესებთ. ჩემი გოგონაც გახარებულია. საერთოდ, ყველანი დადებითად არიან განწყობილი.

- თქვენს გოგონასაც მსახიობობა ხომ არ უნდა?

- არ ვიცი. სკოლას გაისად ამთავრებს და გადაწყვეტს, რომელი პროფესია აირჩიოს.

- სამომავლოდ, მსახიობობის გაგრძელებას აპირებთ?

- ვნახოთ. ბედი რას გვიმზადებს, არავინ ვიცით... მეც და ქეთიც ამ სფეროში სრულიად შემთხვევით მოვხვდით. ქეთიმ დამირეკა, - ვახო, ძალიან გთხოვ, მოდი, მე და შენ ამ როლებს მაგრად შევასრულებთ, იმედი მაქვსო. პრინციპში, ასეც მოხდა...

- სხვა როლის შესრულებას თავს გაართმევთ, სადაც ქართლური კილოთი საუბარი აღარ დაგჭირდებათ?

- კი, ვფიქრობ, რომ შემიძლია.

- როგორც მივხვდი, დიდი ხანია, თბილისში ცხოვრობთ. ქართლური კილოთი როგორ საუბრობთ?

- თბილისში დავიბადე, გავიზარდე... მეც და ქეთიც წარმოშობით ქართლიდან, დიდი ივანე ჯავახიშვილის სოფელ ხომლედან ვართ. ბავშვობაში, სოფელში 1-2 თვით ჩავდიოდით ხოლმე, ახლა ამისთვის ვერ ვიცლით... მეზობლისგან, ნათესავისგან გაგონილი რამდენიმე სიტყვა გამახსოვრდება ადამიანს. ჰოდა, ამდენი წლის მერე, ასეთი რაღაც "დავდეთ" სერიალში (იცინის).

- სამსახიობო სფერო თქვენთვის საინტერესოა?

- ზუსტად 2 თვეა, რაც გადაღებებზე ხშირად დავდივართ. მსახიობებს, რეჟისორებს, მთელ შემოქმედებით ჯგუფს ძალიან შევეჩვიე. 2-3 დღე რომ გავა და არ მირეკავენ, ნოსტალგია შემომაწვება ხოლმე. პრინციპში, ის ხალხი შემიყვარდა, ვისთან ერთადაც რამდენიმე თვეა, ვმუშაობ.

ეთო ყორღანაშვილი