იურისტისთვის მიუღებელი შეკითხვა და ის, რაც ქალს ბედნიერებისთვის სჭირდება
"ოჯახი, შვილები და წარმატებული კარიერა - ეს არის ის, რაც ქალს ბედნიერებისთვის სჭირდება", - მითხრა იურისტმა მარიამ კუბლაშვილმა, რომელიც მის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ყოველთვის აკონტროლებს და ცდილობს, არაფერი გამოეპაროს.
- შენი აზრით, რა ჯობია: მოითმინო წარუმატებლობა თუ არასოდეს გამოცადო ის? - მიმაჩნია, რომ ადამიანი თავად ქმნის საკუთარ ცხოვრებას. წარმატება ან წარუმატებლობა თავისთავად არ მოდის. თუ იბრძოლებ იმისთვის, რომ წარმატებული იყო, მიზანს აუცილებლად მიაღწევ. უბრალოდ, ამისთვის ბევრი შრომაა საჭირო, რისთვისაც მე ყოველთვის მზად ვარ. წარუმატებლობასთან შეგუებას არ ვაპირებ.
- თუ ცხოვრება ასეთი ხანმოკლეა, რატომ ვაიძულებთ თავს ვაკეთოთ ის, რაც არ მოგვწონს?
- ცხოვრება ნამდვილად ხანმოკლეა და არ არის იმის დრო, რომ ზედმეტი იფიქრო და საკუთარ თავს აუკრძალო იმის კეთება, რაც ბედნიერებას განიჭებს. თუმცა, არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც, როდესაც გიწევს სხვისი აზრის გათვალისწინება, რომ მარტო არ დარჩე. რაც უნდა დამოუკიდებელ ადამიანთან გვქონდეს საქმე, თითოეული ჩვენგანი საზოგადოების ნაწილი ვართ და ვერ ვარსებობთ განცალკევებულად, სხვა ინდივიდებთან ურთიერთობის გარეშე. ურთიერთობა კი მოითხოვს დათმობას, სხვისი სურვილის გათვალისწინებას, ზოგჯერ საკუთარზე - უარის თქმის სანაცვლოდ. კომპრომისების გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია.
- რომ მოგეცეს შანსი, საკუთარ ცხოვრებაში მხოლოდ ერთი დეტალი შეცვალო, რა იქნებოდა ეს?
- ჩემი ცხოვრებით კმაყოფილი ვარ, ამიტომ არანაირი დეტალის შეცვლას არ ვისურვებდი. ზოგადად, როცა რაღაცის შეცვლა მინდა, ვგეგმავ, ეს როგორ უნდა მოვახერხო და მერე მივყვები ამ გეგმას. ვცდილობ, უტრირებასა და არარეალურ ფიქრებში დრო ნაკლებად დავკარგო.
- წარმოიდგინე, რომ ბედნიერება გახდა მსოფლიოს ვალუტა. რა ტიპის სამსახური გაგხდიდა მდიდარს?
- ქველმოქმედება. არაფერია იმაზე უფრო სასიამოვნო, ვიდრე სხვა ადამიანების გახარება და მათი დახმარება. როდესაც პოზიტივს გასცემ, შენც იგივე გიბრუნდება. მჯერა, სამყაროში ეს პრინციპი მოქმედებს.
- შენ აკეთებ იმას, რისიც გჯერა, თუ ცდილობ დაიჯერო იმის, რასაც აკეთებ?
- მე იმას ვაკეთებ, რისიც მჯერა. საქმეს, რომელსაც შინაგანად ვეწინააღმდეგები, ხელს არასოდეს მოვკიდებ.
- რამდენად აკონტროლებ ყველა იმ მოვლენას, რაც შენს ცხოვრებაში ხდება?
- ვფიქრობ, ადამიანი არასდროს არ უნდა მოდუნდეს და არ მოექცეს ინფორმაციულ ვაკუუმში. ვცდილობ, მოვლენები, რომლებიც ჩემს ცხოვრებაში ხდება, ყოველთვის გავაკონტროლო, რომ რამე მნიშვნელოვანი არ გამომრჩეს, იქნება ეს პირად ცხოვრებასთან თუ სამსახურთან დაკავშირებული დეტალები.
- სასადილოდ ახლობლებთან ერთად წახვედი. მოულოდნელად ისინი შენი მეგობრის უსამართლოდ გაკრიტიკებას იწყებენ. როგორ მოიქცევი?
- კრიტიკაში მიუღებელი არაფერია, თუკი ის სამართლიანია და ზღვარს არ სცდება (ანუ კრიტიკა ჭორაობის დონემდე თუ არ არის, რაც საქართველოში დამკვიდრებული "ტრენდია", სამწუხაროდ). ვცდილობ, მსგავს საუბრებში არ ჩავერთო, მაგრამ თუკი ადამიანის უსამართლოდ გაკრიტიკების მომსწრე გავხდები, აუცილებლად დავიცავ მას და არა აქვს მნიშვნელობა, კონკრეტული პიროვნება ჩემი მეგობარია თუ სრულიად უცნობი ადამიანი.
- დაარღვევდი თუ არა კანონს საყვარელი ადამიანის გადასარჩენად?
- იურისტისთვის, რომლის მიზანიც კანონის დაცვაა, ცოტა არ იყოს, მიუღებელი შეკითხვაა. ამ შემთხვევაში, ყველაფერი მოცემულობაზეა დამოკიდებული, კონტექსტსა და კანონდარღვევის სიმძიმეზე.
- რით განსხვავდები სხვა ადამიანებისაგან?
- ყველა ადამიანი უნიკალურია. შესაბამისად, სხვებისაგან იმ თვისებების, გრძნობებისა და მახასიათებლების ერთობით განვსხვავდები, რაც არ მეორდება სხვაში და მაქვს მხოლოდ მე.
- გაიხსენე ის, რაზეც ოდესღაც ოცნებობდი და არ შეგისრულდა...
- ბავშვობიდანვე ვაანალიზებ, რომ ოცნება ოცნებად არ უნდა დარჩეს. მჯერა, როდესაც რაღაც მთელი გულით გსურს, აუცილებლად მიაღწევ დიდი შრომის შედეგად. ამიტომ, ჩემი ოცნებების უმეტესობა ავიხდინე.
- რომ შემოგთავაზონ სამუდამოდ სხვა ქვეყანაში წასვლა, სად წახვალ?
- ძალიან მიყვარს საქართველო. ეს არის ქვეყანა, რომელთანაც მთელი ცხოვრება, ბევრი მოგონება და დადებითი ემოცია მაკავშირებს. ამიტომ, სხვაგან წასვლას არ ვისურვებდი. თუმცა, თუ სახარბიელო წინადადება იქნებოდა, იტალიას ავირჩევდი. ამ ქვეყანას ჩემთვის გამორჩეული ხიბლი აქვს.
- როცა ლიფტის ღილაკს ნერვიულად, რამდენჯერმე აჭერ თითს, მართლა გჯერა, რომ ლიფტი ასე უფრო სწრაფად მოვა?
- ლიფტის ღილაკს ხელს ნერვიულად არასდროს ვაჭერ. მშვიდად ველოდები ლიფტის მოსვლას. ვიცი, ზედმეტად ღილაკზე ხელის დაჭერით არაფერი შეიცვლება.
- რომელს ისურვებდი: იყო უბედური გენიოსი, თუ ბედნიერი სულელი?
- ბედნიერება რომ ჩემი არჩევანია, ამის თქმა დანამდვილებით შემიძლია. რაც შეეხება მეორე ნაწილს: ბავშვობაში აინშტაინსა და ვერდისაც კი უნიჭობის დიაგნოზი დაუსვეს...
- ისურვებდი თუ არა ისეთივე მეგობარს, როგორიც თავად ხარ?
- საკუთარი თავის შეფასებისგან თავს შევიკავებ. არ ვიცი, რამდენად გამომდის, მაგრამ ნამდვილად ვცდილობ, კარგი მეგობარი ვიყო.
- რა უფრო უარესი იქნება: შენი მეგობარი სამუდამოდ სხვა ქვეყანაში წავიდეს საცხოვრებლად თუ ახლოს გყავდეს, მაგრამ შეწყვიტოთ ურთიერთობა?
- მანძილი მყარ ადამიანურ ურთიერთობებს ვერაფერს აკლებს, ამიტომ არ ვთვლი, რომ სხვა ქვეყანაში წასვლით მეგობარს დავკარგავ.
- ყველაზე მეტად, რის გამო ხარ სამყაროსადმი მადლიერი?
- სამყაროს მადლიერი ვარ ჩემი ცხოვრების გამო. ოჯახი, შვილები, წარმატებული კარიერა - ეს არის ის, რაც ქალს ბედნიერებისთვის სჭირდება.
- რომელს აირჩევ: ძველი მოგონების წაშლას თუ ახლის მოპოვებას?
- ახლის მოპოვებას. ძველი მოგონებები მნიშვნელოვანია, რადგან წარსული გამოცდილება თვალსაწიერს აფართოებს და დიდ ცოდნას გძენს. თუმცა, არასდროს უნდა ჩაიციკლო ძველზე.
- შესაძლებელია სიმართლის გაგება ბრძოლის გარეშე?
- შესაძლებელია. სიმართლე ყოველთვის თავისთავად იჩენს თავს.
- შენი ყველაზე დიდი შიში რეალობა გამხდარა?
- გამხდარა, მაგრამ როდესაც რეალობის პირისპირ აღმოჩნდები, ხვდები, რომ არც იმდენად საშიშია, როგორც ფიქრობდი. ცუდია, უარყოფითი მოვლენები რომ ხდება, მაგრამ გამოცდილება არის ის, რაც გაძლიერებს.
- გახსოვს, დაახლოებით 5 წლის წინ რაზე იყავი გაბრაზებული?
- რა თქმა უნდა, არ მახსოვს... ძალიან ბევრი საზრუნავი მაქვს: ოჯახი, ბიზნესი, ჩემი პროფესია, რომელიც მუდმივად ფორმაში ყოფნას მოითხოვს. ჰოდა, ნეგატიური ფიქრებისთვის დრო არ მრჩება.
- რა არის შენი ბავშვობის ყველაზე ბედნიერი მოგონება?
- ზოგადად, ბავშვობა ბედნიერი მოგონებაა. ეს ის ეტაპია ადამიანის ცხოვრებაში, როდესაც პიროვნებად ყალიბდები და ყველა დეტალი, თითოეული ნაბიჯი შენს მომავალზე აისახება.
- თუ ჯერ კიდევ არაფრისთვის მიგიღწევია, დასაკარგი არაფერი გაქვს. ასეა?
- გააჩნია, რას გულისხმობ სიტყვა "მიღწევაში". ეს დამოკიდებულია იმაზე, რა გინდოდა ცხოვრებისგან, რა გააკეთე მიზნის მისაღწევად და რა მიიღე საბოლოოდ. ზოგისთვის მაღალი თანამდებობაა მიღწევა, ზოგისთვის - წონაში დაკლება, ზოგისთვის ოჯახის შექმნა, ზოგისთვის კი კარგი მოსავალი. ამიტომ, ყველას აქვს რაღაც დასაკარგი.
- გქონია თუ არა შემთხვევა, როცა ვინმესთან დრო სრულიად უხმოდ გაატარე და შემდეგ მიხვდი, რომ ეს საუკეთესო საუბარი იყო შენს ცხოვრებაში?
- გარდა ვერბალური გამოხატვისა, არსებობს "ბოდი ლენგვიჯი", თვალებით ემოციის გაცვლა. ამ შემთხვევაში, ზოგჯერ სიტყვები სრულიად ზედმეტია.
- გაყიდდი ცხოვრების 10 წელს მსოფლიო აღიარებაზე?
- არა, არ გავყიდდი. ცხოვრების არათუ 10 წელი, ყველა წუთი მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, აღიარება, რომლის სანაცვლოდაც რამის გაყიდვა მომიწევს, არ იქნება ნამდვილი.
- თუ ჩვენ შეცდომებზე ვსწავლობთ, რატომ გვეშინია მათი დაშვების?
- ჭკვიანი ადამიანი სხვის შეცდომებზეც სწავლობს. როდესაც განსხვავებულ სიტუაციას მოუმზადებელი ხვდები, ის გაშინებს. სწორედ ამიტომ მიყვარს კითხვა. წიგნი ზოგჯერ გაძლევს იმას, რასაც რეალური ცხოვრებისგან ვერასდროს მიიღებ. კარგი მწერლის ნაწარმოების კითხვისას, საკუთარ თავზე გამოცდი ძალიან ბევრ მოვლენას, რაც გარკვეულ მზაობას გიქმნის.
- ბოლოს როდის მოისმინე საკუთარი გულისცემა?
- ვისმენ ყოველ დილით და მიხარია, რომ ჩემში ამხელა ენერგია და დადებითი ემოციაა.
- რა ან ვინ გიყვარს უფრო მეტად და ის, რაც ბოლოს გააკეთე, გამოხატავდა ამ სიყვარულს?
- მიყვარს ჩემი ოჯახი, მეუღლე და შვილები - ეს გრძნობა აისახება ჩემს ყველა ქმედებაზე.
სოფო ჭონიშვილი