"ორ წლამდე თმა და წარბები არ მქონდა" - ნინო კუნჭულიას იმედიანი განწყობილება
მსახიობ ნინო კუნჭულიას ფოტოების გადაღება უყვარს. საოჯახო ალბომებს ძალიან უფრთხილდება. მისთვის ფოტო შეჩერებული კადრია. ბავშვობიდან მსახიობობაზე მეოცნებე გოგომ სურვილი აისრულა და დღეს წარმატებულიც გახლავთ.
- ნინო, ფოტოების გადაღება გიყვარს?
- ფოტოების გადაღება ძალიან მიყვარს. მაშინ, როცა განწყობა ამაღლებულია, როცა განსაკუთრებული დღეა ან თავს განსაკუთრებულად გრძნობ, როცა გინდა, დრო შეაჩერო, ცოცხალი და მეტყველი ფოტოსურათები გამოდის. მერე, დრო რომ გავა და ათვალიერებ, ის პოზიტიური აურა ჩვენზე გადმოდის.
- საოჯახო ალბომი თუ გაქვს?
- ბევრი საოჯახო ალბომი მაქვს. ასევე, ვინახავ ძველ ფოტოებს: ბებიისა და ბაბუის ახალგაზრდობის, მშობლების ბავშვობის დროინდელ სურათებს. ფოტოებს ბევრი ამბის მოყოლა შეუძლია და თან, ძალიან მეტყველიც არის. დღეს ყველას ფოტოაპარატი აქვს და ნებისმიერ დროს შეგვიძლია გადავიღოთ, არ მოგვეწონება და წავშლით, თავიდან გადავიღებთ. ალბათ ამიტომაც არის, რომ დღევანდელ ფოტოებში იმ ენთუზიაზმსა და ანთებულ თვალებს ვერ ვხედავთ, რაც ძველ ფოტოებშია, როცა საგანგებოდ ემზადებოდნენ, მიდიოდნენ სურათის გადასაღებად ან შინ იწვევდნენ ფოტოგრაფს... სოციალურ ქსელში ფოტოებს აქტიურად არ ვტვირთავ. თუ რაიმეს დავდებ, ე.ი. იმ კონკრეტულ სურათთან რაღაც ამბავი მაკავშირებს. ზოგჯერ უთქვამთ: ეს რა ფოტო დადე? რეალურად უკეთესად გამოიყურებიო... მაგრამ როცა ფოტოში ემოცია იკითხება ან სახეზე იმ დღის განწყობა მაქვს, რის გამოც ეს ფოტო მიყვარს, რა მნიშვნელობა აქვს, როგორ გამოვიყურები?!
- როგორი ბავშვი იყავი?
- საკუთარ თავზე ლაპარაკი რთულია. ნათესავები, ახლობლები და მეზობლები ამბობენ: განსაკუთრებული ბავშვი იყავიო... სიარული და ლაპარაკი ძალიან ადრე დავიწყე: წლისა და რამდენიმე თვის ვიყავი, როცა გამართულად ვსაუბრობდი და ბევრი ინგლისური სიტყვაც ვიცოდი. ორ წლამდე თმა და წარბები არ მქონდა. ძალიან თეთრი, გამხდარი, ცისფერთვალება ბავშვი ვიყავი და თავზე ბენდენა მქონდა წაკრული. თუ მომხსნიდნენ, ვტიროდი და ვამბობდი: ეს ჩემი თმაა-მეთქი. ჩემი ძმა, ლაშა ჩემზე ორი წლით უფროსია. ის ძალიან ლამაზი, დიდი და იმდენად განსაკუთრებული ბავშვი იყო, რომ მის ფონზე არ ვჩანდი. თუმცა, ირგვლივ ყველას ყურადღებას ჩემი სითბოთი ვიქცევდი. მოსიყვარულე და ძალიან დამოუკიდებელი ვიყავი. მე-2 სართულზე ვცხოვრობთ. დედა ეზოში მიშვებდა, თვითონ კი ზევიდან გადმომხედავდა ხოლმე. მეზობელი ქალი იხსენებს, - ეზოში თამაშობდი, რომ დამინახე, მომიკითხე, დიდივით მომესიყვარულე, გამომელაპარაკე და მეექვსემდე ამომყევი. გინდა, არ გინდა, თავს შეაყვარებდი ყველასო. ამავდროულად, ვიყავი ძალიან თავნება. 3 წლისას დედა თავისი სურვილით ვერაფერს ჩამაცმევდა და თუ ამას როგორღაც მოახერხებდა, ტირილით ავიკლებდი გარემოს. ხელში სულ თოჯინა მეჭირა. კარგად ვლაპარაკობდი, მაგრამ თოჯინას რატომღაც, "თეჯუნას" ვეძახდი. მერე თმა რომ გამეზარდა, უკვე ყურადღებას ვიქცევდი. დედას განსაკუთრებით თბილად ახსენდება ეს ამბავი: ქუჩაში დიდმა ბიჭმა ვარდები იყიდა და გაჩუქაო... აი, ეს ჩემი ბავშვობის დროინდელი ფოტოა, ეს კი დედაა, ჩემს ძმასთან ერთად.
- ალბათ, პრანჭიაც იყავი, არა?
- პრანჭია ვიყავი და ბევრი კაბა მქონდა. შემეძლო, ტანსაცმელი დღეში რამდენჯერმე გამომეცვალა. ბაღში რომ შემიყვანეს და დამაძინეს, ეს ფაქტი არ მომეწონა, ამიტომ წასვლაზე სასტიკი უარი გამოვაცხადე. იმდენი მოვახერხე, რომ ბაღიდან გამომიყვანეს. ძალიან პრანჭია ვიყავი და დედას ყველა სამკაული ჩემი გასართობი იყო. განსაკუთრებით მიყვარდა პომადები და სუნამოები... საკმარისი იყო, დედა სახლიდან გასულიყო, მაშინვე მის მაღალქუსლებიან ფეხსაცმელს ვიცვამდი და სარკის წინ ვტრიალებდი.
- ეს შენი მშობლების ქორწინების ფოტოა. ოჯახზე მიამბე რამე...
- ჩემი მშობლები კეთილშობილი, ღვთისმოშიში, განათლებული, პატიოსანი ხალხია. მდიდრები არ ვართ. რაც გაგვაჩნია, მათი პატიოსანი შრომით არის მოპოვებული. მამა, ლევან კუნჭულია ცნობილი მოცურავეა. ის სპორტის დამსახურებული ოსტატია და აქვს სამედიცინო განათლებაც. სულ მეამაყებოდა, რომ მამაჩემი ჩემპიონია! დედა - ქეთევან აფხაზავა ულამაზესი ქალბატონი, პროფესიით მათემატიკოსი, სამაგალითო დედა, პოეზიის მოტრფიალეა. მან ჩამინერგა ჩვენი ქვეყნის უდიდესი სიყვარული და პატრიოტიზმი. დედა ჩემთვის ქალის ეტალონია. უთბილესი და მადლიანი ქალი გახლავთ... ჩემი ძმა - ლაშა პროფესიით ენერგეტიკოსია. ბანკში მუშაობს და ისიც ხელოვნებისკენაა მიდრეკილი. ქმნის ძალიან კარგ ტექნომუსიკას.
- როგორი ბავშვობა გქონდა?
- დედ-მამა ძალიან ლაღად მზრდიდა. ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ვიტყვი: დედას საყვარელი პერსონაჟი გრიგოლ აბაშიძის "ლაშარელადან" არის ლილე. დედამ ისე გამზარდა, როგორც ლილეს ზრდიდნენ. ჰქონდათ თუ არა, ყველა სურვილს მისრულებდნენ. არ მიკრძალავდნენ არაფერს და ამან განაპირობა ჩემი ხასიათის ჩამოყალიბება, ისიც - რომ არასოდეს შევეგუები უსამართლობას, ვარ მებრძოლი, ავიხდენ ოცნებებს, უსამართლობას მონურად თავს არ დავუხრი და ა.შ. ღრმა ბავშვობიდან ვიცოდი, რომ მსახიობი გავხდებოდი. აი, ეს ფოტო ძალიან მიყვარს - ეს ის დროა, როცა მსახიობად მომნათლეს...
- სკოლის დამთავრების შემდეგ იმიჯი რადიკალურად შეიცვალე?
- იმიჯი არასდროს შემიცვლია: ბავშვობიდან დღემდე, ჩემი სტილი მაქვს. ვიზრდებოდი და მხოლოდ ბუნებრივი ცვლილებები იყო ჩემში. იმიჯს მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიცვლი, როცა ეს გადაღებებისთვის არის საჭირო. აი, ეს ფოტო სკოლის სილამაზის კონკურსზეა გადაღებული. აქ 14 წლის ვარ.
- სკოლის ბანკეტზე როგორ გამოიყურებოდი? ამ დღისთვის გოგონები დიდხანს ემზადებიან.
- ბანკეტის კაბის სტილი ჩემი არჩეული იყო და წინა დღეებში შევიკერე. საკმაოდ მოხდილი და თამამი დიზაინის გახლდათ. შავ ქსოვილზე შევაჩერე არჩევანი, რადგან ძალიან თეთრი ვარ, ნამზეური არ მქონდა და ვიცოდი, თეთრ კანს მუქი სამოსი ძალიან მოუხდებოდა. სალონშიც არ წავსულვარ: თმა სადად ავიწიე და მაკიაჟიც შინ გავიკეთე. დედასთან ერთად, ბანკეტის დღეს გადაღებული ეს ფოტო ძალიან მიყვარს.
- როგორც ვიცი, გაქვს ფოტო, რომელსაც შენთვის განსაკუთრებული ისტორიაც აქვს...
- დიახ. ამ ფოტოში 15 წლის ვარ. რუსთაველის თეატრში რობერტ სტურუამ კასტინგი გამოაცხადა. განაცხადისთვის ფოტო მჭირდებოდა. მახსოვს, მეზობელთან ავედი. მაშინ ციფრული ფოტოაპარატი დიდი ფუფუნება იყო. იმდროინდელ ჩემს აღქმაში ასე გავიპრანჭე (რაზეც ეს კულონი მეტყველებს) და ფოტო გადავიღე. აქ თავი უკვე რუსთაველის თეატრის შემდგარი არტისტი მგონია (იცინის) და მას ჩემს ალბომში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
- თმა შეღებილი გაქვს?
- პატარაობისას თავი ბევრჯერ გადამპარსეს, ხარისხიანი თმა რომ ამომსვლოდა. გრძელი თმა ყოველთვის მომწონდა და ბავშვობის შემდეგ, მოკლე ვარცხნილობა არც მქონია. ღია ფერის, სწორი თმა მაქვს და ვფიქრობ, შეღებვა არც მჭირდება. სკოლა რომ დავამთავრე, სურვილი მქონდა, ქერა გავმხდარიყავი, მაგრამ დედამ ამის უფლება არ მომცა. აი, ამ ფოტოებში დაახლოებით 15 წლის ვარ და ვფიქრობ, გრძელი თმა მიხდება...
- ჩაცმის როგორ სტილს ანიჭებ უპირატესობას?
- გააჩნია, სად მივდივარ, მაგრამ უმეტესწილად, საქმიდან გამომდინარე, კლასიკურად მაცვია. როცა კინოგადაღებები მაქვს, ჩემს როლზე ბევრს ვფიქრობ და ვაანალიზებ, პერსონაჟი როგორ მოძრაობს, როგორი მანერა აქვს, როგორი სტილის სამოსი აცვია და გადაღებებზეც მუდამ ჩემი შერჩეული სამოსი მიმაქვს. სხვათა შორის, კოსტიუმების მხატვრებისგან კომპლიმენტიც ბევრჯერ მიმიღია.
- მაკიაჟი პირველად რა ასაკში გაიკეთე?
- ეს არ მახსოვს, მაგრამ სულ მაინტერესებდა და მიზიდავდა მაკიაჟის ხელოვნება. სერიოზული გრიმი 16 წლის ასაკში გამიკეთეს, როცა ჩვენებაზე გამოვდიოდი. აი, ეს ფოტო მოდელობის პერიოდშია გადაღებული. ყოველდღიურ ცხოვრებაში მაკიაჟს იშვიათად ვიკეთებ, რადგან სახის კანს ვუფრთხილდები. ჩემი დედობილი კოსმეტოლოგია და ის მიმზადებს კანის მოვლის საშუალებებს. ტონალურ კრემს არასოდეს ვიყენებ: კანს აფუჭებს, ბუნებრივ ელფერს უკარგავს და მაკიაჟსაც ამძიმებს.
- წარბების კორექცია რა ასაკში გაიკეთე?
- ბუნებრივად აზიდული წარბები მაქვს. რამდენჯერმე კორექცია მაინც გავიკეთე, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ბუნებრივი ფორმა უფრო მომწონს (იღიმის). მინდა გითხრათ, რომ ჯანმრთელი ცხოვრების წესი მაქვს, არ ვარ მწეველი, არც ალკოჰოლი მიყვარს. თეთრი ღიმილისთვის და ჯანსაღი კანისთვის უარს ვამბობ: ყავის, ჩაის, გაზიანი სასმელების მიღებაზე.
- ახალი წლისთვის როგორ ემზადები?
- ახალი წლის დღესასწაული ძალიან მიყვარს. მიუხედავად სიდუხჭირისა, ქვეყანაში მაინც იგრძნობა ამაღლებული განწყობა, ქართველები ხომ იმედიანი ხალხი ვართ!.. მიყვარს საახალწლო მორთულობა. სახლში ნაძვის ხეს ყოველთვის მე ვრთავ და ამას ყოველთვის 25 დეკემბერს ვაკეთებ.
- რაიმე საახალწლო ტრადიცია თუ გაქვს?
- კი, ერთი ტრადიცია მაქვს: ყოველ ახალ წელს მაღალქუსლებიანი ფეხსაცმლით ვხვდები. ფეიერვერკებიც ძალიან მიყვარს. აუცილებლად ვანთებ ხატებთან სანთლებს. მადლიერების გრძნობით ვაცილებ ძველ წელს და იმედით, ახალი სურვილებით ვეგებები ახალს. მინდა, 2017 წელს მშვიდობა და ბედნიერება მოეტანოს მსოფლიოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ყველა ოჯახისთვის.
მარეხ ჭონიშვილი