როგორ იცავს თავს ნიკა გრიგოლია უსარგებლო ინფორმაციის მიღებისგან
- ერთი პერიოდი, სოციალურ ქსელში აქტიურად ვიყავი ჩართული. სიმართლე გითხრა, შარშანდელი ზაფხულის მერე სახლში ინტერნეტიც არ მაქვს, ადრე კი "ფეისბუკში" ბევრ დროს ვატარებდი.
- შარშან ზაფხულში რა მოხდა, ასეთი გადაწყვეტილება რატომ მიიღე?
- ზაფხულში ინტერნეტი რომ გაითიშა, მას შემდეგ აღარც ჩამირთავს. მირეკავდნენ, - უფასოდ ჩაგითავთო, მაგრამ არ მინდა, მადლობა. სახლში ტელევიზორიც არ მაქვს.
- ამას მეუღლე როგორ ეგუება?
- ასე უკეთესია. იმას უფრო აპროტესტებდა, კომპიუტერთან დიდხანს რომ ვიჯექი.
- მობილური ტელეფონი ხომ გაქვს?
- მაქვს, მაგრამ მხოლოდ მესენჯერით ვსარგებლობ, რომელიც მიწერ-მოწერისთვის მჭირდება. სოციალური ქსელი ადამიანს ითრევს. თან, "ფეისბუკზე" 5000-მდე მეგობარი მყავს და შესაბამისად, შეიძლება, ისეთი ინფორმაცია "ამომიგდოს", რომელიც არ მაინტერესებს. მაგალითად, არასასიამოვნოა გვამის სურათი, რომელიც საერთოდ არ მომწონს ან - ჭამამდე და ჭამის მერე გადაღებული ფოტოები. "ფეისბუკზე" თბილისის თითქმის ყველა ლიფტის ნახვა შეგიძლია, რომელსაც სარკე აქვს. ეტყობა, უკვე გამომუშავებული აქვთ: სარკეს რომ დაინახავენ, ტუჩები უნდა გაბზიკონ და ფოტო გადაიღონ (ამ საქმეში ბიჭები გოგონებს ტოლს არ უდებენ). გუშინწინ ინტერნეტში ვიდეოს ძებნისას სიმპათიური გოგონას ფოტოს გადავაწყდი, რომელიც ტუჩებს ბზეკდა, უკანა ფონს კი "საკაიფო" უნიტაზი "უმშვენებდა"... პირადად მე, ფოტოების გადაღება სიგიჟემდე მიყვარს, მაგრამ ისეთ რაღაცებს ვიღებ, რისი ნახვაც მერე მსიამოვნებს. ტელეფონი 24-საათიანი "ჩხაკუნის" რეჟიმზე არ მაქვს დაყენებული.
- "ფეისბუკის" გარდა, რომელი ქსელით სარგებლობ?
- "ინსტაგრამზე" ვარ დარეგისტრირებული. ასევე, ვსარგებლობ პროგრამებით, რომლებსაც სასაუბროდ ვიყენებ ("ვოთსაფი", "ვაიბერი"). ფორუმების ხშირი სტუმარი არ გახლავართ. ჩემთვის არასასურველია, რომ სოციალურმა ქსელმა ჩამითრიოს და ვათვალიერო, თუ რა ხდება...
- "ფეისბუკზე" რა სიხშირით "პოსტავ"?
- ალბათ კვირაში ერთხელ. ბოლოს მარათონის (სირბილში) გამო, "ფეისბუკზე" ძალიან აქტიურობდნენ. რადგან მარათონზე - ჭინგს Fორ Lიფე ჭორლდ ღუნ ყოფნისას ბევრმა მეგობარმა ფოტო გადამიღო, მაინტერესებდა, სოციალურ ქსელში რა ხდებოდა. მოკლედ, როცა რაღაც მაინტერესებს, მაშინ ვაქტიურობ.
- ამას წინათ, შენს გვერდზე ერთგვარი "ჩანახატი-სტატუსი" ვნახე...
- მოტოთი ხშირად დავდივარ და ბუნებრივია, ასეთ დროს იმას ვერ ვამჩნევ, რასაც - ფეხით სიარულისას. ერთ დღეს მე და მარიამმა (მეუღლემ) ფეხით სეირნობა გადავწყვიტეთ. საგიჟეთი იყო: უამრავი სისულელე, შეუსაბამობა დავინახე. ერთზე გამეცინა, მეორეზე... მერე მივხვდი, რომ ზედიზედ ამდენი სისულელე (მაგალითად, ქალმა ბანკს პირჯვარი გადასახა, ყვავილის გამყიდველები კლინეტების გამო ერთმანეთს ლანძღავდნენ...) უკვე დისკომფორტია. რატომღაც მომინდა, ამის შესახებ დამეწერა. სტატუსს ჩემი მეგობრები გამოეხმაურნენ - თურმე, სხვებიც რაღაცას ამჩნევენ... "ფეისბუკის" მეშვეობით ბევრ სიახლეს იგებ და ეს კარგია, მაგრამ ბევრი ისეთი ამბავიც იწერება, რაც ჩემთვის უინტერესო, უსარგებლო ინფორმაციის წაკითხვაში დროის კარგვა კი არ მსურს. რაღაცის დაწერა თავადაც იშვიათად მომდომებია. "ვაიმე, დღეს გავიღვიძე, მარჯვენა ფეხი დაბუჟებული მაქვს" და მისთანები არასდროს დამიწერია. ჩემს "კედელზე" ყოველდღიურ პოსტებს ვერ ნახავთ: რომ გადახედოთ, ალბათ კვირაში ერთიც არ მექნება გამოქვეყნებული.
- რომელიმე "პოსტის" გამოქვეყნება ხომ არ გინანია?
- არა, ასეთი არაფერი დამიწერია.
- სოციალურ ქსელში შენს ყურადღებას რა სახის ინფორმაცია იპყრობს, რას "აზიარებ"?
- რითიც დავინტერესდები: მუსიკა, მოტოციკლეტები... პოლიტიკური "პოსტებისა" და "ნიუსების" "დაშიარება" ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ მაინტერესებდა - ეს დროის ფუჭ კარგვად მიმაჩნია.
- შენს შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაციის წვდომა უცნობებისთვის შეზღუდული გაქვს?
- კი. მაქვს ალბომები, რომლებიც საჯარო არ არის. ისეთი სურათების გამოქვეყნებისგან თავს ვიკავებ, რომლებზეც ჩემ გარდა, სხვა ვინმეც არის აღბეჭდილი; ყოველთვის ვითვალისწინებ - ის ადამიანი ამ ფოტოს გამოქვეყნების ნებას მომცემდა თუ არა.
- "იღბლიანი ბორბლისთვის" სახალისო ვიდეოებს ინტერნეტში თავად ეძებ?
- სიმართლე გითხრათ, ამ ვიდეოების მოძებნა გარკვეულ შრომასთან, დროსთან არის დაკავშირებული. ამიტომ საკუთარ თავზე რომ "მივიწერო", მართალი არ ვიქნება. არის ადამიანი, რომელსაც თათუკა ჰქვია და რომელიც უამრავ კარგ რაღაცას აკეთებს; იუმორის კარგი გრძნობაც აქვს... ბოლო დროს, ვიდეობის ძებნასთან დაკავშირებით მეც გავაქტიურდი.
- საკუთარი გამოცდილების საფუძველზე გვითხარი, ინტერნეტით დაწყებული მეგობრობა რამდენად მყარია?
- მნიშვნელობა არ აქვს, ადამიანს ინტერნეტით გაიცნობ თუ რესტორანში, მეტროში... "ფეისბუკით" გაცნობილი მეგობრებიც მყავს, მაგრამ უმეტესობა მაინც, რეალურ ცხოვრებაში გავიცანი.
- შენ შესახებ ინტერნეტში გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე მკითხველების კომენტარებს თუ კითხულობ?
- არა. არც ჩემი "გმირობები" მაინტერესებს და არც მათზე გამოხმაურებები.Dდარწმუნებული ვარ, ნებისმიერი ცნობილი ადამიანის ინტერვიუს ვიღაცების მიერ განხილვა მოჰყვება. მგონი, მთელ მსოფლიოში, ცნობილების მიმართ გადამეტებული ინტერესი გვაქვს, ვიღაცებზე ზედმეტად ვაფანატებთ. შეიძლება, ვიღაცის მუსიკა, იუმორი მოგწონდეს, მაგრამ აუცილებელი არ არის, მისი ცხოვრების დეტალებში იქექო.
ეთო ყორღანაშვილი