ბერა: "მოდელი არ ვარ, ქართველი კაცი გახლავარ"
ახლახან მომღერალმა - ბერა ივანიშვილმა გულშემატკივრები ახალი კლიპის პრეზენტაციაზე ერთ-ერთი კინოთეატრის დარბაზში მიიწვია. ბერას თაყვანისმცემლებს შორის ვის არ ნახავდით: ბავშვებს, მოზარდებს, მოზრდილებს, ხანში შესულებს...
გულშემატკივრებს შორის იმყოფებოდნენ: სკოლის დირექტორი თავის მოწაფეებთან ერთად (რომელიც გამომიტყდა, რომ მხოლოდ კლასიკურ მუსიკასა და ბერას სიმღერებს უსმენს), სტომატოლოგი ბებია შვილიშვილებთან ერთად, ბერასა და მის შემოქმედებაზე შეყვარებული გოგონები... ბერას კლიპის პრეზენტაციის შესახებ უმეტესობამ მომღერლის "ფეისბუკის" ოფიციალური გვერდიდან შეიტყო, 12 წლის დავითმა კი მითხრა, - მე და ჩემი მშობლები მერიამ მოგვიწვია და რაკი ბერას სიმღერები ძალიან მომწონს, მარტო მოვედიო...
კლიპის პრეზენტაციამ წარმატებით ჩაიარა. სტუმრებს ბერას ახალი ნამუშევრის მიმართ ქათინაურები არ დაუშურებიათ. პრეზენტაციის შემდეგ, გულშემატკივრებს საყვარელი მომღერლისთვის შეკითხვების დასმის შესაძლებლობა ჰქონდათ. უპირველეს ყოვლისა, მათ კლიპის შექმნის ამბავი აინტერესებდათ, რაზეც მომღერალმა სიამოვნებით უპასუხა:
- საკმაოდ დიდი ხანია, რაც ეს სიმღერა ჩავწერე. დედაჩემის ერთ-ერთი საყვარელი სიმღერა იყო. სცენარი ნოდოს (ნოდარ მარშანიშვილი. - ავტ.) იდეა გახლდათ... კლიპს 3 დღე ვიღებდით. უმეტესი ნაწილი ბათუმში გადავიღეთ, გარკვეული ნაწილი კი - თბილისში, მწვანე ფონზე... კლიპის გადაღება ერთ-ერთი ყველაზე სახალისო და გასართობი პროცესი იყო, როგორც ყოველთვის - კარგ ადამიანებთან, კარგ "სტაფთან" ერთად და მგონი, ეს შედეგზეც აისახა...
ბერამ თავისი შემოქმედების მოტივაციაზეც ისაუბრა:
- უპირველეს ყოვლისა, ჩემი მოტივაცია ამ დარბაზში იმყოფება - ეს თქვენ, ჩემი გულშემატკივრები ხართ: როდესაც ადამიანმა იცი, რომ შენ უკან ასეთი გულწრფელი, მოსიყვარულე ხალხი დგას, არ არსებობს დღე, როცა მუშაობის, სიმღერის შექმნის სურვილი არ გაგიჩნდეს. ყოველთვის ერთი სული მაქვს, ახალი სიმღერა თუ კლიპი თქვენამდე როდის მოვა... მინდა, ჩემს გულშემატკივრებს განსაკუთრებულად მოგეფეროთ... როდესაც საზღვარგარეთ ვარ, თქვენგან განსაკუთრებულ სითბოს ვგრძნობ. ასე რომ, ჩემი გულშემატკივრები ყოველთვის ტაშსა და სიყვარულს იმსახურებენ...
როგორც გაირკვა, გულშემატკივრები ბერას და ნეშის კლიპებს დიდი ხანია, ელიან. აღმოჩნდა, რომ ქართველი შემსრულებლისა და ნეშის თანამშრომლობა გრძელდება, თუმცა გარკვეული იურიდიული საკითხებია მოსაგვარებელი:
- ამერიკულ შოუბიზნესში, როდესაც დუეტს წერ ან კლიპს "აკეთებ", ამას ხანგრძლივი პროცესი მოსდევს, რაც ასე ვთქვათ, ლეგალურ მხარეს შეეხება ანუ საქმეში ადვოკატები ერთვებიან და ა.შ. ასე რომ, უახლოეს მომავალში, თქვენთვის ბევრი სიახლე მაქვს...
დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა ერთ-ერთი ქალბატონის მიერ რეპერისთვის დასმულ შეკითხვას:
- ჩემ გვერდით გოგონები სხედან, რომლებიც თქვენს ჩაცმულობაზე, გარეგნობაზე აბოდებენ... მინდა გკითხოთ, - როდის უნდა მოიყვანოთ ცოლი და ხართ თუ არა შეყვარებული?
- ამ შეკითხვას საკუთარ თავს მეც ვუსვამ ხოლმე... ჯერჯერობით, საქმეზე ვარ შეყვარებული. მთელ ჩემს დროს საქმეს ვუთმობ, რადგან ისეთ ასაკში ვარ და ჩემი კარიერა ისეთ ეტაპზეა, რომ ახლა თუ არ დავიხარჯე, მაქსიმუმი ახლა თუ არ გავაკეთე, მერე ამას მთელი ცხოვრება ვინანებ...
22 წლის რეპერის ამ პასუხმა დაინტერესებული გოგონები გააბედნიერა, რაც ტაშითა და ჟივილ-ხივილით გამოხატეს... ერთ-ერთმა გულშემატკივარმა გულმკერდის მიდამოებში მარკერით ბერასგან სახელდახელო ავტოგრაფიც მიიღო, შემდეგ კი მომღერალმა გულშემატკივრებთან საუბარი განაგრძო:
ბავშვობის ოცნება და
საყვარელი საქმე, როგორც შემოსავლის წყარო
- ვინც შემოქმედია, ყველა დამეთანხმება, რომ არ შეიძლება, მომღერლობა გადაწყვიტო: შენი საქმე ან გიყვარს, ან უბრალოდ, ის შენი საქმე არ არის. დაბადებიდან ჩემი ოცნება იყო იმის კეთება, რასაც ახლა ვაკეთებ... ჩემი საქმიდან შემოსავალს რაც შეეხება: არ მინდა, ამპარტავნულად ნათქვამი გამომივიდეს. ამიტომ შეგიძლიათ ნახოთ, სოციალურ მედიაში ვინ რას აკეთებს და მიახლოებით დასკვნებს გამოიტანთ, საკუთარ თავზე ბევრი რომ არ ვილაპარაკო...
"პოდიუმებზე სიარულს არ ვაპირებ"
- მოდელი არ ვარ, ქართველი კაცი გახლავარ (იცინის). არსებობს სამოდელო სააგენტოები, რომლებიც მომღერლებს, მსახიობებს "აიყვანენ" და მოდის სამყაროში "აპიარებენ". ეს იმას არ ნიშნავს, რომ პოდიუმზე სიარულს ვაპირებ. "ნექსთ მოდელთან" ვთანამშრომლობდი, ახლა სააგენტოს შეცვლას ვაპირებ. ჯერ კონტრაქტზე ხელიც არ მომიწერია და წესით, ამის თქმის უფლება არ მაქვს, მაგრამ გიმხელთ (იცინის)... დღესდღეობით, "ფეშენი" და მუსიკა ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა, ეს აუცილებელი ფაქტორია...
უმცროსი და-ძმა
- ჩემი უმცროსი ძმა რამხელაც უნდა გაიზარდოს, ის ჩემთვის ყოველთვის "პატარა, თეთრი დათვი" იქნება (იღიმის)... ჩემს დას რაც შეეხება, ის ძალიან კარგად მღერის. ფაქტობრივად, მუსიკალურად ჩემს ხელში გაიზარდა. არა მარტო მღერის, წერს კიდეც - სიმღერის სტრუქტურით ბავშვობიდან ინტერესდებოდა...
"თუ სიმღერა "ჩამივარდა", პერსონალური მწვრთნელი გავხდები"
- ჩემი საქმე ჩემი ჰობიც არის, ამიტომ საქმისგან არასოდეს ვისვენებ. ისე, სპორტით ვარ დაკავებული. ყოველდღე ვვარჯიშობ, ზოგჯერ - დღეში ორჯერ. ყველა ახალგაზრდას ჯანსაღი ცხოვრებისკენ მოვუწოდებ. ის დღე, როცა არ ვვარჯიშობ, ჩემთვის დაკარგულია. ყოველთვის ვამბობდი, ფიტნესში ისე გავერკვიე, რომ რომელიმე სიმღერა თუ "ჩამივარდა", პერსონალური მწვრთნელი გავხდები და ვისაც უნდა, ჩაეწეროს-მეთქი (იცინის)...
მსოფლიო პრემიერის
მოლოდინში
- 2017 წელი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველაზე კარგი გეგმები ახლა მაქვს. ამაში გულშემატკივრებს გადამწყვეტი როლი აქვთ. 14 თებერვალს ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი სიმღერის პრემიერა გაიმართება...
ზაზა ფაჩულიას მხარდასაჭერი მოწოდება
- საქართველოს საკალათბურთო სამყაროში აქტიურად ჩართული ვარ. მოგეხსენებათ, "ენბიეის" "ოლ სთარის" შესარჩევი ტური დაიწყო, რომელშიც ჩვენი და პირადად ჩემი მეგობარი - ზაზა ფაჩულია მონაწილეობს. კალათბურთის გულშემატკივრებისგან ბევრი წერილი მომდის, რომ ზაზასთვის ხმის მიცემის კამპანიაში ჩავერთო, რადგან ყველას ახსოვს, შარშან ჩემმა გულშემატკივრებმა ზაზასთვის ხმების რა რაოდენობა შეაგროვეს. ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, რომ სოციალურ ქსელში, დღეში თითო "პოსტი" გამოაქვეყნოთ - #NBAVOTE ZAZA PACHULIA.
შეხვედრა ბერას სიმღერებით დასრულდა. რეპერს სიმღერაში გულშემატკივრებმაც აუბეს მხარი, უფრო მეტიც, მათ თავიანთი კერპისგან დაპირებაც მიიღეს, რომ ქორწილში ყველა გულშემატკივარს დაპატიჟებს... მასშტაბურ ქორწილში მოლხენამდე კი ფანებმა ბერას ავტოგრაფები სთხოვეს და რეპერთან ერთად ფოტოებიც გადაიღეს.
ეთო ყორღანაშვილი