"სწორედ იმ დროს შემოვიდა პავილიონში ბელა, როცა შიშველი ქალი ყურძენს მაჭმევდა" - კახი კავსაძის მხიარული ამბები
ჩემი პროფესია ამის საშუალებას მაძლევს. მე არტისტი ვარ", - კახი კავსაძე მართლაც, ნამდვილი არტისტია და ამაში იგულისხმება მისი მომხიბვლელობა, ნიჭიერება, მუსიკალურობა, ტემპერამენტი, ენაწყლიანობა, სიკეთე, ოპტიმიზმი...
არტისტობის დასაწყისი
- იმ წელს, როცა სკოლას ვამთავრებდი, ცნობილი კინორეჟისორი, ბატონი ნიკოლოზ სანიშვილი ფილმისთვის - "ისინი ჩამოვიდნენ მთიდან" სინჯებს ატარებდა. მთავარი გმირი სწორედ ჩემი ასაკის უნდა ყოფილიყო. ძალიან ბევრი ახალგაზრდა გასინჯეს და წარმოიდგინეთ, მე დამამტკიცეს. ვიდრე გადაღებები დაიწყებოდა, წყალში ხტომისას სერიოზული ტრავმა მივიღე, ნეკნები ჩამემტვრა. მალე მომიშუშდა, მაგრამ ტრავმული პნევმონია დამემართა და პრაქტიკულად, ერთი წელი ლოგინში გავატარე. სკოლაში გამოცდებიც ვერ ჩავაბარე, ნიშნები ისე დამიწერეს და ატესტატი მომცეს. რა თქმა უნდა, ფილმიც გვერდზე დარჩა. ჩემს როლში ნუკრი ალხაზიშვილი გადაიღეს. მთელი წელი ვიწექი და ვფიქრობდი, რა პროფესია ამერჩია. კინორეჟისორობაც ვიფიქრე, ხან პოლიტექნიკურისკენ მიმიწევდა გული, ხან ისევ კინოსკენ. ბოლოს გადავწყვიტე, თეატრალურ ინსტიტუტში, სამსახიობოზე ჩამებარებინა. მე რომ ფილმში მონაწილეობა მიმეღო, ალბათ, მსახიობი აღარ გავხდებოდი, მაგრამ რადგან არ გამომივიდა, ამან ჩემში რაღაცის დაპყრობის დიდი სურვილი გააღვიძა.
კინოში ჩემი დებიუტი 1956 წელს შედგა, სიკო დოლიძის ფილმში "ეთერის სიმღერა". ეს იყო ფილმი-ოპერა "აბესალომ და ეთერის" მიხედვით, სადაც მურმანის როლს ვასრულებდი. სხვათა შორის, ან როლს დათიკო გამრეკელი ახმოვანებს. მერე "მამლუქში" გადამიღეს, რეზო ახალციხელს ვთამაშობდი. ფილმში "მაგდანას ლურჯა" მასობრივ სცენებში ვმონაწილეობდი. ძალიან მიყვარს ჩემი პატარა გაელვება კინოფილმში "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ". მე, ზანდა იოსელიანი და მისი ძმა ერთად ვდგავართ და თვალებში შევციცინებთ ლოგინად ჩავარდნილ კნეინას (ვერიკო ანჯაფარიძე). ჩემი კინოკარიერა აქტიურად დაიწყო, მაგრამ თეატრალურ ინსტიტუტში სტუდენტების გადაღებებზე გაშვების კატეგორიული წინააღმდეგები იყვნენ.
ხუთები და ერთი სამიანი
- თეატრალურ ინსტიტუტში, პირველ კურსზე მსახიობის ოსტატობის პედაგოგად გაბრიელ ღვინიაშვილი დაგვინიშნეს. მთელი ცხოვრება სწორედ იმ თავისუფლებას ვეძებდი, რომელიც ბატონმა გაბრიელმა მომცა. თავისუფლებაში ვგულისხმობ იმპროვიზაციის უფლებას და სურვილი, გააკეთო ის, რაც გინდა. მეორე კურსზე მეტყველებას კოტე მახარაძე გვასწავლიდა. მასთან მუშაობისას საოცარი სიამოვნება მივიღე. კოტემ მეტყველების გაუმჯობესებაში ფსიქოლოგიური მომენტი დამაძლევინა. ცოტა ხანს აკაკი ვასაძეც გვასწავლიდა. საკურსო და სადიპლომო წარმოდგენები კუკური პატარიძემ და გიგა ლორთქიფანიძემ დაგვიდგეს. მეოთხე კურსზე მხატვრულ კითხვაში სერგო ზაქარიაძე დაგვინიშნეს. ჩემი და ბატონი სერგოს ურთიერთობა, როგორც პედაგოგისა და სტუდენტის, არ შედგა: მე და ნუგზარ ჯუღელი ბატონ სერგოსთან ინდივიდუალურ გაკვეთილზე მივედით. რაღაც მოთხრობა მომიტანა, ეს უნდა წაიკითხოო. ვიდრე მუშაობას შევუდგებოდით, ჯერ თვითონ წაიკითხა. საკმაოდ მძიმე მოთხრობა იყო და ფინალში ატირდა. გაშტერებული შევყურებდი. კითხვა დაასრულა და მომმართა, ახლა შენ წაიკითხეო. ცოტა დავიბენი, - ასე როგორ უნდა წავიკითხო-მეთქი? დაძაბულობისაგან, უცებ, ღრიალი დავიწყე. ბატონი სერგო გაოგნებული მიყურებდა. ძალიან გაბრაზდა, მერე მძიმედ წამოდგა, სვანური ქუდი თავზე ჩამოიფხატა და აჩქარებული ნაბიჯით გავიდა აუდიტორიიდან. იმ დღის შემდეგ თავის ლექციას არ მასწრებდა. მხატვრულ კითხვაში სამიანი დამიწერეს, არადა, სულ ხუთები მყავდა. ინსტიტუტში ასეთი ურთიერთობის მიუხედავად, თეატრში ბატონი სერგო ძალიან დამიმეგობრდა. ზოგჯერ ფულს ვესესხებოდი. ყოველთვის შარვლის "ფისტონჩიკიდან" ამოიღებდა ხოლმე ჩაკეცილ ფულს, მერე გაშლიდა და მომცემდა. ზუსტად იმ დღეს ვუბრუნებდი ფულს, როცა შევპირდებოდი.
ქართველი აბდულა
- ვლადიმერ მოტილის ფილმში "უდაბნოს თეთრი მზე" აბდულა შუააზიელ მსახიობს კი არ უნდა ეთამაშა, არამედ ქართველს. ეს რეჟისორის ახირება იყო. ამიტომაც, სინჯები ამ პერსონაჟის მოსაძებნად საქართველოში ჩაატარეს. მეც ვმონაწილეობდი და როცა, მეორედაც გამომიძახეს უკვე კონკრეტული ეპიზოდის გადასაღებად, მივხვდი, ჩემით დაინტერესდნენ. სასინჯ გადაღებაზე ცხენზე შემსვეს, რაღაც ფრაგმენტს იღებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად, პირველად ვიჯექი ცხენზე, მახსოვს მოვაჭენებდი, მოვაჭენებდი და ზუსტად კამერის წინ გავაჩერე ცხენი. გაგიჟდა კაცი, - ასე ზუსტად კადრს როგორ დაასვიო? გავიდა ცოტა ხანი და მომივიდა დეპეშა, სადაც მატყობინებდნენ, რომ აბდულას როლზე დამამტკიცეს. ასეთი შეტყობინებები მანამდეც მიმიღია და მას შემდეგაც, მაგრამ ამ ფილმზე დამტკიცება განსაკუთრებულად გამიხარდა. ეტყობა, წინასწარ ვგრძნობდი, რომ რაღაც ძალზე მნიშვნელოვანი უნდა მეთამაშა. ერთი კურიოზი მახსენდება: ბელა უნდა ჩამოსულიყო გადაღებაზე და ველოდებოდი აეროპორტში. იმ დღეს ფრენა გადაიდო. არადა, მეორე დღეს უკვე გადასაღებ მოედანზე ვიყავი და ვეღარ დავხვდი. ბელას მარტოს მოუხდა გადაღებაზე მოსვლა. რაღაც ეროტიკულ სცენას ვიღებდით. ისეთი არაფერი, წელს ზევით შიშველი ვიწექი ლოგინში, ერთი შიშველი ქალბატონი ზედ მეჯდა და ყურძენს მაჭმევდა (დღევანდელი თანამედროვე კინოს შემყურეს მეცინება, ეგ კადრი მაშინ პორნოგრაფიად რომ აღიქვეს და მოტილს ფილმიდან ამოაღებინეს). ამ დროს იღება პავილიონის კარი და შემოდის ბელა (იცინის). შემოანათა, ისეთი ლამაზი იყო. იქაური გოგოები ამბობდნენ: ახლა ვხვდებით, კახი ჩვენ რატომ არ გვიყურებდაო (იცინის).
"უჩემოდ იღებ?"
- ჩემს კინოკარიერაში ერთ-ერთი განსაკუთრებული ადგილი უჭირავს გიორგი შენგელაიასთან შემოქმედებით ურთიერთობას. გიორგისთან ახალგაზრდობის წლებიდან ვმეგობრობდი. პატარ-პატარა ეპიზოდებშიც გადამიღო, რაც ძალიან კარგად დამამახსოვრდა. ერთ მშვენიერ დღეს მოვდივარ თეატრში, სპექტაკლი "ჩვენი მელოდიები" მქონდა, სადაც მე და იზა გიგოშვილი ვცეკვავდით. ცეკვები იური ზარეცკიმ დადგა. თეატრში შევდივარ და უცებ მხვდება გიორგი შენგელაია. მოვიკითხეთ ერთმანეთი. მითხრა, ფილმს ვიღებო. - მერე, ბიჭო, უჩემოდ როგორ იღებ-მეთქი? - გავეხუმრე. შეწუხდა, ყველა როლი დამტკიცებულიაო. მივხვდი, რომ უხერხულ სიტუაციაში ჩავაგდე. ცოტა კიდევ ვისაუბრეთ და საგრიმიოროში შევედი, სპექტაკლისთვის რომ მოვმზადებულიყავი. თურმე, ცეკვის მასწავლებლის როლზე დამტკიცებული ჰყავდა ცნობილი ქორეოგრაფი იური ზარეცკი და იმ დღეს მისი ნამუშევრის სანახავადაა მოსული, ამიტომ დაესწრო "ჩვენ მელოდიებს". სპექტაკლის დასრულების შემდეგ, კულისებში შემოვიდა და გამომიცხადა, ცეკვის მასწავლებელი შენ უნდა ითამაშოო. ზარეცკისთვის უთქვამს, - შენ ფილმის ქორეოგრაფი იქნები, ხოლო კახი ითამაშებსო. დიდი აზარტით ჩავები მოსამზადებელ სამუშაოში. იტალიური ენის შესწავლაც კი დავიწყე. რაღაცებს ვიგონებდი, ვფანტაზიორობდი. როგორც კი რაიმე ახალს მოვიფიქრებდი, გიორგისთან გავვარდებოდი ხოლმე. ერთხელ მახსოვს, გამთენიისას დავადექი თავზე. არ უთქვამს, თავი დამანებეო, და მეც მაგრად "გავუხურე" საქმე (იცინის). მერე უშუალოდ "ვერის უბნის მელოდიების" გადაღებები დაიწყო და გიორგიმ გამაცნო არაჩვეულებრივი მსახიობი და შესანიშნავი ქალბატონი ალისა ფრეინდლიხი. დღემდე მასთან დიდი მეგობრობა მაკავშირებს.
შეხვედრა პელესთან
- მიშა ჭიაურელ-უმცროსის იდეები მუდამ მაცვიფრებს. ერთ დღეს ფილმის "მე, პელეს ნათლია" სცენარი მომიტანა და მითხრა: კახი, ამას გადავიღებთ, ბრაზილიაში წავალთ და პელეს შევხვდებითო. ვუსმენდი და ვფიქრობდი, ნეტავ შენ, ოცნება რომ არ გეზარება-მეთქი. თურმე, სადა ხარ? ყველაფერს შეასხა ფრთები. პირველი "თავდასხმა" პელეზე რომში განვახორციელეთ, მეორედ - მილანში. რომში რომ ჩავედით, ჩვენებმა საიდანღაც გაიგეს, პელე რომელ სასტუმროში იყო დაბინავებული. მივადექით იმ სასტუმროს და ჩვენები ადმინისტრატორს ეუბნებიან, პელესთან ინტერვიუ გვინდა და რომელ ნომერში მივაკითხოთო? ადმინისტრატორმა, როგორც სულელებს, ისე შემოგვხედა და სასტუმროდან გამოგვყარა. თურმე, პელე იქ საერთოდ არ ცხოვრობდა. ჟურნალისტებისთვის კვალის ასარევად გაუფორმებიათ, რეალურად კი სხვაგან იყო დაბინავებული. მიშიკო ანერვიულდა, ერთ ამბავშია. მერე რაღაცნაირად, პელეს დაცვის წევრები შეაბა და გაგვიმხილეს მისი ნამდვილი ადგილსამყოფელი. ისიც გვითხრეს, ორ საათზე სასტუმროდან გამოვაო. ჩვენც მივედით იმ სასტუმროს ფოიეში. ისე ვნერვიულობდი, რომ ზედმეტი ღელვისაგან გავითიშე და ჩამეძინა. მაღვიძებს მიშა ჭიაურელის განწირული ხმა: კახი, არიქა, მოდისო. თვალი გავახილე და ვხედავ, დაბალი შავი კაცი მოდის. მისკენ გავემართე. მან იქვე კაფესკენ დააპირა წასვლა. იქ მიშიკო გადაუდგა წინ, აქედან მე დავუძახე ქართულად: პელე, როგორ ხარ, თუ იცი-მეთქი? შეშინებული თვალებით შემომხედა და რაღაც ჩაიბუტბუტა. საკმაოდ ბოხი ხმა ჰქონია. ეტყობა მითხრა, არ მომკლათო. მერე კამერები დაინახა, მიხვდა, რომ ცუდს არაფერს ვუპირებდით, ცოტა შუბლიც გახსნა. იქვე შევასრულე, რაც რეჟისორისგან მქონდა დავალებული, რაღაცები ვუთხარი და საჩუქარიც გადავეცი, - ეს მესხმა და მეტრეველმა გამოგიგზავნეს-მეთქი. - "ოოო, მეტრეველი!" შეაფასა პელემ, არც ერთ ბრაზილიელს არ დაავიწყდება მეტრეველი. სწორედ სლავამ გაუტანა მარაკანაზე მეორე გოლი ბრაზილიელებს, რუსებთან ფრე რომ ითამაშეს. ასე იყო თუ ისე, ჩვენი მისია შევასრულეთ და დამშვიდებულები დავბრუნდით თბილისში. გადის ხანი და მიშიკო მეუბნება: კახი, ძალიან ბნელი კადრებია და კიდევ ერთხელ უნდა გადავიღოთო. კინაღამ გადავირიე. მალე პელეს დაბადებიდან 50 წლისთავთან დაკავშირებით, მილანში იმართებოდა ბრაზილიისა და მსოფლიო ნაკრებების ამხანაგური შეხვედრა. ჩვენც იქ ჩავედით. მახურავს კახური ქუდი, დიდი ნაბადი მაქვს მოხურული და ასე მივდივარ. უკან მომყვებიან მიშიკო კამერით და მისი ქალიშვილი, რომელიც თარჯიმნობას გვიწევდა. ისეთი გამომეტყველებით მივდიოდი, არავინ მაჩერებდა, თან ამათზე ქართულად ვეუბნებოდი, ჩემთან არიან-მეთქი. ასე გავიარეთ ყველა კორდონი და თავი ამოვყავით პელეს გასახდელში, სადაც წამოწოლილს მასაჟს უკეთებდნენ (იცინის). იქ კინოგადაღებისთვის ძალიან ბნელოდა, ამიტომ გარეთ დაველოდეთ. სანამ სტადიონზე გავიდოდა, პელესთან მივედი, ნაბადი მოვახურე, კახური ქუდი დავახურე და ფოტოც კი გადავიღეთ ერთად.
"ცუდი სიტყვა არ დამცდენია"
- ზინა კვერენჩხილაძეს, არაჩვეულებრივ მსახიობსა და პარტნიორს, საშინლად არ უყვარდა, როცა უწმაწურ სიტყვებს ამბობდა ვინმე. ვინც მიცნობს, იცის, რომ ცხოვრებაში ცუდი სიტყვა არ დამცდენია (იცინის), ჰოდა, სამჯერ ვყავარ ზინას გალახული. თანაც მისი ხელი მტერს მოხვდა, საქართველოს ჩემპიონი იყო ფარიკაობაში. ერთი-ორჯერ ისეთი მომდო, სამი თვე დალურჯებული დავდიოდი. ბელამ იეჭვიანა კიდეც, ვინ დაგალურჯაო? ერთხელაც, რაღაც საშინელება ჩავიდინე და ზინა პირდაპირ მოსაკლავად გამომეკიდა. ვიფიქრე, ახლა თუ დამიჭირა, ცოცხალი ვეღარ გადავრჩები-მეთქი და რაც ძალი და ღონე მქონდა, კიბეზე ჩავრბოდი. უცებ, ფეხი გადამიბრუნდა და კოჭში მოვიტეხე. თურმე, სიწრისგან სულ მთლად მიტკლის ფერი დამდებია. ამ დროს ზინაც წამომადგა თავზე. არ მომკლა-მეთქი, - შევეხვეწე. მგონი, უკვე მოგკალიო, - მიპასუხა შეშინებულმა ზინამ (იცინის).
სიტყვის კაცი
- მე და ბელამ, მხოლოდ ერთხელ მოვახერხეთ გასტროლებზე ერთად წასვლა, მერე კი სულ მარტო მიწევდა გამგზავრება. პირველი გასტროლი ბელას ავადმყოფობის შემდეგ, დასავლეთ ბერლინში დაიგეგმა. უხასიათოდ ვიყავი. ბელამ მკითხა: რა გჭირსო? - აი, შენ რომ ვერ მომყვები, ცუდ ხასიათზე ვარ. ხომ ვიცი, იქ იქნება შეხვედრები, მხიარულება, სიმღერა, ცეკვა. მე კი ასეთი განწყობით, ვერაფერს ვიმღერებ, გამორიცხულია-მეთქი. წავედი. რუსთაველის თეატრისთვის ეს იყო ერთ-ერთი პირველი გასტროლი და ამის გამო, გამოხმაურებაც განსაკუთრებული ჰქონდა, როგორც გერმანულ, ისე ქართულ პრესაში. გაზეთ "კომუნისტში" დაიწერა წერილი სათაურით - "კახი კავსაძემ თავისი სიმღერით მოხიბლა ევროპა" (იცინის) და იქვე ფოტოც არის გამოქვეყნებული: ბიჭებთან ერთად ვდგავარ, პირი მაქვს ბეჰემოთივით დაღებული და მთელი გრძნობით ვმღერი. გასტროლებიდან როცა დავბრუნდი, ბელა სახლში ამ გაზეთით ხელში დამხვდა და გულიანად იცინოდა. გაზეთი არ მქონდა ნანახი და ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. აი, ასეთი სიტყვის კაცი ხარ შენო, - ზუსტად ასე მითხრა.
ნანული ზოტიკიშვილი