"თავს ვარსკვლავად ვგრძნობ" - როგორი მეუღლეა თეონა წიწაკიშვილი - გზაპრესი

"თავს ვარსკვლავად ვგრძნობ" - როგორი მეუღლეა თეონა წიწაკიშვილი

პროექტის -"შენ შეგიძლია ცეკვა" მონაწილე, თეონა წიწაკიშვილი თითქმის ყოველთვის აუტსაიდერებს შორის ხვდებოდა, მაგრამ ჟიურის მხარდაჭერით, ფინალში იცეკვა. მან მაყურებლებსა და ჟიურიზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა. პროექტში მიღებული გამოცდილებითა და პრიზებით კმაყოფილი მოცეკვავე ინტერვიუსთვის რედაქციაში გვეწვია.

-რა თქმა უნდა, გამარჯვება პროექტის ყველა მონაწილეს გვინდოდა -ჩვენი პირველი მიზანი ეს იყო. მოგეხსენებათ, ჰიპ-ჰოპის მოცეკვავე ვარ. მინდოდა, საკუთარი თავი სხვადასხვა ჟანრში გამომეცადა. როცა 14 საუკეთესო მოცეკვავეს შორის მოვხვდი, ეს ჩემთვის ნამდვილი შოკი იყო! არ ველოდი, რომ ყველა სტილის ცეკვას "გადავლახავდი". ამ პროექტში, თუნდაც ორდღიან კასტინგზე, უამრავი რამ ვისწავლე. მონაწილეობა მარტო ამისთვის -პროექტში შეძენილი ცოდნის გამო ღირდა. ბევრი სასარგებლო რამ მივიღე და თან, დუბაის საგზურითაც დავსაჩუქრდი (იღიმის)...

-როგორ ფიქრობ, მაყურებლების კეთილგანწყობილება მოიპოვე?

-კი, ამას ვგრძნობ და ძალზე მიხარია. ხალხის სიყვარული მნიშვნელოვანია. სასიამოვნოა, როცა ჩემ მიმართ დადებით ემოციებს გამოხატავენ, ჩემთან ერთად სურათებს იღებენ... სოციალურ ქსელშიც საკმაოდ დადებით კომენტარებს მიწერენ. ასე რომ, ვერ ვიტყვი, -ხალხის სიყვარული ვერ დავიმსახურე-მეთქი.

-თუმცა ფინალამდე ჟიურის მხარდაჭერით მიხვედი და არა -მაყურებლების...

-პროექტი სახალხოა, მაგრამ ცეკვას უკავშირდება: როგორც ცეკვავ, ისე შეგაფასებენ. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, როცა ხალხის რჩეული ხარ, მაგრამ როდესაც პროფესიონალი ჟიურის რჩეული ხდები, შემდეგ ტურში მას გადაჰყავხარ, ვფიქრობ, ეს უფრო პროფესიონალური შეფასებაა. საოცარი იყო: სულ აუტსაიდერი ვიყავი, თან -სოციალურ ქსელში, ჩემი მისამართით, დადებით კომეტარებს წერდნენ. კითხულობდნენ, -თეონა და დევიდი აუტსაიდერები რატომ არიანო?! ისე გამოდის, რომ ხალხი ხმას "არასწორად" გვაძლევდა.

-პროექტის გამარჯვებული მოგწონს?

-რა თქმა უნდა! გამარჯვებულით კმაყოფილი ვარ. ნიტა საოცარი გოგოა. ის ძალიან საყვარელი და იმავდროულად, თავისი საქმის პროფესიონალია. უბრალოდ, ამ ბავშვს იმის საშუალება არ მისცეს, რომ საკუთარი თავი ბოლომდე წარმოეჩინა. ხომ ვხედავდი, რეპეტიციებზე როგორი თავდადებით შრომობდა? ნიტა ძალიან მაგარი გოგოა და გამარჯვებას იმსახურებდა!

-საკუთარი თავის ბოლომდე გამოვლენის საშუალება ვინ არ მისცა, ქორეოგრაფებს გულისხმობ?

-ალბათ, ეს პროექტის წესების გამო მოხდა, რადგან ლუკა იმ სტილის მოცეკვავე არ იყო, რომელშიც ნიტა ცეკვავდა. ნიტას თავის სტილში ისე რომ ეცეკვა, როგორც იცის, ლუკა ფეხს ვერ აუწყობდა და პირიქით... თუმცა, ნიტამ ჰიპ-ჰოპსაც კარგად გაართვა თავი.

-ახლა რას საქმიანობ, რა გეგმები გაქვს?

-ძალიან დიდი და ჩემთვის სასარგებლო გეგმა მაქვს: რუსეთში, იმავე პროექტის კასტინგზე გასვლას ვაპირებ. კლასიკურ ბალეტში ვემზადები -ბალეტის ძირითადი ბაზა ყველა მოცეკვავეს სჭირდება.

-რუსეთიდან შემოთავაზება მიიღე თუ მონაწილეობა თავად გადაწყვიტე?

-შემოთავაზება არ მიმიღია. უბრალოდ, ახლა იმდენად "აკრეფილი" მაქვს, რომ გაჩერება არ მინდა. გარდა ამისა, ხშირად მოგზაურობას, სხვადასხვა ქვეყანაში მასტერკლასზე, ძალიან მაგარი მოცეკვავეების "ვორკშოპებზე" სიარულს ვაპირებ.

-დუბაიში დასასვენებლად წასვლა უცხოეთში შენი პირველი არასაქმიანი მოგზაურობა იქნება?

-სულ ვამბობდი, -როგორ შეიძლება, საზღვარგარეთ წავიდე და დავისვენო-მეთქი? ჩემთვის ეს წარმოუდგენელი იყო, რადგან სულ ვმუშაობდი. ახლა მართლა წავალ და მეუღლესთან ერთად, სიამოვნებით დავისვენებ.

-შენ და შენი მეუღლე ბავშვზე ზრუნვას როგორ ინაწილებთ?

-ბავშვს ორივე ვუვლით, მაგრამ როცა ისე ემთხვევა, რომ სახლიდან ორივე გავდივართ და ვმუშაობთ, ამ დროს ძიძა -მარიამი გვეხმარება. მარიამი ძალიან მაგარი გოგოა, მიყვარს და ვაფასებ. ის დიდ საქმეს გვიკეთებს -შვილის გაზრდაში გვეხმარება...

-პროექტის დასრულების შემდეგ, დიჯეიდ მუშაობა განაგრძე?

-ჯერ არა. სახლში ვიყავი და ქმარ-შვილი, ოჯახი მოვისიყვარულე, ძალიან კარგად დავისვენე. ახლა მუშაობას ახალი ძალით შევუდგები.

-სამუშაო მოგენატრა თუ დიდი სცენა ისე შეგიყვარდა, რომ ჩვეულ რეჟიმში დაბრუნება არ გინდა?

-იცი, როგორ ვარ? ბარში თან ვცეკვავ, თან -ვუკრავ. სცენაზე იქაც ვდგავარ, მაგრამ რა თქმა უნდა, დიდი სცენა მირჩევნია...

-ცეკვის პედაგოგად მუშაობას აგრძელებ?

-კი, ბავშვებსაც და უფროსებსაც დიდი შემართებით ვასწავლი: ჰიპ-ჰოპს, დენსჰოლს...

-როგორი მასწავლებელი ხარ?

-ოო, ძლიან მკაცრი! არ ვყვირი და არ ვჩხუბობ, მაგრამ მოსწავლეებისგან მაქსიმუმს ვითხოვ. რადგან თავად 100%-ით ვიხარჯები, მინდა, მოსწავლეებისგანაც იგივე მივიღო. ამიტომ, გაკვეთილებს შედეგიანად ვასრულებთ ხოლმე.

-ჰიპ-ჰოპის მიმართ საზოგადოების ინტერესი მაღალია?

-კი. წინათ საქართველოში ჰიპ-ჰოპი ცოტათი უკვირდათ, მაგრამ ნელ-ნელა, პროექტიდან -"შენ შეგიძლია ცეკვა" ხალხს გავაცანით და ინტერესიც აქვთ.

-ამ ჟანრში, ბიჭები უფრო აქტიურობენ თუ გოგონები?

-გოგონები. ბიჭები მწერენ, მაგრამ სტუდიაში მოსვლა არ უნდათ. ალბათ ფიქრობენ, რომ ბევრ გოგონასთან დაიჩაგრებიან (იცინის).

-შენი მოსწავლეებიდან, ყველაზე უფროსი ასაკის რამდენი წლის ყოფილა?

-45 წლამდე ქალს ვასწავლიდი. ჩვენი მოსწავლის დედიკო გახლდათ, რომელსაც ცეკვა ძალიან უყვარს. უბრალოდ, ახლა მეცადინეობას ვეღარ აგრძელებს. კიდევ რამდენიმე უფროსი ასაკის მოსწავლე მყავდა. ეს გასაკვირი არ არის. როგორც მე მიყვარს ცეკვა, ისე შეიძლება, 40 წლის ადამიანსაც უყვარდეს და თავისი სურვილის რეალიზება მოახდინოს.

-როგორი ცოლი ხარ?

-მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისად არ გამოვიყურები, კარგი დიასახლისი ვარ. როდესაც მაღაზიაში პროდუქტის საყიდლად შევდივარ, უკვირთ: საჭმელი შენ უნდა მოამზადოო? არ ჰგონიათ, რომ ასეთი პატარა, განსხვავებული გარეგნობის გოგო სახლში ყველაფერს ვაკეთებ. არადა, ასეა. საჭმელს ბავშვისთვისაც თავად ვამზადებ. ცოლიც კარგი ვარ (იცინის).

-ოჯახში კრიზისული სიტუაცია შეგქმნიათ?

-მატერიალურს თუ გულისხმობ -კი. ფული ხან არის, ხან -არა. ფული გვაქვს თუ არა, მაინც გვიხარია, რომ ერთად ვართ. ყველა ადამიანი აღმოჩენილა სიტუაციაში, როცა რაღაც უჭირს, პურის ფული არ აქვს ან პირიქით -"თავზე გადასდის" და მერე უცებ, სიტუაცია იცვლება... ჩვენთვის ეს უმნიშვნელოა (იღიმის).

-იმიჯის შეცვლას კიდევ ხომ არ აპირებ?

-ახალი იმიჯი ჯერ მე უნდა მომეწონოს, მაგრამ ხალხის აზრიც ძალიან მაინტერესებს. Aამიტომ, სოციალურ ქსელში ვიკითხე, -თმა გავიზარდო თუ არა-მეთქი? უმეტესობა ამბობს, -არაო. ალბათ, ცოტა ხანს ისევ ასეთი ვარცხნილობა მექნება...

-მეუღლე ასეთ ცვლილებებს როგორ აფასებს?

-ბევრნაირი ვარცხნილობა მქონია და ჩემი ვარცხნილობის შეცვლის ინიციატორი ყოველთვის ის იყო. მირჩევს ხოლმე, -მოდი, თმა ასე გაიკეთე, გვერდით აიპარსე, დაიხვიეო... ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ვასწავლით და ვურჩევთ...

-თავად უყვარს საკუთარ გარეგნობაზე ექსპერიმენტები?

-არა. მას შეუძლია, ძალიან დიდხანს ერთი სტილის ფეხსაცმლით იაროს, ერთი და იგივე ვარცხნილობა ჰქონდეს... იყო პერიოდი, ბენდენით დადიოდა. მე მოვახსნევინე, -ასე უფრო გიხდება-მეთქი. სულ წვერს ატარებს. წვერის გარეშე, საკუთარი თავი არ მოსწონს.

-ალბათ, "წყვილში" ცეკვავთ, ხომ?

-ჰო, ჩვენს ცეკვაზე მართლა ბევრი ლაპარაკობს, რადგან ეს უბრალოდ ცეკვა არ არის: როდესაც ვცეკვავთ, ახალი ისტორიები იქმნება... ხალხი გვეკითხება -დადგმული გქონდათო? მოძრაობის დროს ერთმანეთს ვგრძნობთ. ის ყველაზე კარგი პარტნიორია, ვისთანაც მიცეკვია (იღიმის).

-როგორც ვიცი, მღერი კიდეც... სიმღერის სფეროში, საკუთარი თავი რომელ სტილში წარმოგიდგენია?

-რა თქმა უნდა, "არენბიში". თუმცა, ჯაზი ძალიან მიყვარს. თან, ჩემი ხმის ტემბრი ჯაზთან "ახლოს არის" და ამ სტილში სიმღერასაც არ გამოვრიცხავ.

-მას შემდეგ, რაც პოპულარული გახდი, შენ შესახებ ჭორები თუ გსმენია?

-კი (იცინის). როცა მე და დევიდ ლევინმა "18+" ცეკვა შევასრულეთ, მაშინ თქვეს, -მოცეკვავეებმა სცენაზე გაიხადესო. არადა, მართლა გვეცვა, არაფერი გაგვიხდია (იცინის)...

-ყოველდღიურ ცხოვრებაში, ალბათ, ექსტრავაგანტური სამოსით ყურადღებას იქცევ. პოპულარობამდე, ხალხს შენი დანახვისას როგორი რეაქცია ჰქონდა?

-ცოტათი გაოგნებულები მიყურებდნენ, თუმცა აგრესია არასოდეს მიგრძნია. უბრალოდ, აინტერესებთ და მიყურებენ. ახლა ემოციებს უფრო გამოხატავენ, მოდიან და მეუბნებიან, -მომწონხარო.

-თავს ვარსკვლავად გრძნობ?

-კი (იცინის). ეს ძალიან მომწონს.

-რა გიქმნის ამ შეგრძნებას?

-რა თქმა უნდა, ადამიანების მიერ ჩემ მიმართ გამოხატული სიყვარული. მნიშვნელოვანია, როგორი პოპულარული ხარ: შეიძლება, ყველა გცნობდეს, მაგრამ ხალხის სიყვარულს ვერ იმსახურებდე. მთავარი პატივისცემაა.

ეთო ყორღანაშვილი