"მივხვდი, დიასახლისი ვიყავი, თან - სასოწარკვეთილი" - როგორ უმკლავდება შვილის "რთულ" კითხვებს სოფო გორელაშვილი
ქალის ცხოვრება ყოველთვის საინტერესოა, თუნდაც მაშინ, როცა ქალი მხოლოდ დიასახლისია. მაგალითად, საინტერესოა, იმ უამრავ საქმეს როგორ უმკლავდება, რომლის მოგვარებაც შინ, მოწესრიგებული გარემოს არსებობისთვის აუცილებელია. ამჯერად, ჩემი რესპონდენტი სოფო გორელაშვილი გახლავთ: როცა ქალი ლამაზია, პროფესიით მსახიობია, მეუღლეს დაშორებულია და შვილთან, დედასა და ბებიასთან ერთად ცხოვრობს, მასთან ქალურ-დიასახლისურ საკითხებზე საუბარი კიდევ უფრო საინტერესოა...
- კერძების მომზადება დიდად არ მეხერხება. ამის გამო, დედასთან სულ "ომი" მაქვს. მეუბნება, - ამხელა გოგომ საჭმლის მომზადება როგორ არ იციო?! კვერცხსაც კი ვერ ვწვავ. ერთადერთი, ნამცხვრებს (რაც მე მიყვარს) ვაცხობ, დანარჩენი - არაფერი გამომდის. სამაგიეროდ, სახლის დალაგებასთან დაკავშირებით, ძალიან "წიკიანი" ვარ - ყველაფერი თავის ადგილზე უნდა იდოს. ჩემი შვილი 5 წლის არის, მაგრამ ყველაფერი თავის ადგილზე აქვს დაწყობილი, ამას თავიდანვე შევაჩვიე.
- ოჯახის წევრებთან უთანხმოება თუ მოგსვლია იმის გამო, რომ ნივთები თავის ადგილას არ დევს?
- უთანხმოება გაუთავებლად მომდის, რადგან წვრილმანსაც კი დიდ ყურადღებას ვაქცევ. ამის გამო, ბებიას ჩემი დანახვა აღარ უნდა (იცინის).
- შენი, როგორც მეუღლეს დაშორებული დედის ცხოვრება როგორია?
- ჩემი პროფესიის გამო, საკმაოდ არაპროგნოზირებადი: შეიძლება, შინ გვიან დაბრუნება მომიხდეს ან სახლიდან ძალიან ადრე გავიდე... ჩემი ცხოვრება ქაოსურია, მაგრამ თუ გადაღებების პერიოდი არ მაქვს, დილა ჩემი შვილით - საბათი იწყება და მისით ღამდება. საბა როცა იძინებს, მეგობრებს მერე ვნახულობ, საკუთარი თავისთვის ამის შემდეგ ვიცლი.
- საკუთარ თავს როგორ ანებივრებ, რითი ერთობი?
- მუსიკა ძალიან მიყვარს. კვირაში ერთხელ განტვირთვისთვის, კლუბში მივდივარ. დავდივარ თეატრში, გამოფენებზე... სეირნობა მიყვარს. თავისუფალ დროს ვხატავ - მოყვარულის დონეზე, ჩანახატებს ვაკეთებ. ცეკვაც მიყვარს. ჯერ ვარჯიში დავიწყე. ვიფიქრე, თავს მივხედავ, სხვანაირ რეჟიმში ჩავდგები-მეთქი, მაგრამ არ შემიძლია. ამიტომ ვარჯიში ცეკვით ჩავანაცვლე - სამეჯლისო-სპორტული ცეკვების სტუდიაში დავდიოდი.
- ცეკვას თავი რატომ დაანებე?
- აღარ მეცალა. ისეთი დატვირთული რეჟიმი მქონდა, რომ საკუთარ თავს დროს საერთოდ ვერ ვუთმობდი. ახლა ცეკვაზე სიარულის გაგრძელებას ვაპირებ.
- ცეკვის ნიჭი გამოავლინე?
- რა ვიცი, მასწავლებლები მაქებდნენ...
- პროფესიული არჩევანი ხომ არ გინანია - იქნებ, მოცეკვავის კარიერა სჯობდა?
- არა, არა, მაგრამ ალბათ, სწავლის პარალელურად, ცეკვითაც რომ დავკავებულიყავი, კარგი იქნებოდა.
- სოფო, საბა უხერხულ შეკითხვებს გისვამს?
- ძირითადად, სულ უხერხულ შეკითხვებს მისვამს. ხანდახან მგონია, რომ ამ ქვეყანაზე არაფერი ვიცი, რადგან ზოგჯერ მის შეკითხვებზე პასუხი არ მაქვს. მერე ვნანობ, რომ მის ფილოსოფოსობას არ ვიწერ.
- მის აღზრდაზე როგორ ზრუნავ?
- მისთვის პლანშეტს შეგნებულად არ ვყიდულობ, რადგან არ მინდა, კომპიუტერზე ძალიან დამოკიდებული იყოს და ასოციალური გახდეს. მგონია, რომ კომპიუტერული თამაშები ბავშვს განვითარებაში, ადამიანებთან ურთიერთობაში ხელს ძალიან უშლის. ტელეფონზე თამაშისთვის ერთი დღე - შაბათი აქვს გამოყოფილი და ეს იცის. ყველაფერთან დაკავშირებით, საბას თავისი წესები, რეჟიმი აქვს. იცის, ბაღიდან მოსულმა პირველად რა უნდა გააკეთოს. მაქსიმალურად დაკავებული გვყავს ჭადრაკით, ცურვით... ახლა კალათბურთზე შემყავს. იცის, "თამაშის საათი" როდის აქვს. ბაღიდან მოსული ამბობს, - დღეს უნდა ვიმეცადინო, რომ მერე მულტფილმის ნახვაც მოვასწროო. ჯერჯერობით, რეჟიმს კარგად მივყვებით.
- აკონტროლებ, ბავშვი როგორ მულტფილმს უყურებს?
- რა თქმა უნდა. ახლა ისეთი გემოვნება ჩამოუყალიბდა, რომ მულტფილმის შერჩევა თავადაც შეუძლია, მაგრამ თავდაპირველად, "ბეტმენს", "სპაიდერმენს" და ასეთ რაღაცებს მცირე დოზით ვაყურებინებდი. უფრო, საბჭოთა პერიოდის მულტფილმებს ("ჩებურაშკა", "ნუ, პაგადი"...) ვუჩვენებდი, რაც კლასიკაა. მერე უკვე დისნეის ძველი მულტფილმების ნახვაზე გადავედით: "კონკია", "ფიფქია და შვიდი ჯუჯა", "პიტერ პენი"... ახლა თავად აღარ უნდა "სუპერმენის" და მსგავსი მულტფილმების ყურება. წელს "ჰარი პოტერს" პირველად უყურა და ძალიან მოეწონა. მინდოდა, საბა ჰუმანური ყოფილიყო. წლინახევრის გახლდათ, როცა "იავნანამ რა ჰქმნა" ვაყურებინე - ეს მის მიერ ნანახი პირველი ფილმია.
- როგორ აღიქვა?
- გაგიჟდა და გადაირია! ამ ფილმზე საშინლად შეყვარებული იყო: მერე, საგურამოში წავიყვანე, სადაც ეს ფილმია გადაღებული. საბა დადიოდა და ქეთოს ეძებდა... ყოველ საღამოს აუცილებლად, ზღაპარს ვუკითხავ ან ვუყვები და ისე იძინებს.
- როგორ ზღაპრებს ურჩევ?
- ყველანაირს: ანდერსენის, გრიმების... ახლა გიორგი კეკელიძის საბავშვო მოთხრობით, რომელიც თომა ჯუჯას შესახებაა, აღვფრთოვანდი. საბასაც ძალიან მოეწონა. თუ დისნეის ზღაპრის ეკრანიზაცია გადაღებულია, საბას ჯერ ზღაპარს ვუკითხავ და მულტფილმით მერე თავად ინტერესდება... საერთოდ, ოჯახში "ცოტა ისეთ" სიტყვებს არ ვამბობთ, რადგან ბავშვი მავნე ზეგავლენისგან ისედაც არაა დაცული. უკაცრავად, მაგრამ მეტყველებაში სიტყვა "დებილსაც" არ ვიყენებ. ამას წინათ ინტერნეტში განთავსებული, ქართულად გახმოვანებული მულტფილმი ჩავრთე და პერსონაჟები საშინელ სიტყვებს ამბობდნენ: "ჩათლახი", "დამპალი"... ასეთი სიტყვები დიდ აგრესიას შეიცავს. თან, მაინტერესებს, ინგლისურიდან რომელი სიტყვა გადმოთარგმნეს, რომ "ჩათლახი" გამოუვიდათ?! გაოგნებული ვარ. ხომ უნდა გაითვალისწინონ, რომ საბავშვო მულტფილმია, პატარები უყურებენ?! მესმის, უნდათ, რომ სასაცილო გამოვიდეს, მაგრამ შეიძლება, უფრო საინტერესო სიტყვებით ისე გაახმოვანონ, რომ ბევრად სასაცილო გამოვიდეს, ვიდრე - უზრდელურად გახმოვანებული. მათი საქციელი "მარტივად გამოძრომას" ჰგავს - სასაცილო რომ გამოვიდეს, აუცილებლად უზრდელური და ყურში მოსახვედრი უნდა იყოს...
- საბა შენს თაყვანისმცემლებზე არ ეჭვიანობს?
- (იცინის) ამას ჯერ კარგად ვერ აღიქვამს. საერთოდ, იცის, რომ ბევრი მეგობარი მყავს. მეგობრები ხშირად მსტუმრობენ - ჩემს სახლში სულ ხალხმრავლობაა. თუ ვინმესთან ძალიან სერიოზული ურთიერთობა არ მაქვს, მას საბასთან ურთიერთობა ნაკლებად აქვს. პირველ სართულზე ვცხოვრობ და ყვავილები, საჩუქრები რომ მხვდება, საბა ამის გამო გიჟდება, - ოჰ, კიდევ ვიღაცას დაუტოვებიაო (იცინის)!
- საბა თუ კითხულობს, მისი მშობლები ერთად რატომ არ ცხოვრობენ?
- პირველად შარშან დასვა ასეთი შეკითხვა: როლიკო აქ რატომ არ ცხოვრობსო? დედაჩემმა უთხრა: როლიკო ძალიან დიდია და ამ სახლში ვეღარ დაეტიაო (იცინის). - ჰო, მართალია, დიდიაო, - დაეთანხმა საბა. ეს ისე კარგად გაიგო, რომ 1 წლის განმავლობაში, მეტჯერ აღარ უკითხავს. ასეთი შეკითხვის დასმა ზაფხულში დაიწყო. უკვე ხშირად უნდა, რომ ყველაფერს თავისი სახელი უპოვოს. იცი, რას ვერ ხვდება? წარმოდგენილი აქვს, რომ ბავშვი ცოლ-ქმარს უნდა ჰყავდეს. მეკითხებოდა, - შენ თუ ქმარი არ გყავს, მე როგორ ვარო? ძალიან მარტივად ვუთხარი: ხანდახან ადამიანები ერთმანეთთან კარგად არიან, ერთად კარგად ცხოვრობენ. მერე გადავწყვიტეთ, რომ მე ჩემს სახლში უფრო კარგად ვარ, როლიკო კი - თავის სახლში-მეთქი. გაიგო...
- შვილის გამო, ყოფილ მეუღლესთან ურთიერთობის აღდგენა გიცდია?
- ყოველთვის მიმაჩნდა და ახლაც ასე მგონია, რომ ოჯახში კონფლიქტის ყურებას ჯობია, ბავშვს ცალკე ჰყავდეს კარგი დედა და ცალკე - კარგი მამა. ეს მისთვის ბევრად ნაკლები ფსიქოლოგიური სტრესია, ვიდრე შინ გაუთავებელი კამათის, დაძაბულობის ყურება. ჩემი მშობლებიც გაცილებულები არიან. ხომ არიან ადამიანები, რომლებიც ოჯახს იმ მოსაზრებით არ ანგრევენ, რომ ბავშვი დაკომპლექსდება, დაიჩაგრებაო? არადა, რომ დაუფიქრდე, აბსოლუტურად პირიქით ხდება: ოჯახში არსებული დაძაბულობა ბავშვის ფსიქიკაში უფრო ცუდად ილექება. გაუთავებელ გაუგებრობას ჯობია, შვილს წყნარი, მშვიდი, მხიარული დედა და ასევე, ბედნიერი, გადასარევი მამა ჰყავდეს, რომლებიც ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ოჯახის შენარჩუნება უნდა სცადო, რა თქმა უნდა, მაგრამ როცა რაღაც დაიმტვრევა, მას ვეღარ შეაწებებ.
- ოდესმე სასოწარკვეთილ დიასახლისად გიგრძნია თავი?
- რუსეთიდან რომ დავბრუნდი, გარკვეული პერიოდი არ ვმუშაობდი - სახლის საქმეებს ვაკეთებდი... პირველად მაშინ გავაცნობიერე, რომ დიასახლისი გავხდი, თან - სასოწარკვეთილი. რასაც ვაკეთებდი, არც მომწონდა, არც მსიამოვნებდა და ვერ გავიგე, სახლში რატომ ვიყავი? ჩემი დილა საოჯახო საქმეებით, ბინის მოწესრიგებით იწყებოდა. ასეთ სიტუაციაში საკუთარი თავი არ მომეწონა... მერე, ისე მოხდა, რომ რუსებთან ვითანამშრომლე: "ფროდაქშენი" ძვირი უჯდებოდათ და ამიტომ მთხოვეს, პროექტის ქართული მხარის წარმომადგენელი ვყოფილიყავი. შემდეგ "მზარეულებში" ვმონაწილეობდი, მერე კი - "წავიდა და წავიდა"...
- ოჯახში ფინანსურ საკითხებს თავად აგვარებ?
- გადასახადების დაფარვა საკუთარ თავზე დედას აქვს აღებული. გადახდა როცა მიცდია, ცოცხალი თავით არ დაუნებებია. როცა შემოსავალი მაქვს, მაქსიმალურად, საბას განვითარებაში "ვდებთ". დედას სამსახური სულ აქვს: ფსიქოლოგი გახლავთ, სამინისტროში მუშაობს.
- მელანქოლიური ფიქრები ხშირად გაწუხებს?
- ხშირად, მაგრამ არ ვიცი, რატომ.
- ასეთ ფიქრებს როგორ უმკლავდები?
- გამკლავებაც მიჭირს ხოლმე. დავასკვენი: ფიქრი კარგია, მაგრამ ძალიან ბევრი - არა... საკუთარ თავზე ვმუშაობ, რომ ბევრი არ ვიფიქრო.
- გიფიქრია, რომ მამაკაცის გარეშე ცხოვრება უკეთესია?
- ძალიან ხშირად (იცინის)... ერთი პერიოდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ მამაკაცი სრულიად არაფერში მჭირდებოდა, რადგან მარტო ბევრად უფრო კომფორტულად ვგრძნობდი თავს, როდესაც არავისზე ხარ დამოკიდებული, არავის აბარებ ანგარიშს...
- შეიძლება, ქალი მეორე ნახევრის გარეშე ბედნიერი იყოს?
- ჩემთვის მთავარია, გინდოდეს, რომ ბედნიერი იყო და აუცილებლად იქნები, მეორე ნახევართან ერთად იქნება ეს, თუ მის გარეშე, მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ბედნიერების სურვილი... საბოლოო ჯამში, ალბათ, ქალიც და კაციც მეორე ნახევრის გარეშე ცოდოა: ცხოვრებაში ყველას - დედას, შვილს, მეგობრებს, საყვარელ ადამიანს - თავისი ადგილი აქვს. ჩემი აზრით, საყვარელი ადამიანის ადგილიც შევსებული უნდა იყოს.
ეთო ყორღანაშვილი