ვინ ეხმარება ელენე გედევანიშვილს სტრესული ცხოვრების დაძლევაში - გზაპრესი

ვინ ეხმარება ელენე გედევანიშვილს სტრესული ცხოვრების დაძლევაში

სპორტსმენ გოგონას ჩიტები განსაკუთრებულად უყვარს: თურმე, ბავშვობაში კვესეთში ისვენებდა. ბაბუამ ბუდიდან გადმოვარდნილი ბუს 2 ბარტყი მიუყვანა. უსაყვარლესი არსებები მაგიდის ქვეშ შეძვრნენ და იქ ისხდნენ, გარშემო მყოფებს ნისკარტით იგერიებდნენ. რამდენიმე დღეში, როცა პატარა ბუები მოღონიერდნენ, ელენემ და მისი ოჯახის წევრებმა ისინი ბუნებაში დააბრუნეს... ელენე ბავშვობაში გოჭსაც ზრდიდა, რომელიც ძალიან უყვარდა. როცა გოჭუნამ მზესუმზირის ყვავილების განადგურება დაიწყო, ბაბუამ დაკლა და კვესეთში დაბრუნებულ ელენეს ოთხფეხა მეგობარი აღარ დახვდა...

ამჟამად, მისი ოთხფეხა მეგობარი უსაყვარლესი არჩიბალდი გახლავთ, რომელიც სპორტსმენ გოგონას სტრესულ ცხოვრებას განსაკუთრებულ სითბოსა და სიყვარულს სძენს...

- იორკის ჯიშის თეთრი ძაღლი - არჩიბალდი მყავს. ის 2010 წელს, ოლიმპიადის წინ დედამ მიყიდა. ძალზე ენერგიულია. გაცნობის დღიდანვე შემაყვარა თავი. დაახლოებით 1 თვის იყო, დედამ რომ მაჩუქა. არჩიბალდი ჩემთვის ძაღლის იდეალია: არ ყეფს, არ იკბინება და ძალიან მოსიყვარულეა. დიდი თეთრი "გუნდაა". 2 კილოგრამზე ნაკლებს იწონის. თავდაპირველად, მსურდა, ყველგან თან მეტარებინა, მაგრამ ეს რთული აღმოჩნდა: ჯერ ჩემთან ერთად ცხოვრობდა, მაგრამ როცა შეჯიბრებაზე მივდიოდი, ვერავის ვუტოვებდი, მისიMმარტო დატოვებაც არ შემეძლო... მოკლედ, კანადაში არჩიბალდის პატრონობა გამიჭირდა და ახლა ძალიან მენატრება!

GzaPress- გააჩუქე?

- არა, ის ამერიკაში, ჩემს მშობლებთან ცხოვრობს. არჩი მათი "შვილიშვილია". დედ-მამას უჩემობას უმსუბუქებს.

- არჩის "სკაიპით" არ ეკონტაქტები?

- როცა ვიდეოკამერიდან დავუძახებ, აქეთ-იქით იყურება (იღიმის)...

- შენთან განშორებას როგორ შეეგუა?

- ბოსტონიდან კანადაში რომ მივდიოდი, არჩი ჩანთაში (სადაც ჩემი კაბები იყო) ჩაჯდა. ალბათ იფიქრა, - გამგზავრებისას ჩემი წაყვანა არ დაავიწყდესო და მერე ჩანთიდან აღარ გადმოდიოდა... კანადაში, შეჯიბრებაზე რომ მივდიოდი, თავისი ტანსაცმლის ყუთიდან მაისური ამოიღო და ჩემოდანში ჩადო. ეს რომ დავინახე, გული ისე მეტკინა, არსად წასვლა აღარ მინდოდა. როგორც კი სადმე გამგზავრებას დავაპირებ, მაშინვე ჩემოდანში ჯდება.

- ოინების მოწყობა უყვარს?

GzaPress- ახლა - აღარ, მაგრამ ადრე ჩემს საცვლებს იპარავდა და ხან სად მიჰქონდა, ხან - სად (იცინის)...

- "შეყვარებული" არ ჰყავს?

- მისი "შეყვარებული" სათამაშო მაიმუნი გახლავთ (იცინის). არჩი იმ ადგილას მიდის, სადაც მაიმუნს ვუმალავთ და ტირის ხოლმე. გათამამებული მყავს: ძაღლებისთვის განკუთვნილ საკვებს არ ჭამს. პრეტენზიულია. შინ ყველგან კატასავით დარბის. როცა მძინავს, დაჯდება და შემომტირის, - მეც საწოლზე ამიყვანეო. ასე მხოლოდ მე მაწვალებს.

- სტილისტთან დაგყავს?

- კი, მაგრამ "თმას" თავადაც მშვენივრად ვჭრი.

- კანადაში, ბინის მეპატრონემ იცოდა, რომ ძაღლი გყავდა?

- არა. არჩი ზურგჩანთაში ჯდება და ხმას არ იღებს. სადაც ქირით ვცხოვრობ, იქ არ შეიძლება, ძაღლი ვიყოლიო. რადგან არჩი უპრობლემოა, - პატარა ზომისაა და არც ყეფს, ამიტომ გავრისკე.

- არჩის არასდროს გაუბრაზებიხარ?

- ხანდახან რაღაც ეშლება, მაგრამ ისეთი საყვარელია, რომ წუთზე დიდხანს ვერ ვუბრაზდები.

- როცა ცუდ ხასიათზე ხარ, გრძნობს?

- კი, მოდის და მეფერება. ამიტომაც ვიყიდეთ - სტრესული ცხოვრება მაქვს, არჩი კი ძალიან მშველის, მამშვიდებს.

ეთო ყორღანაშვილი