ქსოვილების გამომყვანი და "კავეენში" შემძვრალი მსახიობის ერუდიცია
"კომედი ჯგუფის" მსახიობი, ლადო კუჭუხიძე პროფესიით გამომყვანი წარმოების ქიმიური ტექნოლოგიისა და მოწყობილობის სპეციალისტია. ამბობს, რომ ეს არჩევანი მისმა ოჯახმა გააკეთა, თავად სამუსიკო სასწავლებელში ჩაბარება უნდოდა. სტუდენტობის წლებში შედარებით აქტიური მკითხველი იყო. ახლა კი ყველაზე მეტ დროს სამსახურში ატარებს და მხატვრული ლიტერატურის გასაცნობად დროის გამონახვას ხშირად ვეღარ ახერხებს.
- ჩემთვის საინტერესო ბევრ ინფორმაციას დღეს ინტერნეტიდან ვიღებ, სოციალურ ქსელში ვკითხულობ. სამსახურიდან სახლში იმდენად დაღლილი მივდივარ, მხატვრული ლიტერატურის კითხვა რომ დავიწყო, ეგრევე დამეძინება.
შედარებით აქტიური მკითხველი სტუდენტობის წლებში ვიყავი, გამორჩეულად ჭაბუა ამირეჯიბის შემოქმედება მიყვარს, ხოლო სერვანტესის "დონ კიხოტი" ყველაზე საინტერესო ნაწარმოებად მიმაჩნია.
"გეპეი" მაქვს დამთავრებული, გამომყვანი წარმოების ქიმიური ტექნოლოგიის და მოწყობილობის სპეციალისტი ვარ. აბრეშუმკომბინატში ქსოვილები უნდა გამომეყვანა, მაგრამ დღეს სრულიად განსხვავებულ სფეროში ვსაქმიანობ. ბავშვს რისი ნიჭი და ინტერესიც აქვს, იმ მიმართულებით განვითარებაში უნდა დაეხმარო. მე რომ ქუთაისის ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩავაბარე, კომუნისტების პერიოდი იყო. ჩემს დებსა და ბიძაშვილებს ყველას ტექნიკური უნივერსიტეტი ჰქონდათ დამთავრებული. ჩემს დას გავუმხილე, მუსიკალურ სკოლაში მინდა ჩაბარება-მეთქი და ძალიან გაბრაზდა, ჩვენი ოჯახის ყველა წევრმა "გეპეი" დავამთავრეთ და შენ რატომ უნდა იყო მუსიკოსიო (იცინის)? მერე უკვე "გეპეიში" რომ ჩავაბარე, "კავეენში" შევძვერი და მაინც იმ მიმართულებით წავედი, რისი ინტერესიც მქონდა. ახლა უკვე ჩემი საქმიანობა მოსწონთ.
ლიტერატურული პერსონაჟები რეალურ სამყაროში რომ არსებობდნენ, დიდი სიამოვნებით ვიძმაკაცებდი არსენა მარაბდელთან, დათა თუთაშხიასთან... შეიძლება ბანალურია, მაგრამ ადამიანი, რომელიც მდიდარს ართმევს და ღარიბს აძლევს, გაჭირვებულ ადამიანს მხარში უდგას და ცდილობს მას სიკეთე გაუკეთოს, ძალიან მომწონს. ვინც ასე ფიქრობს და საკუთარ თავში ამის ძალას პოულობს, ასეთი ადამიანებიც მიყვარს. რეალურ ცხოვრებაში იშვიათად, მაგრამ ასეთი პიროვნებები მაინც არსებობენ.
სკოლაში ყველაზე კარგად გეოგრაფიასა და ისტორიას ვსწავლობდი.
ინტელექტუალური თამაშები მიყვარს, თავად არასდროს მითამაშია, თუმცა ყოფილა შემთხვევები, როცა ლოგიკური აზროვნებით, სწორი პასუხი გამომიცნია. არ ვიცი, დღეს შენთვის რამდენად კარგი რესპონდენტი ვიქნები.
- შუა საუკუნეების ევროპაში, ალყაშემორტყმულ ციხესიმაგრეებში, ლოდების გარდა მკვდარ ცხოველებსაც ისროდნენ. რატომ?
- (ფიქრობს)...
- მიგანიშნებთ, ამ მეთოდს რაღაცის გასავრცელებლად იყენებდნენ.
- შეიძლება ვივარაუდო, ეპიდემიის გავრცელების მიზნით აკეთებდნენ.
- დიახ. "ეს არის ფითილი, რომლის ერთ მხარეს ცეცხლია, მეორე მხარეს - სულელი", რის შესახებ ამბობდა ამ სიტყვებს ბერნარდ შოუ?
- ვერ ვხვდები.
- ადამიანის მავნე ჩვევაზეა ლაპარაკი.
- ფითილი, სულელი და ცეცხლი (ფიქრობს)... სიგარეტის მოწევაზე მგონია.
- დიახ.
- მარტივი კითხვა იყო, რატომღაც გავართულე.
- ლაკონაში ჩაკეტილი სპარტელებისთვის ფილიპე მაკედონელს მიუწერია: თუ მოვედი, ძირფესვიანად ამოგთხრითო. რა უპასუხეს ლაკონიელებმა?
- მოდით.
- არა.
- მობრძანდით.
- ძალიან მოკლე და ლაკონიური პასუხი გასცეს, დაფიქრდით.
- ვერ ვხვდები.
- "თუ". რა ჰქვია ფურცლის დაკეცვით შექმნილ ხელოვნებას?
- არ ვიცი.
- ორიგამი. ის უდავოდ წარმოადგენს ბრაზილიის სიმბოლოს. დროდადრო უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებს ანიჭებდნენ. პირველი ორდენი წერა-კითხვის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მიიღო. მისმა ასობით ათასმა თანამემამულემ კითხვა მხოლოდ იმიტომ ისწავლა, რომ მისი ბიოგრაფია წაეკითხა, რა სახელით ვიცნობთ მას?
- საზოგადო მოღვაწეა?
- ფეხბურთელი.
- პელე.
- რაზე უფრო ადვილად იტყოდით უარს - ქალზე თუ ღვინოზე? ამ კითხვას ფრანგები მეტად ორიგინალურად პასუხობენ: გააჩნია...
- (ფიქრობს)...
- მიგანიშნებთ, ამ შემთხვევაში, ის, რაც ღვინისთვის ღირსებაა, ქალისთვის ნაკლია.
- ვერ გიპასუხებ.
- ასაკი.
- ანუ გააჩნია ასაკს?
- დიახ. თავად რაზე უფრო ადვილად იტყოდით უარს?
- ღვინოზე.
- "დათა თუთაშხია" გავიხსენოთ: რა ერქვა დურუ მედუქნის ქალიშვილს?
- კიკუ.
- ის 1899 წელს, ნეაპოლში დაიბადა. წამოიზარდა თუ არა, ოჯახის წევრებთან ერთად ბედის საძიებლად ნიუ-იორკში გაემგზავრა, მალე კრიმინალურმა სამყარომ ჩაითრია, თავიდან "დამხმარე ბიჭად" იყო, მაგრამ მისი "ნიჭი" მალე შეამჩნიეს და კვალიფიკაცია შეუცვალეს. 1929 წელს სამართალდამცავებმა დაიჭირეს და იარაღის ტარებისთვის 10 წელი მიუსაჯეს, მაგრამ ციხეში ის შეუზღუდავი უფლებებით სარგებლობდა, მეორედ ბრალი გადასახადების გადაუხდელობისთვის წაუყენეს. მან ნაფიცი მსაჯულების მოსყიდვა შეძლო, მაგრამ მსაჯულები პროცესის წინადღეს შეუცვალეს და 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. დაასახელეთ ვისზეა ლაპარაკი?
- ალ კაპონეზე.
- ვინ იხსნა კოხტასთავის შეთქმულება?
- ცოტნე დადიანმა.
- 1905 წელს, პარიზში უჩვეულო შეჯიბრება მოეწყო, რომელშიც მონაწილეობდა 300 ადამიანი. მათ 300 მეტრი უნდა დაეფარათ. გამარჯვებულმა დისტანცია 3 წუთსა და 12 წამში დაფარა. დაასახელეთ ადგილი, სადაც ეს შეჯიბრება მოეწყო.
- სავარაუდო პასუხებს მეტყვი?
- პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ეზოში, ეიფელის კოშკზე თუ ელისეს მინდვრებზე?
- ეიფელის კოშკზე.
- რას იჭრიდნენ ძველი ბერძნები გლოვის ნიშნად?
- თმას იჭრიდნენ.
- რომელი არასამეფო წარმომავლობის მქონე ადამიანის პორტრეტი დაბეჭდეს პირველად ბრიტანეთის საფოსტო მარკაზე?
- არ ვიცი.
- უილიამ შექსპირის. რა ერქვა ესკიმოსების საცხოვრებელ ქოხს, რომელიც ყინულის აგურებისგანაა აგებული?
- ვერ გიპასუხებ.
- იგლუ. რომელი ქართველი პოეტი ამბობდა: ანგელოზი მკარნახობს, თორემ ლექსების წერისთვის სად მცალიაო?
- გალაკტიონი.
- გოდერძი ჩოხელი თავის ერთ-ერთ მოთხრობაში, როდესაც ის მიტოვებულ სოფელს აღწერს, აღნიშნავს, მხოლოდ რამდენიმე იმედის თეთრი ძაფი მოჩანდაო. რას გულისხმობდა ის "იმედის ძაფებში"?
- ბილიკს? არა, ბილიკი არ იქნებოდა.
- ნახევრად მიტოვებული სოფელი წარმოიდგინეთ.
- სინათლეს?
- ცდებით.
- (პაუზის შემდეგ) სახლიდან ამოსულ კვამლს გულისხმობდა, არა?
- რა თქმა უნდა. დღე-ღამის განმავლობაში რომელი საათი უჩვენებს სწორ დროს მხოლოდ ორჯერ?
- ელექტრო.
- დარწმუნებული ხართ?
- არა, დავიბენი.
- გაფუჭებული საათი. რისი ჯიშია ჰუსარი?
- არ ვიცი.
- მაიმუნის. რას ნიშნავს სიტყვა "ბოზი"?
- ლამაზს.
- საუდის არაბეთში ამის მოპოვება უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ნავთობის. რაზეა ლაპარაკი?
- წყალზე.
- ეს ხე აღმოსავლეთ აზიის ბინადარია, დღე-ღამეში 60-70 სანტიმეტრით იზრდება. 100 წლამდე ცოცხლობს და სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ ყვავის.
- ვერ გიპასუხებ.
- ბამბუკი. არსებობს მხედველობის ნაკლი, რომლის დროსაც ადამიანი ფერებს კარგად ვერ არჩევს. დაასახელე ინგლისელი მეცნიერი, რომელსაც მხედველობის ეს ნაკლი ჰქონდა და რომელმაც პირველმა აღწერა იგი. შემდგომში მხედველობის ამ ნაკლს მისი სახელი დაერქვა.
- დალტონი.
- რა ერქვა ავაზაკს, რომელიც იესო ქრისტეს დასჯის სანაცვლოდ გაათავისუფლეს?
- ბარაბა.
- მას გარშემო ეკვრის ატლანტისა და ინდოეთის ოკეანეები, ხმელთაშუა და წითელი ზღვები. ევროპიდან გიბრალტარის ვიწრო სრუტით გამოიყოფა, ხოლო სუეცის არხით აზიას უკავშირდება. დაასახელეთ რომელ კონტინენტზეა ლაპარაკი?
- გთხოვ, კითხვა გამიმეორე (გამეორების შემდეგ), აფრიკა.
- რომელ მცენარეს უწოდა ეკატერინე II-მ "ასკილი მაღალი საზოგადოებიდან"?
- ვარდს?
- დიახ. ეს მდინარე თითქმის მთელ სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპაში მიედინება. 300 შენაკადი აქვს. მას ევროპის დედა მდინარესაც უწოდებენ. ძველმა ბერძნებმა კი "ოკეანის ძმა" შეარქვეს.
- დუნაი.
- რა ერქვა ალექსანდრე მაკედონელის დედას?
- ოლიმპიადა.
- დაბოლოს, დაასრულეთ სპინოზას ცნობილი გამონათქვამი: "თუ გინდათ ცხოვრებამ გაგიღიმოთ, აჩუქეთ მანამდე მას თქვენი კარგი..."
- ღიმილი.
- "...თქვენი კარგი განწყობა".