დათო ევგენიძის პირადი ცხოვრება და ტკივილი, რომელიც გაუნელებელია
ერთ დღეს ცივი "ლა" თბილი "სი"-თ შეაზავა და მშობლიურ ქალაქს ნოტებით გამოუტყდა სიყვარულში. მუსიკა ყოველთვის იყო მის ცხოვრებაში... ახლაც ასეა: დათო ევგენიძე დღესაც ჰანგებით ეკონტაქტება ადამიანებს, ფიქრებს, ოცნებებსა თუ მოგონებებს... რუბრიკაში "ცხოვრების გზა", ცნობილი კომპოზიტორი, თავისი ბიოგრაფიის რამდენიმე მნიშვნელოვან ეპიზოდზე გვესაუბრება.
- საკუთარ თავზე არასდროს მიფიქრია, მეტწილად - საყვარელ ადამიანებზე მეფიქრება. ბავშვობიდან ასეთი ვარ... ცელქი, მოუსვენარი ბავშვი ვიყავი, თუმცა არა - უზრდელი. მასწავლებლები გვერდზე მიყენებდნენ, რომ გაკვეთილის ახსნის დროს მათთვის ხელი არ შემეშალა. მე-7 კლასამდე სკოლაში ვსწავლობდი, მერე მუსიკალურ ათწლედში გადავედი. კარგად ვსწავლობდი იმ საგნებს, რომლებიც მიყვარდა და მაინტერესებდა. ასეთი იყო: ისტორია, ქართული, ფიზიკა. მიუხედავად იმისა, რომ დედა ქიმიკოსი გახლავთ, აქამდე არასდროს მაინტერესებდა ეს საგანი. ახლა დამაინტერესა, რადგან მივხვდი - სიყვარულიც ქიმიაა.
მუსიკა სულ იყო და არის ჩემთან ერთად. ძალიან პატარა ვიყავი, მუსიკის წერა რომ დავიწყე. 4-5 წლისას, მუზა რომ მომდიოდა, ღამით ვდგებოდი და ვუკრავდი. მამა ნერვიულობდა, დედას ეუბნებოდა, - ფსიქიატრთან მივიყვანოთ, ეს ბავშვი არ არის კარგადო. 6 წლისა მიმიყვანეს სანდრო მირიანაშვილთან. უფრო სწორად, მე კი არა, ჩემი და მიიყვანეს და მას ვახლდი, როგორც აკომპანიატორი, რადგან ჩემს დაწერილ სიმღერას მღეროდა. ეს სიმღერა შემდეგში გაზეთ "თბილისში" დაიბეჭდა, ბატონი სანდროს ინიციატივით. ჩემი პირველი მასწავლებელი სანდრო იყო ...
შემდეგში - ლილი იაშვილი, მოგვიანებით კი ნინა ცინცაძე, რომელიც სულხან ცინცაძის მეუღლე გახლდათ. 13 წლის რომ ვიყავი, ქალბატონი ნინას ინიციატივით, ბატონმა სულხანმა მომისმინა და თქვა: ეს ბიჭი კომპოზიტორადაა დაბადებული და სხვა რამეზე არც იფიქროსო. 14 წლის გახლდით, როდესაც ხელოვნების სახლში ჩემი პირველი საავტორო კონცერტი გაიმართა, რომელიც გუგული თორაძემ და მორის ფოცხიშვილმა გახსნეს.
ჩემი სიმღერების წყალობით, 9 წლიდან პოპულარული ვიყავი. ტელევიზიითაც ხშირად ვასრულებდი ჩემს ნაწარმოებებს. ამ ყველაფრის პარალელურად, ჩვეულებრივი თბილისური "ქუჩური ცხოვრებით" ვცხოვრობდი. ჩხუბიც ხშირად მიწევდა. განსაკუთრებით, მუსიკალურ ნიჭიერთა ათწლედში სწავლის პერიოდში, სადაც ძალიან ბევრი ლამაზი გოგო დადიოდა, ბიჭები კი უმცირესობას წარმოვადგენდით. გაკვეთილების შემდეგ, ამ გოგოებს სახლში ვაცილებდი, გზად კი მათი თაყვანისმცემლების მოგერიება მიხდებოდა.
- დარწმუნებული ვარ, მხოლოდ ეს გოგონები არ წარმოადგენდნენ თქვენს სამეგობროს. კიდევ ვისთან მეგობრობდით?
- დიდი სამეგობრო მყავდა: ტატო და გუგა კოტეტიშვილები, ლევან აბაშიძე, დათო ჯანელიძე, გეგა კობახიძე, ირაკლი ჩარკვიანი, ლევან კერესელიძე, დათო გომართელი... მაშინ კლუბები არ არსებობდა. 13-14 წლისანი რომ ვიყავით, ვისაც დიდი ბინა ჰქონდა, იმასთან ვატარებდით კონცერტებს. "შატალოზე" როდესაც მივდიოდით, მუზასთან ვიკრიბებოდით, მერე აუცილებლად მივდიოდით რუსთაველის #44-ში, ჩემი სახლის ქვემოთ მდებარე ფოტოატელიეში. ორი ფოტოგრაფი მუშაობდა: ალიკა და თამაზა. ხშირად ვაკითხავდით მათ და ვიღებდით ფოტოებს. ალექსანდრეს ბაღშიც გვიყვარდა თავმოყრა.
- რა ასაკში გეწვიათ პირველი სიყვარული?
- პირველი სიყვარული საბავშვო ბაღში მეწვია. მთელი 2 წელიწადი ვგიჟდებოდი ქეთინო მჭედლიშვილზე - ახლაც მახსოვს მისი სახელი. ფერიასავით იყო, თეთრი კაბებით დადიოდა... სკოლაში სწავლის პერიოდში ნინო სოკოლოვა მიყვარდა. მარტო მე კი არა, კლასში 29 ბიჭი ვიყავით და 28-ს ის გვიყვარდა, ერთს კი - ვასიკო მაღლაფერიძეს - ხათუნა ფოფონაიშვილი მოსწონდა. მოხერხებული გახლდით. ნინო ხუთოსანი იყო და დედაჩემს ვუთხარი, მისი მშობლებისთვის ეთხოვა, რომ ვემეცადინებინე. ასეც მოხდა, რის გამოც, სერიოზული ჩხუბი მომივიდა ჩემს კლასელებთან.
- პირველ ქორწინებაზე მიამბეთ. მამა რა ასაკში გახდით?
- 23 წლის ვიყავი, როცა ანჟელიკა დაიბადა. ის ახლა პარიზში ცხოვრობს და ჩვენ საუკეთესო ურთიერთობა გვაქვს. მე და დედამისი ერთი პერიოდი ერთად ვცხოვრობდით, თუმცა დაქორწინებულები არ ვყოფილვართ. პირველად 26 წლისამ ვიქორწინე ნინა კალანდაძეზე. მერე დაიბადა ლიკა, შემდეგ - ლუკა. ნინა ხელოვნებათმცოდნეა, ახლა მშვენიერი ოჯახი აქვს. ჩვენი ორი საერთო შვილის გარდა, კიდევ ორი არაჩვეულებრივი გოგო ჰყავს. მიხარია, რომ ბედნიერია.
შემდეგში ჩემს ცხოვრებაში ნინო ჟვანია გამოჩნდა და დარჩა სამუდამოდ. პატარა იყო, როდესაც ნათესავის ოჯახში გავიცანი. ვიცოდი მისი ტკივილი, რომ ბებია და ბაბუა დაუხვრიტეს აფხაზეთში. ყოველთვის მომწონდა და თვალყურს ვადევნებდი. ჩვენ 13 წლის წინ დავქორწინდით. პირველ მეუღლეზე 9 წლით, ნინოზე კი 17 წლით უფროსი ვარ.
- როგორი მეუღლე და როგორი მამა ხართ?
- როგორი მეუღლე ვარ, ეს ნინოს უნდა ჰკითხოთ. ძალიან ადვილად მოსავლელი მამაკაცი ვარ. მთავარია, დროულად მომამარაგონ ყავით. სხვა - ერთადერთი სულიერი მოთხოვნა მაქვს: შემიძლია, ნინო ღამის 3 საათზე გავაღვიძო და გონებაში მოხაზული მელოდია მოვასმენინო... ნამდვილად ვიცი, რომ კარგი მამა ვარ. მიუხედავად ჩემი ცხოვრების არანორმალური წესისა, ოჯახის გაფრთხილების თვისება შევინარჩუნე. ოჯახი წმინდაა.
- როგორი იყო თქვენთვის თანამედროვე თბილისი?
- იმ თბილისის ნოსტალგია მაქვს. მწვანე ქალაქს წარმოადგენდა მაშინდელი თბილისი, რომელშიც მოღიმარი ხალხი დადიოდა. ქუჩაში უამრავ ნაცნობს ვხვდებოდი. ცოტა არ იყოს, ქილიკის საგნად არის ეს ფრაზა ქცეული, რომ "თბილისი იყო ურთიერთობა". არადა, მართლა ურთიერთობა იყო თბილისი. ამ ურთიერთობას ჰქონდა დაუწერელი კანონიკა: ხალხი ერთმანეთს ესალმებოდა, ავტობუსში ადგილს უთმობდა, გადასასვლელზე მოხუცები გადაჰყავდათ. კარგი თაობა ვიყავით. ცოტანი დავრჩით. რისი მიზეზიც იყო აფხაზეთის ომი, სამოქალაქო ომის პერიოდი, წამალი, რომელსაც ძალიან ბევრი შეეწირა ჩვენი თაობიდან. სხვათა შორის, "დაკარგულ თაობას" გვეძახიან, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ - ჩემი თაობა საგანძური უფროა, რომელიც არ ჩანს. ისეთი არქეოლოგი სჭირდება, ვინც მას აღმოაჩენს და წარმოაჩენს.
- ახლახან ბერლინალეზე ფილმის "მძევლები" პრემიერა გაიმართა. ფილმი "თვითმფრინავის ბიჭებზე" გვიამბობს. მათ შორის თქვენი მეგობარი, გეგა კობახიძე იყო. ფილმის რეჟსორი რეზო გიგინეიშვილიც თქვენი ახლობელია.
- რეზიკო ჩემი ოჯახის წევრია, ჩემს შვილებთან ერთად გაიზარდა და ჩემი ნაბოლარა ნიკოლოზის ნათლიაცაა. 6 წლის იყო, ჩემი სიმღერა რომ შეასრულა. საერთოდ, 54 სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის მაქვს დაწერილი მუსიკა, მათ შორის, რეზო გიგინეიშვილის ყველა ფილმისთვის, გარდა "მძევლებისა"... იმდენად სუბიექტური ვიყავი, გამიჭირდა ობიექტურად, გვერდიდან დამენახა ეს ისტორია და ამ ფილმზე მემუშავა. რაც უნდა დამეწერა, იქნებოდა რეკვიემი, გოდება. რეზიკომ რამდენიმე ეპიზოდი მაინც გამომიგზავნა. წარმოიდგინეთ, როგორი სამუშაო იქნებოდა, დამეწერა მუსიკა იმ ქორწილისთვის, რომელშიც მე ვიჯექი, მარჯვნივ ლევან აბაშიძე მეჯდა, მარცხნივ - ირაკლი ჩარკვიანი... საკუთარი თავის საუნდტრეკი უნდა დამეწერა?! ვერ შევძელი და რეზიკოც გამიფრთხილდა. მოწმე ვარ, ისიც ძალიან დიდხანს ემზადებოდა ამ ფილმის გადასაღებად. როდესაც ახლო წარსულში მომხდარ ისტორიას იღებ, რომლის მოქმედი გმირების მშობლები და თვითმხილველები ცოცხლები არიან, ყოველთვის ბეწვის ხიდზე გიწევს გავლა, რომ რომელიმე მხარეს არ ატკინო. ამას გამბედაობა სჭირდება. რასაც ვუყურე, დიდი სიყვარულითა და ტკივილით აქვს გადაღებული. ეს დასაფასებელია! იცით, როდესაც ბერლინში წაიღო ეს ფილმი, გონებაში გავიფიქრე, რომ მან გააფრინა "თვითმფრინავის ბიჭები" ევროპაში.
- გაიხსენებთ გეგასთან თქვენს ბოლო შეხვედრას?
- ჩვენი შეხვედრა გეგასა და თინიკოს ქორწილში შედგა. ბავშვობის მეგობრებმა, მე და ირაკლი ჩარკვიანმა თითქოს ცოტა ვიეჭვიანეთ, უთქმელად... ვერ მივხვდით, ჩვენ რატომ არ ვიყავით მეჯვარეები. გია მიქაბერიძეს კარგად ვიცნობდით, წერეთელი და ძმები ივერიელები ბოლო პერიოდში, თინას მხრიდან შემოვიდნენ გეგას ცხოვრებაში. მე იმ პერიოდში მოსკოვში ვსწავლობდი და არ არსებობდა, როცა ჩამოვდიოდი, გეგა არ დამხვედროდა აეროპორტში. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ჩამოვედი და გეგა არ დამხვდა. გამიკვირდა. მერე ირაკლიმ მითხრა: მეც ვეღარ ვხედავ ხშირადო. ქორწილიდან ცოტა ადრე წამოვედით მე და ირაკლი. ცუდი შეგრძნება მქონდა. რაღაც ინტუიციურად მტკიოდა, ოღონდ ვერ ვხსნიდი, რა მჭირდა. რომ გამოვდიოდით, გეგა დაგვეწია, - ჯერ ადრეა, რატომ მიდიხართო? რაღაც მოვიმიზეზეთ. - სად იქნებით? მოვალთო. მართლა მოვიდა. ღამის ორის ნახევარი იყო, მე და ირაკლი ჩემთან - ნუცუბიძეზე ავედით, დასაკრავად. კარში წერილი დამხვდა: "ვიყავით გეგა, თინიკო და კომპანია". ირაკლის ვუთხარი: რადგან ქორწილიდან ამოვიდა, ეტყობა, ჩვენი ნახვა ძალიან უნდოდა-მეთქი და ჩავაკითხეთ, კანდელაკზე ცხოვრობდა, პირველ სართულზე, ფანჯარაზე დავუკაკუნე. გამოგვხედა. მოიცადეთო, ჩაიცვა და ცოლთან ერთად გამოვიდა. ისევ ნუცუბიძეზე ავედით. ვუკრავდით, ვიმაიმუნეთ, ვხუმრობდით. თინიკო ტრაგიკული სახით იჯდა. მახსოვს, ჩაის რომ ვამზადებდით, სამზარეულოში ირაკლის ვუთხარი: რა უჟმური გოგოა. ეტყობა. ჩვენ არ მოვწონვართ, ერთი არ გაუღიმია-მეთქი. რას წარმოვიდგენდით, რა ფიქრები ტრიალებდა იმ დროს მის გონებაში. 8 საათი ხდებოდა, დილით სახლში მივიყვანეთ. გეგა ისე ჩაგვეხუტა, გამიკვირდა. წესით, ბათუმში მიდიოდა და 10 დღეში უნდა დაბრუნებულიყო. სანამ დაგვშორდებოდა, შემოტრიალდა და "ქემელის" კოლოფზე წარწერას თურკისჰ ბრანდ თითი გაუსვა, ხმამაღლა წაიკითხა და გვესროლა. როგორც ჩანს, რაღაც გზავნილი მოგვცა, თქმით კი არაფერი გვითხრა, გაგვიფრთხილდა...
შინ რომ მოვედი, დავიძინე. რამდენიმე საათში ირაკლის ზარმა გამაღვიძა, - გეგამ თვითმფრინავი გაიტაცაო. თავიდან მეგონა, მაშაყირებდა. სასწრაფოდ გავიქეცით აეროპორტში, მაგრამ გზა გადაკეტილი დაგვხდა.
- თინიკოს თუ შეხვდით შემდეგში?
- არა, ქორწილის შემდეგ აღარ მინახავს.
- რა ახსნა მოუძებნეთ მეგობრის ამ საქციელს, როდესაც ეს ამბავი დაიჯერეთ?
- არც არასდროს მიცდია ანალიზი გამეკეთებინა. იმ წამიდან, გავიგე თუ არა ეს ამბავი - ვიგრძენი ტკივილი. ეს ამბავი ჩემთვის არის გულის ის ნაწილი, რომელიც მტკივა და მეტკინება მანამ, ვიდრე ცოცხალი ვარ.