ხატია მელქაძეს ფსიქოლოგიური წიგნები იზიდავს - რატომ დათრგუნა მსახიობი "ლოლიტამ"
მსახიობ ხატია მელქაძეს წიგნის კითხვისას მნიშვნელოვანი ფრაზების მონიშვნა, ამოწერა უყვარს. პატარ-პატარა ჩანახატებს თავადაც წერდა და ერთ-ერთ გაზეთში აქვეყნებდა, მაგრამ წიგნის დაწერის ამბიცია არ გასჩენია. ამჟამად, მსახიობის პირად ბიბლიოთეკაში, წიგნების თაროზე ძირითადად, ფსიქოლოგიურ ლიტერატურას ნახავთ...
- შინ მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა არა, მაგრამ ბევრი წიგნი მაქვს: ფსიქოლოგიური ლიტერატურა მიყვარს. გაგიმხელთ: მინდა, მაგისტრატურაში ფსიქოლოგიის განხრით ჩავაბარო, ოღონდ, ჩემი მიზანი ფსიქოლოგობა არ არის - სამეცნიერო კვლევები უფრო მაინტერესებს... ბავშვობაში ზღაპრები დიდად არ მიყვარდა. ზღაპრებს ახლა უფრო ხშირად ვკითხულობ - შინაარსს, პერსონაჟებს სხვაგვარად აღვიქვამ. საერთოდ, ადამიანებზე, მათ ხასიათზე დაკვირვება მიყვარს.
- შენ მიერ დამოუკიდებლად წაკითხული პირველი წიგნი რომელი იყო?
- დაახლოებით 12 წლის ვიყავი, როცა შიო გვეტაძის "მონანიება" წავიკითხე და ბევრი ვიტირე... მახსოვს, პატარა, თეთრ-ლურჯად გაფორმებული წიგნი იყო. რომანის შინაარსი ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ წიგნების კითხვა სწორედ ამ ნაწარმოების წაკითხვით შემიყვარდა.
- პირველი წიგნი წასაკითხად როგორ შეარჩიე?
- მშობლების სახლში მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა გვაქვს. დედას და მამას კითხვა ძალიან უყვართ, თან - ყველა ჟანრის ნაწარმოების. არავის ურჩევია. უბრალოდ, თაროდან წიგნი ჩამოვიღე, რომელსაც "მონანიება" ეწერა. ველოდი, რომ ფილმის - "მონანიება" ანალოგი იქნებოდა, მაგრამ იმავე სახელწოდების სხვა რომანი შემრჩა ხელთ...
- წიგნებს ყველაზე აქტიურად, ცხოვრების რომელ ეტაპზე კითხულობდი?
- ორსულობის პერიოდში თითქმის ყველა ძილიანობას, მოთენთილობას უჩივის, მე კი 7 თვის განმავლობაში, ლამის 24 საათი ფხიზელი ვიყავი. ღამღამობით წიგნებს ვკითხულობდი. რამდენიმე ნაწარმოები სამჯერ გადავიკითხე. მერე ახალ წიგნებს ვყიდულობდი.
- რომელიმე კონკრეტული ჟანრის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდი?
- თავდაპირველად, ფსიქოლოგიური წიგნები მაინტერესებდა. ორსულობისას ეს ინტერესი გამიმძაფრდა, მაგრამ შიგადაშიგ რომანებიც შევურიე. მაგალითად, ბუკოვსკის "მაკულატურა" ძალიან მომეწონა. ნაბოკოვის "ლოლიტამ" ცოტათი დამთრგუნა. შეიძლება, ორსულობის ბრალი იყო... საერთოდ, "ღორმუცელა" ვარ - წიგნების განათხოვრება არ მიყვარს. მგონია, ნაწარმოებს ერთხელ რომ წავიკითხავ, რაღაცას ვტოვებ და წიგნის რამდენჯერმე გადაკითხვა მიყვარს. ჩემს წიგნებს ეტყობა, რომ ბევრჯერ ვკითხულობ: ხაზები მაქვს გასმული, რაღაცებს ვიწერ, თითქოს რამეში გამომადგება... ჯოზეფ მერფის "თქვენი ქვეცნობიერის ძალა" ძალიან საინტერესო წიგნია. უხეშად რომ ვთქვა, ქვეცნობიერის ძალამ ბევრჯერ სწორი გადაწყვეტილება მიმაღებინა. ფსიქოლოგიურ წიგნებში ბევრ ისეთ რამეს ვაწყდები, რაზეც მიფიქრია. ალბათ, ამიტომ მომწონს... "ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი" განსაკუთრებულად მიყვარს. ეს პატარა წიგნია, რომელიც შემიძლია, ყოველ მეოთხე დღეს გადავიკითხო.
- ამ ნაწარმოებში რა გიზიდავს?
- გინდა, სიმართლე გითხრა? ბოლო ფრაზა: ".მხოლოდ ღმერთს აქვს ჩემი გაღვიძების უფლება" - "მკლავს", ცუდად მხდის, ყელში ცრემლების ბურთი მებჯინება... არ ვაჭარბებ. აქვე აღვნიშნავ, რომ ჯოზეფ მერფისთან "ძალიან ახლოს" ვარ. მაგალითად, ეჭვიანი ადამიანი კარგად აქვს განხილული. მიაჩნია, რომ ასეთი პიროვნება ავადაა და იტანჯება.
- ეს თვისება გახასიათებს?
- მეტ-ნაკლებად, ყველა ადამიანი ეჭვიანია, მაგრამ პირადად მე, ეგოისტი უფრო ვარ, ვიდრე ეჭვიანი. ხშირად ეჭვიანობა და ეგოისტობა ერთმანეთში ერევათ, მაგრამ ეჭვიანობა ავადმყოფობაა. არ შეიძლება, ყველაფერში, ყველასთან მიმართებაში კითხვის ნიშანი გქონდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ კითხვის ნიშანი საკუთარ თავში გაქვს. როცა მშვიდად, "დაწყობილი" ხარ, ცხოვრებაც უფრო მარტივია. თუნდაც, ცოლქმრული ურთიერთობის მაგალითი მოვიყვანოთ: ქმარი ცოლზე ეჭვიანობს, მაგრამ საკუთარ თავში ბოლომდე გარკვეული არ არის, კითხვის ნიშნებზე პასუხი არ აქვს... მჯერა, როცა დადებით ენერგიას გასცემ, უკან კარგად დაგიბრუნდება. შეიძლება, დადებითი ენერგიის მაქსიმუმს ვერ ვიღებ - უარყოფითიც არის, რა თქმა უნდა, მაგრამ თუკი დადებითს დავინახავთ და უარყოფითზე თვალს დავხუჭავთ, უარყოფითი ენერგია განულდება და მეტი დადებითი წამოვა...
- ლიტერატურული პერსონაჟებიდან საოცნებო როლი გაქვს?
- ჯულიეტა საოცნებო როლად დამრჩა. რატომღაც, ინსტიტუტში სწავლის პერიოდიდან მინდოდა, ჯულიეტა მეთამაშა.
- საკუთარ თავს რომელ პერსონაჟს ამსგავსებ?
- ბოლოს "პეპის" პრემიერა მქონდა. ნაწარმოები კიდევ გადავიკითხე. ადრე თუ ყველა პერსონაჟს ვგულშემატკივრობდი, ახლა მარტო პეპის დავაკვირდი: საკუთარ თავს რაღაცებში "ვიჭერ" - ადრეულ ასაკში, პეპის ვგავდი, როგორც დედისერთა, გათამამებული გოგო, მაგრამ სინამდვილეში, მას სხვა ტკივილი აქვს: მამა ენატრება, დედა ანგელოზია... მადლობა ღმერთს, ასეთი ტკივილი არ მაქვს. ისე ცხოველების როლშიც ბევრჯერ ვყოფილვარ. მაგალითად, ციყვი "გახლდით", ახლა ბაჭია "ვარ" (იცინის)... ასეთი ჩვევა მაქვს: როცა ცნობილ ლიტერატურულ ნაწარმოებს სპექტაკლად ვდგამთ, აუცილებლად კიდევ ერთხელ ვკითხულობ. მაგალითად, ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებში - "მე ვხედავ მზეს" ხატიას ვასახიერებ. ეს ნაწარმოები ბევრჯერ წამიკითხავს და ისიც კი მახსოვს, რომელ გვერდზე რა წერია. როლი რომ მივიღე, "მე ვხედავ მზეს" "ახალი თვალით", კიდევ ერთხელ გადავიკითხე...
- ნაბოკოვის "ლოლიტამ" რატომ დაგთრგუნა?
- არ ვიცი. წიგნი არასრულწლოვანი გოგოს და ასაკოვანი კაცის შესახებ არის. შეიძლება, ადამიანი ორსულობისას სხვანაირად ფიქრობ... ასევე, ჩემთვის შთამბეჭდავია ბუკოვსკის "მაკულატურა": ისეთი სიტუაციებია აღწერილი, რომ გგონია, "ჰეფი ენდით" დასრულდება. არადა, სულ სხვაგვარი დასასრული აქვს... ამ წიგნით გავერთე.
- რომელიმე წიგნის კითხვის დასრულების მერე გიფიქრია - ამ ავტორის საქმე მწერლობა არ არისო?
- კი, სხვათა შორის. აი, ეს როგორ მოხდა: გარკვეული წიგნები გამოვიწერე, რომლებსაც აქციის ფარგლებში, რაღაც წიგნები საჩუქრადაც მოაყოლეს. წიგნი თაროზე დასადებად არ მიყვარს - უნდა წავიკითხო. ჰოდა, იმ თურქმა მწერალმა (ვინაობა არ მახსოვს) მაპატიოს, მაგრამ მისი ნაწარმოების წაკითხვისას ვფიქრობდი, - ასე ხომ მეც დავწერ-მეთქი (იცინის)? "ლავ სთორების" კითხვა არ მიყვარს. ასეთი ჩვევა მაქვს: როცა წიგნს ავიღებ, ჯერ აუცილებლად ბოლო გვერდის ბოლო აბზაცს ვკითხულობ. ნაწარმოები ბოლოში "იყიდება": თუ ბოლო აბზაცი საინტერესოა, ნაწარმოებს ვკითხულობ, თუ "ლავ სთორია", გვერდზე გადავდებ. დიალოგები არ მიყვარს. მომწონს, როცა მწერალი სიტუაციას, გარემოს, გრძნობას აღწერს...
- დეტექტივების ბოლო ფურცელსაც კითხულობ?
- დეტექტივების კითხვაც არ მიყვარს (იცინის). ისე კი, ეს ჩვევა ყველა ჟანრის ნაწარმოებზე ვრცელდება. მთავარი ის ხომ არაა, რომ გავიგოთ, ვინაა მკვლელი, დანაშაული ვინ ჩაიდინა? მართალია, ბოლო ფურცელს წინასწარ ვკითხულობ, მაგრამ მანამდე განვითარებული მოვლენები ჩემთვის უფრო ძვირფასია.
- წიგნის ხელმეორედ გადაკითხვისას ახალი რა აღმოგიჩენია?
- ზიგმუნდ ფროიდის "ფსიქოლოგიური თხზულებები" ბევრჯერ წამიკითხავს. ადამიანი ერთხელ წაკითხვის შემდეგაც გაიგებ, მაგრამ ხელახლა კითხვისას იმდენ ახალ რამეს ვაწყდები, რომ საკუთარ თავზე ვბრაზდები: ეს აქამდე რატომ ვერ აღმოვაჩინე-მეთქი?!
- "გზის" მკითხველებს რომელი წიგნის წაკითხვას ურჩევ?
- თუ "დაგრუზვა" უნდათ, ნაბოკოვის "ლოლიტას" (იცინის), თუ უბრალოდ, გართობა სურთ, ბუკოვსკის "მაკულატურას" ვურჩევ, ხოლო თუკი საკუთარ თავზე მუშაობა და კარგი იდეების განხორციელება სურთ, მაშინ ჯოზეფ მერფის ნებისმიერი წიგნი წაიკითხონ, თუნდაც - "ქვეცნობიერის ძალა", "ტელეფსიქიკა"... მაგალითად, "ტელეფსიქიკაში" განხილულია სიყვარულის განუკურნავი ძალა: სიყვარულის დროს რა ხდება, რა უნდა დაიმახსოვრო... არ მახსოვს, რომელმა მწერალმა თქვა: პირველ რიგში, საკუთარ თავთან ბრძოლა უნდა მოიგო, მერე კი - მტერთან მოიგებო. ყოფით პრობლემებს ვერ გავექცევით, მაგრამ ადამიანის სულიერი მდგომარეობა გაწონასწორებული უნდა იყოს. როცა საკუთარ თავს მოვერევით, ყველაფერი დალაგდება.
ეთო ყორღანაშვილი