"არცოდნა აკრძალულია" - მარტივი ხრიკები ჯანსაღი პროდუქტის გამოსავლენად - გზაპრესი

"არცოდნა აკრძალულია" - მარტივი ხრიკები ჯანსაღი პროდუქტის გამოსავლენად

მსახიობი მარიამ ჩუხრუკიძე მოზარდ მაყურებელთა თეატრში მუშაობს, კონსერვატორიაში სწავლობს, რამდენიმე თვის წინ კი გადაცემის წამყვანის ამპლუაშიც მოგვევლინა. ის ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" ყოველკვირეული გადაცემის - "არცოდნა აკრძალულია" წამყვანია. გადაცემის მიზანია საზოგადოებას მისცეს კონკრეტული რჩევები, თუ როგორ უნდა გაარჩიოს ხარისხიანი პროდუქტი უხარისხოსგან.

- ტელევიზიაში მუშაობის გამოცდილება არ მაქვს. გადაცემის წამყვანი შემთხვევით გავხდი. კასტინგის შესახებ ტელეფონით შემატყობინეს, მივედი, გადაცემის საცდელი ვარიანტი ჩაწერეს. მახსოვს, ჩაისთან დაკავშირებულ რჩევებზე ვისაუბრეთ და წამოვედი. ჩემდა გასაკვირად, მალე შემატყობინეს, რომ არჩევანი ჩემზე შეჩერდა. ძალიან გამიხარდა. როგორც ჩანს, უპირატესობას მსახიობის პროფესიას ანიჭებდნენ, რადგან იმპროვიზაცია სჭირდებოდათ. მესამე თვეა, გადაცემა ეთერში კვირაში ერთხელ გადის. თანაწამყვანი მყავს - ნათია ოსანაძე. ერთი კვირა მე მიმყავს გადაცემა, მეორე კვირას - მას. ჩვენ ტელემაყურებელს უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია ჯანსაღი პროდუქტების შესახებ და მივცეთ სასარგებლო რჩევები. მათ "თვალწინ" ვაკეთებთ ექსპერიმენტებს, ცდებს და ვასწავლით, როგორ განასხვაონ ჯანსაღი და არაჯანსაღი პროდუქტი. საუბარი არ არის მხოლოდ საკვებზე, არამედ კოსმეტიკაზე, ჰიგიენურ საშუალებებზე და ა.შ.

- ყველაზე დიდი დაინტერესება რომელმა გადაცემამ გამოიწვია?

- ალბათ, ყველაზე რეზონანსული გამოვიდა გადაცემა პომადებზე. მარტივად შეიძლება იმის დადგენა, შეიცავს თუ არა პომადა დიდი რაოდენობის ტყვიას: ტუჩსაცხი ხელის მტევანზე უნდა გადავისვათ და მერე მასზე ოქროს ბეჭედი გადავატაროთ. თუ კანზე პომადის ზოლმა ფერი შეიცვალა და გამუქდა, ეს იმას ნიშნავს, რომ პომადა ტყვიას შეიცავს. იმავენაირად შეგვიძლია შევამოწმოთ დეკორატიული კოსმეტიკის სხვა ნაწარმიც. პირადად მე, ეთერს გარეთ შევამოწმე ტუჩის კონტური, კორექტორი, ტონალური კრემი და სამწუხაროდ, თითქმის ყველაფერმა საგრძნობლად იცვალა ფერი - გაშავდა. ზოგიერთი ქალი პომადას ყოველდღიურად მოიხმარს. კვლევების მიხედვით, მათ ორგანიზმში, მთელი ცხოვრების განმავლობაში, 5 კილოგრამი პომადა ხვდება. ამ გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ, მეგობრები შეწუხებულები მწერდნენ: ექსპერიმენტი ჩვენც ჩავატარეთ და ყველა პომადა გაშავდაო. აქედან გამომდინარე, ალბათ აუცილებელია, ხარისხს დიდი ყურადღება მივაქციოთ. რეალურად, გადაცემაზე მუშაობისას, მეც ბევრ აღმოჩენას ვაკეთებ და ვცდილობ, რჩევები გავითვალისწინო.

- გადაცემაზე მუშაობის პარალელურად, მუშაობ მოზარდ მაყურებელთა თეატრში და სწავლობ კონსერვატორიაში. როგორც ვიცი, ეს შენი დიდი ხნის ოცნება იყო...

- დიახ, კონსერვატორიაში შარშან ჩავაბარე. თეატრში სპექტაკლის - "აურზაური არაფრის გამო" აქტიური რეპეტიციები მიმდინარეობდა, როცა პარალელურად, პედაგოგებთან სიარული და მეცადინეობა მიწევდა. ვცდილობდი, ყველაფერი მომესწრო. ცოტა დრო მქონდა და ზოგჯერ, სამარშრუტო ტაქსით მგზავრობისას მიწევდა მეცადინეობა, მაგრამ თუ ადამიანი რამეს მოინდომებს და საქმეში თავისი ენერგიის მაქსიმუმს ჩადებს, ჩანაფიქრი გამოუვა. შრომა აუცილებლად ფასდება. ზაფხულში მართლაც, დატვირთული და სტრესული პერიოდი მქონდა, მაგრამ კონსერვატორიაში კლასიკური ვოკალის ფაკულტეტზე მოვხვდი და დღესდღეობით, პირველ კურსზე ვარ. ჩემი პედაგოგი ქალბატონი გულიკო კარიაულია და ამაშიც ძალიან გამიმართლა. ის არაჩვეულებრივი ადამიანი და შესანიშნავი პედაგოგია, რომელსაც არაერთი სახელოვანი მომღერალი ჰყავს აღზრდილი. სიამოვნებით ვღერი, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან დიდ ენერგიას მოითხოვს. აუცილებელია მკაცრი რეჟიმი. თუ დროულად არ დაიძინე, მეორე დღეს "ხმაზე ვერ იქნები", სიმღერის წინ ბევრი არ უნდა ისაუბრო და ა.შ. მიჭირს ამ წესების დაცვა. რეალურად, ერთი პროფესია უკვე მაქვს და ვერც წარმომიდგენია, მსახიობობა სხვა რამეში გავცვალო. თუმცა, ოპერაც ძალიან მიყვარს. ბევრი შრომაა საჭირო, რომ რაღაცას მიაღწიო. აქამდე გაცილებით მარტივად ვუყურებდი სიმღერას, მაგრამ მივხვდი, შინაგანად ძლიერი თუ არ ხარ, ვერაფრით იმღერებ არიას.

- რატომ გადაწყვიტე სიმღერა კლასიკური მიმართულებით და არა მუსიკის რომელიმე სხვა ჟანრში?

- ამ სფეროში შეგიძლია განვითარდე. თუ კარგი მონაცემები გაქვს, მეტი პერსპექტივაა და დიდი შანსია, წარმატებულ მომღერლად იქცე არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც. სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი იმავეს სხვა ჟანრებზე. მიყვარს ჯაზი, განსაკუთრებით - რეტრო-ჯაზი და ამ მიმართულებით ვმღეროდი კიდეც.

- ბევრი ქართველი საოპერო ჟანრის მომღერალია საზღვარგარეთ. ხომ შეიძლება, შენი კარიერა სადღაც სხვა ქვეყანაში განვითარდეს?

- ამ საკითხზე ხშირად დავფიქრებულვარ, მაგრამ მე ვარ ადამიანი, რომელსაც ახლობლების გარეშე ყოფნა ძალიან უჭირს. საქართველოშიც კი, როცა რომელიმე რეგიონში მივდივართ გასტროლზე, ათ დღეში ოჯახის წევრები და მეგობრები მენატრება. თუმცა, გაცნობიერებული მაქვს: თუ საზღვარგარეთ გამგზავრებისა და განვითარების საშუალება გეძლევა, შინაგანად უნდა გაძლიერდე. ეს ძალიან რთული გზაა. რაც უნდა ლამაზად ჩანდეს ყველაფერი შორიდან, შეიძლება უცხო ქვეყანაში ბევრი ხალხი გაიცნო და მეგობრებიც შეიძინო, მაგრამ მგონია, თავს მაინც მარტო გრძნობ და საოცარი ნოსტალგიის შეგრძნებით გიწევს ცხოვრება.

- თეატრში სხვადასხვა ასაკის მაყურებლისთვის განკუთვნილ სპექტაკლებში ხარ დაკავებული. რა სიახლეები გაქვს?

- მთელ თეატრზე, თითოეულ ჩემს კოლეგაზე ვგიჟდები. გამორჩეულად მომწონს სპექტაკლი "აურზაური არაფრის გამო" და ის აურა, რომელსაც ამ სპექტაკლში მონაწილე ხალხი ქმნის. არა მხოლოდ ეს ნაწარმოები და სპექტაკლი, არამედ ამ დადგმის მთელი შემოქმედებითი ჯგუფი მიყვარს. სხვათა შორის, ჩვენს რეპერტუარში ბევრი კარგი წარმოდგენაა: "რომეო და ჯულიეტა", "ზამთრის ზღაპარი", "ჯუჯა ცხვირი" და კიდევ ბევრი სხვა, რომელიც ბოლო პერიოდში დაიდგა მოზარდ მაყურებელთა თეატრში... რაც შეეხება სიახლეებს: მიდის რეპეტიციები მორიგ ახალ სპექტაკლზე. გია მარღანიასთან ვამზადებთ ქორეოგრაფიულ სპექტაკლს, რომელიც ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო იქნება. მალე რეპეტიციები დაიწყება გოგა თავაძესთან. სპექტაკლი ნოდარ დუმბაძის მოთხრობების მიხედვით იქნება და ასევე, დიმიტრი ხვთისიაშვილთან, რომელიც "სეილემის პროცესს" დადგამს. რეპეტიციების დაწყებას მოუთმენლად ველი.

- რამდენჯერმე დაიწერა და სიუჟეტიც მომზადდა მონიკა ბელუჩსა და შენ შორის ფიზიკურ მსგავსებაზე. ახლობლები და უცნობები ამ მსახიობს კიდევ გამსგავსებენ?

- დიახ, არის ასეთი შემთხვევები, მაგრამ ყოველთვის ძალიან მერიდება ამ თემაზე ლაპარაკის. მრცხვენია (იღიმის). ერთხელ ეს რომ ვთქვი, ვიღაცამ მომწერა, - რისი გრცხვენია, ასეთ ლამაზ ქალს რომ გადარებენო? ორი აზრი არ არსებობს, რა თქმა უნდა, ეს ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ უბრალოდ, უხერხულია ამაზე ლაპარაკი.

- დღის განმავლობაში ალბათ, თავისუფალი დრო საერთოდ არ გრჩება...

- არ მრჩება, მაგრამ ზოგჯერ, ეს დრო ღამეების გათენების ხარჯზე გამოინახება. ბუნებრივია, ეს ყოველდღიურად არ ხდება, მაგრამ ისე მიყვარს მეგობრებთან ერთად ყოფნა, გართობა, რომ ვცდილობ, რაც უნდა დაღლილი ვიყო, საღამოობით მეგობრებისა და ახლობლების საზოგადოებით დავტკბე. ბევრი საქმე და სამუშაო კარგია, მაგრამ ადამიანს პირადი სივრცე მაინც უნდა ჰქონდეს და სულ უნდა ეცადოს, საამისოდ დრო გამონახოს... უწინ ცოტას ვხატავდი და ჩემთვის ვერთობოდი, მხატვარი მეგობრები მყავს და მათ სახელოსნოში რომ მივიდოდი, იქაც ვხატავდი. ვხუმრობდი, სამხატვრო აკადემიაშიც ხომ არ ჩავაბარო-მეთქი? მაგრამ რასაკვირველია, არც სამხატვროსა და არც ჟურნალისტიკაზე ჩაბარებას არ ვგეგმავ. ჩემთვის მთავარია მსახიობობა და სიმღერა (იღიმის).

ანა კალანდაძე