ქეთი ჩხეიძის ბედნიერება, სუსტი წერტილი და უძილო ღამეები - გზაპრესი

ქეთი ჩხეიძის ბედნიერება, სუსტი წერტილი და უძილო ღამეები

"ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე ის არის, რომ სათქმელს დროზე არასდროს ვამბობ, რას ველოდები, თავადაც არ ვიცი. ეს ცუდი თვისებაა," -ამბობს მსახიობი ქეთი ჩხეიძე და ამ თვისებას თავისებურ ახსნას უძებნის. რის გამო აქვს ხოლმე სირცხვილის შეგრძნება, როგორია თავისუფლების მისეული ახსნა, რის ეშინია ყველაზე მეტად, როგორ ახსოვს პირველი აპლოდისმენტი და როგორ იქცევა, როცა დაძაბული პერიოდი აქვს? -ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

-დაბადების თარიღი...

-...1965 წლის 19 სექტემბერი.

-ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

-...მსახიობი. ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებაზე გავლენა ჩემმა გარემოცვამ და თეატრში ხშირმა სიარულმა იქონია.

-ჩემზე ამბობენ...

-...შეგნებულად არ გავიმეორებ იმ საქებარ სიტყვებს, რომლებიც ჩემი მისამართით მესმის ხოლმე. გეტყვით, როგორი კრიტიკული შეფასებები მესმის. დედა მეუბნება, ცოტათი უხეში ხარო. მეგობრები უმეტესად მაქებენ, მაგრამ იმ შემთხვევაში, როცა კონკრეტულ საქმეს ისე ვერ ვაკეთებ, როგორც მათ მოსწონთ, საყვედურსაც მეუბნებიან.

-ბედნიერი ვარ...

-...რომ ასეთ ლამაზ ქვეყანაში დავიბადე. ბედნიერი ვარ, რომ მყავს ორი შვილი (თან ასეთი შვილები); ბედნიერი ვარ, რომ ბევრი მეგობარი მყავს; ბედნიერი ვარ, რომ საინტერესო პირადი ცხოვრება მაქვს და ვაკეთებ იმას, რაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

-ჩვევად მაქვს, სცენაზე გასვლის წინ...

-...როგორც ყველა მსახიობი, გულში ვიმეორებ სიტყვებს: ღმერთო, მომეცი ძალა, რომ ყველაფერი ისე გავაკეთო, როგორც საჭიროა.

-თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

-...ყოველთვის ვცდილობ, ვიყო გულწრფელი. ურთიერთობებში სიყალბე არ მიყვარს.

-თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

-...იმდენი რამ არ მომწონს, რომ... მაგალითად, სიზარმაცის გამო, ზოგჯერ საქმის გადადებაც მიყვარს. წლებია, ჩემში ამ თვისებას ვებრძვი.

-არ მჩვევია...

-...ადამიანს რა ადამიანური ნაკლიც აქვს, ყველაფერი მჩვევია.

-ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

-...ჩემს გამზრდელს; ადამიანს, ვინც მე პროფესია მომცა -გიზო ჟორდანიას.

-პირველად თავი წარმატებულად...

-...ვიგრძენი რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე. თეატრალურ ინსტიტუტთან არსებული სასწავლო თეატრის ჯგუფი სპექტაკლებს ამ სცენაზე ვაჩვენებდით. ეს იყო სპექტაკლები: "სამანიშვილის დედინაცვალი", "ანა ფრანკის დღიური" და "ამაღამ მგონი იქნება ქარი". მაშინ ეს ჩვენი ჯგუფისთვის დიდი აღიარება იყო. მქონდა განცდა, რომ რაღაც მეც შემძლებია.

-პირველი აპლოდისმენტი...

-...როგორ არ მახსოვს! ეს საოცარი განცდა იყო.

GzaPress

-ემოციური მსგავსება და განსხვავება მაშინდელ და დღევანდელ აპლოდისმენტებს შორის...

-...რა თქმა უნდა, არსებობს. ახლა აპლოდისმენტი ცოტათი სხვანაირი გახდა. მაშინ ისეთი იყო, ახალგაზრდას რომ ამხნევებს, ახლა მაყურებლისგან დიდ სითბოს ვგრძნობ. როცა სცენაზე გამოვდივარ, მესმის, როგორ ჩურჩულებს მაყურებელი. ადამიანებს გამომეტყველებაზე ყოველთვის ეტყობათ განწყობა. შესამჩნევია, როცა მაყურებელი დადებითადაა შენ მიმართ განწყობილი და ინტერესი აქვს. დღეს ყველას ცხოვრების ისეთი რიტმი გვაქვს, რომ არავის აღარავისთვის სცალია და როცა შენი არსებობით ერთი ადამიანი მაინც არის დაინტერესებული, ეს უკვე ძალიან დიდი რამეა, მით უმეტეს მაშინ, როცა არტისტი ხარ. მაყურებელს თუ უყვარხარ, ეს ბედნიერებაა, აბა, რა არის?

-ყოველთვის მაქვს სურვილი...

-...საჭირო ვიყო.

-მეშინია...

-...ადამიანის დაკარგვის.

-ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

-...რაიმე დეტალის ცვლილების სურვილი არასდროს გამჩენია.

-დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

-...ჭკუა (იცინის), ასე დაწერეთ, იუმორია.

-მეზარება...

-...ვარჯიში.

-ყოველთვის მრცხვენია, როცა...

-...ცუდად ვთამაშობ. ხანდახან საკუთარ თავს ეკრანზე რომ ვხედავ, აღარ ვიცი, რა გავაკეთო. ეს ძალიან დიდი ნერვიულობის ფასად მიჯდება. არადა, შეფასებისთვის აუცილებელია, კარგად ხვდები, რა უნდა გამოასწორო. საკუთარი თავით უკმაყოფილო, როგორც ეკრანზე, ასევე სცენაზე, არაერთხელ ვყოფილვარ. მაყურებელი ამას ყოველთვის გრძნობს, უბრალოდ, თუ უყვარხარ, შეიძლება ერთხელ და ორჯერ გაპატიოს, "გაატაროს".

-ვნანობ, რომ...

-...მძაფრი და მტკივნეული სინანული არ მაქვს.

-ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

-...სათქმელს დროზე არასდროს ვამბობ, რას ველოდები, თავადაც არ ვიცი. ეს ცუდი თვისებაა, ყველაფერს თავისი დროს აქვს. გეწყინა? -თქვი.

-იმ წუთში არ ვამბობ, რადგან...

-...ვფიქრობ, "ჯობია გავჩუმდე", "გაივლის", "მიხვდება," "შეიძლება, მე ვარ დამნაშავე"... თავშეკავება ბავშვობაში მასწავლეს, ეს აღზრდაც არის, ხასიათიც და შესაძლოა, დიდი დოზით პატივმოყვარეობაც. იმ წუთში, ჩემი ჭკუით, მის დონემდე არ დავდივარ, არაფრად ვაგდებ, მაგრამ გული ლამის გამისკდეს. ამიტომ სჯობს, გააღო პირი და სათქმელი დროზე თქვა.

-როცა საჯაროდ მაქებენ...

-...ძალიან ვიძაბები და ეს მდგომარეობა სიხარულს თრგუნავს. ყველა ნორმალური ადამიანი იძაბება, როცა ბევრ კომპლიმენტს ეუბნებიან, ამაში ორიგინალური არაფერია.

-პატიება შემიძლია, თუ...

-...ეს "თუს" გარეშე შემიძლია, უბრალოდ, დრო მჭირდება.

-დაშვებულ შეცდომებს...

-...თუ მივხვდი, ვცდილობ, გამოვასწორო.

-საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

-...ბევრი რამ. შეცდომებით არაფერი იცვლება, უბრალოდ, დისტანცია ნელ-ნელა იზრდება. ყოველ განხიბვლაზე შორდები და გარკვეულ ასაკში რომ შედიხარ, ხვდები, ჯერ კარგად უნდა გაიგო და ნაბიჯი მერე გადადგა.

-ბოლოს ვიტირე...

-...25 სექტემბერს, ბიძაჩემის დაბადების დღეზე.

-ვიბნევი, როცა...

-...ცუდ, გამოუსწორებელ ამბავს ვიგებ.

-წონასწორობიდან გამოვდივარ...

-...როცა ადამიანების თავხედობას ვაწყდები.

-ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

-...ზღვაზე, სითბო უკვე მომენატრა.

-სიყვარული...

-....სხვადასხვანაირია. არსებობს მდგომარეობა, როცა ერთი კვირის განმავლობაში ძალიან გიყვარს და მერე ხვდები, სიყვარული არ ყოფილა, მაგრამ ის ერთი კვირა ხომ გიყვარს... არსებობს ისეთიც, როცა ისე გიყვარს, რომ შენთვის იქ მთავრდება ყველაფერი და გაქვს განცდა, რომ არც მანამდე და არც იმის შემდეგ, აღარაფერი არსებობს.

GzaPress

-ჩემს ცხოვრებაში სიყვარული...

-...არის, იყო თუ იქნება? ყველანაირი მდგომარეობა გამომიცდია. ერთკვირიანი სიყვარულიც მქონია, როცა არ მეძინა და მეგონა, ცხოვრება დამთავრდა, მაგრამ ერთმა კვირამ რომ გაიარა და მეორე კვირაც მიჰყვა, ყველაფერმა გადამიარა.

-პირველად რომ შემიყვარდა...

-...ეს სკოლის პერიოდში იყო, ღამეები არ მეძინა.

-ვრისკავ, როცა...

-...ახალ როლს ვთამაშობ. როცა რეჟისორს როლზე ვთანხმდები, მერე ჩემს ცხოვრებაში ახალი დრამა იწყება და იმ წუთიდან ვამბობ, "რად მინდოდა?"

-ხშირად მსაყვედურობენ...

-...მეგობრები მსაყვედურობენ, რომ ყურადღებიანი არ ვარ. დიდი კრიტიკის ქარცეცხლში არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ყველანაირი საყვედური მიმიღია.

-ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

-...პუტინს მივცემდი და ჩვენს ტერიტორიებს დავიბრუნებდი.

-თავისუფლება...

-...შინაგანი მდგომარეობაა. ეს არც ფულზეა დამოკიდებული, არც -უფულობაზე, ეს გონებიდან მოდის.

-როცა მარტო ვარ...

-...მწყინდება, მიუხედავად იმისა, რომ პერიოდულად განმარტოების სურვილი მიჩნდება ხოლმე.

-ბედისწერის...

-...არსებობის ხან მჯერა და ხან -არა. ზოგჯერ ისეთი რაღაც მოხდება, ვამბობ, ეს ბედისწერა იყო-მეთქი, მაგრამ თან მყარად მჯერა იმის, რომ ადამიანი საკუთარ ბედს თავად ქმნის.

-როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

-...მეგობრებთან ვარ.

-ვარ შეუმდგარი...

-...კოსმონავტი, ექიმი.

-ადამიანი, ვის აზრსაც ყოველთვის ვითვალისწინებ.

-...ჩემი შვილები, დედა და მეგობრები.

-ჩემი შვილები...

-...2 შვილი მყავს. ერთი საზღვარგარეთ ცხოვრობს და იქ სწავლობს, რეჟისორობას აპირებს. მეორე საქართველოშია. ნატურით შემოქმედი ადამიანი არ არის, სხვა ინტერესები აქვს.

-ვჯიუტდები, როცა...

-...ვერ ვაკეთებ იმას, რაც მინდა.

-დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

-...ერთი კონკრეტული დარიგება არ მახსენდება, მთელი ცხოვრება დარიგებებში ვიყავი და ვარ.

-დაბოლოს, გეტყვით...

-...თქვენს მკითხველს, რომელიც ჩემი მაყურებელიც არის, დიდი მოწიწებითა და პატივისცემით შევპირდები, რომ მთელი ცხოვრება ვემსახურები.

თამუნა კვინიკაძე