ნანა კუხალეიშვილის ოჯახური ტრაგედიები და სიცოცხლის წყურვილი - გზაპრესი

ნანა კუხალეიშვილის ოჯახური ტრაგედიები და სიცოცხლის წყურვილი

მსახიობი - ნანა კუხალეიშვილი ფართო საზოგადოებამ სერიალიდან - "ჩემი ცოლის დაქალები" კრიმხილდას როლით გაიცნო. ქალბატონი ნანა პროფესიით მსახიობი გახლავთ, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, შემოქმედებით ცხოვრებაში 20-წლიანი პაუზა ჰქონდა... ამჟამად, ის თეატრში - "სივრცე" დასის ხელმძღვანელი და სამხატვრო ხელმძღვანელის ასისტენტი გახლავთ. თანამშრომლობა ახალგაზრდებთანაც უხდება და ცნობილ, გამოცდილ მსახიობებთანაც. პარალელურად, სპექტაკლებში მონაწილეობს... წლების მერე, "საქმიანი ქალის" ამპლუაში ყოფნა როგორია, ამის შესახებ სამუშაო დღის ბოლოს, ნანა კუხალეიშვილს ვესაუბრეთ...

- დასის ხელმძღვანელობას თავს როგორ ართმევთ?

- საერთოდ, ხელმძღვანელის ამპლუაში ყოფნა არ მიჭირს, რადგან მცირე დოზით მენეჯერისთვის საჭირო თვისებები მაქვს. ახალგაზრდებთან მუშაობა ჩემთვის დიდი სიამოვნებაა. მგონი, ჯერჯერობით თავს კარგად ვართმევ.

- ახალგაზრდების გარდა, გამოცდილ მსახიობებთანაც თანამშრომლობთ. ალბათ, მათთან განსხვავებული მიდგომაა საჭირო, არა?

- რა თქმა უნდა, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ ერთმანეთისგან არავინ უნდა განასხვაო. ჩემთვის არაადამიანური ქცევა უცხოა. ძალიან მეგობრული ვარ, მაგრამ იმავდროულად - მომთხოვნიც (მათ შორის, საკუთარი თავის მიმართაც). ეს ყველამ იცის და პრეტენზია არავის აქვს. მხოლოდ მათზე კი არა, საკუთარ თავზეც ვმუშაობ - მთელი ცხოვრება ასე გრძელდება... როცა გამოცდილ მსახიობებთან ერთად მიწევს მუშაობა, უფრო ფრთხილი ვარ, რომ მათ უხერხულობა არ იგრძნონ. შეთანხმებულად ვმოქმედებთ. ვფიქრობ, კარგი გუნდი ვართ. ხელმძღვანელის, დირექტორის სტატუსს მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენი მთავარი მიზანია, გავიმარჯვოთ, ამისთვის კი ბევრი უნდა ვიშრომოთ.

- მმართველის პოზიციაზე სხვა დროს თუ გიმუშავიათ?

- კი, ბიზნესის დარგში. მმართველობა "ჩემია", რადგან ადამიანებთან საერთო ენას იოლად ვპოულობ, ძალიან კომუნიკაბელური ვარ. ამ მხრივ, მუშაობა არ მიჭირს, პირიქით - მსიამოვნებს კიდეც. ჩემი ამ თვისებით არასოდეს წამიგია, თუმცა სხვა საკითხია, ბიზნესში ძლიერი ვარ თუ არა და გეტყვით, რომ არ ვარ.

- თქვენი შენიშვნის გამო არასოდეს არავინ განაწყენებულა?

- შენიშვნას ისე არავის ვაძლევ, რომ ვაწყენინო. ვურჩევ, - იქნებ, ასე ჯობდა-მეთქი? მერე თავად ხვდებიან... სათქმელს დაყვავებით ვეუბნები.

- ასეთი დელიკატურობის გარდა, კიდევ რა არის საჭირო კარგი ხელმძღვანელისთვის?

- უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელი შინაგანად შემდგარი ადამიანი უნდა იყოს. იმას არ ვგულისხმობ, რომ თავის პროფესიაში გაუმართლოს, აწყობილი ბიზნესი ჰქონდეს და მილიონები ეწყოს. უბრალოდ, კარგი, კეთილი პიროვნება უნდა იყოს... პირადად მე, მკაცრ ხელმძღვანელთან ვერ ვიმუშავებ, ჩემნაირი კი ბევრია. თუ არ ვიმსახურებ, მკაცრად არ უნდა მომექცე. დისციპლინა აუცილებელია, მაგრამ ეს ყველაფერი სიყვარულით უნდა "იფარებოდეს". ადამიანს სიყვარულის უნარი უნდა ჰქონდეს და მეტი სითბოს გაცემა შეეძლოს. მუშაობის განმავლობაში, დაძაბული სიტუაცია მეც შემქმნია, მაგრამ ხვდებოდნენ, რომ არასწორად შენიშვნას არავის ვეტყოდი. ზღვარი უნდა არსებობდეს: მუშაობისას უნდა ვიმუშაოთ, სამსახურის მერე კი - მეგობრები ვიყოთ.

- თქვენი პირველი სამსახური გაიხსენეთ...

- თეატრალურ ინსტიტუტში სწავლა რომ დავასრულე, მარჯანიშვილის თეატრში კასტინგი ჩატარდა. მე სხვა თეატრი მინდოდა, მაგრამ რაკი ჩემი მეგობრები "მარჯანიშვილში" მივიდნენ, მე "ცალკე მხარეს" ვრჩებოდი. ამიტომ, მეც იქ მისვლა გადავწყვიტე. 3 წელი ვმუშაობდი (უშტატო თანამშრომელი ვიყავი). ის წლები ჩემთვის დაუვიწყარია. არაჩვეულებრივ მსახიობებთან (ელენე ყიფშიძე, გიზო სიხარულიძე, გოგი გელოვანი, მალხაზ გორგილაძე...) ყოფნა მომიხდა. ცალკე თემა გახლავთ ის, რომ ბევრი როლი არ მითამაშია, რადგან მაშინ მარჯანიშვილის თეატრი "კლანებად" იყო დაყოფილი - ეს ცუდი პერიოდი ყველას გვახსოვს. მით უმეტეს, ახალგაზრდა მსახიობისთვის მაშინ არავის სცხელოდა, მაგრამ წარმოიდგინეთ, დამსახურებული მსახიობი - ელენე ყიფშიძე პატარა გოგოს ისე მექცეოდა, როგორც თანატოლს. ეს უსაყვარლესი და გულთბილი ადამიანი ჩემი დაქალი იყო, რაც დიდ სტიმულს მაძლევდა. გიზო სიხარულიძეს ახალგაზრდები ძალიან ვუყვარდით, სულ გვეფერებოდა, თავს გვევლებოდა... არაჩვეულებრივი ხალხი იყო!..

- შემდეგ, სხვა სფეროში მუშაობა რატომ დაიწყეთ?

- ჩემს ცხოვრებაში იყო პერიოდები, როცა პროფესიით მუშაობას ვერ გავაგრძელებდი. 15 წელი რომ გავიდა, ჩემი ბავშვები ცოტათი წამოიზარდნენ და შესაბამისად, მეც მომინდა, რაღაც გამეკეთებინა. მარკეტის გახსნაც დავაპირე, მაგრამ რაც შენი საქმე არ არის, იმას ხელი არ უნდა მოჰკიდო. ურთიერთობები კარგად მქონდა აწყობილი, მაგრამ საქმეში ვერ გავამართლე - ყოველ შემთხვევაში, არ გავმდიდრებულვარ (იცინის).

GzaPress

- "ჩემი ცოლის დაქალებში" და თეატრ "სივრცეში" მუშაობის გარდა, დღეს კიდევ რას საქმიანობთ?

- ბავშვებს მეტყველებაში ვამეცადინებ.

- ამდენ საქმეს ერთმანეთს როგორ უთავსებთ?

- როცა ადამიანს შენი საქმე გიყვარს, მეტი სტიმული და ენერგია გეძლევა, ადრენალინი გემატება. როცა იცი, რომ შენი მიზანი უტოპია არ არის და შეგიძლია, მიაღწიო, საქმის კეთების მეტი მუღამი გაქვს. თან, მსახიობობა ჩემი პროფესიაა და ჩემთვის ყველაფერია. მაგალითად, შინ გვიან დაღლილი დავბრუნებულვარ, რადგან დილით ბავშვებთან მიმუშავია, საღამოს - თეატრში, მაგრამ მეორე დღეს თეატრში რომ არ წავიდე, შეიძლება, გავგიჟდე!

- ოჯახის წევრებზე ზრუნვისთვის საკმარისი დრო გრჩებათ?

- ჩემი ორივე შვილი ჩემთან, თეატრშია. ბიჭი შედარებით მცირე ასაკის არის და რაღაც როლებისთვის იყენებენ. გოგონა - ანა ხაზალია-დადიანი კი სპექტაკლში - "ჯვარცმული ბედნიერება" მთავარ როლს ასრულებდა. მე და ბავშვები სულ ერთად ვართ - რეპეტიციაზე ერთად მივდივართ და მოვდივართ. ვიდრე ჩემს საქმიანობას დავუბრუნდებოდი და "გარეთ გამოვიდოდი", "დაფეთებული" დედა ვიყავი. ახლაც "გიჟი" დედა ვარ, მაგრამ ჩემი შვილები უკვე წამოიზარდნენ. ერთმანეთთან ვმეგობრობთ... ჩემს მეუღლეს რაც შეეხება, ის ახლა საქართველოში არ არის - საქმეების გამო, უკრაინაშია. უკვე 10 თვე გავიდა...

- მისგან შორს ყოფნას როგორ უძლებთ?

- ძალიან გვიჭირს, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. მძიმე სიტუაციის გამო ასეთი დრო დაგვიდგა - უნდა წასულიყო, რაღაც გაეკეთებინა...

- ოდესმე სამსახურის დასაწყებად, "სივი" გაგიგზავნიათ?

- არა, არასოდეს. წინათ სხვის სამსახურში არასოდეს მიმუშავია.

- ამის მიზეზი რა იყო?

- მოყოლას იქიდან დავიწყებ, რომ გავთხოვდი და თეატრს თავი დავანებე. თან, მე და ჩემს მეუღლეს ისეთი სიყვარული გვაკავშირებდა, რომ უერთმანეთოდ წუთსაც ვერ ვძლებდით - მთელი 5 წლის განმავლობაში, ერთმანეთს "ჩაშტერებულები" ვუყურებდით. მეხუთე წელს შვილი შემეძინა. მთელი ძალ-ღონე მის გაზრდას მოვანდომე. ჩემი გოგონა 4 წლის რომ გახდა, მერე ვაჟიც დაიბადა. ამასობაში, ჩემს ცხოვრებაში ტრაგედიები მოხდა: გოგონა 2 წლის მყავდა, როცა დედაჩემი ავად გახდა და ლოგინად ჩავარდა. ორი წელი ვუვლიდი, შემდეგ გარდაიცვალა. რამდენიმე წელიწადში მამაჩემიც დაიღუპა, ჩემ თვალწინ... 1 წლის მერე, ჩემი ერთადერთი და გარდაიცვალა. უმძიმესი პერიოდი მქონდა, ცუდად ვიყავი. ერთხანს ვფიქრობდი, რომ ამ სიტუაციიდან ვერ გამოვიდოდი, მაგრამ დავძლიე, რადგან შვილები, მეუღლე გვერდით დამიდგნენ. ალბათ, ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება წუთები, როცა გვგონია, რომ ყველაფერი დასრულდა, მაგრამ შემდეგ რაღაც ხდება - შინაგანად სიცოცხლის წყურვილს გრძნობ... ამდენი წლის შემდეგ, ჩემს საქმეს დავუბრუნდი. მართლაც, ცხოვრებას არასოდეს უნდა დანებდე...

- ამჟამად, თეატრში რა ხდება?

- ახლა სპექტაკლს - "ეზოში ავი ძაღლია" ვდგამთ. პრემიერა 10 ნოემბერს გვაქვს. ერთგვარი ინტრიგაც არის: კორიფეების შემდეგ, ამ სპექტაკლში ჩვენ როგორ უნდა ვითამაშოთ? ეს სპექტაკლი ჩვენ ცოტა სხვანაირი გავხადეთ. იმედია, მაყურებელი ზუსტად ისე მიიღებს, როგორც ჩვენ გაგვიხარდება.

- "ჩემი ცოლის დაქალებში" ისევ გამოჩნდით...

- მგონია, რომ ჩემი როლი სულ სხვაგვარად განვითარდებოდა, თემურ ძიგუას როლის შემსრულებელი - ბექა ლემონჯავა საზღვარგარეთ სასწავლებლად მართლა რომ არ გამგზავრებულიყო. ვფიქრობ, სერიალში დიდი ამბები დატრიალდებოდა. ძალიან მინდოდა, როგორც კრიმხილდას, თემურისთვის სული ამომეხადა, გამეწვალებინა (იცინის)... ჩემი როლი მეგრელების "კლანს" ძალიან მოუხდა - "გიჟი" ქალი შევიდა, "ახალი სიცოცხლე" შეიტანა. მაყურებლები ქუჩაში მხვდებიან და მეუბნებიან, თუ როგორ ვუყვარვარ. თავდაპირველად, მიკვირდა - როგორ შეიძლება, კრიმხილდა ვინმეს უყვარდეს-მეთქი?! სოციალურ ქსელში მლანძღავდნენ, - მოაშორეთ ეს საზიზღარი, გველი ქალიო (იცინის)... მაყურებელი ზუსტად ხვდება ჩემს ნამუშევარს. - სულ თქვენ გელოდებით, სერიალში როდის იქნებითო? - ამას რომ მეუბნებიან, თავი სიზმარში მგონია. არ მჯერა, რომ ეს ჩემს თავს ხდება...

- მეგრელი ხართ?

- წარმოშობით იმერელი ვარ, მაგრამ ჩემი წინაპრები სამეგრელოში დაიბადნენ, ანუ მეგრელი კუხალეიშვილი ვარ. თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარებამდე ზუგდიდში ვცხოვრობდი. მას შემდეგ იქ არ მიცხოვრია, თუმცა ფაქტობრივად, ყოველ ზაფხულს მივდივარ - იქ ჩემი მშობლების საფლავია. ასევე, უსაყვარლესი ბიძები, ბიძაშვილები მყავს. იქაურობაზე ვგიჟდები, ისე მიყვარს!.. მეგრული თითქოს დავიწყებული მქონდა, მაგრამ სერიალისთვის რომ დამჭირდა, გონებაში იმდენი რამე ამომიტივტივდა, რომ თავადაც გამიკვირდა - არ ვიცოდი, ამდენი მეგრული თუ ვიცოდი.

ეთო ყორღანაშვილი