კარადებში დამალული გოგონები და სუხიშვილებთან მოგებული ნაძლევი
საოცრად თავმდაბალი ქალბატონი - მანანა აბაზაძე ბედის მადლობელია - ბავშვობიდან დაწყებული, ცხოვრების ყველა ეტაპზე, მხოლოდ არაჩვეულებრივ ადამიანებთან უწევდა ურთიერთობა. ამბობს, რომ თბილისში ჩამოსვლის შემდეგ სამოთხეში მოხვდა. ცეკვამ სუხიშვილების ანსამბლს დააკავშირა, სადაც 25 წელი ცეკვავდა. პარალელურად, სუხიშვილების სახელობის სტუდიაში პედაგოგად მუშაობდა. წლების მანძილზე ანსამბლ "ნინოს" მოსწავლეებსაც უზიარებდა თავის გამოცდილებას. შარშან ფილარმონიის წინ მისი ვარსკვლავი გაიხსნა. მანანა აბაზაძისთვის ამაღელვებელი დღე იყო, თუმცა ეს ზედმეტად მიაჩნდა, რადგან ანსამბლის ვარსკვლავი უკვე არსებობდა.
...კალინინგრადი, შექსნა, ფეოდოსია, თბილისი
- მამა მშენებელი მყავდა. სამამულო ომი გამოიარა და როცა ომი დამთავრდა, როგორც მშენებელს, დანგრეული ქალაქების აღდგენა დაავალეს. მამა ოჯახთან ერთად ხან სად იყო და ხან - სად. მათ შორის გახლდათ ქალაქი კალინინგრადი, სადაც მე დავიბადე. დედა იყო მოსკოველი რუსი, საინტერესო და ლამაზი ადამიანი, ისტორიის პედაგოგი. ჩვენი ოჯახი ერთხანს მოსკოვშიც ცხოვრობდა. მახსოვს, როცა შექსნაში წავედით, მამა "ვოლგაბალტსტროის" მშენებლობის ერთ-ერთი უფროსი იყო. იქიდან ფეოდოსიაში ჩავედით. დედა სკოლაში სასწავლო ნაწილის გამგედ მუშაობდა. მაღალი თანამდებობის მიუხედავად, მამას მოჰბეზრდა ხეტიალი და თბილისში დაბრუნება სურდა.
სტუმრად ფეოდოსიაში გვეწვია დედას დეიდა, ძველი "გიმნაზისტკა", პენსნეიანი ქალბატონი. ერთხელაც დაბრუნდა სახლში და მამას ეუბნება: ლეო, განცხადება ვნახე, თბილისიდან ბინას ცვლიან ფეოდოსიაში. მამას მეტიც არ უნდოდა, მაშინვე თბილისში დეპეშა გამოაგზავნა, თავის დას და მამას სთხოვდა, რომ ბინა ენახათ. არაჩვეულებრივი ბინააო, - მივიღეთ პასუხად. ასე ბრმად მოხდა გადაცვალა. ამ დროს 9 წლის ვიყავი. სანამ ოჯახი თბილისში გადმობარგდებოდა, მამიდასთან დამტოვეს, რომელიც ზაფხულობით გაგრის სანატორიუმ "ჟოეკვარაში" ექიმად მუშაობდა. მეც ის პერიოდი გაგრაში გავატარე. თბილისში ბინის ნახვის შემდეგ დედამ ისეთი სტრესი მიიღო, რომ ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. საშინელი ბინა აღმოჩნდა, ადგილიც - რა გითხრათ. დედამ ბინა ისე გადააკეთა, რომ საცხოვრებლად კომფორტული გაეხადა. მშობლებს შეგუება გაუჭირდათ, მე კი ჩემი საქმით ვიყავი დაკავებული...
"ცეკვა - ჩემი საქმე"
- ბავშვობიდან ვცეკვავდი და ცეკვებსაც ვიგონებდი. სტუმრების წინაშე გამოვაცხადებდი - ახლა უნდა ვიცეკვო. გამორჩეული, საყვარელი ფირფიტები მქონდა და ცეკვებს მათ მელოდიებზე ვდგამდი. აქტიურად ცეკვა ფეოდოსიაში დავიწყე. არაჩვეულებრივ საბალეტო სკოლაში ორი შესანიშნავი პედაგოგი მყავდა, ესპანელი და რუსი. 5 წლის ვიყავი, როდესაც სცენაზე დავდექი. მუდმივად გვქონდა კონცერტები, საახალწლო ზეიმები, სპექტაკლები. კარგად მახსოვს სპექტაკლი "ფიფქია და 7 ჯუჯა". ვიყავი ჯუჯა, ამ როლის ფოტოც მაქვს. არაჩვეულებრივი კოსტიუმები გვეცვა. ეტყობოდა, რომ მხატვარი ულამაზეს ქსოვილებს არჩევდა. თბილისში ჩამოსვლისთანავე პიონერთა სასახლეში, ცეკვის სამ წრეზე ჩავეწერე. ქართულ ცეკვებზე დავდიოდი, მაგრამ პედაგოგებმა სხვანაირად დამინახეს და მსოფლიოს ხალხთა ცეკვებში ჩამრთეს. გამიჩნდა შეგრძნება, რომ ქართული ცეკვა ჩემი მოწოდება არ იყო, თუმცა მაინტერესებდა ისევე, როგორც სხვადასხვა ქვეყნის ცეკვები. ყველა წრეზე კარგი პედაგოგები მყავდა. 9 წლისა ლაურეატი გავხდი მსოფლიოს ხალხთა ცეკვებში...
პარალელურად ქორეოგრაფიულ სასწავლებელში შევედი. მისი ხელმძღვანელი ვახტანგ ჭაბუკიანი ჩვენი კერპი იყო. ყოველდღიურად სპექტაკლებისა და რეპეტიციების მოწმე ვიყავით. ბატონი ვახტანგის მიერ კლასიდან არჩეული ბავშვები სპექტაკლებში ვმონაწილეობდით. რეპეტიციები დილის 11 საათზე იწყებოდა, სკოლაში მეორე ცვლაში ვსწავლობდით. სპექტაკლის დღეს ოპერიდან გვყრიდნენ. საღამოს თუ ის სპექტაკლი გადიოდა, რომლის ნახვაც გვინდოდა, ვიმალებოდით. ახლა რომ ყველაზე ლამაზი დარბაზია მეორე სართულზე, აივანზე გასასვლელით, იქ გასახდელი გვქონდა, სადაც მაღალი კარადები იდგა. ბავშვები ვწვებოდით კარადების თაროებზე და საღამომდე იქ ვიყავით. რა თქმა უნდა, სათანადოდ ჩაცმულები მივდიოდით, სკოლას კი ბუნებრივია, ვაცდენდით. ასე გავატარე ბავშვობა.
"ხელზე ჩამოიკიდა დიდი მაღვიძარა და მონდომებული ქოქავდა..."
- ნინო რამიშვილმა პირველად 12 წლისა მნახა თბილისის რკინიგზის სადგურის ბაქანზე, როცა ოჯახი სოჭში დასასვენებლად მივდიოდით. დამიძახა და რაღაცები გამომკითხა. მერე მითხრა, რომ გაიზრდები, ჩემთან ანსამბლში მოდიო. ქალბატონი ნინოს ნათქვამი გონებაში ჩამრჩა, მაგრამ მალე კინო შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში და გადამავიწყდა. რამდენიმე მეგობარი ბიჭი მყავდა, მათ შორის იყო გია მგალობლიშვილი, ჩვენ ერთად ვიზრდებოდით. მისი დედა, ლამაზი ქალბატონი ელიკო დოლიძე სუხიშვილებთან აკომპანიატორად მუშაობდა. ერთ დღეს გია მეუბნება: ჩქარა წამოდი, დედაჩემი გელოდება, სადღაც უნდა წაგიყვანოს და ლამაზად ჩაიცვიო. ქალბატონმა ელიკომ მითხრა, ნინოსთან და ილიკოსთან სახლში მივდივართ. გეხვეწები, წამომყევი და ნაძლევი მომაგებინეო. თურმე, ანსამბლში კონკურსი ყოფილა და 300 გოგოდან სამი აიყვანეს. ელიკო დეიდა ილიკო სუხიშვილს დანაძლევებია: ისეთ გოგოს მოგიყვან, კონკურსის გარეშე აიყვანო. მივედით და არც ერთი არაა სახლში. ქალბატონი ნინო მალე მოვიდა. ცოტა ხანს ვისაუბრეთ, მაგრამ ცეკვაზე კრინტი არ დაუძრავთ.
უკვე საღამოა, გაკვეთილები მოსამზადებელი მაქვს, წასვლა დავაპირე. კარგიო, - მითხრა ქალბატონმა ნინომ და დასძინა: ვერ მივხვდი, რისთვის მოხვედი და რითი მიდიხარო? - არ ვიცი, თქვენთან ქალბატონმა ელიკომ მომიყვანა-მეთქი. დავემშვიდობე და გამოსასვლელში ვარ, როცა შემოდის ბატონი ილიკო. დამინახა თუ არა, უკან დამაბრუნა. ვუთხარი, რომ მეჩქარებოდა, მაინც აღარ გამომიშვა. გაიშალა სუფრა, თან ვსაუბრობთ. - აბა, ანსამბლში ხომ მოდიხარო? - ბატონო ილიკო, სკოლაში ვსწავლობ (მეცხრეკლასელი ვარ), მშობლები არ გამომიშვებენ-მეთქი. - მაგას ჩვენ მოვაგვარებთ. ელიკო წაჰყევი სახლში და მის მშობლებს შენ აუხსენი ყველაფერიო. დეიდა ელიკომ დედ-მამა მართლაც დაარწმუნა იმაში, რომ ეს არაჩვეულებრივი ამბავია, თან თავად მიპატრონებდა და ცივ ნიავს არ მომაკარებდა. ერთი საქმე მოგვარდა, მაგრამ სკოლა? ჩვენ "გვეშინია" ვახტანგ ჭაბუკიანის, ზურაბ კიკალეიშვილის, იური ზარეცკის...
ელიკო დეიდას ბატონმა ილიკომ უთხრა, ხვალ ოპერაში ვირსკის ანსამბლის კონცერტზე მოიყვანე მისი მშობლები და დაველაპარაკებიო. დედაჩემი ქორეოგრაფიული სასწავლებლის ისტორიის მასწავლებელი და ჩემი კლასის დამრიგებელი იყო. ბატონმა ილიკომ ქორეოგრაფიულის პედაგოგებს რომ არ დაენახათ, ისე მივიდა დედაჩემთან: იცით, სად ვეპატიჟები თქვენს შვილს? ეს არის წმინდა ნინოს მონასტერი, ამიტომ ნურაფრის გეშინიათო! - ასე დააიმედა. სუხიშვილები წავიდნენ, ჩვენ ოპერის გარეთ, კიბესთან გამოვედით. უცებ, იური ზარეცკი და ზურაბ კიკალეიშვილი ხელკავს მიყრიან: ნინო და ილიკო უნდა გაგაცნოთ, ოპერისთვის გვეცოდებიო. ის იყო, სუხიშვილები მანქანაში უნდა ჩამსხდარიყვნენ, რომ ჩემმა პედაგოგებმა მათთან მიმიყვანეს და უთხრეს: ეს გოგო ანსამბლში უნდა მოგიყვანოთო. შოკირებული ვიყავი - გამოსავალი ასე ადვილად მოიძებნა. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, ზურაბ კიკალეიშვილმა თვითონ მიმიყვანა რეპეტიციაზე ქალბატონ ნინოსთან. ჩემი პირველი საგასტროლო ტურნე საბერძნეთსა და ლათინურ ამერიკაში იყო. ამათ რეჟიმს მიჩვეული არ ვიყავი. ახლები სამნი გახლდით და ხშირად ვაგვიანებდით. ერთ დღესაც, ქალბატონმა ნინომ გამოგვიცხადა: მორჩა, ასე მუშაობა აღარ შეიძლება. ხვალ ბილეთებს აგიღებთ და სახლში გიშვებთო. მე და ნანა კვაჭანტირაძე ერთ ოთახში ვცხოვრობდით. ისე შეგვეშინდა, იმის მერე დანიშნულ დროზე ნახევარი საათით ადრე ვიყავით ადგილზე. მზია ყანჩაველმა კი ხელზე ჩამოიკიდა დიდი მაღვიძარა და მონდომებული ქოქავდა ხოლმე (იცინის).
კინოროლები
- პირველი ფილმი იყო რუსი რეჟისორის, გრიგორი კოლტუნოვის "შავი თოლია". იგი კუბაში მომხდარ რევოლუციას ეხებოდა. მე კუბელი გოგონა ვიყავი. სკოლაში შემარჩიეს, ფოტოები გადამიღეს და ზაფხულში, ბიჭვინთაში გადაღებებზე გამოგვიძახეს. ზღვის ნაპირზე ვიყავით დაბანაკებული, ჯგუფში საოცარი ადამიანები იყვნენ. ერთ-ერთ მთავარ გმირს ცნობილი მსახიობი სერგეი იურსკი ასახიერებდა.
მერე იყო "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", სადაც ჩემი მომავალი მეუღლე, სერგო ორჯონიკიძე ზურიკელას როლს ასრულებდა. სერგო ბუნებით არის ზურიკელა, მას არაფერი უთამაშია. თენგიზ აბულაძეს თავისი კინოგმირები უყვარდა. საერთოდ, ეჭვიანი კაცი იყო. ყველა მსახიობს ეუბნებოდა, რომ თავის მომდევნო ფილმში გადაიღებდა. უამრავი წინადადება მქონდა, მაგრამ ყველაზე უარს ვამბობდი. ამდენი უარის შემდეგ, გიორგი შენგელაიამ "მაცი ხვიტიაში" ეკას როლით ძალიან დამაინტერესა. ბატონი თენგიზის მიმართ ცოტა ღალატი კი გამომივიდა. მასთან მივედი: ბატონო თენგიზ, საინტერესო როლია და თქვენ რას მეტყვით-მეთქი? - ამდენი დრო გავიდა და ვერაფერი შემოგთავაზე. შენ როგორც გინდა, ისე მოიქეციო. ვიგრძენი, რომ ცოტა ეწყინა. ალბათ იმიტომ, რომ ძალიან ახლობელი ადამიანები ვიყავით. მე და სერგო მასთან ხშირად მივდიოდით და გეგმებზე ვსაუბრობდით.
სატელევიზიო მხატვრულმა ფილმმა "უსახელო უფლისციხელი" კვლავ დიდებულ ხალხს შემახვედრა. კარგის გარდა, არაფერი მახსენდება. დიდი როლი არ იყო, მაგრამ თავისი ფუნქცია ჰქონდა. ახლახან, მე და თენგიზ არჩვაძე, რომელიც ამ ფილმში თამაშობს, სუფრასთან მოვხვდით. ერთმანეთს თბილად შევხვდით და ის პერიოდი გავიხსენეთ. რეჟისორი კარლო ღლონტი შესანიშნავი პიროვნება იყო. სამწუხაროდ, ინტერნეტში ამ ფილმის ძალიან ცუდი ფირი დევს.
ნანული ზოტიკიშვილი