ოჯახი, სადაც ერთი კაცის ორი მეუღლე ერთად ცხოვრობს - გზაპრესი

ოჯახი, სადაც ერთი კაცის ორი მეუღლე ერთად ცხოვრობს

გირშელ ჭელიძე სვანეთში, უშგულში დაიბადა და გაიზარდა. ამბობს, რომ მისი მთავარი საზრუნავი და საფიქრალი მშობლიური კუთხეა. პროფესიით მსახიობი არ არის, მაგრამ ჯერ მარიამ ხაჭვანის ფილმში "დედე" სვანი ბიჭის როლი ითამაშა, შემდეგ კი სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" მოძალადე მაზლი განასახიერა. მსახიობობა მოსწონს და საინტერესო პროფესიად ეჩვენება. რას ფიქრობს სვანეთში დამკვიდრებულ ტრადიციებზე, რა დროს იბნევა, რა არის სიყვარული, თავისუფლება და რა რეაქცია აქვს, როცა სვანებზე ხუმრობენ? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1989 წლის 27 მაისი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მაშინ მომავალ პროფესიაზე ნაკლებად ვფიქრობდი. გადამიღეს ფილმში "დედე", სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები", მაგრამ პროფესიით მსახიობი არ ვარ. ამ საქმემ ძალიან გამიტაცა, სახალისო და საინტერესოა. მომავალში საკუთარ თავს ამ სფეროში ვხედავ, შეიძლება სამსახიობოზეც ჩავაბარო. 12-13 წლამდე ხატვა, ხეზე მუშაობა, ზოგადად ხელოვნება მიტაცებდა, სულ სვანურ კოშკებს ვაკეთებდი. უშგულში დავიბადე და გავიზარდე, ჩემი გვარი წარმოშობით ამ სოფლიდანაა. მრავალრიცხოვანი გვარია, მაგრამ უშგულში 10% თუ არის დარჩენილი. არადა, მე-8 საუკუნეში, იქ საგვარეულო ეკლესიაც კი გვქონდა აშენებული. ასეთ ადრეულ ეპოქაში მსგავსი რამ იშვიათად ხდებოდა. ჩემი სვანეთით ძალიან ვამაყობ! სადაც უნდა ვიყო, რასაც უნდა ვაკეთებდე, ჩემი პირველი საზრუნავი და საფიქრალი სვანეთია. იქ სახლი, ოჯახის კოშკი მაქვს, სადაც მამიდა ცხოვრობს და ხშირად ავდივარ.

- ჩემზე ამბობენ...

- ...ტრადიციების დამცველიაო. წინა ეპოქაში მცხოვრებ ადამიანს მადარებენ და ეს ჩემთვის კომპლიმენტია.

- ფილმში "დედე"...

- ...მარიამ ხაჭვანთან თანამშრომლობის გამოცდილება "დედეს" გადაღებამდეც მქონდა, მოკლემეტრაჟიან ფილმში გადამიღო. "დედეს" კასტინგზე ბევრი ბიჭი მივიდა. როგორც ჩანს, მარიამმა ჩემში პერსონაჟის ტიპაჟი დაინახა, სვანურად ლაპარაკიც შემიძლია. გამიმართლა, მუშაობის პროცესი ძალიან რთული, მაგრამ საინტერესო იყო.

- პრობლემა, რომელიც ამ ფილმშია ნაჩვენები...

- ...ერთ დროს სვანეთში მართლაც არსებობდა. წინაა წამოწეული ქალის ხაზი, რეალურად მამაკაცების უფლებებიც ირღვეოდა. საერთოდ, იყო პერიოდი, როცა უფლება არ ჰქონდა არავის, რაღაც თავისებურად გაეკეთებინა. იქ იყო ბრძოლა გადარჩენისთვის. არავის უხაროდა, ვიღაც ხუთჯერ გათხოვილიყო ან კაცს მრავალი ცოლი მოეყვანა, მაგრამ ეს რომ არ გაეკეთებინათ, სიცოცხლე რომ არ გაგრძელებულიყო, შეიძლება დღეს ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო. სვანეთში დიდი გაჭირვება იყო, ადამიანებს ხშირ შემთხვევაში, სამოქმედო წესებს გარემო კარნახობდა. დღეს ასეულობით გვარი გამქრალია და მათ კიდევ რამდენი ასეული გამქრალი გვარი დაემატებოდა... დროთა განმავლობაში მდგომარეობა შეიცვალა. რაც "დედეში" ხდება, დღეს მსგავსი რამ ღმერთმა გვაშოროს.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...გულუბრყვილო ვარ. შეიძლება ეს თვისება ცოტათი მაზარალებს, მაგრამ მთელი ცხოვრება ასეთი ვიქნები, ადამიანებს ადვილად ვენდობი.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...იმას, რაც ახლა გავიფიქრე, ვერ ვიტყვი, სხვა რამეს კი, იმის გამო, რომ რაღაც დაიწეროს, არ ვიტყვი, ამიტომ ასე დავტოვოთ.

GzaPress

- მეშინია...

- ...ღმერთის.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...ინგლისური ენა. არც მომინდომებია, არც მიცდია.

- ყოველთვის მრცხვენია, როცა...

- ...ვიღაც სარწმუნოებას შეურაცხყოფას აყენებს.

- ვნანობ, რომ...

- ...დღეს უშგულში არ ვცხოვრობ. ეს ადგილი არ მეთმობა. დღეს რომ უშგულში კოშკები ინგრევა, გულზე ცუდად მხვდება. იქ რომ ვიყო, 10-10 ლარს შევაგროვებდი და რამეს მოვახერხებდი.

- პატიება შემიძლია...

- ...ადვილად. საკუთარი შეცდომების აღიარებაც არ მიძნელდება.

- ვიბნევი, როცა...

- ...კომპლიმენტს მეუბნებიან.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...მიხარია. "დედეს" ეკრანზე გამოსვლის შემდეგ, ბევრი საქებარი სიტყვა მოვისმინე. ეს ფილმი არის ერთი კონკრეტული კუთხის ისტორია. მასში ისეთი ტრადიციებიც არის ნაჩვენები, რომელიც არ უნდა დაიკარგოს. მაგალითად, სულების მობრძანების ტრადიცია. ჩვენმა პატრიარქმა ეს რომ გაიგო, თქვა, ამ დროს თქვენ ცუდს არაფერს აკეთებთ, გჯერათ, გარდაცვლილი ახლობლების სულები თქვენთან მოდიან და ეს სინამდვილეშიც ასეა, ადამიანი არ კვდება, ის გარდაიცვლებაო. სულების მობრძანების დღეები ძველით ახალი წლის შედეგ პერიოდშია.

- წონასწორობიდან გამოვდივარ...

- ...როცა ვხედავ, ვინმეს უსამართლოდ ექცევიან, ჩაგრავენ. ამ დროს ვცდილობ, ყველაფერი წყნარად მოვაგვარო, მაგრამ სამწუხაროდ, ყოველთვის ასე არ გამოდის. ფეთქებადი ხასიათი მაქვს, თუმცა საკუთარ თავზე კონტროლს ადვილად არ ვკარგავ.

- როცა სვანებზე ხუმრობენ...

- ...ხუმრობას გააჩნია. კარგია იუმორი, მაგრამ ცუდია, როცა შეურაცხყოფაზე გადადიან.

- სიყვარული ეს...

- ...არის ჩემი ერთ-ერთი სისუსტე.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...ვიყავი ძალიან დაბნეული.

- ახლა შეყვარებული...

- ...ვარ თუ არა? არსებობს ადამიანი, რომელთანაც შეიძლება ურთიერთობა ავაწყო. კარგი მეუღლე უნდა ვიყო. გოგოსთან, რომელიც ჩემი შვილების დედა იქნება, მთელი ცხოვრება დასწრებაზე მექნება პატივისცემა, ყურადღება, მოფერება, სიურპრიზები, სიგიჟეები... ბუნებით რომანტიკოსი ვარ, ვერ ვიქნები ჩვეულებრივი, მოსაწყენი შეყვარებული. შემიძლია მთელი ხმით ყვირილი, რომ მე ის მიყვარს.

- სასურველი გოგო უნდა იყოს...

- ...ტრადიციების დამცველი. თანამედროვეობა არ ნიშნავს ტრადიციების უგულებელყოფას. უნდა იყოს მეოჯახე და ჩემსავით ბევრი შვილი უნდოდეს. თავად მრავალშვილიან ოჯახში გავიზარდე: 4 და და 4 ძმა ვართ.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...ყველას ენდობი, ყოველთვის გულუბრყვილო ხარო.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...მგონია, ეს არასდროს მოხდება. რამდენიც უნდა მქონდეს, დავარიგებ.

- თავისუფლება...

- ...ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა.

- როცა მარტო ვარ...

- ...ვფიქრობ სიყვარულზე, მომავალზე, ოჯახსა და საქმეებზე, რომლის გაკეთებაც მინდა...

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ბავშვობაში ჩვევად მქონდა, ასეთ დროს დედასთან მივდიოდი და ფეხებზე ვეხუტებოდი. რთული ბავშვობა მქონდა, იმედია, მსგავსი დღეები ჩემს ცხოვრებაში აღარასდროს იქნება. დედა ყოველთვის ზუსტად ხვდებოდა, რა დროს რა მიჭირდა. მისმა სიძლიერემ ჩემზე დადებითად იმოქმედა. დედა მამასთვის მეორე მეუღლე იყო, მაგრამ ისე, რომ პირველს არ დაშორებია, მასთან 3 გოგო ჰყავდა. "დედაჩემები" (მამას პირველი მეუღლე და დედა) დღესაც ერთად ცხოვრობენ. ჩვენ შეძლებული ოჯახი გვქონდა. უშგულიდან სტიქიის გამო, 1987 წელს გარდაბანში გადმოგვასახლეს. მამამ ორი მეუღლისთვის ცალ-ცალკე 2 სახლი აიღო, მიუხედავად იმისა, რომ უშგულში ერთად ვცხოვრობდით. გარდაბანში გადმოსვლის შემდეგაც სულ ერთად ვიყავით. ყოველთვის ვამბობ, რომ ორი დედა მყავს და მათ "დედაჩემებს" ვეძახი. ერთმანეთთან უთანხმოება არასდროს ჰქონიათ. მამამ დედა ცოლად პირველი მეუღლის რჩევით მოიყვანა. უკვე ვთქვი, მათ 3 გოგო ჰყავდათ, რადგან სვანეთში ბიჭის დაბადება განსხვავებულად მნიშვნელოვანი იყო, თავად ქალს კი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მეტი შვილი არ გაუჩნდებოდა, მეუღლეს ურჩია, - ცოლად ეს გოგო შეირთეო. მამამ დედა მოიტაცა. დედას წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ მას ცოლ-შვილი ჰყავდა. თავდაპირველად უფიქრია, როგორც ჩანს, ნათესავები არიან და რამდენიმე დღეში წავლენო, მათი "სტუმრობა" კი არ დასრულდა. როცა სიმართლე გაიგო, რა თქმა უნდა, ამ ამბავთან შეგუება გაუჭირდა. შემდეგ პერიოდში კი ერთმანთთან კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ, კამათიც კი არასდროს ჰქონიათ. მამა წლების წინ გარდაიცვალა, "დედაჩემები" დღესაც ერთად ცხოვრობენ.

- ადამიანი, ვისი აზრიც შენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია.

- ...ეს დედაა.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

GzaPress- ...9 წლის ვიყავი, მამა ცუდად იყო, ეზოში ბურთს ვთამაშობდი და როგორც ჩანს, ჩემებურად, გულში მამის დარდი მქონდა. გავიფიქრე, მამა ცუდად არის და მე ბურთს როგორ ვთამაშობ-მეთქი? შინ შევედი, მამამ ხელზე ხელი მომკიდა და მელაპარაკა დედაზე, ოჯახზე, ჩემებზე, სვანეთზე... მისი ოცნება იყო, სვანეთში სახლი არ მიგვეტოვებინა. მისი სიტყვები სულ გულში მაქვს. ამ დიალოგიდან მეორე დღეს გარდაიცვალა. ადრე თუ გვიან, სვანეთში აუცილებლად დავბრუნდები.

- ვრისკავ...

- ...ხშირად. "დედეს" გადაღებისას მართლა გავიყინე. ერთ ეპიზოდში ჩემი პერსონაჟი წამლის მოსატანად მიდის. უკან რამდენიმე დღის შემდეგ, გაყინული ბრუნდება. მითხრეს, გრიმს გაგიკეთებთო. არ არის საჭირო, სანამ განათებას და გადასაღებ მოედანს მოამზადებთ, გარეთ გავალ, ასე უფრო ბუნებრივი გამოვა-მეთქი. ეს ცოტა ხანი 2 საათს გაგრძელდა. 40 გრადუსამდე ყინვა იყო, თოვლისგან სვანურ კოშკს ვაკეთებდი, ეს ფოტო სოციალურ ქსელშიც მაქვს ატვირთული. ხელები იმდენად მომეყინა, მგონი, 7 დუბლის გადაღება დაგვჭირდა. გონება არ დამიკარგავს, მაგრამ კიდურებს ვეღარ ვგრძნობდი. დიდთოვლობის გამო, სვანეთში გზა ჩაკეტილი იყო, სამაშველო სამსახურში დარეკვასაც აპირებდნენ, მაგრამ მდგომარეობიდან გამოვედი.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...მადლობა ყველას, ვინც "დედე" ნახა. ვისაც არ უნახავს, ვურჩევ ნახოს. ეს ფილმი ისტორიაა, როგორია ჩვენი წარსული, როგორ წვალობდნენ ჩვენი წინაპრები, რის ფასად მოვედით დღევანდელ დღემდე. ზოგიერთი ტრადიცია არ იყო მოსაწონი, მაგრამ ბუნება გვკარნახობდა, ასე მოვქცეულიყავით, ეს ჩვენი გადარჩენისთვის იყო საჭირო. "დედე" ყველა ქართველმა უნდა ნახოს. მუსიკალური გაფორმება, სვანური ენა და უშგულის ხედები, ფილმს სანახაობრივადაც ძალიან საინტერესოს ხდის.

თამუნა კვინიკაძე