"ბაბუაჩემის პერანგით არაჩვეულებრივი სამოსი შევიკერე" - გზაპრესი

"ბაბუაჩემის პერანგით არაჩვეულებრივი სამოსი შევიკერე"

"ელეგანტურობასთან არანაირი კავშირი არ მაქვს... შეიძლება ათასში ერთხელ მოვინდომო და ელეგანტურად ჩავიცვა, მაგრამ არსებობენ ამ მხრივ გამორჩეული ქალბატონები. ეს ძალიან მომწონს და მათ დიდ პატივს ვცემ", - ამჯერად საკუთარ გემოვნებაზე მსახიობი ეკა ნიჟარაძე გვესაუბრა...

GzaPress- ბავშვობიდან მოყოლებული, რომელი მწერლები, ნაწარმოებებია თქვენთვის გამორჩეული?

- ჩვენს ბავშვობაში ყველას უნდა წაეკითხა "პეპი გრძელიწინდა", "ბიძია თომას ქოხი", ასევე რასაკვირველია, ანდერსენისა და ძმები გრიმების ზღაპრებიც... შემდეგ წამოვიზარდე და ძალიან მიყვარდა ჩუკოვსკის, მიხალკოვის ლექსები, რომლებსაც შემდეგ ჩემს შვილებს და ახლა უკვე შვილიშვილებს ვუკითხავ... დაახლოებით 12-13 წლის ვიყავი, როდესაც მამამ მაჩუქა მარკესის "მარტოობის ასი წელი" რუსულად (მაშინ ყველაფერს რუსულად ვკითხულობდით). ამ წიგნმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მას მერე დიდხანს, გატაცებით ვკითხულობდი რომანებს. ახლა სამწუხაროდ, ვეღარაფერს ვკითხულობ. ზაფხულში რამდენიმე დღე თუ გამომიჩნდება საამისოდ, თორემ სხვა დროს ძალიან დაკავებული ვარ. ალბათ, დროზეც არ არის დამოკიდებული, უბრალოდ, კონცენტრაციას ვერ ვახდენ. აბსოლუტურად სხვა მიმართულებით მუშაობს ჩემი ტვინი, სამწუხაროდ...

- სამოგზაუროდ რომელი ქვეყნებია თქვენთვის უფრო მიმზიდველი - თანამედროვე მეგაპოლისები თუ ისტორიული წარსულის მქონე?

- ძალიან ბევრ ქვეყანაში არ ვარ ნამყოფი, მაგრამ ბევრჯერ ვიყავი ერთსა და იმავე ქვეყანაში. მაგალითად, საფრანგეთში რამდენჯერმე მომიხდა ჩასვლა. ასევე, ამერიკაში მიწევს ხშირად ყოფნა და თუ თანამედროვე ქვეყნებზე ვისაუბრებთ, ნიუ-იორკი არის ჩემთვის განსაკუთრებულად საინტერესო ქალაქი... თუმცა, ძალიან მიყვარს ძველი არქიტექტურა და საერთოდ, სიძველე... მიყვარს დარაბები, ჩამოშლილი, ცოტა სქელი აგურით ნაშენი კედლები, გაცვეთილი, ძველი პარკეტი - ეს მირჩევნია თანამედროვეს, ახლა რომ ევრორემონტს ეძახიან. ამ სიტყვაზე საერთოდ, ცუდად ვხდები, მაჟრიალებს... ანტიკვარების მოყვარულიც არ ვარ, რომ ვაგროვებდე, მაგრამ ძველთან კომბინირებული თანამედროვე ძალიან მომწონს.

- ნიუ-იორკი განსაკუთრებულად საინტერესო ქალაქებს შორის დაასახელეთ. რატომ?

- ეს ქალაქი ყველაფრით მომწონს: არქიტექტურით, რიტმით, სტილით... ნებისმიერი ეროვნების ადამიანი ქუჩაში მოდის და იქაურ მოქალაქედ გრძნობს თავს. მექსიკელია, ჩინელი თუ ქართველი, ოდნავაც არ აქვს შეგრძნება, ჩასული რომ არის. ყველა ქვეყნის თუ რელიგიის წარმომადგენელი ბედნიერად გრძნობს თავს ნიუ-იორკში.

პარიზში პირველად 2005 წელს აღმოვჩნდი და პარიზი - პარიზია, როგორ შეიძლება არ მოგხიბლოს?! თუმცა, პარიზზე მეტად საფრანგეთის სოფლები მომეწონა. ჩემი მეგობარი მეპატიჟება ხოლმე, რამდენჯერმე მომიწია იქ ყოფნამ და საოცრება იყო. ნიცის სანაპიროდან ათ წუთში ადიხარ მთაში, აბსოლუტურად სხვა ატმოსფეროში... არაჩვეულებრივი ფრანგული სახლები, მოვლილი ეზოებით, ღვინით, პატარა ოჯახური კაფეებით... დილით შეგიძლია გახვიდე და იქვე იყიდო ახალდაკრეფილი მარწყვი, რომელსაც საოცარი არომატი აქვს.

- რომელმა ქვეყანამ დატოვა თქვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება, როგორც ყველაზე გემოვნებიანი მცხოვრებლებით დასახლებულმა ადგილმა?

- ცოტა რთულია, ქვეყანა ამ კუთხით შეაფასო... გემოვნებაზე ხომ არ დაობენ. ვიღაცისთვის შეიძლება, მე ვიყო უგემოვნო, ვიღაცას თავად ვუყურებდე და ვამბობდე, ღმერთო ჩემო, ასე როგორ შეიძლება ადამიანი დადიოდეს-მეთქი. გემოვნება მხოლოდ ის ხომ არ არის, რომ წითელი შავს შეუხამო. უნდა შეგეძლოს შენი ნაკლი მაქსიმალურად დამალო. არიან უნაკლო ადამიანები, რომლებსაც უფლება აქვთ, თამამად იყვნენ ჩაცმულები, მაქსიმალურად გამოაჩინონ სხეულის ლამაზი ნაწილები და მე ამას მივესალმები... თუმცა ხდება, რომ ადამიანს არ უხდება მოკლე კაბა, მაგრამ ძალიან უნდა რომ ჩაიცვას. არ ვიცი, ამ შემთხვევაში რა უფროა სწორი... სხვათა შორის, ნიუ-იორკი იმით არის ბედნიერი ქალაქი, რომ იქ ყველას სურვილის მიხედვით აცვია და ეს თვალში საცემია. ჩვენთან ხომ არის "კანონი", რომ არ მაქვს ნამზეური და "იუბკას" ვერ ჩავიცვამო. იქ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. არავინ გაქცევს ყურადღებას, გარუჯული ხარ თუ არა. იქ მეათეხარისხოვანია ის, რაც შეიძლება ჩვენთან ტრაგედიად ვაქციოთ. დიდი ბედნიერებაა, რომ ქუჩაში, როგორც გსურს, ისე ხარ ჩაცმული და ამის გამო ნეგატიურად არავინ გიყურებს.

- ამბობენ, თბილისში დაიკარგა თბილისური მოდა...

GzaPress- თბილისი საერთოდ ძალიან მოდური ქალაქი იყო და გემოვნებიანი ქალბატონები ცხოვრობდნენ უფროს თაობაში. ასევე, ჩვენს თაობაშიც. ადრე არ იყო ამდენი არჩევანი... ახლა გახვალ და იყიდი, რაც გსურს, გამოიწერ, შეუკვეთ როგორსაც გინდა და ყველაფერი გამარტივებულია. ჩემს ბავშვობაში ამდენი რამ არ იშოვებოდა, თუმცა ყველაფერს ვახერხებდით. მე მაგალითად, გადამიკეთებია ბაბუაჩემის პერანგი. თავად შემიკერავს იმდენად კარგად, რომ არაჩვეულებრივი სამოსი გამოსულა და დღემდე იხსენებენ ამას ჩემი მეგობრები, - როგორ გიხდებოდაო... 14-15 წლის რომ ხარ, მაშინ უფრო გიხდება ყველაფერი, ვიდრე 45 წლისას... ასე ცალსახად ვერ ვიტყვი, რომ ე.წ. თბილისური მოდა დაიკარგა. ყველგან არის გემოვნებიანი ხალხიც და უგემოვნოც. არ მინდა ვთქვა, რომ ქალაქში ბევრი უგემოვნო გვყავს, რადგან ასე არ ვფიქრობ. უბრალოდ, ყველა ერთმანეთს დაემსგავსა... მე ჩემს პლუსად არ ვთვლი, მაგრამ არასოდეს მიყვარდა ის, რაც მოდაშია. არიან ადამიანები, რომლებსაც ერთი სული აქვთ, რაღაც კონკრეტული ჩანთა თუ ფეხსაცმელი შეიძინონ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ აქვთ ამის საშუალება. ბევრი ვალსაც კი იღებს, რომ რომელიღაც ბრენდის ფეხსაცმელი აუცილებლად ჰქონდეს, რაც ჩემთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელია... მე მაგალითად, ახლა რაც მაცვია, ის შარვალი და პიჯაკი, ნიცის "ვინტიჯში" "სექენდ ჰენდში" მაქვს შეძენილი ძალიან ბევრი წლის წინ. საინტერესოდ შეკერილი შარვალია. იმდენად მომეწონა, არ შემეძლო, არ მეყიდა. მირჩევნია ვიყიდო ასეთი ორიგინალური და გამორჩეული, ვიდრე ე.წ. მოდური. ყოველდღიურად მაცვია ჯინსი, კედი და მაისური, ანუ სპორტულ სტილში...

- ვინ გახსენდებათ ცნობილი ქართველი ქალბატონებიდან განსაკუთრებულად გემოვნებიანი?

- საბედნიეროდ, ბევრი გვყავს გემოვნებიანი და ელეგანტური ქალბატონი. ამ დროს არ შეიძლება ნანი ბრეგვაძე არ გაგახსენდეს. ის ელეგანტურობის ეტალონია, ყოველთვის გემოვნებით აცვია და არაჩვეულებრივადაც გამოიყურება...

მე კი უკვე ისეთი რიტმი და ეტაპი მაქვს ცხოვრების, რომ მაქსიმალურად ვცდილობ, ყოველდღიურად კომფორტული სამოსი ვატარო. ადრე შეიძლება ყოველდღიურად მაღალქუსლიანი ფეხსაცმელიც ჩამეცვა, რაც დღეს გამორიცხულია: ვეღარ დავდივარ, თავს ვეღარ ვერევი... თან, როცა მაღალქუსლიანებს ვატარებ, ყველა მეუბნება, - ვაიმე, რამ სიმაღლე ხარო და ეს ცოტა არ იყოს, მაკომპლექსებს. ამიტომ მირჩევნია, ისევ კომფორტული ფეხსაცმელი ვატარო... გამოსასვლელად მაქვს ულამაზესი კაბები, რომელიც ნიუ-იორკის "ვინტიჯში" რეკორდულ ფასად მაქვს ნაყიდი. იმდენად იაფად, რომ არავის სჯერა, როცა ამას აღვნიშნავ...

- როგორი აქსესუარები გიყვართ?

- ზამთარში თითქმის არ ვატარებ აქსესუარებს, რადგან არ ჩანს... ამოჩემება ვიცი: შეიძლება თვეების განმავლობაში ერთი და იგივე ბეჭედი ვატარო... ტანსაცმელზეც ასე ვარ. შეიძლება ერთი და იგივე ჩავიცვა დიდხანს.

- როგორი ფერები გიყვართ?

- რაც შეიძლება ღია ფერები მიყვარს. იშვიათად მაცვია მუქი. გული მწყდება, ქართველები რომ მუქ ფერებზე არიან კონცენტრირებული და ეს განსაკუთრებით თვალში საცემია, როდესაც სპორტული მატჩია... მაყურებელი ტრიბუნებზე სულ შავ და ნაცრისფერ ფერშია, როდესაც უცხოეთში ანათებენ ტრიბუნებიდან ფერადი სამოსით. მსურს, მამაკაცებმაც და ქალბატონებმაც ხასხასა ფერის სამოსი ჩაიცვან, ეს ხასიათზეც დადებითად აისახება.

- როგორი სახლები მოგწონთ?

- როგორშიც ვცხოვრობ... მიყვარს სივრცე და რაც შეიძლება ნაკლები ავეჯი. არ მიყვარს, როცა ოთახი გადატვირთულია ნივთებით. მინიმალიზმის მომხრე ვარ... არ ვიცი, საიდან, მაგრამ სახლში სულ გროვდება ბევრი ნივთი და პერიოდულად "რიტუალი" მაქვს ხოლმე - დავცლი, გავაჩუქებ, გადავყრი და მერე ისევ გროვდება.

მანანა გაბრიჭიძე