"ზოგი "პეპლებს აჰყვება" და მაშინვე თხოვდება"
კონცერტის შემდეგ, ზოგჯერ შინ დილითაც დაბრუნებულა, როცა მეეზოვეებს მუშაობა უკვე დაწყებული ჰქონდათ... ახალგაზრდა მომღერალი - ნატალი სულავა-დევდარიანი ჯერ მხოლოდ 19 წლის არის, მაგრამ თავს დამოუკიდებელ ადამიანად მიიჩნევს, ყოველ შემთხვევაში - იმაზე მეტად, ვიდრე მუსიკალურ პროექტ "ვოისში" მონაწილეობისას იყო...
- დამოუკიდებელი ხარ?
- საკმაოდ. "ვოისში" მონაწილეობისას 16 წლის ვიყავი. მაშინ არცთუ ისე დამოუკიდებელი გახლდით, ახლა კი მაქვს სამსახური, შემოსავალი...
- სწავლის გაგრძელებას არ აპირებ?
- წელს საზღვარგარეთ მივდივარ. ჯერჯერობით, ბევრ რამეს საჯაროდ არ ვამბობ. ძალიან მალე გაგიმხელთ...
- გაპრანჭვა რა ასაკიდან დაიწყე? "ვოისში" მონაწილეობისას საკმაოდ თამამი იმიჯი გქონდა...
- მცირე ასაკიდანვე ძალიან პრანჭია ვიყავი. დედაჩემის მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს ვიცვამდი და დავბაკუნობდი (იცინის). 12-13 წლისამ ტუშისა და ტუჩსაცხის "ლაითად" წასმა დავიწყე. "ვოისში" მონაწილეობისას საკუთარი თავი უკვე ჩამოყალიბებული პიროვნება მეგონა, მაგრამ ახლა ბევრად ჩამოყალიბებული და რეალიზებული ვარ.
- პაემანზე წასასვლელად როგორ ემზადები?
- როდესაც კონცერტები მაქვს, ყოველთვის გამოპრანჭული ვარ, მაგრამ ყოველდღიურად ვცდილობ, სადად ჩავიცვა. შეიძლება, ბოტასი ჩავიცვა და ძალიან ლამაზი კაბა ან შარვალი (კლასიკური) შევუხამო.
- როგორ ფიქრობ, ადამიანზე შექმნილი პირველი შთაბეჭდილება ამართლებს?
- ალბათ, არა. ისეთი ცხოვრებაა, რომ ზოგი "ნიღბით" დადის და ვერ გაიგებ, პირველი შთაბეჭდილება გაამართლებს თუ არა.
- თავად ცხოვრებაში "ნიღბის" ტარება ხშირად გიწევს?
- საერთოდ, ადამიანებთან ურთიერთობისას ძალიან უბრალო ვარ. ვინც პირადად არ მიცნობს, იმიჯის გამო, შეიძლება, მკაცრი და უკარება ვგონივარ. სინამდვილეში, ძალიან თავისუფალი ადამიანი ვარ, რომელსაც მეგობრები, ახალი მეგობრების შეძენა უყვარს. როცა ვინმე "ცუდად შემეხება", მაშინ უკვე სხვა ნატალი "ჩამერთვება" ხოლმე.
- "სხვა ნატალი" როგორია?
- ძალიან ცუდია (იცინის).
- რამ შეიძლება მოთმინების უნარი დაგაკარგვინოს?
- მართალია, "ვოისის" პერიოდში ბავშვი ვიყავი და სიტყვა-პასუხი მაშინაც არ მეშლებოდა, მაგრამ უარყოფითი კომენტარებისთვის არასოდეს მიპასუხია. ახლა "ინსტაგრამზე" ყალბი ანგარიშებიდან როცა მწერენ, ხანდახან ისეთ პასუხებს ვცემ, რომ სწყინთ. ყალბ "ექაუნთს" ამოფარებული 1-2 ადამიანი ვიპოვე. ძალიან შერცხვათ, ბოდიში მოიხადეს.
- როგორ ფიქრობ, ქალისთვის ოჯახის შესაქმნელად იდეალური ასაკი რომელია?
- როცა ქალი უკვე ჩამოყალიბებულია, თავისი პროფესია, შემოსავალი აქვს და თავს შემდგარ პიროვნებად გრძნობს, გათხოვებაზე ამის შემდეგ უნდა იფიქროს, მაგრამ ზოგი "პეპლებს აჰყვება" და მაშინვე თხოვდება - ჩემთვის ეს მიუღებელია. შეიძლება, ისეთი სიყვარული არ მქონია, რომ "პეპლებს ავყოლოდი" და სხვაგვარად ვჭიკჭიკებ. ქალისთვის ოჯახის შესაქმნელად იდეალური ასაკი ალბათ, 25-30 წელია. დედაჩემი 23 წლის გათხოვდა. ბავშვობაში, დედის მიბაძვით, მეც ვამბობდი, რომ 23 წლისა უნდა გავთხოვილიყავი, მაგრამ ახლა 23 წელიც ნაადრევად მეჩვენება.
- ქორწინებამდე წყვილის თანაცხოვრება შენთვის მისაღებია?
- ეს სადავო საკითხია. ყველას თავისი პირადი ცხოვრება აქვს. მე ეკლესიური ვარ, ყოველ შაბათ-კვირას ტაძარში დავდივარ, კვირაობით ვეზიარები, მოძღვარი მყავს... მართლმადიდებლურ სამყაროში, ქორწინებამდე წყვილის თანაცხოვრება მიღებული არ არის, მაგრამ ახალ თაობას განსხვავებული აზრები აქვს, სამყაროში სხვადასხვა აზრის არსებობა კი ბევრად უკეთესია... მოკლედ, ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩამოუყალიბებელი პასუხი მაქვს. ალბათ, გარკვეულწილად კარგია, გარკვეულწილად - ცუდი.
- მყარი ოჯახისთვის რა არის საჭირო?
- ურთიერთგაგება, პატივისცემა, სიყვარული და მხარში დგომა. ცოლიც და ქმარიც წარმატებული უნდა იყვნენ, თავიანთი საქმე ჰქონდეთ, საღამოს კი განვლილი დღის შთაბეჭდილებებს ერთმანეთს უზიარებდნენ, მაგრამ მე ისეთ სფეროში ვმუშაობ, რომ სიმღერა ყოველთვის საღამოობით მიწევს. ალბათ, დღის ამბებს მეუღლეს დილით გავუზიარებ (იცინის).
- მყარი ოჯახის საჭიროებებიდან სიყვარული მესამე ადგილზე რატომ დაასახელე?
- როცა ურთიერთობაში ურთიერთგაგება, პატივისცემა არსებობს, რა თქმა უნდა, სიყვარულიც არის - ეს გრძნობა მაინც პირველ ადგილს იკავებს. ხანდახან ვფიქრობ, - სიყვარული არსებობს? ალბათ, არსებობს, რადგან გვიყვარს მშობლები, მეგობრები... ე.ი. ვიღაც "პრინციც" არის, მაგრამ ის ზოგს ხვდება, ზოგს კი არ უმართლებს. რთული საკითხია.
- შენი სამუშაო რეჟიმი შენი რჩეულისთვის მიუღებელი რომ აღმოჩნდეს, დათმობაზე წასვლას შეძლებ?
- მესმის, რომ ყველა კაცი ვერ შეეგუება, მისი მეორე ნახევარი ღამის საათებში მღეროდეს. არადა, კონცერტები საღამოს იმართება... მასაც დატვირთული გრაფიკი უნდა ჰქონდეს. ჩემი აზრით, აუცილებელია, ადამიანი იყოს დაკავებული, მისი ცხოვრება ერთფეროვანი არ იყოს, სახლში არ ჩაიკეტოს ან ძმაკაცებთან ერთად, უბანში არ იდგეს და ეწეოდეს. ისეთი პიროვნებების არ მესმის, ვისაც 2 ხელი, 2 ფეხი, ტვინი აქვთ, მაგრამ არ იყენებენ, არ ვითარდებიან, მერე კი წუწუნებენ, რომ უმუშევრები არიან და ფული არ აქვთ. ხელ-ფეხს თუ გაანძრევენ, რამეს ისწავლიან, იმუშავებენ, თუ ძალიან მდიდრები არა, საშუალოდ მცხოვრებლები მაინც იქნებიან.
- შენი რჩეული როგორი უნდა იყოს?
- ძალიან მამაკაცური, შემდგარი, ძლიერი პიროვნება, რომ გარკვეულ სიტუაციებში მას დავეყრდნო. თავადაც ძლიერი ადამიანი ვარ, არაფრის მეშინია, მებრძოლი ხასიათი მაქვს. ზოდიაქოს ნიშნით მშვილდოსანი ვარ: მიზნებს ვისახავ და "ისარს ვესვრი"... ჩემი რჩეული განათლებული, კარგი ოჯახიშვილი და რა თქმა უნდა, სიმპათიური, მაღალი, შავგვრემანი უნდა იყოს.
- შეყვარებული გყავს და კონკრეტულ ადამიანს აღწერ?
- არა, ბავშვობიდან ყოველთვის მამაჩემის ტიპის (გარეგნობის მხრივ) ბიჭები მომწონდა.
- "კარგი ოჯახის შვილი" რას ნიშნავს?
- იმას, რომ ოჯახისთვის კარგი შვილია; ოჯახმა და თავისმა მონდომებამ ზრდილობიან, შემდგარ პიროვნებად ჩამოაყალიბა.
- მეუღლის მცირე შემოსავალი შენთვის პრობლემა იქნებოდა?
- შეიძლება, ვინმემ ჩემი ნათქვამი ცუდად მიიღოს, მაგრამ სასურველია ან თანაბარი ხელფასი გვქონდეს, ან მას უფრო მეტი. ცოლსაც და ქმარსაც კარგი შემოსავალი უნდა ჰქონდეთ, რადგან ოჯახი ორივემ უნდა არჩინოს.
- რომანტიკული ხარ?
- კი. რომანტიკულობა, სიურპრიზები მიყვარს, მაგრამ ვერ ვახერხებ. თან, მეორე ნახევარი არ მყავს. სკოლაში სწავლის პერიოდში, შეყვარებული ყველას ჰყავს - ეს ბავშვური გატაცება ბუნებრივია. ვერ ვიტყვი, ახლა შეყვარებული მინდა-მეთქი, რადგან მარტო ძალიან კარგად, თავისუფლად ვარ, დაქალებს ვნახულობ... 6 საუკეთესო დაქალი მყავს. მათგან ოთხს შეყვარებული ჰყავს, ორს - ქმარი.
- როგორ ფიქრობ, სასურველი საპატარძლო ხარ?
- შეიძლება, ვიღაცისთვის არ ვიყო, მაგრამ კითხვა მიჩნდება: რატომ? ალბათ, ზოგს წარმატებული ქალი არ მოსწონს, ეშინია... საკუთარ თავს "წარმატებულ ქალსაც" ვერ დავარქმევ, რადგან ჯერ ყველაფერი წინ მაქვს... ვერ ვხვდები, სასურველი საპატარძლო რატომ არ უნდა ვიყო? "ის" თუ იქნება ჩემთვის სასურველი, საკითხავი ეს არის (იცინის). ყველას თავისი გემოვნება აქვს: შეიძლება, ვიღაცისთვის ძალიან სასურველი ვიყო, ვიღაცას - არ მოვწონდე...
ეთო ყორღანაშვილი