რატომ არ მოსწონთ ყველაზე ეშხიან და წარმატებულ ქალებს ლამაზი მამაკაცები
ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში ჩვენი რესპონდენტების მონათხრობმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა: ისინი საოცრად ეშხიანი, მომხიბვლელი, წარმატებული ქალები არიან. რატომ არ მოსწონთ ასეთ ქალებს ლამაზი მამაკაცები და ვინ იყო მათი იდეალი ე.წ. თინეიჯერულ ასაკში? - ამ შეკითხვას ისინი გულახდილად პასუხობენ.
"ოდნავ უხეში, არასტანდარტული გარეგნობის მამაკაცები მომწონს"
ნინი ბადურაშვილი, მომღერალი: - ჩემთვის გემოვნების იდეალი, ჩაცმულობით დაწყებული, მუსიკალური ნიჭითა და გემოვნებით დამთავრებული, ყოველთვის მაიკლ ჯექსონი იყო. გარდა იმისა, რომ მაგარი მუსიკოსი და ფენომენალური ადამიანი გახლდათ, კარგი გემოვნებაც ჰქონდა. ყოველთვის მომწონდა როგორ ეცვა ან როგორ მღეროდა. ჯექსონი ბრენდებს კი არ ერგებოდა, ბრენდები ერგებოდნენ მას. ძალიან მინდოდა ოდესმე მაინც გამეცნო, მაგრამ სამწუხაროდ, მისი გაცნობა კი არა, კონცერტზე დასწრებაც ვერ მოვახერხე...
ბავშვობაში ასევე ძალიან მომწონდა ლეონარდო დი კაპრიო, მაშინ მისი ბუმი იყო. "ტიტანიკისა" და "რომეო და ჯულიეტას" შემდეგ, მასზე ყველა გიჟდებოდა. ამჟამად მსახიობებს შორის ჟერარ ბატლერი მომწონს. საერთოდ, ცოტა უხეში, მამაკაცური გარეგნობის კაცები მესიმპათიურება. ალბათ ამის ბრალია, რომ ალენ დელონზე, რომელიც კაცის სილამაზის ეტალონი იყო, არასოდეს ვგიჟდებოდი. ბრედ პიტიც ხომ ძალიან სიმპათიურია და ტომ კრუზიც, მაგრამ სხვა გოგონებივით, არც მათზე ვგიჟდებოდი. მოკლედ, სტანდარტული სილამაზისა და გარეგნობის ხალხი არ მომწონს. ვინ მომწონდა და მომწონს ქართველებს შორის? - ვერავის გამოვყოფ, თუმცა ბაბუაჩემი - იმედა კახიანი ყოველთვის იყო ჩემთვის მამაკაცის იდეალი.
"ვფიქრობ, კაცს სილამაზე ნაკლებად სჭირდება"
ეკა ნიჟარაძე, მსახიობი: - ჩემი თაობის გოგონებს შორის "ბითლზები" და მისი მომღერლები ყველაზე პოპულარულები იყვნენ, მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ გარეგნობის დამსახურება. მეც პოლ მაკარტნი ან ჯონ ლენონი მარტო გარეგნულად კი არ მომწონდა, ნიჭის გამოც ვიყავი მათი ფანი. მათ პლაკატს ან პოსტერს თუ ვინმე გაჩუქებდა, ეს დიდი სიხარული იყო. არანაკლებ მომწონდა სტინგი და დღემდე მაქვს შენახული მისი პლაკატი, რომელიც ამერიკაში მაჩუქეს. წლების შემდეგ, როცა მის კონცერტზე მოვხვდი ბათუმში, საოცრად ბედნიერი ვიყავი; არც კი მჯეროდა, რომ ეს სინამდვილე იყო. ხშირ შემთხვევაში გოგონები თავიანთი კერპის თვისებებს ცხოვრების თანამგზავრში ეძებენ, რაც დიდი შეცდომაა: შეიძლება რაღაც სტერეოტიპი გქონდეს ჩამოყალიბებული, თუ როგორი იქნება შენი სიყვარული, როგორი ხასიათი ან მანერები უნდა ჰქონდეს მას, მაგრამ შეიძლება რადიკალურად განსხვავებული ადამიანი შეგიყვარდეს. სიყვარული და რაღაც სტერეოტიპები ისე შორსაა ერთმანეთისგან, როგორც ცა და დედამიწა. შეიძლება გაგიჟებით შეგიყვარდეს ადამიანი, რომელიც საერთოდ არ შეეფერება იმას, რაც შენ მოგწონდა და გიყვარდა. ვფიქრობ, კაცს სილამაზე ნაკლებად სჭირდება, მთავარი მისი ხასიათი და მამაკაცური თვისებებია. იგივე უნდა ვთქვა ქალებზეც: მე ვიცი ქალები, რომლებსაც განსაკუთრებული არაფერი აქვთ, არც ძალიან ლამაზები არიან, არც ჭკვიანები, მაგრამ ისეთი შარმი გააჩნიათ, რომ უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავთ და ამავე დროს ძალიან ბევრი ლამაზი გოგო ვიცი, რომელიც მარტოა. ალბათ, ამ დროს უფრო ფიზიოლოგია და ფლუიდები თამაშობს წამყვან როლს. სილამაზე ხომ შეფარდებითი ცნებაა: შეიძლება ერთს სულ სხვა სტილის ქალი მოეწონოს და მეორეს - სხვა. შეიძლება ვიღაცამ ძალიან ლამაზ ქალზეც თქვას - ეს რა მოსაწონიაო. მოკლედ, გემოვნებაზე არ დაობენ და სილამაზის ცნებაც ყველას სხვადასხვაგვარად ესმის.
"კაცი შეიძლება კვაზიმოდოს ჰგავდეს, მაგრამ მაინც მაგარი ტიპი იყოს"
მაკა ზამბახიძე, მომღერალი: - ბავშვობაში მსახიობებს და მომღერლებს შორის ბევრი რჩეული მყავდა. ქართველებიდან განსაკუთრებით მომწონდა მერაბ სეფაშვილი და სულ ვოცნებობდი მის გაცნობაზე - მოგვიანებით ეს ოცნება ამისრულდა და როცა გავიცანი, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ეს მართლა განსაკუთრებული მუსიკოსი და კარგი ადამიანია. უცხოელ მომღერლებს შორის ჩემი ფავორიტი მაიკლ ჯექსონი იყო, ხოლო მსახიობებს შორის ყველაზე მეტად ვან დამი მომწონდა. იმ წლებში ბევრს მოსწონდა შვარცენეგერი, მაგრამ მე ვან დამის ფილმები მერჩივნა. ვიცნობდი გოგონებს, რომლებიც თავის რჩეულში ეძებდნენ იდეალის თვისებებს, მაგრამ მე მსგავსი რამ არ მახასიათებდა, არასდროს მქონია რაღაც სტანდარტი, რომ ჩემს რჩეულს ზუსტად ასეთი, კონკრეტული თვალის ფერი ან აღნაგობა უნდა ჰქონოდა. ჩემთვის გარეგნობას დიდი მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, თვისებები ჰქონდეს მამაკაცური და სიმპათიურიც თუ იქნება, ძალიან კარგი... შეიძლება კაცი კვაზიმოდოს ჰგავდეს, მაგრამ მაინც მაგარი ტიპი იყოს. მთავარი მისი ქარიზმა და შინაგანი ბუნებაა. ცარიელი გარეგნობა, მამაკაცური თვისებების გარეშე, არაფერს ნიშნავს.
"არც ერთი მამაკაცი, რომელიც მომწონდა, ლამაზი არ ყოფილა"
თათული დოლიძე, მსახიობი: - რა თქმა უნდა, მეც მყავდა კერპები: უცხოელებს შორის ჩემი სიმპათია ჟან პოლ ბელმონდო იყო. ის კარგი მსახიობია და ყველასგან გამორჩეული, მამაკაცური გარეგნობა აქვს. ქართველებს შორისაც ბევრი სიმპათიური მამაკაცი შემხვედრია, მაგრამ ყველაზე მეტად ჟანრი ლოლაშვილი მომწონდა და ამიტომაც გავყევი ცოლად. სხვათა შორის, ჩემი არც ერთი მეუღლე ჩემს იდეალთან ახლოს არ იყო და საერთოდ, არც ერთი კაცი, რომელიც მომწონდა, ლამაზი არ ყოფილა. კაცს მამაკაცური ხიბლი უნდა ჰქონდეს და მის გარეგნობაში რაღაც ასიმეტრია უნდა იყოს, რომ მომეწონოს. გოგოსავით ლამაზი და დახატული ბიჭები ე.წ. თინეიჯერულ ასაკშიც კი არ მომწონდა.
"ვინც მიყვარდა და მომწონდა, ცოლად სწორედ იმას გავყევი"
ხატია შამუგია, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი: - ძალიან მომწონს რობერტ დაუნ უმცროსი და კოლინ ფარელი, ბავშვობაში კი ჩემი ფავორიტი ენდი გარსია იყო. სიგიჟემდე მიყვარდა ჯორჯ მაიკლი და მისი პლაკატები ოთახშიც მქონდა გაკრული. მაშინ პოპულარული მსახიობების პოსტერები იოლად არ იშოვებოდა და დიდი მონდომებით ვეძებდით. სხვათა შორის, ენდი გარსია ახლა ისე აღარ მომწონს, მაგრამ კოლინ ფარელზე ძველებურად ვგიჟდები, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ალექსანდრე მაკედონელის როლი ითამაშა. ამ როლმა კიდევ უფრო შემაყვარა მაკედონელიც და ეს შესანიშნავი მსახიობიც. რობერტ დაუნ უმცროსიც დღემდე რჩება ჩემს სიმპათიად. მიუხედავად იმისა, რომ ეს მსახიობები ძალიან მომწონდა, იდეალებით არასოდეს მიცხოვრია. ამიტომ, ქართველ მამაკაცებს შორის ვინც ყველაზე მეტად მიყვარდა და მომწონდა, იმას გავყევი ცოლად: "ქუჩის ბიჭები" იმ პერიოდში ძალიან პოპულარულები იყვნენ, გურამიკო განსაკუთრებით მომწონდა და ჩემი მეუღლე სწორედ ის გახდა.
"ჩემი იდეალები ყოველთვის რეალური ადამიანები იყვნენ"
თამუნა გომართელი, საპროდიუსერო კომპანიის ხელმძღვანელი: - ჩემთვის მამაკაცის იდეალი და ამქვეყნად ყველაზე სიმპათიური ადამიანი მამა იყო. ეს განცდა დღემდე მომყვება და ვფიქრობ, ის ამქვეყნად ყველაზე საუკეთესო და სიმპათიური კაცია. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ აბსტრაქტული იდეალი არასოდეს მყოლია და ვარსკვლავიც არასოდეს შემყვარებია. მამა არასოდეს მზღუდავდა და მასთან ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა მქონდა, რაც დღემდე გრძელდება. ამიტომ, ყოველთვის მინდოდა ისეთი ადამიანი შემყვარებოდა, რომელიც მისი მსგავსი იქნებოდა. მართალია, ჩემი ცხოვრების თანამგზავრი მამას არ ჰგავს, მაგრამ ძალიან კარგი ადამიანია. არც მამა და არც მეუღლე ჩემს კარიერულ წინსვლას ხელს არ უშლიან. მეუღლე ბოლომდე მენდობა და შეუძლია იმხელა თავისუფლება მომცეს, რაც სხვებისთვის წარმოუდგენელია. მე ხშირად მიწევს მივლინებებში წასვლა 1-2 თვით, ახლახან ჩამოვედი იტალიიდან, მაგრამ ამის გამო ოჯახში პრობლემები არასოდეს შემქმნია. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ძალიან გამიმართლა და ბედნიერი ქალი ვარ. მგონი ეს იმის დამსახურებაა, რომ ჩემი იდეალები ყოველთვის რეალური ადამიანები იყვნენ და არიან.
ხათუნა ჩიგოგიძე