ვინ არის 22 წლის ქართველი ხელოვანი, რომელიც "შანელის სახლის" ფავორიტი გახდა
"კალიგრაფია" ლამაზად და მკაფიოდ წერის ხელოვნებას ნიშნავს და სწორედ ამ ტექნიკის მაღალ დონეზე ფლობის გამო გამოარჩია "შანელის სახლმა" 22 წლის ქართველი გიორგი სისაური. როგორც აღმოჩნდა, შანელის სახლის წარმომადგენლები რუსეთში ახალი კოლექციის წარდგენას აპირებდნენ, სტუმრის მოსაწვევებზე მათ გვარ-სახელებთან ერთად, შანელის სიტყვების დატანას გეგმავდნენ და საამისოდ ხელოვანის ძებნა მრავალ კალიგრაფს შორის უხდებოდათ.
გიორგი წლებია, ამ მიმართულებით მუშაობს. 2010 წლიდან რამდენიმე წელი ზედიზედ გახდა კონკურსის - "ქართული კალიგრაფია" - გამარჯვებული და პირველი ადგილის მფლობელი. ის ეგვიპტეში გამართული კალიგრაფების პირველი საერთაშორისო გამოფენის მონაწილეა, სადაც რამდენიმე ქართველ კალიგრაფთან ერთად მონაწილეობდა და იქვე მასტერკლასიც ჩაატარა.
გარდა ამისა, ხატავს და წერს. დღემდე 4 წიგნი აქვს გამოცემული, რომლის გაფორმებაზე, ილუსტრირებასა და ყველა დეტალებზე თავად ზრუნავს. ასევე მუშაობს კერძო დაკვეთებზე. გიორგისთან ხშირად მოდიან ადამიანები, ვისაც სურთ, რომ სახელი და გვარი ან მხოლოდ სადეზაო ასო ლამაზად დაუწეროს. ზოგს თავისთვის, ზოგსაც სურს სხვას აჩუქოს ასეთი ორიგინალური და ძვირფასი საჩუქარი. ზოგჯერ რამდენიმე საათი ან მთელი დღეა საჭირო ერთი ასოს დასაწერად და ამიტომ გიორგის ბევრი შრომა უწევს. წერს ფურცელზე, ეტრატზე ან სხვა მასალაზე. ვინაიდან შრიფტში კარგად ერკვევა, დაკვეთები აქვს ლოგოებზეც.
ხატვა ადრეულ ასაკში დაიწყო. 14 წლის იყო, როცა მისი შექმნილი გრაფიკული ნახატები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ლუვრის ექსპერტებმა ნახეს, ვირტუოზად აღიარეს, რეცენზია მიუძღვნეს და საფრანგეთში სასწავლებლად ჩასვლა ურჩიეს. ამავდროულად, მათივე ინიციატივით შესაძლებლობა მიეცა, პარიზის ხელოვნების სკოლაში გრანტით ესწავლა. თუმცა, გასამგზავრებლად და იქ საცხოვრებლად თანხა იყო საჭირო, რომლის არქონის გამო, გიორგი საქართველოში დარჩა. ბევრს მუშაობდა და სკოლის დამთავრების შემდეგ სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა. ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტი წელს დაამთავრა და სამომავლოდ, დიდი სურვილი აქვს სწავლა საზღვარგარეთ გააგრძელოს.
გიორგი სისაური: - წელს ორი ახალი ნაწარმოების: "ლუციფერის ტროპარისა" და "სიცოცხლის ყვავილის" პრეზენტაცია მქონდა რუსთაველის თეატრში. ახლა დავასრულე ახალი ნაწარმოები, ზღაპარი უფროსებისთვის, ფანტასტიკის ჟანრის მოთხრობა "მისტილ" და სექტემბერში ვაპირებ მის გამოცემას. მომავალი წლისთვის ვგეგმავ "ღვთაებრივი მისტერია" გამოვცე, რომელიც პოემებისა და ლექსებისგან შედგება. კრებულის 90 პროცენტი ძველი, არქაული ენით არის დაწერილი. ჩემი მიზანი იყო საუკუნეების მანძილზე გამოვლილი ენა ამ ფორმით გამეცოცხლებინა. დიდი ხანია, ამ წიგნზე ვმუშაობ და მის გამოცემას ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ მოვლენად ვთვლი. ამიტომ ბოლო პერიოდი ლიტერატურის მიმართულებით უფრო აქტიურად ვმუშაობდი. რაც შეეხება კალიგრაფიულ საქმიანობას, უმთავრესად კერძო დაკვეთებზე ვმუშაობ და ეს ჩემი ძირითადი შემოსავლის წყაროა.
- გიორგი, ახლა ის მიამბე, როგორ შედგა შენი და "შანელის სახლის" თანამშრომლობა?
- დაახლოებით ერთი თვის წინ, დამიკავშირდა ქალბატონი, რომელმაც მითხრა, რომ "შანელის სახლი" ღონისძიებისთვის კალიგრაფს ეძებდა. როგორც ვიცი, მანამდე 30-მა კანდიდატმა წარმოადგინა ნიმუში, მაგრამ ისინი ძირითადად სამხატვროო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტის სტუდენტები იყვნენ და მათი ნამუშევრები დაიწუნეს. ერთია ამ განათლების მიღება და მეორეა, შემოქმედებითი თავისუფლება, რომელიც ხშირ შემთხვევაში არა აქვთ ხოლმე სტუდენტებს. შრიფტს სპეციფიკური ცოდნა, შემოქმედებითობა, განვითარება და მუდმივად მუშაობა სჭირდება და ეტყობა სწორედ ამას ეძებდნენ. ის ქალბატონი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეშვეობით დამიკავშირდა. მერე ნიმუში გამაკეთებინეს, მოსკოვში გადაგზავნეს და როგორც აღმოჩნდა, ჩემმა ნამუშევარმა მოწონება დაიმსახურა.
ღონისძიება კოკო შანელის დაბადების დღესთან დაკავშირებით იმართებოდა და საამისოდ მოსაწვევებზე მისი გამონათქვამები დავწერე როგორც ინგლისურ, ისე რუსულ ენებზე. დაახლოებით 40 გამონათქვამი იყო, რომელიც ამდენივე მოსაწვევ ბარათზე შევასრულე. ინგლისურ ენაზე დიდი ხანია ვწერ, მაგრამ აქამდე რუსულად არ მიწერია და ეს დიდი გამოწვევა იყო ჩემთვის. როგორც ვიცი, ნამუშევარი ძალიან მოეწონათ და არის პერსპექტივა, რომ სამომავლოდ კვლავ ვითანამშრომლო "შანელის სახლთან" ანუ კიდევ მომიწიოს რამის გაფორმებამ.
- შეიძლება სტუმრებს შორის აღმოჩენილიყვნენ ისეთებიც, ვინც შენთან თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს და მომავალში ამ კუთხითაც გამოჩნდეს ახალი პერსპექტივა...
- დიახ, ასეა, მაგრამ რუსეთს სერიოზული კალიგრაფები ჰყავს, კარგი ოსტატები და გამიკვირდა, რომ იქ ვერ იპოვეს შესაბამისი კანდიდატი. ვნახოთ, მოვლენების განვითარებას დაველოდოთ.
- მითხარი, რომ ორი ახალი წიგნის გამოსაცემად ემზადები. გარდა ამისა, ახლა რაზე მუშაობ?
- რამდენიმე კალიგრაფი "ვეფხისტყაოსანზე" ვმუშაობდით. ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა. მთელი პოემა ხელით გადაიწერა და წიგნს საზოგადოება შემოდგომაზე იხილავს.
ანა კალანდაძე