"უკან მიხედვის ნამდვილად არ მრცხვენია"
წლებია, რაც ნიჭიერი ქართველი მომღერალი - ნინი შერმადინი ამერიკაში ცხოვრობს, თუმცა რამდენიმე თვეა, საქართველოში იმყოფება. ნინი აქაც აქტიურად მუშაობს. მიიჩნევს, რომ მისი წარმატება მიზანდასახულობისა და შრომის შედეგია. სექტემბრისთვის მომღერალი კვლავ ამერიკაში გაემგზავრება, შემდეგ კი შვილსაც წაიყვანს.
- უმთავრესი მიზეზი, რის გამოც საქართველოში მოვემგზავრები, ჩემი შვილი და რა თქმა უნდა, ოჯახის წევრები არიან. ამჟამად, ორი კვირით ჩამოვედი, მაგრამ გაუთვალისწინებელი რაღაცები მოხდა, რის გამოც დარჩენა მომიხდა. საქართველოდან უამრავი შემოთავაზება მქონდა - ნინი, რადგან აქ ხარ, ბარემ კლიპი ხომ არ გადავიღოთ, დუეტები ხომ არ ჩავწეროთო და ა.შ. გადავწყვიტე, დავრჩენილიყავი და მსმენელებისთვის თავი შემეხსენებინა. ეს იყო მიზეზი, რის გამოც აქ დავრჩი. აქტიურად ვმუშაობ.
- ამერიკაში დაბრუნება შედის შენს გეგმებში?
- რა თქმა უნდა, სექტემბერში მივდივარ, რადგან იქაც ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი.
- ამერიკული ცხოვრების რიტმს როგორ მოერგე?
- 6 წელია, რაც იქ ვარ - მივეჩვიე. ეს ქვეყანა "ჩემია". ამერიკამ ბევრი რამ მომცა და არ შეიძლება, მადლიერი არ ვიყო, არ მიყვარდეს, რადგან ის ჩემი მეორე სახლია, სადაც სტაბილური სამსახური მაქვს, იქაურობა მიყვარს, ბევრი ახალი მეგობარი, არაჩვეულებრივი თანამშრომლები მყავს... იქაური ცხოვრების რიტმს მოვერგე, ფეხიც ავუწყვე და მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი წარმატებული, შემდგარი ქართველი გახლავართ, ვინც იქ წავიდა და მუშაობს. რა თქმა უნდა, რთული იყო, რადგან უცხო ქვეყანაში ყველაფრის ნულიდან დაწყება ყოველთვის სირთულეებს უკავშირდება. როცა ახალგაზრდა ხარ, გინდა გაერთო, ყველაფერი დაათვალიერო, მეტი თავისუფალი დრო გქონდეს, მაგრამ იმ ქვეყანაში, სადაც მართლა დიდი კონკურენციაა, უამრავი ნიჭიერი ადამიანი ჩადის, რიტმს არ უნდა ჩამორჩე, ფეხი არ უნდა აგერიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბევრი გაგისწრებს. რაღაც მსხვერპლის გაღება ყოველთვის გიწევს, ბევრ რამეზე უარი უნდა თქვა. როცა იცი, რა გინდა, რას ითხოვ, რას ელოდები, შეიძლება, მიზანი ადვილად მისაღწევიც ჩანდეს. მთავარია, შრომისუნარიანი იყო და ძლიერი ნებისყოფა გქონდეს, მერე ყველაფერს შეძლებ.
- ამ ხნის განმავლობაში, სასოწარკვეთა არ გიგრძნია?
- არა, ისეთი ტიპის ადამიანი არ ვარ, რომ სასოწარკვეთას მივეცე, დეპრესიაში ჩავვარდე, მით უმეტეს, როცა გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მივიღე: ქვეყნიდან წასვლა მე გადავწყვიტე, არავის გავუგდივარ; არც ისეთი პირობები მქონდა, რომ წასასვლელად მქონოდა საქმე, პირიქით - თავს ყოველთვის შემდგარ ადამიანად ვგრძნობდი, პატივს მცემდნენ... სიმართლე გითხრა, ამ ყველაფერზე უარის თქმა ურთულესი იყო, მაგრამ მინდოდა, როგორც პროფესიონალი, გავზრდილიყავი. რატომღაც, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ რაღაც დონეზე, ჩემს ქვეყანაში საკუთარი შესაძლებლობები ამოვწურე. ჩემი გადაწყვეტილება სწორი იყო, რადგან სიმღერების, ტექსტების წერა სწორედ ამერიკაში დავიწყე, ბევრ თეატრში და სტუდიაში მქონდა მასტერკლასი. სამომავლოდაც, საქმიანი შემოთავაზებები ფრენკი პრევიტისგან ("ოქროს გლობუსის" და "ოსკარის" მფლობელი, ცნობილი მუსიკოსი, "ბინძური ცეკვების" საუნდთრეკის ავტორი და შემსრულებელი) მაქვს. ასევე, ჩემი ბენდი მყავს: ირაკლი შარაძე, ნოდარ სინაურიძე და მე საღამოებს ერთად ვმართავთ. მოკლედ, აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებას ვეწევი. ამასთან, ბანკში ვმუშაობდი. ეს პროფესიაც ამერიკაში შევიძინე - ბევრი ვიწვალე და ვისწავლე.
- ბანკში აღარ მუშაობ?
- არა, წამოვედი, რადგან 6 თვით რომ წამოხვალ, არც ერთი სამსახური არ დაგელოდება.
- ამერიკიდან დაბრუნებულს შვილთან ურთიერთობაში გარკვეულწილად, გაუცხოება ხომ არ შეგინიშნავს?
- არასოდეს, რადგან წლობით არ ვტოვებ. მინიმუმ, წელიწადში ერთხელ საქართველოში ჩამოვდივარ და ვნახულობ. რა თქმა უნდა, ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს. არანაირი გაუცხოება არ ყოფილა, თუმცა, გარკვეულ ეტაპზე ამის მეშინოდა. ვფიქრობდი, ღირს თუ არა-მეთქი? მაგრამ საქმე ხომ მის მომავალს ეხება? როცა ამერიკის მოქალაქე ხარ, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში გზა ხსნილი გაქვს და საკუთარი თავის რეალიზება შეგიძლია. ყველაზე მეტი, რაც შემიძლია შვილს მივცე, უცხო ქვეყანაში განათლების მიღებაა. არ ვამბობ, რომ აქ ცუდია, პირიქით - მაგარი უნივერსიტეტები გვაქვს, პედაგოგები გვყავს, მაგრამ ყოველთვის ყველა მაინც საზღვარგარეთ მიდის კვალიფიკაციის ასამაღლებლად.
- შენი შვილის გატაცებებზე რას გვეტყვი?
- მღერის, ცეკვავს, არტისტული ბავშვია. ახლახან ბულგარეთში იყო და საერთაშორისო კონკურსზე გაიმარჯვა - "პატარა მის პლანეტა გახდა". სამოდელო სააგენტო "კატრინში", ეკა მგალობლიშვილთან დადის. ეკა არის ადამიანი, რომელსაც თამამად შეგიძლია, საკუთარი შვილი ანდო - ისე მიხედავს და მოუვლის, როგორც საკუთარს. მოკლედ, მარიამმა ხელოვნების სფერო აირჩია. ეტყობა, მასზე ზეგავლენას ვახდენ, უნდა მომღერალი იყოს, სცენაზე იდგეს. მსახიობური ნიჭი, გარდასახვის დიდი უნარი აქვს. მშობლების ვალია, შვილებს ხელი შევუწყოთ. მზად ვარ, საკუთარი თავი "გვერდით გავწიო" და ჩემი შვილის მომავალი შევქმნა. მეც ხელოვნების სფეროში ვარ. რა შეცდომებიც დაშვებული მაქვს, იმის დაშვების უფლებას შვილს არ მივცემ, კარგი მრჩეველი და დამრიგებელი ვიქნები. მაქსიმალურად შევუწყობ ხელს.
- დუეტის ჩაწერასაც ხომ არ აპირებთ?
- კი, როგორ არა, ვაპირებთ!..
- როგორც დედას, საკუთარ თავს როგორ შეაფასებ?
- ამ შეკითხვას ვერ ვპასუხობ ხოლმე. ჩემთვის დედის იდეალი დედაჩემი გახლავთ. შვილისთვის ალბათ, უფრო დაქალი ვარ. ვმეგობრობთ, "ერთი ჭკუის" ვართ, ერთად ვთამაშობთ. ასევე, ველაპარაკები როგორც უფროს ადამიანს. ურთიერთობაში ბარიერი არ გვაქვს. ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობა მხოლოდ 19 წელია და ეს არც ისე ბევრია. შვილთან მაქსიმალურად მეგობრული ვარ. ერთმანეთი ძალიან გვიყვარს. მასთან სიმკაცრის გამოჩენა არ დამჭირვებია. აღზრდითი და "სადამსჯელო ოპერაციები" ყოველთვის დედაჩემისთვის იყო გადაბარებული. ისეთი ბავშვიც არ არის, რომ სიმკაცრე დამჭირდეს - ყველაფერს მეგობრული მიდგომით ვაკეთებთ...
საუბარში ნინის გოგონა - 9 წლის მარიამ ციცაგი ჩაგვერთო: - ამას წინათ, საღამოს 11 საათი იყო, როცა დედა და მისი მეგობრები საქმეზე სახლიდან გასვლას აპირებდნენ. ჩემ შესახებ ბებომ დედას უთხრა: - არ წაიყვანო, ახლა ძილის დროაო. დედამ უპასუხა: კარგი, რა, რა დაგემართაო (იღიმის)?!
ნინი: - კონცერტი მაქვს თუ გადაღება, ვიცი, რომ მარიამს წამოსვლა უნდა. თან, კომფორტული ბავშვია. ყველაფერში მეხმარება. იცი, რა? მინდა, უყუროს - როგორი გრაფიკი მაქვს, როგორ ვმუშაობ, წარმატების მისაღწევად რა ძალისხმევა მჭირდება. თუკი ჩემს შვილს სურს, ამის თანამონაწილე იყოს, არ ვეტყვი, - წადი, დაიძინე-მეთქი.
- შვილის ამერიკაში წაყვანას როდის აპირებ?
- დეკემბერში, მეორე სემესტრიდან წავიყვან. მანამდე უნდა ჩავიდე, შესაფერისი სკოლა მოვუძებნო, საბუთები გავამზადო...
- თავს ძლიერ ადამიანად მიიჩნევ?
- კი, რადგან ძლიერი ნებისყოფა მაქვს, შრომისმოყვარე ვარ, სირთულეების არ მეშინია, ბევრ რამეზე უარის თქმა შემიძლია. მიზანი მაქვს დასახული და ამ მიზნისკენ მიმავალი გზისთვის არასოდეს გადამიხვევია, თუმცა ბევრჯერ გამიფიქრებია, - აღარ მინდა, მორჩა, დავიღალე-მეთქი, მაგრამ ეს წამიერი სისუსტე ყოფილა, რაც ყველას გვახასიათებს. მიზნისკენ დახმარების გარეშე, საკუთარი ენერგიის ხარჯზე, პატიოსნებით მივიწევ. არასდროს არავინ დამხმარებია: არ მყოლია ისეთი მშობლები, რომლებსაც შეეძლოთ, ფინანსურად დამხმარებოდნენ ან ჩემთვის "ხელი წაეკრათ"; არ მყოლია საყვარელი, რომელსაც შეიძლებოდა, ჩემთვის რამე გაეკეთებინა. თუკი რამისთვის მიმიღწევია, ეს უფლის წყალობა და ჩემი შრომის შედეგია. უკან მიხედვის არ მრცხვენია. ერთადერთი, ვინც გვერდით დამიდგა, საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი - ლიგია მუშკუდიანი გახლავთ. მინდა, მას მთელი ცხოვრება მადლობა გადავუხადო, რადგან ჩემზე მშობლის ამაგი აქვს. საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები რომ არ ყოფილიყვნენ, ალბათ, არაფერს წარმოვადგენდი. ამერიკაშიც, ქართველი ემიგრანტები - უცხო ადამიანები ხელს მიმართავდნენ უანგაროდ. დიდი რამეა, როცა სწორ გზას გიჩვენებენ... დიახ, თავს ძლიერ ადამიანად მივიჩნევ, რომელიც სირთულეებს არასოდეს ნებდება...
- 10 წლის მერე, შენი ცხოვრება როგორ წარმოგიდგენია - როგორი იქნები, რას გააკეთებ?
- ზოდიაქოს მიხედვით მშვილდოსანი ვარ და გამახვილებული ინტუიცია მაქვს. ზუსტად ვიცი, 10 წლის შემდეგ სად ვიქნები, მაგრამ წინასწარ თქმა არ მინდა, რადგან მერე არასდროს სრულდება... ცრუმორწმუნე არ ვიყავი, მაგრამ გავხდი. ყოველთვის, როცა რაღაც წინასწარ ვთქვი, ყველაფერი ჩამიფლავდა. ამიტომ გადავწყვიტე, წინასწარ არაფერი ვთქვა...
- პირად ცხოვრებაში რაიმე სიახლე ხომ არ გაქვს, თუ შეგიძლია, რომ გაგვიმხილო?
- დიდი სიამოვნებით გიპასუხებდი, რომ სიახლეა, მაგრამ არ არის...
ეთო ყორღანაშვილი