"ბავშვი ყველაფერს იმეორებს, რასაც ხედავს..." - გზაპრესი

"ბავშვი ყველაფერს იმეორებს, რასაც ხედავს..."

"კალიფორნიის შტატში ჩვეულებრივ შეუძლიათ გავიდნენ ქუჩაში სახლის ჩუსტით და პიჟამათი, რაც მე არ მომწონს. ყველაფერს თავის ადგილი აქვს, პიჟამა მხოლოდ ძილის დროს არის კარგი და კომფორტული... ქალებმა ყოველთვის უნდა მოვიწესრიგოთ თავი და კარგად გამოვიყურებოდეთ! ეს სხვებისთვის კი არ არის საჭირო, არამედ ჩვენთვის!" - ამჯერად რუბრიკაში "გემოვნება" მსოფლიოში აღიარებული ქართველი საოპერო ვარსკვლავი - ნინო მაჩაიძე ჩავწერეთ...

- თქვენი მოსაზრებით, რა ახდენს ყველაზე დიდ გავლენას გემოვნების ჩამოყალიბებაზე?

- ამბობენ, გემოვნებაზე არ დაობენო, სინამდვილეში კი სწორედ ამაზე დაობენ და ყველაზე მეტს... ყველას ჩვენი მოსაზრება გაგვაჩნია იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის კარგი გემოვნება! ვფიქრობ, დიდ გავლენას ახდენს მუსიკა! ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ოპერის მომღერალი ვარ. კლასიკური მუსიკა ამაღლებული რამაა და ბავშვს კარგი გემოვნების ჩამოყალიბებაში, დახვეწაში ძალიან ეხმარება... არ ვგულისხმობ შვილების მხოლოდ კლასიკური მუსიკის საღამოებზე ტარებას, არამედ მუსიკალურ სკოლაში სწავლა: ფორტეპიანოზე, ვიოლინოსა თუ ფლეიტაზე დაკვრა, მუსიკის შესწავლა მოქმედებს ძალიან კარგად.

დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ საუბრობენ ოჯახის წევრები. კარგი გემოვნება საუბარშიც გამოიხატება. თუ ოჯახში ჟარგონებით ლაპარაკობენ, რა თქმა უნდა, ეს ბავშვს კარგი გემოვნების ჩამოყალიბებაში ვერ შეუწყობს ხელს. ამიტომაც დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლების საუბარს, ბავშვები ჩვენგან ყველაფერს ისრუტავენ... რასაკვირველია, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს წიგნებს და კარგ სკოლას. მომავალ წელს ჩემი შვილი სკოლაში მიდის და უკვე დიდი ყურადღებით ვარჩევთ მე და ჩემი მეუღლე, თუ რომელი სკოლა იქნება მისთვის საუკეთესო.

- თქვენი შვილი ალბათ, მილანში ისწავლის... ფასიან სკოლაში მიიყვანთ?

- დიახ, მილანში მივიყვანთ სკოლაში, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გვსურს ფასიან სასწავლებელში შევიყვანოთ! ჩვეულებრივ, სახელმწიფო სკოლაში ისწავლის. უბრალოდ ვეცდებით, ის სკოლა შევარჩიოთ, სადაც საუკეთესო გარემო იქნება... გვსურს, კარგად აღზრდილი იყოს! მხოლოდ გემოვნებაზე კი არა, საერთოდ, ბავშვის სწორი აზროვნების ჩამოყალიბებაზე დიდ ზეგავლენას ახდენს ის ფაქტიც, თუ როგორ უბანში იზრდება! კარგ სკოლაში მხოლოდ კარგი პედაგოგები და სწავლის დონე კი არა, ისიც ვიგულისხმე, ამ სკოლაში ვინც სწავლობს. ხომ იცით, ბავშვი ყველაფერს იმეორებს, რასაც ხედავს... მშობლებს ძალიან დიდი ყურადღება გვმართებს. ერთწუთიანი მოდუნებაც კი შეიძლება, სანანებელი გაგვიხდეს!

GzaPress- სამოგზაუროდ როგორი ქვეყნები გირჩევნიათ: თანამედროვე მეგაპოლისები თუ ისტორიული წარსულის მქონე?

- ძალიან მიყვარს მუზეუმებში ვიზიტები... ჩვენ რომ ცათამბჯენებად და თანამედროვე ქალაქებად მივიჩნევთ, იქაც კი ბევრი რამ არის საინტერესო და ისტორიული. მაგალითად, ნიუ-იორკში... განსაკუთრებულად მიყვარს პატარა ქალაქები. მაგალითად, იტალიაში არის რამდენიმე საუკუნის, უძველესი, სულ პაწაწინა ქალაქები, სადაც მე და ჩემი მეუღლე დიდი სიამოვნებით დავდივართ ხოლმე.

ვეღარც ჩამოვთვლი, რამდენ ქვეყანაში ვარ ნამყოფი. ლამის მთელი მსოფლიო მაქვს მოვლილი. ერთადერთი არ ვყოფილვარ იაპონიაში და ეს ძალიან მაკლია. მომავალ წელს აუცილებლად წავალ; ერთი სული მაქვს, ეს დღე როდის დადგება. იაპონია ის ქვეყანაა, რომელიც მიზიდავს, როგორც ისტორიული თვალსაზრისით, ასევე სამზარეულოთი. სუშის ფანი ვარ...

ამდენ ქვეყანაში რომ ვარ ნამყოფი, თავს უბედნიერეს ადამიანად ვთვლი... გაეცნო ბევრი ქვეყნის კულტურას, ისტორიას, ხალხს - ეს დიდი სიმდიდრეა... საერთოდ, იტალიელებს კარგი ჩვეულება აქვთ: პენსიაში გასვლის შემდეგ თუ შვებულების დროს, სხვადასხვა ქვეყანაში მიდიან. მათი დასვენება მოგზაურობაა... მინდა ვუსურვო ჩემს საყვარელ ერს, რომ ოდესმე ჩვენთანაც იქცეს მოგზაურობა წესად და რაც მთავარია, სურვილის პარალელურად, სურვილების ახდენის შესაძლებლობაც ყველას ჰქონდეს.

- რომელმა ქვეყანამ დატოვა თქვენზე განსაკუთრებულად კარგი შთაბეჭდილება, როგორც გემოვნებიანი ადამიანებით დასახლებულმა ადგილმა?

- იტალიამ! ამას წყალი არ გაუვა! თუმცა, მთელ იტალიას არ ვგულისხმობ... მილანი განსაკუთრებულია და მართლა სხვა განზომილებაა. იტალიაში ქალბატონების ჩაცმულობით მიხვდები, რომელი ქალაქიდან არიან. მაგალითად, ნეაპოლელს ყველასგან გამოარჩევ. შეიძლება ყველას არ მოსწონდეს, მაგრამ თავიანთი სტილი აქვთ... მილანში ყველა ასაკის ქალბატონს განსაკუთრებულად აცვია, მე ვიტყოდი იდეალურად!

- ცნობილი ქართველი ქალბატონებიდან ვინ გახსენდებათ, როგორც მისაბაძად გემოვნებიანი?

- ნანი ბრეგვაძე! ვგიჟდები ამ ქალბატონზე! ეტალონია გემოვნების! ადამიანი, რომელსაც ყოველთვის საუკეთესოდ აცვია და არაჩვეულებრივად გამოიყურება! მე ნანი ბრეგვაძის ფანი ვარ...

- ამბობენ, რომ მსოფლიოში მოდა გაიყინა... ეთანხმებით?

- არავითარ შემთხვევაში! მე მოდის სფერო ძალიან მიყვარს და ყოველთვის თვალს ვადევნებ. ზოგ რამეს ვიზიარებ, ზოგს - არა... არ მიყვარს ძალიან არანორმალური და ეპატაჟური ჩაცმულობა... მოდაში ბევრი რამ იცვლება, წინ მიდის, იცვლება კარგის ან ცუდის მხრივ, მაგრამ გაყინული ნამდვილად არ არის!

- არც იმას ეთანხმებით, უფროსი თაობის წარმომადგენლები რომ ამბობენ, თბილისური მოდა დაიკარგაო?

- სიმართლე გითხრათ, არ ვიცი... 13 წელია, თბილისში არ ვცხოვრობ და სამწუხაროდ, თვალს ვეღარ ვადევნებ, თუ როგორ იმოსებიან ბოლო დროს... თბილისში რომ ვცხოვრობდი, თბილისურად მეცვა და მგონია, ცუდი არ იყო. ახლაც რომ ჩამოვდივარ, კონცერტებზე ძალიან კარგად ჩაცმულ გოგონებს ვხედავ. არ ვიცი, ეს თბილისური სტილია, ცოტა შერეული, კლასიკური თუ სხვა, მაგრამ ძალიან კარგია!

GzaPress- თქვენ თვითონ როგორი ჩაცმულობა გიყვართ?

- ყოველდღიურად მიყვარს ჯინსის შარვალი, სპორტული ფეხსაცმელი, ტყავის ქურთუკი და ა.შ... ყოველდღე მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ვერ ჩავიცვამ. "ქუსლებზე" დგომა და გამოსასვლელი ტანსაცმელი მხოლოდ მაშინ მაცვია, როდესაც პრესკონფერენცია მაქვს ან კონცერტის თუ სპექტაკლის დღე... ასეთი ღონისძიებების შემდეგ ფოტოები იქნება გადასაღები, ხალხს უნდა შევხვდე და კლასიკურად ამიტომაც ვიმოსები.

- როგორი ფერები, აქსესუარები გიყვართ?

- ძალიან მიყვარს შავი (ადრე ასე არ მიყვარდა). ბოლო დროს თმა ქერად შევიღებე და შავ სამოსს ხშირად ვიცვამ. მგონია, რომ ღია თმას შავი ძალიან უხდება... ასევე მიყვარს თეთრი, მუქი ვარდისფერი, ნაცრისფერი... არ მიყვარს წითელი. ერთი-ორჯერ ვცადე წითელი კაბა მეყიდა, მაგრამ როგორც კი ჩავიცვი, მაშინვე მივხვდი, რომ ჩემი არ იყო, არ მიხდება. რაც შეეხება აქსესუარებს, საათებზე ვგიჟდები... საათის გარეშე სახლიდან არასოდეს გავდივარ. მიყვარს არასპორტული, კლასიკური საათები. გუშინწინაც ვიყიდე საათი, რომელიც ძალიან მომწონს... ასევე, მიყვარს საყურეები, ბეჭდები, სამაჯურები...

- შარფი?

- შარფი - ნაკლებად... ერთი უსაყვარლესი შარფი მაქვს, "ლუი ვიტონის" ფირმის, რომელიც ხშირად მიკეთია... სხვა დროს და სხვა შარფებს მხოლოდ იმისთვის ვიყენებ, ყელი რომ არ გამიცივდეს.

- მილანში ულამაზესი სახლი გაქვთ, რომელიც შარშან თქვენი გემოვნებით მოაწყვეთ... როგორია თქვენი სახლი, თანამედროვე თუ ძველებური სტილის?

- სრულიად თანამედროვეა - ასე გადავწყვიტეთ მე და ჩემმა მეუღლემ! არ გვიყვარს ძველებური სტილი, როკოკო და ასე შემდეგ... მოგვწონს მინიმალური, თანამედროვე სტილი, სახლი მოწყობილია აბსოლუტურად თეთრ ფერებში, ავეჯიც თეთრი, ყავისფერი და ნაცრისფერია...

- საუბრის დასასრულს, რას ურჩევდით ქალბატონებს საიმისოდ, რომ ყოველთვის გემოვნებიანად გამოიყურებოდნენ?

- ქალი ყოველთვის ფორმაში უნდა იყოს! ამას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ. რაც უნდა დაღლილი ვიყო, ყოველთვის ვცდილობ მოვწესრიგდე, მსუბუქ მაკიაჟს ვიკეთებ, ლამაზად ვიცვამ, აქსესუარებს ვარჩევ და სახლიდან ისე გავდივარ. ჩემი აზრით, ქალი უფრო მეტად მაშინ არის ბედნიერი, როდესაც კარგად გამოიყურება. არასოდეს უნდა იფიქრო, - ახლა ძალიან დაღლილი ვარ და მოდი, სულაც პიჟამათი გავალ სახლიდანო...

- არადა, ამბობენ, რომ საზღვარგარეთ პიჟამოზე შემოცმული ქურთუკით გამოდიან ქუჩაში...

- დიახ და ეს ძალიან არ მომწონს... ასე არასდროს გავალ სახლიდან! ეს ამერიკული სტილია, განსაკუთრებულად კალიფორნიის შტატშია მიღებული. მოდაშია პიჟამათი სიარული სუპერმარკეტში, რესტორანში, შეხვედრაზე... მე ეს არ მომწონს. ქალებმა თავი უნდა მოვიწესრიგოთ და ეს სხვებისთვის კი არა, საკუთარი სიამოვნებისთვის უნდა გავაკეთოთ!

მანანა გაბრიჭიძე