"მის საქართველოში" მონაწილეობა მამამ გადამაწყვეტინა"
22 წლის მარიამ დონაძე "მეორე ვიცე-მის საქართველო" გახლავთ, რომელიც მოდელობის პარალელურად, სწავლობს, აეროპორტში მუშაობს და ღამეების თენება უწევს. გამოგვიტყდა, დასვენების დღეებში ისეთი დაღლილი ვარ, მეგობრებთან ერთად გართობის სურვილიც კი არ მაქვსო. მოდელს უძილობა გარკვეულ პრობლემებს უქმნის...
ინიციატორი მამა
- როცა "მის საქართველოს" კონკურსზე გავდიოდი, რა თქმა უნდა, გაცნობიერებული მქონდა, რომ გარეგნობის გარდა, პროფესიონალური კუთხით, საკუთარი თავის სწორად რეალიზება უნდა შემძლებოდა. კონკურსში მონაწილეობა მამამ გადამაწყვეტინა. თავად "მის საქართველოზე" გამოსვლის ინიციატივას ვერასდროს გამოვიჩენდი, ასე თავდაჯერებულიც არ გახლდით.
- მოდელობაც მამის ინიციატივით დაიწყე?
- მოდელობა ჩემი სურვილი იყო. მინდოდა, საზღვარგარეთ კონტრაქტები მქონოდა და მქონდა კიდეც (შანხაიში, იტალიაში), მაგრამ ამ ყველაფერს სწავლა ვარჩიე. სილამაზის კონკურსებში მცირე ასაკიდან ვმონაწილეობდი. 2010 წელს, როცა საქართველოში "მის თინეიჯერის" კონკურსი პირველად ჩატარდა, გავიმარჯვე. ძალიან გამიხარდა. ცხოვრებაში პირველად, სიხარულისგან ვტიროდი! კოსტა-რიკაში, "მის უნივერს თინეიჯერის" კონკურსზე გავემგზავრე, სადაც 50 ქვეყნის წარმომადგენლებს შორის, 7 ნომინაცია გაიცა და ერთ-ერთ - "მის მოდელი" მე მივიღე. შემდეგ, პატარ-პატარა კონკურსებში ვმონაწილეობდი... 17 წლის ვიყავი, როცა საქართველოში "მის ბიკინის" კონკურსი ჩატარდა და გავიმარჯვე, ბოლოს კი "მის საქართველო" იყო... "მის საქართველოს" კონკურსისგან განსხვავებით, სამოდელო სფერო არ ითხოვს, რომ ძალიან ლამაზი იყო - კარგი ტანი უნდა გქონდეს, პარამეტრებში "ჯდებოდე", ნიჭიერი იყო, კამერასთან მუშაობა იცოდე... არ ვიცი, რამდენად ნიჭიერი ვარ, მაგრამ ფოტოგრაფების მხრიდან ვგრძნობ, რომ რაღაც მონაცემები მაქვს. სამოდელო სფეროში 12 წლიდან აქტიურად ჩართული გახლდით. "მის საქართველო" ისეთ სილამაზესთან ასოცირდება, რომ მასში მონაწილეობაზე არ ვფიქრობდი. საკუთარ თავს ზედმეტად კრიტიკულად ვაფასებ.
სწორი კვება - თავის მოვლის პირველი საშუალება - მალაიზიაში, კონკურსზე - "მის ტურიზმი" 19 ნოემბერს მივემგზავრები. კონკურსი 6 დეკემბერს იგეგმება. რა თქმა უნდა, წარმატების იმედი მაქვს. მაქსიმალურად ვემზადები. ეს საპასუხისმგებლო საქმეა. როცა ქვეყნის სახელით მონაწილეობ, ვალდებული ხარ, შენი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენო, რომ თუნდაც ის ტიტული გაამართლო, რაც გაქვს. სამზადისს რაც შეეხება, ვცდილობ, სწორად ვიკვებო. თავის მოვლის პირველი საშუალება ჩემთვის სწორი კვებაა. ღამით ვმუშაობ და ისე გამოძინებას ვერ ვახერხებ, როგორც მოდელისთვისაა საჭირო.
საქმე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე (მენეჯმენტის განხრით) ვსწავლობ. სწავლას წელს ვამთავრებ. ამჟამად, აეროპორტში ვმუშაობ - გადაზიდვების აგენტი ვარ. ვცდილობ, სწავლა და საქმე ერთმანეთს შევუთავსო. საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი სამსახური მაქვს. სამუშაო მეხმარება, უკეთ გავიცნო საკუთარი თავი, ჩემი თვისებები გავაანალიზო. ადამიანები ვართ - ყოველთვის კარგ ხასიათზე ვერ ვიქნებით, მაგრამ როცა მგზავრი მოდის, ვალდებული ვარ, პირადი პრობლემა მას არ ვაგრძნობინო. ემოციური ინტელექტი ყოველთვის მნიშვნელოვანია. არ მოგატყუებთ და გეტყვით, რომ თავდაპირველად, ჩემთვის მუშაობის დაწყების მიზეზი შემოსავალი იყო, ასევე - გამოცდილების შეძენაც, რადგან როცა ვაკანსიები ცხადდებოდა, ყველგან გამოცდილებას ითხოვდნენ. სადაც მივედი, მეკითხებოდნენ, - აბა, რა გამოცდილება გაქვსო? მიმაჩნია, რომ აეროპორტში მუშაობა მცირე გამოცდილება არ არის, რადგან ბევრი გასაუბრება, ტრენინგი ჩაგვიტარდა. ჩვენი კომპანია თანამშრომლების განვითარებაზე ძალიან ზრუნავს. დროთა განმავლობაში, როცა შიდა სფეროს, თანამშრომლებს, სიტუაციას გავეცანი, უკვე მომწონს, რასაც ვაკეთებ, თორემ თავიდან რომ მივედი, მომწონდა და მსიამოვნებდა-მეთქი, ვერ ვიტყვი - ღამეების თენება არავის სიამოვნებს (იღიმის)...
- ღამისთევები შენს გარეგნობაზე როგორ აისახება? სამოდელო საქმიანობაში პრობლემებს არ გიქმნის?
- გულახდილი ვიქნები: კამერა ისეთი რამეა, ვერ მოატყუებ. კამერასთან მუშაობა არ მიჭირს - საკუთარი ემოციების დაფარვა შემიძლია. ფოტოგრაფებიც ამბობენ, - მართლა ნიჭიერი მოდელი ხარ, ზუსტად ეს არის კამერასთან მუშაობაო. ბოლო გადაღებას (კანადიდან ჩამოსული დიზაინერისთვის) გავიხსენებ: ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა კამერასთან ვერ ვიმუშავე, რადგან შეუძლებელია, უძილობა დამალო. ადამიანი პირად პრობლემას დაფარავ, მაგრამ უძილო სახის დამალვა გამორიცხულია. არც ფოტოგრაფი იყო კმაყოფილი, არც - დიზაინერი და მეც უკმაყოფილო გახლდით. უბრალოდ, უპასუხისმგებლო არ ვარ. ამიტომ, ისინი ამის შესახებ წინასწარ გავაფრთხილე.
ვარჯიში - ვარჯიში ძალიან მიჭირს. სრულფასოვნად ვარჯიში შემიძლია-მეთქი, ვერ ვიტყვი. უბრალოდ, დასვენების დღეები როცა მაქვს, ვცდილობ, ვივარჯიშო. უძილობა და ვარჯიში ორგანიზმზე ძალიან ცუდად აისახება. პირველ ადგილზე ჯანმრთელობა დგას, მერე კი - სხეულის კარგი ფორმები.
ოჯახი - საკმაოდ დიდი ოჯახი მაქვს. წარმოშობით ქარელიდან ვარ. მამაჩემი იქ საქმიანობს. დედა სკოლის დირექტორი გახლავთ. 18 წლის ტყუპი და მყავს: მათგან ერთს ფსიქოლოგობა უნდა, მეორეს კი - მგონი, ჟურნალისტობა. ჩემი ძმა სამართლის ფაკულტეტზე სწავლობს. პარალელურად, ძიუდოში ვარჯიშობს. მამიდას გაზრდილი ვარ. ის ჩემი ოჯახის წევრია. ასევე, მყავს უსაყვარლესი, პატარა არსება - ლინდა (ჩიხუახუა), რომელზეც ვაფრენ, ისე მიყვარს! მის გამო სიცოცხლეს დაუფიქრებლად დავთმობდი...
- მამა რატომ დაინტერესდა, რომ "მის საქართველოს" კონკურსში მონაწილეობა მიგეღო?
- მამა ადრეული ასაკიდანვე მეუბნებოდა, რომ "მის საქართველოს" კონკურსზე გავსულიყავი. ალბათ, ამ კონკურსში ვინც იმარჯვებდა, ძალიან მოსწონდა და ფიქრობდა: რატომაც არა? ჩემმა შვილმაც სცადოს - იქნებ, გაიმარჯვოსო... ვერ გავიმარჯვე (იცინის). რა თქმა უნდა, გული დასწყდებოდა, რადგან როდესაც კონკურსში მონაწილეობ, გამარჯვებაზე ორიენტირებული ხარ, ხომ? ვერავინ დამაჯერებს, რომ გამარჯვებას არ ელის, როცა "მის საქართველოზე" გადის. მეც, რა თქმა უნდა, იმედი, შანსი მქონდა, მაგრამ იმასაც დავამატებ, რომ როცა კონკურსში მონაწილეობ, ფსიქოლოგიურად მზად უნდა იყო როგორც გამარჯვებისთვის, ისე - წაგებისთვისაც...
გართობა - ბოლო დროს ვეღარ ვხვდები, ვეღარ ვაცნობიერებ, ჩემთვის "თავისუფალი დრო" რას ნიშნავს, რადგან როცა არც უნივერსიტეტში ვარ წასასვლელი და არც - სამსახურში, მინდა, უბრალოდ დავისვენო. გაგიკვირდებათ, მაგრამ არც მეგობრებთან წასვლა მსურს, ისეთი დაღლილი ვარ ხოლმე. ჩემი მეგობრები ისეთი მხიარული და ენერგიულები არიან, რომ მოდუნების საშუალებას არასოდეს მაძლევენ: მირეკავენ, სახლში თავზე დამადგებიან ხოლმე - აბა, მარიამ, ადექიო!.. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ადამიანს გვერდით როგორი მეგობრები გყავს (იღიმის)... ერთად ყოფნა გვიყვარს. შეიძლება, შინ ვიყოთ, მაგრამ ძირითადად, გარეთ, გასართობ ადგილებს ვსტუმრობთ...
"არ ვითრგუნები" - მინდა, პროფესიულად განვვითარდე - ჩემი პროფესია მხოლოდ ზედაპირულად არ ვიცოდე. მსურს, რასაც დღეს ვსწავლობ, კარგად ვიცოდე, ჩემი საქმის სპეციალისტი ვიყო. ასევე მინდა, რომ ნებისმიერი პრობლემის მიუხედავად, მხიარული ვიყო, პოზიტიურობა არ დავკარგო და პატიება შემეძლოს. მიხარია, რომ საკუთარი თავის მართვა კარგად შემიძლია, არ ვითრგუნები. ბანალური ნათქვამია, მაგრამ რასაც არ ეშველება, არ ინერვიულო, რასაც ეშველება, რაღა განერვიულებსო (იღიმის)?!. ცხადია, მსურს მოდელის საქმიანობაც განვაგრძო, საზღვარგარეთ ისევ წავიდე, ოღონდ ამ ეტაპზე - არა, რადგან ჯერ უნივერსიტეტში სწავლის დასრულებას ვაპირებ.
პირადი ცხოვრება - არ ვიცი, თუ როგორი უნდა იყოს ჩემი რჩეული - როცა სიყვარულს ეხება საქმე, ასე ვერ განაზოგადებ. თუ დაახასიათებ, ყველა კრიტერიუმს დააკმაყოფილებს და მერე "შეგიყვარდება" - ჩემი აზრით, ეს სიყვარული არ არის. სიყვარული ყოველგვარი კრიტერიუმებისა და გეგმების გარეშე მოდის მაშინ, როცა არც ელი.
- გყვარებია?
- მეგონა, მიყვარდა, მაგრამ ასე რომ ყოფილიყო, ახლა ერთად ვიქნებოდით. ალბათ, ის უფრო ბავშვური გრძნობა იყო, რომელსაც პატივს ვცემ. ადამიანს ჭეშმარიტი გრძნობა რომ გეწვევა, ოჯახს ქმნი; როცა ურთიერთობა ფლირტის დონეზე გაქვს, გგონია, რომ გიყვარს და მერე ერთად აღარ ხართ.
ეთო ყორღანაშვილი