თათული ედიშერაშვილის ოჯახური ცხოვრება
მსახიობი თათული ედიშერაშვილი ამჯერად ოჯახურ თემებზე გვესაუბრება. თეატრში, აკადემიაში მუშაობის პარალელურად და დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, საოჯახო საქმის კეთებას არასდროს გაურბის და საყვარელი ადამიანებისთვის გემრიელი კერძების მომზადებაც სიამოვნებს. თავისებური სირთულეების მიუხედავად, ცხოვრება ძალიან უყვარს, რომანტიკული წუთებისა და ბედნიერების დეტალებში აღქმაც შეუძლია; ტკბება იმით, რაც ცხოვრებამ უბოძა.
"საქმე ნერვული აშლილობის გარეშეც შეგიძლია აკეთო"
- ხმამაღალი ნათქვამი თუ არ გამომივა, ვიტყვი, რომ შემდგარი დიასახლისი ვარ. ჩემს ოჯახთან ერთად, ცალკე ვცხოვრობ და სხვა გზა არც მაქვს. სისუფთავეს დიდ ყურადღებას ვაქცევ. მიუხედავად იმისა, რომ მართლა ძალიან დატვირთული განრიგი მაქვს და ორი ქალიშვილი მყავს, რომლებთან ურთიერთობაც დიდ დროს მოითხოვს, საოჯახო საქმეების ბოლომდე მიყვანას მაინც ვახერხებ.
ზოგადად, არასდროს ვწერ გეგმებს, მაგრამ როგორც დიასახლისს, ყოველთვის ყველაფერი დაგეგმილი მაქვს, სხვაგვარად ვერაფერს მოვასწრებ. ეს ყველაფერი დიდ ძალისხმევასა და ენერგიას მოითხოვს, მაგრამ სურვილიც უნდა გქონდეს, რომ შენი სახლი, შენი ოჯახის წევრები მოწესრიგებულები იყვნენ და დაპურებულები დადიოდნენ. ზოგჯერ მეც მაქვს მომენტები, როცა სიზარმაცე შემომიტევს, თუმცა, ნერვული აშლილობის გარეშეც შეგიძლია საქმე აკეთო ისე, რომ არც შენი თავი დააზიანო და არც სხვა. მინახავს ისეთი დიასახლისები, რომლებიც სულ წამოძახების რეჟიმში არიან, რომ რაღაცას აკეთებენ. ჩემთვის სასიამოვნო და საყვარელი საქმე რომ არ მქონდეს, ალბათ, მეც იგივე დამემართებოდა, მაგრამ ახლა, ჩემთვის ეს ტრაგედია ნამდვილად არ არის.
- შვილების მოვლაში ძიძა გეხმარებათ, არა?
- კი, ძიძა გვყავს, რომელსაც ჩვენი ურთიერთობიდან გამომდინარე, სურვილი უჩნდება, რაღაცით შემიმსუბუქოს ის საქმე, რაც საერთოდ არ ევალება, გარდა იმისა, რომ ჩემს შვილებს აქცევს ყურადღებას, სხვა რაღაცებსაც აგვარებს. მადლობა მას ამისთვის.
"პირსახოცები ჩემი სისუსტეა" - ვგიჟდები საოჯახო ნივთების ყიდვაზე! ძალიან მიყვარს ჭურჭლის, თეთრეულის შეძენა, განსაკუთრებით, პირსახოცებია ჩემი სისუსტე. ყველანაირი მინდა მქონდეს (იცინის). თავის მოვლის საშუალებებზეც მაქვს ასეთი გართულება, მაგრამ პირსახოცებზე გამორჩეულად.
- როცა საზღვარგარეთ გიწევთ გამგზავრება, იქიდან რა ჩამოგაქვთ ხოლმე?
- პირსახოცი და თეთრეული - ნაკლებად, რადგან წონის თანხა ემატება, ამიტომ, უფრო მეტად, შვილებისთვის, მეუღლისა და ოჯახის წევრებისთვის ჩამომაქვს საჩუქრები. თუმცა, წამომიღია, მაგალითად, ლამაზი ჩაიდანი (იღიმის).
- შვილებთან ერთად სად დადიხართ და ამ მხრივ, მათ გარკვეულ შეზღუდვებს უწესებთ?
- მაგალითად, ბოლოს მცხეთობას, თეატრში ვიყავით. არის ადგილები, სადაც წაყვანას გარკვეული დრო და ასაკი სჭირდება, რომ გაიაზრონ, თუ რა მნიშვნელობისაა ესა თუ ის ღირსშესანიშნაობა. ბევრ გასართობ ობიექტზე დავდივართ, სადაც მათ მოსწონთ. მოკლედ, შვილების ინტერესებს ვემორჩილები. თუმცა, ბავშვებს არ ვატუტუცებ, ზოგჯერ "არას" თქმა, რაღაცის მკაცრად აკრძალვაც მიწევს.
"ბავშვს უნდა უნდოდეს, დედას კი არა" - ჩემს გოგონებს ცეკვა-სიმღერის დიდი მოთხოვნილება აქვთ, მაგრამ ჯერ მაინც უფრო სწავლაზე ვართ ორიენტირებულები. უმცროსი პირველკლასელია, უფროსი კი მესამეშია, ხატვასა და ჭადრაკზე დადის. გარკვეულ წრეებზე სიარულით ჯერ ძალიანაც არ ვტვირთავ. გააზრებულად უნდა ატარო, ბავშვს უნდა უნდოდეს, დედას კი არა. ჯერ თვითონ უნდა გაიაზრონ, რა უფრო მეტად აინტერესებთ.
- მსახიობობის სურვილი თუ აქვთ? - სავარაუდოდ, უნდათ და ამას სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ, თუმცა, ჯერ ასეთი განაცხადი არც ერთს არ გაუკეთებია. პირადად მე, ვერც იმას ვიტყვი, არ მინდა-მეთქი და ვერც იმას, რომ მინდა. კატეგორიულად არ ვეთანხმები პროფესიების "მემკვიდრეობით გადაცემას", ამიტომ მე თავს არაფერს ვახვევ. თუ გამოუვალი მდგომარეობა არ არის, თეატრშიც კი არ მიმყავს ჩემს რეპეტიციებზე. შვილებს არჩევანის თავისუფლებას ვაძლევ. ჩემთვის მთავარია, ისინი ბედნიერები იყვნენ ნებისმიერ იმ პროფესიაში, რასაც აირჩევენ. თუ ბედნიერები არ იქნებიან, ფასი ეკარგება იმ შრომას, იმ წლებს, რისთვისაც მე ვიხარჯები. როგორც დედა, ცხადია, გარკვეულ რჩევებს ვაძლევ. ვხედავ, რომ მათ ესა თუ ის შესაძლებლობები აქვთ, მაგრამ არ ვეუბნები, - შენ ეს უნდა გამოხვიდე, შენ ის უნდა გამოხვიდე. დედის ნათქვამს გადამწყვეტ დროს მოაქვს სიგნალი ქვეცნობიერში.
- როდესაც შვილები მშობლის პროფესიას ირჩევენ, გარკვეულწილად, მათ ჩრდილქვეშ ექცევიან და გარშემო მყოფების პრიმიტიულად მოაზროვნე ნაწილის აღქმით, ადამიანი მშობლის წყალობით აღწევს ყველაფერს; ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც, თვითონ წარუმატებელი და არშემდგარი პიროვნება, ვინც რაიმე აბსურდს წამოაძახებს...
- კი, ასეა, რაც უნდა უზადო ნიჭის მქონე იყოს, მუდმივად უწევს იმის მტკიცება, რომ ის ცალკე ინდივიდია და მასაც თავისი, კარგი შესაძლებლობები აქვს. თუ ამისთვის მზად იქნებიან ჩემი შვილები, კი ბატონო, მაგრამ მე მაინც ვურჩევდი, სხვაგან დაიმკვიდრონ თავი. თუმცა, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, სხვების ნათქვამს გეტყვით: ძალიან მოსწონთ, როცა ჩემი შვილების ვიდეოებს სოციალურ ქსელში ვდებ და უყურებენ, რას "სჩადიან", როგორები არიან და, - თათული, ესენი შენზე მაგრები არიანო, მეუბნებიან ხოლმე. სულ ელოდებიან, როდის დავდებ რაიმე ახალს. ეს აბსოლუტურად დაუგეგმავად ხდება.
რომანტიკული ვახშამი მეუღლესთან ერთად - ბევრია ასეთი. პრინციპში, როცა მე და ჩემი მეუღლე ვვახშმობთ, იქ ყოველთვისაა რაღაც რომანტიკა. ალბათ, სწორედ ამიტომაც ვერ გავიგე, როგორ გავიდა 10 წელი. ამას გულწრფელად ვამბობ. ეს ის ადამიანია, ვისთანაც გადავწყვიტე ცხოვრების გატარება და მასთან სადილი, ვახშამი თუ ყავის დალევა, ყოველთვის რომანტიკულია. მგონი, სიყვარულს ვუხსნი და ვერ ვხვდები (იცინის).
პრანჭვის მომენტი სულ არის და მეუღლეს სულ ვეპრანჭები, სხვადასხვა ფორმით (იცინის). წლებს და გამოცდილებებს სხვადასხვა საფეხური და დამოკიდებულებები მოაქვს. იმედია, თვითონაც სულ მეპრანჭება (იცინის).
"აუცილებლად, ჩვენ გვექნება ქორწილი!" - ქორწილი არ მქონია, რადგან დედა ახალი გარდაცვლილი გახლდათ, როდესაც მე და მიშკამ დაოჯახება გადავწყვიტეთ. საქორწილო განწყობა არ იყო... მაგრამ სულ ვგეგმავთ (იღიმის). ვგეგმავთ, რომ აუცილებლად გვექნება ქორწილი! ოღონდ ვიწრო, სამეგობრო წრეში, შეიძლება, ქალაქგარეთაც.
გამორჩეული საჩუქარი მეუღლისგან - აი, მუდმივად მიკეთია ეს ოქროს ბეჭედი ბრილიანტის თვლებით, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ მაჩუქა და ძალიან მიყვარს, ლამაზია. ყველაზე მეტად იცით, რა მომეწონა? განა წავიდა და გამზადებული იყიდა, შეუკვეთა და სპეციალურად ჩემთვის დაამზადებინა - ამან უფრო აღმაფრთოვანა. ისე, შეყვარებულობის პერიოდშიც ბევრ რამეს მჩუქნიდა, ამ მხრივ ძალიან მანებივრებდა. დღეს 50-ლარიანი ბენზინის ტალონი მაჩუქა და ესეც ძალიან მიხარია (იცინის). ამაშიც შეიძლება გარკვეული რომანტიკა იპოვო, თუ დანახვა გინდა. მთავარი ისაა, შენ როგორ აფასებ მოვლენებს, თორემ შეიძლება, საყვარელმა ადამიანმა უძვირფასესი ვარდები და სუნამოები გაჩუქოს, მაგრამ ვერანაირი რომანტიკა ვერ დაინახო. ბედნიერება ყველასთვის სხვადასხვანაირია. მე შემიძლია ყველაფერში პოზიტივი დავინახო და კმაყოფილი ვიყო იმით, რაც ცხოვრებაში მეძლევა. კრიზისული პერიოდები მეც მქონია, თუნდაც, ფინანსური, მიდარდია, მაგრამ საკუთარ თავთან ფიქრსა და საუბარს ამ ფრაზით ვამთავრებ ხოლმე: "ღმერთო, ამაზე უარესად ნუ მამყოფებ". ეტყობა, ამით ვიმხნევებ თავს. მე მიყვარს ცხოვრება!
ვფიქრობ, ბედნიერია ის ქალი, დიასახლისი, ვინც შვილებისა და მეუღლის გამო იღლება! ასე რომ, ყველაფერს პოზიტიურად შეხედეთ!
თამთა დადეშელი