როგორ იმოქმედებს მოსახლეობაზე სესხებთან დაკავშირებული რეგულაციები - გზაპრესი

როგორ იმოქმედებს მოსახლეობაზე სესხებთან დაკავშირებული რეგულაციები

ადვოკატ მარიამ კუბლაშვილს ვთხოვეთ, დაესახელებინა საქართველოში მოქმედი სამი კანონი, რომელიც არ მოსწონს და სამი - რომელიც ეამაყება...

- საქართველოში მოქმედი 3 კანონი, რომელიც არ მომწონს, არის:ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება - სესხებთან დაკავშირებული რეგულაციები. ეროვნულმა ბანკმა უკვე მიიღო ახალი რეგულაციები, რაც ძალიან არ მომწონს და მათ ფუნდამენტურად ვეწინააღმდეგები. ამის მიზეზი ის არის, რომ მაგალითად, ჩვენთან თუ ადამიანი 10.000 ლარს სესხად აიღებს, ბანკი 30.000-ს ახდევინებს (წლების განმავლობაში გადანაწილებულია ეს თანხა და გამოდის შეუსაბამოდ მაღალი, კაბალური პირგასამტეხლოები, პროცენტები). არანაკლები პროცენტია მოკლევადიანი სესხის აღების შემთხვევაშიც. არადა, საზღვარგარეთ, მაგალითად, ამერიკაში გრძელვადიანი კრედიტები ძალიან დაბალ პროცენტში აქვთ, ჩვენთან კი უსაშველოდ მაღალია პროცენტი. არადა, ყველას ხომ არ აქვს საშუალება, რომ ყველაფერი ნაღდი ანგარიშსწორებით იყიდოს? თუ სესხი გრძელვადიანი იქნება, თან - ძალიან დაბალი პროცენტით, ამით ხალხი ამოისუნთქავს, მაგრამ ახლა რა გამოდის, ხალხი იმაზე 3-4-ჯერ მეტ თანხას იხდის, ვიდრე ისესხა. მაგალითად, ბინას რომ იყიდი და სესხის დაფარვა 10 წლის განმავლობაში გიწევს, 2-3-ჯერ მეტ ფულს ხარჯავ, ვიდრე ეს სახლი ღირს. ამ მხრივ ახალმა რეგულაციამ არანაირი ცვლილება არ შეიტანა და უფრო მეტიც, მომხმარებელს საერთოდ, სესხის აღებაც აეკრძალა: მაგალითად, ადამიანი თუ ძიძა ან რეპეტიტორი ხარ, ან ბინებს აქირავებ, ანუ შემოსავალი გაქვს, მაგრამ ოფიციალური ხელფასი არ გერიცხება, როგორი კარგი ისტორიაც უნდა გქონდეს, სესხი არ დაგიმტკიცდება. ამ კანონმა ადამიანებს სესხით სარგებლობა აუკრძალა. სამომხმარებლო სესხი რომ დასჭირდეთ, მაგალითად, სასწრაფო ოპერაციისთვის, წამლებისთვის, ბავშვის სწავლისთვის, ეუბნებიან, - შენი შემოსავლები უნდა დამიდასტუროო. ამ კანონმა მომხმარებლის ჯიბეში ჩაყო ხელი და გადაუწყვიტა, თავისი ფინანსები როგორ განსაზღვროს, ნაცვლად იმისა, რომ ბანკებისთვის დაევალებინათ - მომხმარებლებისთვის გრძელვადიანი, დაბალპროცენტიანი და შეღავათიანი სესხები მიეცათ. ამან ბაზარზე ძალიან ცუდად იმოქმედა, გაყიდვები დაეცა. რომელი კომპანიებიც განვადებების საშუალებით მუშაობდნენ, მათი გაყიდვების რიცხვი დაახლოებით 60%-ით შემცირდა. ბევრი მაღაზია (მაგალითად, ტექნიკის) დაიხურა. ბანკის თანამშრომლების (ოპერატორების) 40%-მა სამსახური დატოვა, რადგან მინიმალური ხელფასიც არ გამოსდიოდათ. ამ კანონმა შრომით უფლებებსაც ძალიან "დაარტყა"... მოკლედ, ამ წლის უპრეცედენტოდ სულელური კანონი მგონია.

ჩემი რეკომენდაციაა, ხალხს კრედიტები მისცენ, მაგრამ გრძელვადიანი და შეღავათიანი პროცენტებით - ისე, რომ მოსახლეობამ ამოისუნთქოს; ხალხს ბიზნესსესხის გამოტანა უნდა შეეძლოს და ბიზნესის განვითარებაში ხელი ისე შეუწყონ, რომ ათმაგი არ გადაახდევინონ.

დისკრიმინაციის ყველა ნორმის აღმოფხვრის შესახებ კანონი - ეს ძალიან ზოგადი, ფორმალური კანონია, რაც ძალიან ცუდია. დისკრიმინაციას თვითონ კონსტიტუცია კრძალავს, მაგრამ ცალკე კიდევ კანონი არსებობს, რომელიც დასახვეწია. ფაქტობრივად, ფიქციურ ხასიათს ატარებს. ადვოკატი ვარ და დასახვეწი კანონის გამო, მუშაობა მიჭირს.

სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ კანონი - ომის ვეტერანებს 22-ლარიანი პენსია აქვთ, თუ 20 წელზე ნაკლები (თუნდაც - 10-18 წელი) იმსახურეს. ამას სამხედრო ძალების ვეტერანთა სოციალური დაცვა ითვალისწინებს. ეს 22 ლარი კომუნალური გადასახადებისთვისაა, რაც დაცინვაა.

- საქართველოში მოქმედი 3 კანონი, რომელიც მემაყება, არის:

სიგარეტის მოწევის აკრძალვა (დახურულ სივრცეში) - ამის გამო აღვფრთოვანდი. ეს ნამდვილად მისასალმებელია.

შრომის კოდექსი - ძალიან დაიხვეწა. შრომის უფლებებიც უფრო გამყარდა, ანუ დასაქმებულთა უფლებები გაიზარდა, უფრო დაცული გახდა და ამას მივესალმები. დაიხვეწა სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლები. მიმაჩნია, რომ დამსაქმებელი ცოტათი უფრო დაიჩაგრა, ვიდრე დასაქმებული, მაგრამ დასაქმებულები უმრავლესობას წარმოადგენენ. ამიტომ სწორია, ამ კანონს მივესალმები.

ადვოკატთა შესახებ კანონში სიტყვა "ადვოკატი" ჩაიწერა - წინათ ეს სიტყვა ნახსენები არ იყო: ზოგადად ეწერა, "იურისტი"; მოგვიხსენიებდნენ, როგორც "სამართალმცოდნეებს"... ჩვენი პროფესიისთვის ესეც წარმატებული ცვლილებაა.

ეთო ყორღანაშვილი