რას საქმიანობდა თამუნა ნიკოლაძე ეკრანიდან გაუჩინარების შემდეგ
17 წელია თავისუფალი თეატრის მსახიობია, ხოლო პირველად ეკრანზე 2007 წელს გამოჩნდა და ფართო საზოგადოებამ ის სერიალიდან - "შუა ქალაქში" გაიცნო. პროექტი 2 წლის წინ დასრულდა. ბოლო პერიოდში თამუნას ინტერვიუ არსად დაბეჭდილა, თუმცა, ამ ხნის განმავლობაში მის ცხოვრებაში არაერთი სიახლე და საინტერესო საქმე გაჩნდა.
- პირველად ეკრანზე 11 წლის წინ გამოვჩნდი. ყველამ გამიცნო და შემიყვარა ტელეკომპანია "იმედის" სერიალით "შუა ქალაქში". პროექტი თითქმის ორი წლის წინ დასრულდა. ტელევიზიაში აღარ ვმუშაობ. სიმართლე გითხრათ, ეს ასეც უნდა ყოფილიყო და კარგიც მოხდა. როცა რაღაც 10 წლის განმავლობაში მაღალი რეიტინგით გადის ეთერში და დიდი სიყვარულით სარგებლობს, ერთ დღესაც უნდა დასრულდეს. ჩემი აზრით, ასევეა ყველა კარგი ფილმის, სერიალის თუ სპექტაკლის შემთხვევაშიც. არ მიყვარს რაღაცები, რასაც ჩვენ პროფესიაში ვერ ველევით. ის ერთი პროექტი კონკრეტული მდგომარეობისა და პერიოდის აღმოჩენა უნდა გახდეს. ინტერესს რომ დაიკმაყოფილებ და დაფიქრდები, თუ როგორ გაართვი თავი, ის ნამუშევარი უნდა დატოვო ტკბილ მოგონებად. "შუა ქალაქში" 17 სეზონი და 800-მდე სერია გავიდა ეთერში. ამ სერიებიდან ყველაში ვიყავი, რისთვისაც დიდი მადლობა მის შემქმნელებს, ყველა კოლეგას, თანამშრომელს. ჩვენ ყველამ ერთად შევძელით ძალიან მაღალი რეიტინგის მოპოვება და დიდი მადლობა ამისთვის მთელ საქართველოს. მოკლედ, ასე დამთავრდა ეს ჩემი ათწლიანი სატელევიზიო სიყვარულობანა.
- პარალელურად თეატრში მუშაობდით...
- დიახ. 17 წლის განმავლობაში, თავისუფალ თეატრში ძალიან ბევრ სპექტაკლში, არაერთი საინტერესო და ყველანაირი ჟანრის როლი მაქვს შესრულებული. ამისთვის მადლობა ჩემს ბედ-იღბალსა და რეჟისორებს. 20-25 წლის აღარ ვარ და ვთვლი, რომ ჩემს ასაკში მსახიობს გამოცდილების გუდა თუ არ აქვს, ახლა ვეღარ დაიწყებ დაგროვებას. მადლობა ღმერთს, რომ მაქვს საკმაოდ მდიდარი გამოცდილება და ამაყი სამსახიობო ისტორია.
- ეს "გამოცდილების გუდა" იყო ის, რამაც თქვენ მეგობრებთან ერთად პედაგოგობა გადაგაწყვეტინათ?
- აბსოლუტურად სწორი კითხვა დასვით. მაშინაც, როცა ეკრანზე ვჩანდი, სულ იყო შემოთავაზებები. ის კონკრეტული სტუდიები თბილისში წლების განმავლობაში წარმატებულად არსებობენ, დიდი მადლობა ყველას ნდობისთვის, მაგრამ ყოველთვის ვფიქრობდი, რომ პედაგოგობა არის სულ სხვა ცნება, შემართება, ფსიქოლოგია და აქამდე ამ საქმეს ხელი არ მოვკიდე. ის ერთი წელი, როცა მხოლოდ თეატრში ვიყავი, მივიღე გადაწყვეტილება, რომ წავსულიყავი თეატრალურ უნივერსიტეტში და ვყოფილიყავი არაოფიციალური მოყვარული პედაგოგი. პედანტი ხასიათი მაქვს და ყოველგვარი გაცდენის გარეშე, ჩემი სურვილით, ბავშვებს ვასწავლიდი სასცენო მეტყველებასა და კულტურას. "თამუნა მასწ". - ბავშვები ასე მომმართავენ. დღემდე მივდივარ მათ სანახავად, რადგან ვერ ველევი. ახლა თემურ ჩხეიძისა და გიორგი სიხარულიძის ჯგუფების სტუდენტები უკვე მეორე კურსზე არიან და როგორც ამბობენ, ჩვენ ბევრი სიკეთე გავცვალეთ ერთმანეთში.
- პირველად როცა მოგმართეს როგორც მასწავლებელს, რა განცდა იყო?
- ზოგი "თამუნა მასწს." მეძახდა, ზოგი "ქალბატონ თამუნას". არ ვიცი, როგორ ავხსნა, ალბათ უკვე მივხდი, რომ დიდი გოგო ვარ (იღიმის) და ზუსტად მაშინ, როცა ივლისში თეატრალური უნივერსიტეტის ბავშვებთან ერთწლიანი სწავლების კურსი დავასრულე, თვის ბოლოს, რუსთაველის თეატრის თანამშრომელმა ქალბატონი თეა მარგველაშვილმა მომმართა - როგორც მითხრა, ის რუსთაველის თეატრში თეატრალური სკოლის გაკეთებას აპირებდა და პედაგოგობა შემომთავაზა. ახლა უკვე ძალიან მარტივად დავთანხმდი. ყველა მსახიობს ჰყავს 1-2 ბავშვი მომზადებული. ნათესავის ბავშვი თეატრალურში რომ აბარებს, რჩევას აძლევ. გამოგიტყდებით, რომ არც მე ვიყავი გამონაკლისი, მაგრამ აქამდე ოფიციალურად რომ მომეკიდა ამისთვის ხელი და პედაგოგი ვყოფილიყავი, თავს ამის უფლებას არ ვაძლევდი.
- ბავშვების აზრი თუ მოგისმენიათ თქვენზე, რას ამბობენ, როგორი პედაგოგიაო? - რა თქმა უნდა, მიყვარს ღიმილი, მოფერება, ბავშვებზე ვგიჟდები, მაგრამ ვარ მკაცრი! არ მიყვარს გაცდენა, დაგვიანება. ვცდილობთ გამოვასწოროთ ის დეფექტები, რომელიც სხვადასხვა ბგერის წარმოთქმისას გვხვდება. ერთმა გოგონამ ძალიან სასაცილო რამ მითხრა: "ვაიმე, თამუნა მასწ., თქვენ რომ გიყურებთ, ცოტა მაკანკალებს და შეიძლება ასო-ბგერა "ლ" საერთოდ აღარ ვთქვაო?! აბა, როგორ აპირებ ისაუბრო ისე, რომ არ წარმოთქვა: ლამაზი, ლურსმანი, ლურჯი, ლიახვი-მეთქი? შევეცდები, ეს სიტყვები საერთოდ არ ვთქვაო (იცინის).
- თამუნა, რაც შეეხება ტელევიზიას, ახლა "ჩემი ცოლის დაქალებში" გამოჩნდით - სოსო ხვედელიძის პერსონაჟი ექიმის, აჩიკოს მეუღლის როლით...
- დიახ, ასეა. ერთ მშვენიერ დღეს დამირეკა ქალბატონმა ეკა მჟავანაძემ, დიდხანს ვისაუბრეთ და ბოლოს მითხრა, რომ სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" ექიმის ცოლის როლზე მიწვევდნენ. მსახიობს - გამოცდილსა თუ გამოუცდელს, ვარსკვლავსა თუ სცენის ჯადოქარს, ყველას სჭირდება პატარა კასტინგი, რომ მიხვდნენ, ხარ თუ არა ის ადამიანი, ვის როლზეც მოიაზრები. მეც გავიარე ეს ეტაპი, რომლის შემდეგაც გიორგი ლიფონავამ, ქეთიმ და ეკამ ერთხმად გადაწყვიტეს, რომ ეს როლი მე უნდა შემესრულებინა.
- კამერა რომ ჩაირთო, იყო ნოსტალგიის განცდა?
- არა, არანაირი. როგორ გითხრათ, პირად ცხოვრებაში ვარ საკმაოდ ნოსტალგიური, შეიძლება ვიღაც ძალიან მომენატროს, მაგრამ როლებისა და სპექტაკლების მიმართ ასეთივე განცდა არ მაქვს. არაერთ როლს გამოვთხოვებივარ ასე, გამოვემშვიდობე და დასრულდა. არ მიყვარს მსახიობები როლს რომ ვერ ელევიან. დასრულდება ერთი და მერე ახალი დაიწყება. "შუა ქალაქის" შემდეგ შეგნებულად არ მინდოდა ეკრანზე გამოჩენა, არც გადაცემებში მონაწილეობა, რადგან ვფიქრობ, მაყურებელს უნდა მოენატრო და დაბრუნდე სხვა ამპლუასა და სხვა ჟანრში. ასეც მოხდა, უცებ, 2 წლის შემდეგ, ქალბატონმა ეკამ რომ დამირეკა, ჩემი გულიდან წამოსული პასუხი იყო: "ეკა, მადლობა, მოვალ... ძალიან მაინტერესებს". ჩემთვის "ჩემი ცოლის დაქალები" აბსოლუტურად სხვა ხედვა, ჟანრი, მიმართულებაა, მუშაობენ სხვა რეჟისორები... დრამატული ხაზია და ჩემთვის საინტერესო სამუშაო. დეტალებს ვერ გავამხელ, მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ დიდი სიხარულით მივიღე ეს შემოთავაზება.
- თქვით, რომ უნდა ყოფილიყო პაუზა, მაგრამ ასე იმიტომ ხომ არ ფიქრობთ, რომ მაშინვე ახალ პროექტში გამოჩენისას შეიძლება, ყველას გაეიგივებინეთ ისევ ქეთევანის პერსონაჟთან სერიალიდან "შუა ქალაქში"?
- გეტყვით... ამ ხნის განმავლობაში იყო არაერთი ზარი და შემოთავაზება, მაგრამ ძალიან ცუდი თვისება აქვს ქართველი ხელოვანი ადამიანების 50 პროცენტს. რატომღაც ითხოვენ იმავე პერსონაჟების გაკეთებას, რაც მანამდე გაგიკეთებია, გაკრავენ იმავე იარლიყს, ისევ უნდა "აკეთო" ისეთივე პერსონაჟი, უბრალოდ შეგიცვლიან სახელს და ქეთევანის მაგივრად იქნები ნათია, მაია, მაკა, ნინო, თეა ან სოფო. გიწერენ იმავე ტექსტებს, გაწერენ იმავე თვისებებსა და მანერებს, რაც ქეთევანს ჰქონდა და ეს არ არის ჩემთვის საინტერესო. ეს ყველაფერი ქეთევანს გავატანე და მშვიდობაში მოიხმაროს (იღიმის).
- ამ წლების განმავლობაში, თუ ჩაგირთავთ სერიალის "შუა ქალაქში" რომელიმე სერია? შეიძლება რომელიმე განსაკუთრებით გიყვართ...
- კი, ჩამირთავს. გამორჩეულად მიყვარს 4-5 სერია. ერთ-ერთია საახალწლო, მეორე ის, სადაც პანაშვიდის სცენაა და კიდევ ერთია ქეთევანისა და ლაშას ქორწილი. რაღაცებზე ახლაც მეცინება. პირველი სერია ეთერში 2007 წლის 23 სექტემბერს გავიდა. იქ პატარა ვარ, შავი თმით, სხვა წარბისა და თვალის ფორმით, სხვანაირი გამომეტყველება მაქვს, მოკლედ, სულ სხვა თამუნა ვარ. უცებ რომ მინდა ვნახო, მაშინ როგორი ვიყავი, ამის საშუალება არის, ვრთავ და ვუყურებ.
- დაბოლოს, რა სიახლე გაქვთ თეატრში?
- დეკემბერში გვექნება პრემიერა, რომელსაც დიდი ხანია, ველით. ბატონი ვანო ხუციშვილი თავისუფალ თეატრში ანკა ვისდეის ორკაციან პიესას "მუდამ ერთად" დგამს, რომელშიც მე და ნინო ფილფანი ვთამაშობთ.
ანა კალანდაძე