15 წლის არაპროფესიონალი მსახიობის დიდი წარმატება
მსახიობობაზე არც კი ოცნებობდა, მაგრამ ერთ დღეს რეჟისორ გიორგი ოვაშვილისგან მიიღო შეთავაზება, რამაც მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. ფილმმა - "სიმინდის კუნძული", რომელშიც მარიამი მთავარ როლს ასრულებს, სხვადასხვა ფესტივლზე 18 პრიზი უკვე აიღო. სან-მარინოს კინოფესტივალზე მარიამმა საუკეთესო ქალი მსახიობის კატეგორიაში გაიმარჯვა, საუკეთესო რეჟისორად კი გიორგი ოვაშვილი აღიარეს.
- მარიამ, წარმატებას გილოცავ!
- გმადლობ. სან-მარინოს ფესტივალზე გამარჯვებულად რომ გამომაცხადეს, იმდენად დავიბენი, ყველაფერი დამავიწყდა; არც ის მახსოვს, სცენაზე როგორ ავედი. სამადლობელი ტექსტი მქონდა მომზადებული, მაგრამ ვეღარ გავიხსენე და სრულიად სხვა ტექსტი წარმოვთქვი. გახარებული ვარ, ამ პრიზს ნამდვილად არ ველოდი. ჩემი ბაბუის როლს თურქეთში ცნობილი მსახიობი, ილიას სალმანი ასრულებს. ის საქმის პროფესიონალია და სირთულეების დაძლევაში მაქსიმალურად მიწყობდა ხელს. ასევე, ჩვენთან ერთად თამაშობდნენ ზუგდიდის თეატრის მსახიობი ირაკლი სამუშია და უცხოელი ტამერ ლევენტი.
- ის დღე გაიხსენე, როცა გიორგი ოვაშვილმა სკოლაში მოგაკითხა და ფილმში მონაწილეობა შემოგთავაზა.
- როგორც ვიცი, ფილმის კასტინგი 2 წელი გრძელდებოდა. მთავარი როლის შემსრულებელს ეძებდნენ და ვერ პოულობდნენ. თურმე, რეჟისორს მეგობარმა მოსკოვიდან ჩემი ფოტო გამოუგზავნა, მაგრამ მან არც ჩემი სახელი იცოდა, არც გვარი და არც - საცხოვრებელი ადგილი. ფოტო ექსკურსიაზე ყოფნისას, პროფესიონალი ფოტოგრაფის მიერ იყო გადაღებული. როგორც მითხრეს, ჩემი ვინაობის დასადგენად შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროებს მიმართეს. ჰოდა, ერთკვირიანი ძებნის შემდეგ მიპოვეს. თურმე, ბატონი გიორგი ამბობდა, მეშვიდე დღეს თუ ვერ ვიპოვი, თავს დავანებებო. ზუსტად მეშვიდე დღეს მიპოვა. ფოტოგრაფის დახმარებით გაიგეს, რომ გორში ვცხოვრობდი და ჩემი სკოლის დირექტორს მისწერეს, - ნამდვილად თქვენი მოსწავლეაო? მეორე დღეს სკოლაში დედასთან ერთად მივედი. გიორგი ჩემს სანახავად რომ ჩამოვიდა და ფილმში თამაში შემომთავაზა, ეს ჩემთვის მოულოდნელობა იყო. სცენარიც არ ვიცოდი, ისე დავთანხმდი. ვიდრე გადაღებები დაიწყებოდა, თბილისში რამდენჯერმე, კოსტიუმების მოსაზომად ჩამოვედი, მერე გადასაღებ მოედანზე გავედით.
- ღელავდი?
- ძალიან! გადაღებები ტყიბულის წყალსაცავზე მიმდინარეობდა. ვნერვიულობდი. კამერებს მიჩვეული არ ვიყავი, მაგრამ ყველა მეხმარებოდა. გიორგი მაქსიმალურად ცდილობდა, თავი უცხოდ არ მეგრძნო. პირველ დღეს რამდენიმე დუბლის ჩაწერა მოგვიხდა, რის გამოც ვინერვიულე, ვიტირე. საკუთარ თავზე ვბრაზობდი, - რატომ ვერ ვაკეთებ იმას, რასაც მეუბნებიან-მეთქი?
- რამდენიმე დუბლის ჩაწერა ხშირად, პროფესიონალ მსახიობებსაც კი სჭირდებათ.
- მე საკუთარ თავზე გავბრაზდი. გიორგიმ კუნძული რამდენჯერმე შემომარბენინა, - დაძაბულობა ასე უფრო ადვილად გაგივლის და განიტვირთებიო.
- გადაღებები რამდენ ხანს გაგრძელდა?
- თავდაპირველად 1 თვე ვიყავით. მსახიობები და შემოქმედებითი ჯგუფის წევრები წყალსაცავთან ახლოს, სოფელში, ადგილობრივთა ოჯახებში ვცხოვრობდით. ხალხი ძალიან თბილად გვექცეოდა. სადილი გადასაღებ მოედანზე მოჰქონდათ და შინ რომ ვბრუნდებოდით, ვახშამს გვახვედრებდნენ. ზაფხულზე დავისვენეთ და გადაღებები შემოდგომიდან ისევ გავაგრძელეთ.
- როცა საკუთარი თავი დიდ ეკრანზე ნახე, რა განცდა დაგეუფლა?
- ზოგიერთ ეპიზოდში არ მომეწონა. შეიძლებოდა, უკეთესად მეთამაშა. გადაღებებზე ახლა რომ ვიყო, საკუთარ თავზე უფრო მეტად ვიმუშავებდი.
- მომავალში მსახიობობას აპირებ?
- რა თქმა უნდა!
- რომელ კლასში ხარ?
- მეათე კლასში ვარ. ამ ფილმმა მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა. ადრე მსახიობობაზე არ ვფიქრობდი, იურისტობა მინდოდა.
- გადაღების პროცესში შენთვის ყველაზე დიდი სირთულე რა იყო?
- ბოლო კადრების გადაღებისას, ნოემბრის დასაწყისში, სულ წყალში მიწევდა ჩასვლა. ძალიან ცივი იყო. ვიყინებოდი, მციოდა.
- ემოციურად ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი რომელი კადრი იყო?
- კუნძული რომ ინგრევა. თამაში ყველაზე მეტად, ტირილის სცენის გადაღებისას გამიჭირდა. არანაირი საშუალება და სპეცეფექტი არ გამოუყენებიათ, ბუნებრივად ვიტირე. როცა შეშინებული გამომეტყველება უნდა მქონოდა, ჩემთვის მოულოდნელად, ისეთ რამეს მიკეთებდნენ, რომ შიშიც ბუნებრივი გახლდათ. ამბობენ, - ჭორფლის გამო, სხვებისგან განსხვავებული გარეგნობა გაქვსო. არადა, გიორგი გორში რომ ჩამოვიდა, იმ დღეს ინტერნეტიდან გამოწერილი მალამო ჩამომივიდა, რომელიც სახიდან ჭორფლს გამიქრობდა. რომ გავიგე, ასეთი გარეგნობა ფილმში სჭირდებოდათ, მალამო აღარ გამომიყენებია.
- ფილმის გამოსვლის შემდეგ, შემოთავაზება სხვა რეჟისორებისგანაც ხომ არ მიგიღია?
- არა.
- რომ მიიღო, დათანხმდები?
- რა თქმა უნდა!
- ფილმები გიყვარს?
- ყოველთვის ძალიან მიყვარდა, ახლა კი სულ სხვა თვალით და მეტი ინტერესით ვუყურებ.
- პოპულარული გოგო გახდი.
- ყველა მცნობს. სკოლის გაცდენა ფესტივალების გამო ხშირად მიწევს და პედაგოგები ხელს მიწყობენ. სკოლას რომ დავამთავრებ, თეატრალურ უნივერსიტეტში მინდა ჩავაბარო.
- ჰონორარი უკვე დახარჯე?
- კი. ფოტოების გადაღება მიყვარს, ეს ჩემი ჰობია. ჰოდა, კარგი ფოტოაპარატი შევიძინე. წიგნების კითხვაც მიყვარს. გადაღებების დროსაც სულ ვკითხულობდი.
- საკუთარ გმირს ჰგავხარ?
- ორივე ცოტას ვლაპარაკობთ, სხვა მსგავსებას ვერ ვხედავ.
თამუნა კვინიკაძე