მიმართვის უხეში ფორმები და ცნობილების რეაქციები - გზაპრესი

მიმართვის უხეში ფორმები და ცნობილების რეაქციები

ზოგს სხვების ლანძღვა-გინება თავის დამკვიდრების გზად აქვს არჩეული; ბევრსაც სამართლიანი შენიშვნა აღიზიანებს და აზრის გათვალისწინების ნაცვლად, შენიშვნის მიმცემის დამცირებას ცდილობს... გადავწყვიტე, გამერკვია, როგორ აბალანსებენ ასეთ დროს სიტუაციას ცნობილი ადამიანები? რის ფასად შეუძლიათ უზრდელური მოპყრობის ატანა ან საერთოდ, ეს შეუძლიათ თუ არა?

სვანური ხასიათი და ნევროზიანების ოთახი

ბექა ონიანი:

GzaPress- უტაქტოდ რომ მომმართონ? - არა, სამწუხაროდ, ამის ატანას ვერ შევძლებ! ალბათ, ყოფილა შემთხვევა, როცა უზრდელურად მოუმართავთ ჩემთვის, მაგრამ კონკრეტული არაფერი მახსენდება ანუ გულში არ ჩამრჩენია. ისე, ასეთ დროს მხოლოდ პასუხის უხეშად დაბრუნებას არ ვცდილობ ხოლმე. ამ მომენტში ჩემი მიზანია, ადამიანს შევაგნებინო, რომ სხვა დროს უტაქტოდ არც მე და არც სხვას აღარ უნდა მიმართოს. ვინმეს რამე რომ ვკითხო, მან კი უხეშად მიპასუხოს, ძალიან გავბრაზდები. შეიძლება, მანქანიდან ვინმემ დამისიგნალოს ან შემაგინოს, მაგრამ ისე არ გავბრაზდე, როგორც - მაშინ, როცა პირადი საუბრისას მეუხეშებიან.

- თქვენი აზრით, მიმართვის აგდებული ტონი რა კატეგორიის ადამიანებს ახასიათებთ?

- საერთოდ, ჩვენს ქვეყანაში მომხიბვლელი სამსახურები არ გვაქვს. ყველა ჩქარობს და რაღაცას რომ ვერ ასწრებს, ღიზიანდება... თუმცა, მიზეზი მხოლოდ ეს არ არის, ყველაფერი ოჯახიდან იწყება: შეიძლება, ვინმეს პირადი ცხოვრება არეული აქვს ან - ტრანსპორტირებისას ქუჩაში ქაოსური მოძრაობაა და ამით იძაბება, სამსახურში მისულს მანქანის გასაჩერებელი ადგილი არ დახვდება და ღიზიანდება, მერე კი თანამშრომელს ცუდად მიმართავს... არ მინდა, უტაქტოდ ნათქვამი გამომივიდეს, შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ ქალ მენეჯერებს თუ პირადი ცხოვრება დაულაგებელი აქვთ ან საკმარისი განათლება არ მიუღიათ, თავისზე უფრო განათლებულ ხელქვეითს რომ ხედავენ, შიში ეუფლებათ - თანამდებობა არ წამართვანო. ჰოდა, თავდაცვის მიზნით, თანამშრომელს უხეშად ესაუბრებიან, თითქოს თავად უფრო "მაგარი ტიპები" არიან. არადა, პირადად მე, ისეთი მენეჯერები მყოლია, რომლებიც ისე მესაუბრებოდნენ, თითქოს მათი უფროსი ვყოფილიყავი. ასეთი მოპყრობით ნებისმიერი მენეჯერი, მმართველი უფრო მეტ შედეგს იღებს.

- მიგაჩნიათ, რომ ქალი მენეჯერები უფრო უხეშები არიან?

- მდედრობით სქესს არ ვაკნინებ. უბრალოდ, ქალი მენეჯერების აგრესია უფრო გამოხატულია. კაცი ცოტა სხვანაირია: შეიძლება, მანქანის საბურავს ფეხი მიარტყას, შეიგინოს - ამით "დაიცალოს" და თანამშრომელს უხეშად აღარ მიმართოს. რაც უნდა გენდერული თანასწორობა არსებობდეს, საქართველოში მამაკაცი მაინც უპირატესია... ვფიქრობ, უმჯობესია, ჭურჭლის დარეცხვის ნაცვლად, კაცმა შეშა დაჩეხოს. ასე კაცი უფრო მეტ ფიზიკურ ძალას ხარჯავს და აგრესიას ანთხევს. ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში ოთახი არსებობს, სადაც შესასვლელად ფულს იხდი, ჭურჭელს ლეწავ და ამით ნერვებს იწყნარებ. ბევრმა თქვა, - ნევროზიანების ოთახი ყოფილაო. არადა, რომ დაფიქრდე, შეიძლება, ადამიანების გარკვეული კატეგორია ამით მართლა დაწყნარდეს.

- როგორ ფიქრობთ, თქვენ იმ ოთახში შესვლა რაიმე სარგებელს მოგიტანდათ?

- მე ასე ვერ დავწყნარდები: ადამიანს უნდა გავაგებინო, რომ არასწორად მომმართა და მხოლოდ ამის შემდეგ დავმშვიდდები. როგორ მაღალანაზღაურებად სამსახურშიც უნდა ვმუშაობდე, თუკი მმართველმა უტაქტოდ მომმართა, შეიძლება, სამსახურიდან წამოვიდე და ჩემი ამ ნაბიჯის გამო ოჯახი შიმშილით დავხოცო. მუშტი-კრივს არ გავმართავ, მაგრამ სათქმელს მაინც ვეტყვი! თუ გაიგებს, რომ მართალი ვარ, შეიძლება, დავრჩე. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამსახურიდან წამოვალ. ეს სვანური ხასიათის ბრალია - გულში ხინჯი არ უნდა დამრჩეს. სვანებს ხინჯი თუ დაგვრჩა, მერე უფრო საშიშები ვართ (იცინის).

"მიჩნდება სურვილი დავსვა კითხვა: "ასე რატომ მომმართავთ"?

ნინი წიკლაური:

- ხშირად არა, მაგრამ ყოფილა შემთხვევა, როცა ჩემთვის უხეშად მოუმართავთ, მაგალითად - მაღაზიის გამყიდველს, რომლისთვისაც რაღაცის ფასი მიკითხავს.

- მისთვის შენიშვნა არ მიგიციათ?

- შენიშვნას მხოლოდ იმ მიზეზით ვერ მივცემდი, რომ დაახლოებით, დედაჩემის ტოლი გახლდათ, მაგრამ ასეთ დროს მიჩნდება სურვილი დავსვა კითხვა: "ასე რატომ მომმართავთ"?

- ორგანიზატორის უხეშობის გამო კონცერტი თუ გაგიუქმებიათ?

- არა, კონცერტის ორგანიზატორებთან მსგავსი უსიამოვნება არ მომსვლია. უბრალოდ, ერთხელ აპარატურა არ ვარგოდა, მე კი "ცოცხლად" ვმღეროდი. ორგანიზატორს ვუთხარი, - როცა აპარატურა გამართული არ არის, ხომ შეიძლება, კონცერტამდე გამაფრთხილოთ-მეთქი?! "სიდის" ჩართვის პრობლემა იყო, რის გამოც უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩნდი, მაგრამ მოვაგვარე. მართალია, კონცერტზე ის არ დამხვდა, რაზეც შევთანხმდით, მაგრამ ამის გამო, წონასწორობა არ დამიკარგავს.

- ძირითადად, ტაქტიანი ადამიანები გხვდებიან თუUსხვა მიზეზია, რომ უხეშად იშვიათად მოგმართავენ?

- კონფლიქტი, შენიშვნების მიცემა არ შემიძლია, მსგავსი რაღაცები ჩემთვის უცხოა. ალბათ გარშემო მყოფები ამას გრძნობენ და თავადაც კეთილგანწყობილები არიან ჩემ მიმართ.

- რაიმე ჰონორარის ფასად, თანამშრომლისგან უტაქტო მომართვის ატანა თუ შეგიძლია?

- არა, უტაქტობა გაუმართლებელია. თუკი რამეს არასწორად ვაკეთებ, ამის ტკბილად ასახსნელად ქართულ ენაში ბევრი სიტყვა მოგვეპოვება. რამდენჯერმე ქუჩაში შევსწრებივარ, რომ რაღაცის გამო, დედა შვილს უყვიროდა. ესეც არ მესმის: სხვების თანდასწრებით რატომ უნდა უყვირო? შვილი გაიზრდება და შესაძლოა, რომელიმე მეგობარმა დასცინოს, - ერთხელ ვნახე, დედაშენი ქუჩაში როგორც გექცეოდაო...

"უხეშობას სათანადოდ ვაპროტესტებდი"

ნანიკო ხაზარაძე:

GzaPress- რატომღაც, გარშემო მყოფთაგან უფრო პატივისცემას ვგრძნობ, ვიდრე - უხეშ დამოკიდებულებას.

- სკოლის მოსწავლეობის პერიოდში, თქვენთვის მასწავლებელს უხეშად მოუმართავს?

- კი და ეს სათანადოდ გამიპროტესტებია.

- ამას თქვენთვის სასურველი შედეგი მოჰყოლია?

- საერთოდ, შეიძლება, იმ წუთში უარესი ამბავი მოჰყოლია, მაგრამ საბოლოო ჯამში - აუცილებლად, ჩემთვის სასიკეთო შედეგით დასრულებულა.

- თქვენი აზრით, რა კატეგორიის ხალხი უხეშობს?

- ის, ვინც თანამოსაუბრესთან, თანამშრომელთან საერთო ენას ვერ პოულობს.

- რაიმე გასამრჯელოს ფასად, შეფის უხეში დამოკიდებულების მოთმენა შეგიძლიათ?

- არა, ამის ატანას ვერ შევძლებ.

- უტაქტო მომართვის გამო, ვინმესთან თანამშრომლობა შეგიწყვეტიათ?

- კი, ამის გამო სამსახურდან ორჯერ წამოვედი: ერთხელ - ტელევიზიიდან, მეორედ - რადიოდან.

- ვინმესთვის უხეშად თავად თუ მიგიმართავთ?

- ცხადია, "ფრთიანი ანგელოზი" არ ვარ. ასეთი შემთხვევები ყოფილა და ბოდიშიც მომიხდია, მაგრამ ბოდიში წამალი რომ იყოს, აფთიაქში გაიყიდებოდა. ჯობია, თავიდანვე ზომიერები ვიყოთ, საკუთარი თავი ვაკონტროლოთ, ვიდრე - ბოდიში ვიხადოთ.

- ყველაზე სასიამოვნოდ ვისთან თანამშრომლობა გახსენდებათ?

- ამჟამინდელი სამსახურის ჩვენი გუნდი არაჩვეულებრივია. უკვე მეოთხე წელია, რაც მათთან ვმუშაობ. ერთად თავს კარგად ვგრძნობთ.

"მთავარი საქმეა"

კოტე თოლორდავა:

GzaPress- მგონი, არც ერთ კონტრაქტში ისეთი პუნქტი არ წერია, რომ უხეში საუბარი აიტანეო. ჰოდა, შესაბამისად, ამას ვერც მე ვერ ავიტან. უტაქტოდ არც ერთ რეჟისორს არ მოუმართავს ჩემთვის, მაგრამ საქმიანი კამათი გვქონია. ისე, უხეშობასაც გააჩნია: თუკი ეს სისტემატურ სახეს იღებს, მაშინ ასეთ ადამიანებს სერიოზული პრობლემა აქვთ, მაგრამ თუკი გაცხარებული კამათისას ერთხელ იუხეშე, ამას აღიარებ და მოიბოდიშებ, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. როცა ყველამ ვიცით, რომ მთავარი საქმეა და კამათი კონსტრუქციულ ჩარჩოს არ სცილდება, ბოდიშის მოხდით ყველაფერი თავისთავად დალაგდება.

"არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შინაგანი კულტურა არ აქვთ"

ლიკა ქორქია:

GzaPress- საკუთარ თავს ადამიანებს როგორც წარუდგენ, ანალოგიურ მოპყრობას დაიმსახურებ. საერთოდ, ძალიან კომუნიკაბელური არ ვარ. ჩემი სამეგობრო წრე მყავს და ვიცით, ერთმანეთთან როგორი ურთიერთობა უნდა გვქონდეს. მიუხედავად იმისა, რომ უახლოესი მეგობრები არიან, ზუსტად ვიცი, რომ ურთიერთობისას ზღვარს არ უნდა გადავაბიჯო - მათ მიმართ პატივისცემის გრძნობა ყოველთვის მაქვს. შესაბამისად, ზღვარგადასულ საქციელს მათგანაც არასოდეს მივიღებ. უცხო ადამიანებს რაც შეეხებათ: სიმართლე გითხრა, მათთან კონტაქტს ვერიდები. ვისაც კონტაქტები, ურთიერთობაში ძალიან არ ვიჭრები, არ ვითქვიფები, თორემ შეიძლება, ვიღაც უზრდელი და აგრესიულიც იყოს. რასაკვირველია, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შინაგანი კულტურა არ აქვთ, ვერ გაიზარდნენ ან ოჯახმა ვერ გაზარდა. მოკლედ, ბევრი მიზეზია, რის გამოც ხალხთან ურთიერთობა რთულია.

- თანამშრომლებში თუ გიმართლებთ?

- ამაშიც მიმართლებს: ყოველთვის ისეთ გუნდთან ვთანამშრომლობ, რომ კონფლიქტური სიტუაცია არ გვექმნება.

- მაღალი ჰონორარის სანაცვლოდ თუნდაც, მოკლევადიანი პროექტის ხელმძღვანელის უტაქტო მომართვის ატანა თუ შეგიძლია?

- თუ ადამიანი პატივს არ გცემს, შესაბამისად, მასთან არც უნდა ითანამშრომლო. ბოლოს და ბოლოს, კონკრეტული საქმე სიამოვნებას თუ არ განიჭებს, ვერც გააკეთებ. როცა ვხვდები, რომ ადამიანებთან შინაგანი კომფორტი არ მექნება, მათთან არც ვთანამშრომლობ.

- წონასწორობიდან გამოსულს ვინმესთვის უხეშად მიგიმართავს?

- არა, არა, მაქსიმალურად ვცდილობ, გაწონასწორებული ვიყო. მიმაჩნია, რომ საღი ლოგიკითა და კომუნიკაციით, ხმის ტონის აწევისა და შეურაცხყოფის გარეშე, აბსოლუტურად ყველაფრის მოგვარება შეიძლება. წონასწორობის დაკარგვა დიდი სისუსტეა. ზოგ ადამიანს ვერაფერს გააგებინებ, ამიტომ ჯობია, ასეთს საერთოდ არ აჰყვე. ეთო ყორღანაშვილი, ჟურნალი "გზა"