"მთავაზობდნენ როლს, რომლითაც უნდა მეჩვენებინა ქართველის დაკნინებული სახე"
რამდენიმე კვირის წინ, უკრაინაში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, საუკეთესო ათ მსახიობს შორის ქართველი ზაზა ჭანტურიაც დაასახელეს. ზაზას ახლახან 41 წელი შეუსრულდა. რუსულ და უკრაინულ სახელოვნებო ფორუმებსა თუ გამოცემებში მასზე მხოლოდ პოზიტიურ ინფორმაციას ამოიკითხავთ და ხელოვნების კრიტიკოსები მეტ წარმატებებს უწინასწარმეტყველებენ.
- რომელი იყო შენი პირველი ქართული როლები თეატრსა და კინოში?
- როცა თეატრალურში ვსწავლობდი, მეორე კურსის სტუდენტს მომცეს მეფარნის როლი "პატარა უფლისწულიდან", რაც შეეხება კინოროლს, მერაბ კოკოჩაშვილის "ნუცას სკოლაში" ჯარისკაცი ვითამაშე.
- როცა შენს ფილმოგრაფიას გადავავლე თვალი, 70-მდე კინოროლი გაქვს შესრულებული. თეატრში?
- ზუსტად არ მახსოვს, ალბათ ოცამდე...
- 11 მარტს შენი დაბადების დღე იყო, 41 წლის გახდი...
- ეს დღე იყო ერთდროულად არაჩვეულებრივიც და ჩვეულებრივიც: ამ დღესაც გადაღებაზე ვიყავი და თან, დაბადების დღე მქონდა.
- როგორც ვიცი, მეუღლე არ გყავს. შენი მომავალი მეორე ნახევარი აუცილებელია, ქართველი იყოს?
- არა, ჩემი საცოლე უკრაინელია. მალე ვაპირებ დაქორწინებას.
- ეს პირველი ქორწინება იქნება?
- არა, ეს მეორე ქორწინებაა. პირველი ქორწინება ხუთწლიანი ურთიერთობით, ორი წლის წინ დავასრულე. პირველი მეუღლეც უკრაინელი იყო, ისიც მსახიობი. დავშორდით მაქსიმალურად კულტურულად, აყალმაყალის გარეშე.
- გახსოვს პირველად სცენაზე გასვლის დროს განცდილი ემოციები?
- ეს იყო უზარმაზარი ემოციის მომცველი გრძნობა, იყო შიშიც. მეგონა, რომ დროის გასვლის შემდეგ ამ შიშს დავძლევდი, მაგრამ ახლაც მიმყვება სცენაზე, გადასაღებ მოედანზე, რადგან მე ჩემთვის არ ვთამაშობ, როლს ვასრულებ მაყურებლისთვის და არ მინდა, ხალხი გავაწბილო! სხვების გაწბილების შიში მუდამ თან მდევს!
- ამ შიშს რით უპირისპირდები?
- მუდმივად ვსწავლობ, მუდამ ფორმაში ვარ, არასდროს ვივიწყებ, რომ არსებობს მისი უდიდებულესობა მაყურებელი! და ისიც სულ მახსოვს, რომ როლს ვეკუთვნი და არა პირიქით - როლი არ ეკუთვნის მსახიობს!
- გაიხსენე პირველი წარმატება...
- რაც დრო გადის, მით უფრო მეტად ვაფასებ მოზარდ მაყურებელთა თეატრში ჩემს მოხვედრას. გამიმართლა 90-იანი წლების ბოლოს. დავასრულე მეოთხე კურსი და დავსაქმდი. იმ დროს ბევრი მსახიობი რჩებოდა თეატრს მიღმა! ისე, წარმატებისთვის ნიჭისა და შრომისმოყვარეობის გარდა, საჭიროა იღბალიც!
- იმედგაცრუებაც საქართველოს უკავშირდება?
- კი, ასეა. როცა მე საქართველოს დატოვებამ მომიწია, მაშინ სამსახიობო კარიერის გაკეთება თითქმის შეუძლებელი იყო. წამოსვლა ადვილად არ გადამიწყვეტია, ახლაც სამშობლოს უდიდესი სიყვარული მაქვს. ბევრად უკეთესი იქნებოდა, რომ ის აღიარება, რაც საზღვარგარეთ მაქვს, სამშობლოში მქონოდა!
- ახლა მარტია და ეს თვე მაინც ქალებისაა, უფრო კი - დედის...
- (მაწყვეტინებს) დედაჩემი არის ჩემთვის ღმერთი! ის ყველა სიტუაციაში მხარში მიდგას და მისი გულით ნათქვამი რჩევა ჩემთვის მნიშვნელოვანია. პროფესიით მასწავლებელია და ახლაც ასწავლის ქართულ ენასა და ლიტერატურას თბილისის ერთ-ერთ სკოლაში. ისე, პატარა როცა ვიყავი, ცდილობდა, სახლშიც მასწავლებელი ყოფილიყო, მაგრამ გავიზარდე და მასწავლებლის ამპლუასაც გადაეჩვია (იღიმება).
- პოსტსაბჭოურ სამყაროში ყველაზე მისაღები სახელოვნებო არეალი რომელ ქვეყანაშია?
- იმედია, მკითხველი პოლიტიზების გარეშე მიიღებს ჩემს ნათქვამს. მართალია, მე უკრაინაში ვარ, მაგრამ რუსული კინოპროდუქციის 95% იქმნება ამ ქვეყანაში, გასაგები მიზეზების გამო. უკრაინაში ფილმის გადაღება უფრო იაფია, ვიდრე რუსეთში. მოკლედ ვიტყვი, რუსეთი ყველაზე უკეთესი სამსახიობო კარიერის გაკეთების საშუალებას იძლევა პოსტსაბჭოურ სამყაროში.
- რომ შეგექმნას ის პერსპექტიული პირობები საქართველოში, რაც გაქვს უკრაინაში, რუსეთში, თურქეთსა და ბრიტანეთში, დაბრუნდები სამშობლოში?
- დაუფიქრებლად! აქ ლაპარაკი არ არის მხოლოდ ფინანსურ მხარეზე, ვსაუბრობ სამსახიობო რეალიზაციაზე. მე ვერ გავძლებ სამსახიობო ხელოვნების გარეშე!
- შეგიძლია შენთვის საყვარელი როლი დამისახელო?..
- ამ კითხვაზე რაიმე კონკრეტულ პასუხს ვერავის ვეუბნები. ამას წინათაც ვთქვი, როგორც შვილებს ვერ განასხვავებს კარგი მშობელი, ისე ვერ განასხვავებს მსახიობი როლებს... ერთხელ, ერთი როლის გამო მაყურებელმა მითხრა, - შენი დაგლეჯა მინდოდაო. მართლა ნეგატიური როლი მქონდა (საუბარია თურქეთში გადაღებულ ფილმზე), მაგრამ ის როლიც ჩემთვის ძვირფასია, როგორც ყველა დანარჩენი და მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი იქნება თუ მეორეხარისხოვანი!
- შეიძლება ქალებს "დავაბრალოთ" შენი რუსულ-უკრაინული სამსახიობო კარიერაც?
- გამოგიტყდებით, ამის საფუძველი 75%-ით ქალები არიან...
- არის რომელიმე როლი, რომელსაც არასდროს შეასრულებ?
- იყო ასეთი შემთხვევა, შემომთავაზეს როლი მაღალი ანაზღაურებით, რომლითაც უნდა მეჩვენებინა ქართველის დაკნინებული სახე - არ დავთანხმდი. შემდეგ კიდევ უფრო მაღალი ჰონორარი შემომთავაზეს, მაგრამ ისევ უარი ვთქვი, კიდევ რამდენჯერმე გაზარდეს თანხა, მაგრამ შემოთავაზება უარვყავი ყოველგვარი დანანების გარეშე! ჩემი სამშობლოს ცუდ კონტექსტში წარმომჩენ როლს არასდროს დავთანხმდები!
- ვიცი, რომ კარგად ფლობ ინგლისურსაც. შესაძლოა, ოდესმე გიხილოთ ჰოლივუდში?
- არ მიყვარს წინასწარ საუბარი. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ანკესი ნასროლია ჰოლივუდისკენაც...
- გაქვს ევროპული გარეგნობა, ევროპული სისხლის კვალია თუ?
- დედით და მამით ქართველი ვარ. არავინ მყავს წინაპრებში უცხოელი. ამბობენ, რომ დასავლეთევროპული გარეგნობა მაქვს. ჩვენი წინაპრებისგან გამიგონია, რომ შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოსახლებული იტალიელი ცენტურიების გამო მივიღეთ ჭანტურიებმა ასეთი გვარი და თუ ამას დავაბრალებთ, შესაძლოა ამოვხსნათ ჩემი ევროპული გარეგნობა (იცინის)!
- კინოფორუმებზე უამრავი ქალბატონი ქათინაურებით განებივრებს. ამბობენ, რომ შარმიანი მამაკაცი ხარ.
- კი, მეუბნებიან, რომ ქარიზმატული ვარ (იღიმება)...
- გაქვს საყვარელი ბრენდები?
- ჩემთვის ბრენდებს მნიშვნელობა არ აქვს. მაქვს ჩემი სტილი, რომელიც მაქსიმალურ კომფორტს მიქმნის.
- ვერ მოვიძიე სკანდალები შენ შესახებ...
- მე მაქვს ჩემი საქმე, სხვა რაღაცებისთვის თითქმის არ მრჩება დრო და სკანდალებიც ვერ მექნებოდა... ჩემს სამყაროში არაა კონფლიქტების ადგილი!
- პირველი რომანი...
- სკოლის მოსწავლე ვიყავი, როცა რუსთაველი გოგო შემიყვარდა. იმდენად ლამაზი იყო, რომ ნახევარი რუსთავი გახლდათ მასზე შეყვარებული. მის გამო ხშირად მიწევდა ჩხუბი, განსაკუთრებით შაბათ-კვირას, როცა რუსთავში ჩასასვლელად დროს უფრო ადვილად გამოვძებნიდი ხოლმე...
- ერთგან შენზე წავიკითხე, რომ ხარ ქართველი და რუსი მსახიობი ერთდროულად.
- მაშინ ინგლისელი და თურქი მსახიობიც გამოვდივარ... სინამდვილეში, მე ვარ ქართველი მსახიობი, რომელიც მუშაობს მშობლიურის გარდა, კიდევ სამ ენაზე... ერთ ამბავს გავიხსენებ: ერთხელ ლონდონში, კაფე-რესტორან "ტელეგრაფში" ესპანელი ახალგაზრდა ქალი დამეჯახა. ხელში კოქტეილით სავსე ჭიქა მეჭირა და სასმელი ქალს გადაესხა თეთრ კაბაზე. მოვუბოდიშე და უსიამოვნების გადასაფარად, ჩემს სუფრასთან მოვიწვიე. გაოცებულმა მითხრა, რომ თან ქმარიც ჰყავდა. ისიც მოიყვანე-მეთქი. მეგობრებიც აქ არიანო, ისინიც დავპატიჟე. ჯესიკამ გამაცნო თავისი ქმარი, დენიელ კაიზერი, დავმეგობრდით და ხშირად ერთად ვსტუმრობდით გასართობ ადგილებს. სამი თვის მერე გავიგე, რომ დენიელი დრამატურგი და რეჟისორი ყოფილა. მან ერთხელ თავისი სპექტაკლის პრემიერაზე დამპატიჟა და მაშინ ვუთხარი, რომ მსახიობი ვიყავი... რეჟისორმა გამაცნო თავისი მომავალი გეგმები, მაჩვენა ერთი პიესაც, ეტიუდებზეც ვისაუბრეთ, მკვახედ გამოვხატე ჩემი პოზიციები რაღაც საკითხებზე. კარგა ხანს აღარ შემომხმიანებია დენიელი. ვფიქრობდი, რომ ვაწყენინე და საბოლოოდ დავკარგე კაიზერი. სამი კვირის მერე დამირეკა, თუ გსურს, კონტრაქტი გავაფორმოთო. რასაკვირველია, დავთანხმდი...
როლანდ ხოჯანაშვილი