რა საერთო აქვს სალომე ჭაჭუას სიმპათიური ბრიტანელი მოდელის "სეხნიასთან"? - გზაპრესი

რა საერთო აქვს სალომე ჭაჭუას სიმპათიური ბრიტანელი მოდელის "სეხნიასთან"?

სალომე ჭაჭუას გაცნობიერებული აქვს, რომ ავტომობილის სრულფასოვნად მართვის სწავლა წლების განმავლობაში მიღებულ გამოცდილებასთან ერთადაა შესაძლებელი. საკუთარ ავტომობილს ნელ-ნელა უფრო დახვეწილად მართავს. ამბობს, რომ კანონმორჩილი მოქალაქეა, თუმცა იყო პერიოდი, როდესაც ქალაქში მართვის მოწმობის გარეშეც დადიოდა...

- ამჟამად "მერსედეს C300" მყავს - შარშან შევიძინე. საერთოდ, უფრო მეტად მამაკაცური ავტომობილები მომწონს, ვიდრე "გოგოშკური". ეს მანქანა შემთხვევით ვნახე და ძალიან მომეწონა. "მერსედესი" იდეალური კლასის ბრენდია, კომფორტული. გამონაკლისი არც ჩემი მანქანაა - ძალიან კმაყოფილი ვარ. ისე, ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, "მუსტანგი" მყოლოდა. სპორტული მანქანები მომწონს, თუნდაც - "შევროლეტი". ოცნებას აუცილებლად ავიხდენ, ოღონდ - ცოტა მოგვიანებით (იღიმის).

- ავტომობილს რომელი ასაკიდან მართავ?

- დაახლოებით 20 წლიდან ვიცი ავტომობილის მართვა. უნდა გამოვტყდე, რომ ცუდად მოვიქეცი, რადგან წლების განმავლობაში, მართვის მოწმობის გარეშე დავდიოდი. შარშან, ვიდრე ამ მანქანას შევიძენდი, ვაპირებდი, ჯერ მართვის მოწმობა ამეღო და ავტომობილი შემდეგ მეყიდა, რადგან ვიცოდი, მერე მართვის მოწმობის აღებაზე აღარ ვიზრუნებდი, მაგრამ მაინც ისე მოხდა, რომ ჯერ მანქანა ვიყიდე (იცინის), შემდეგ დრო გამოვნახე და მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდები ჩავაბარე. ძალიან სასაცილო სიტუაცია იყო: ბოლოს პატრულის თანამშრომლები რომ მაჩერებდნენ, უკვე "სინაგლესაც" ხომ ჰქონდა საზღვარი (იცინის)? მართვის მოწმობა ავიღე და ბედნიერი ვარ, რადგან ავტომობილს თავისუფლად ვმართავ. ვისაც მართვის მოწმობა აქვს და ამას წაიკითხავს, მიხვდება, რას ვგულისხმობ (იღიმის).

GzaPress

- ეს შენი პირველი ავტომობილია? - არა. ავტომობილი პირველად დაახლოებით 4 წლის წინ შევიძინე. სხვათა შორის, ისიც სპორტული იყო, მაგრამ უფრო მეტად - ქალური. ძალიან კომფორტული გახლდათ და კარგად მემსახურა.

- როგორც მივხვდი, პატრულის თანამშრომლებთან კარგი ურთიერთობა გაქვს, რადგან ამდენი ხანი მართვის მოწმობის გარეშე დადიოდი...

- (იცინის) სხვათა შორის, ძალიან იშვიათად მაჩერებენ, რადგან ყოველთვის ვცდილობ, წესები დავიცვა და ავტომობილი ისე ვმართო, რომ საფრთხე არ შევქმნა... იმ პერიოდშიც იშვიათად მაჩერებდნენ, მაგრამ მპატიობდნენ. მათთან კარგი ურთიერთობა მაქვს, რადგან დამჯერი, კანონმორჩილი მოქალაქე ვარ.

- პატრულის თანამშრომლები გცნობენ, ხომ?

- კი, ეს ფაქტორი მოქმედებს.

- რა რეაქცია აქვთ, როდესაც საჭესთან შენ გხედავენ?

- დადებითი. სულ ვამბობდი, ვიღაც ისეთი შემხვდება, ვისაც არ მოვწონვარ და მართვის მოწმობის უქონლობას არ მაპატიებს-მეთქი (იცინის), მაგრამ ასეთი არავინ შემხვედრია.

- არასოდეს დაუჯარიმებიხარ?

- ახლა, რაც მართვის მოწმობა მაქვს, ჯარიმები ავტომაგისტრალიდან მომდის, რადგან სწრაფი მანქანა მყავს - როგორც ამბობენ, დიდი ძრავა აქვს და სიჩქარისთვის ხშირად გადამიჭარბებია. თუ დასავლეთისკენ მივდივარ, არ არსებობს, ავტომაგისტრალიდან ჯარიმები არ მომივიდეს.

- სისწრაფე გიყვარს? ვინმესთან შეჯიბრების სურვილი გაგჩენია?

- ძალიან ფრთხილი ვარ. სისწრაფე მიყვარს, მაგრამ იმ შემთხვევაში ვუმატებ, როდესაც ვიცი, რომ მაქსიმალურად დაცული ვიქნები და არც თავად შევუქმნი საფრთხეს ვინმეს, ანუ როცა გზაზე ბევრი ავტომობილი არ მოძრაობს.

- საავარიო სიტუაცია შეგქმნია?

- ღმერთის წყალობით - არა და იმედია, არც შემექმნება.

- ავტომობილის მართვისას სწრაფად აზროვნებ?

- საერთოდ, ძალიან სწრაფი ინსტინქტი მაქვს, რომელიც ჯერჯერობით, არ მღალატობს.

- ავტომობილის გარეშე ცხოვრებას შეძლებდი?

- კი, შევძლებდი. 2 წლის განმავლობაში მანქანა მყავდა, შემდეგ კი ავტომობილის გარეშე დავდიოდი. ადამიანს მანქანა კომფორტს გიქმნის. კარგია, როდესაც საკუთარი ავტომობილი გყავს, თუმცა მის გარეშეც მშვენივრად ვგრძნობდი თავს.

- საცობებს როგორ ართმევ თავს?

- თუ საცობებია, მაშინვე ალტერნატიულ გზაზე ვფიქრობ - საიდან შეიძლება, რომ მოკლე გზით წავიდე, რადგან ჩემთვის დრო უმნიშვნელოვანესია. თან, დაგვიანება არ მიყვარს. თუ საცობს თავს ვერ ვაღწევ, რა ვქნა? მუსიკას ვრთავ და ველოდები, გზა როდის გათავისუფლდება ან როცა მართლა დიდი საცობია, საქმეს ტელეფონით ვაგვარებ - სხვა შემთხვევაში, საჭესთან ტელეფონით არ ვსარგებლობ.

- ავტომობილში როგორ მუსიკას უსმენ?

- სხვათა შორის, ლათინურ მუსიკას არ ვუსმენ, რადგან ისედაც მთელი დღე ამ მუსიკის გარემოცვაში ვარ. ვუსმენ კლასიკას, "ჩილაუთებს"... მშვიდი მუსიკა მომწონს, რომელიც იოგის დროსაც კარგია. "სიფსიხე" სიმღერებიც მაქვს (იცინის). გააჩნია, ვინ როგორ ხასიათზეა. საერთოდ, ჩემთან ისედაც "ცოცხალი", "დრაივიანი" მუსიკაა, მანქანაში კი მშვიდ მელოდიებს ვანიჭებ უპირატესობას. თუმცა, როცა სავარჯიშოდ მივდივარ, უფრო სამოტივაციო სიმღერებს ვრთავ, რომ ხასიათზე ვარჯიშის ხასიათზე დამაყენოს. თუ არსად მეჩქარება, მაგალითად - საღამოს, წყნარ მუსიკას ვამჯობინებ. ღამეც ასე მძინავს - მუსიკა მაქვს ჩართული და მის ფონზე მეძინება.

- საქართველოს მასშტაბით, ავტომობილების მოძრაობის თვალსაზრისით, ყველაზე კომფორტული ქალაქი რომელია?

- ამის თქმა რთულია. მაგალითად, თბილისში დაძაბული ვარ, როდესაც ავტომობილს ვმართავ, რადგან მოძრაობის წესების დარღვევის შემთხვევა ხშირია - შეიძლება უცებ, ვიღაც გამოვარდეს. ამიტომ საჭესთან სულ დაძაბული ვზივარ, რომ რამე არ მოხდეს.

- ქვეითად მოსიარულეებზე რას გვეტყვი?

- მძღოლის ამპლუიდან ვიტყვი: შევძელით და ქვეითებისთვის გზის დათმობა ვისწავლეთ, მაგრამ თითქოს ქვეითებიც ცოტათი გათამამდნენ - სადაც ზებრა გადასასვლელი არ არის, ისე ნელა გადადიან, რომ გგონია, ასე სპეციალურად იქცევიან (იცინის).

- სხვა მძღოლებისგან დაუმსახურებელი შენიშვნა მიგიღია?

- არა. მიმაჩნია, რომ თუკი შენიშვნა მომცეს, ე.ი. რაღაც დავარღვიე, მისთვის რაღაც საფრთხე შევქმენი და ყოველთვის ხელს ვწევ, - მაპატიე-მეთქი.

- კონფლიქტური სიტუაცია არასოდეს შეგქმნია?

- არა. კონფლიქტური არ ვარ და ამიტომ, თუმცა ხომ არის შემთხვევები, როცა ადამიანი გამოგიწვევს? მაგრამ მე ამასაც ღიმილით ვხვდები და მაშინვე წყნარდება.

- ავტომობილის მართვისას ბილწსიტყვაობა გჩვევია?

- არა. საერთოდ, ბილწსიტყვაობა არ მიყვარს. რა თქმა უნდა, ხანდახან შეიძლება, სლენგი გამოვიყენო, მაგრამ ჩემს ლექსიკონში ბილწი სიტყვები არ არის.

- როცა ხედავ, შენ გვერდით ან წინ მიმავალი ავტომობილი მოძრაობის წესებს არღვევს, არ ბრაზდები?

- სიგნალი (იცინის)... ასეთ დროს სიგნალს ვიყენებ. არ ვბრაზდები, მშვიდად ვარკვევ, - რა გჭირს, ხომ მშვიდობა გაქვს-მეთქი? არის შემთხვევები, როცა შეიძლება, თავად ისე გამოგხედონ, რომ არ გესიამოვნოს. არ ვიცი, საჭესთან მანდილოსანი რომ ზის, ამიტომ აქვთ ასეთი რეაქცია თუ რა სჭირთ? ვერ ვხვდები ხოლმე, რა დავუშავე. ვცდილობ, ქალ მძღოლებთან დაკავშირებული სტერეოტიპი არ გავამართლო, თუმცა მოდი, ვთქვათ, რომ ქალები ამ სტერეოტიპის გამყარების საშუალებას თავად აძლევენ მამაკაცებს, რადგან ხანდახან კაცებზე უფრო მეტად არღვევენ მოძრაობის წესებს. ზუსტად ამ სტერეოტიპს არ განვეკუთვნები: ვცდილობ, ასეთი არ ვიყო - საჭესთან ქალია, მოდი, გავერიდოთო...

- ავტომობილის მართვისას როგორი ფეხსაცმელი გაცვია?

- მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით ავტომობილის მართვა რთულია, რადგან შეიძლება, ქუსლი გაიჭედოს და ა.შ. მანქანაში დაბალძირიანი ფეხსაცმელები ყოველთვის მიდევს და ვიცვლი ხოლმე.

- ავტომობილის სარკეებს შენთვის რა ფუნქცია აქვს?

- ზუსტად ის ფუნქცია, რაც უნდა ჰქონდეს: საჭის მართვისას მაკიაჟს არ ვიკეთებ. თუ ამის საჭიროებაა, მანქანას გავაჩერებ და სარკეში ისე ჩავიხედავ. მართვის დროს ასე არავითარ შემთხვევაში არ მოვიქცევი.

- მეგობრები რას გეუბნებიან, როგორი მძღოლი ხარო?

- მეგობრები მეუბნებიან, რომ ავტომობილს კარგად და ფრთხილად ვმართავ. ეს ისეთი რამეა, რომ ცოდნა წლების განმავლობაში მიღებულ გამოცდილებას მოაქვს. ნელ-ნელა, რაც დრო გადის, მართვის ტექნიკას უფრო ვხვეწ. ჯერჯერობით საფრთხე არ შემიქმნია, რომ ვინმე შეშინებულიყო - ვაიმე, რას შვრებიო?!.

- შეგიძლია, ავტომობილი ვინმეს ათხოვო?

- კი, როგორ არა! ჩემი მეგობრებიდან ვინც მთხოვს, ვათხოვებ ხოლმე.

- ხშირად ავტომობილის მფლობელებს საკუთარი მანქანების "გასულიერება" სჩვევიათ: "ჩემი გოგო" ან "ჩემი ბიჭი" - ასე მიმართავენ... ამ მხრივ, შენი ავტომობილის მიმართ როგორი დამოკიდებულება გაქვს?

- ძალიან ვუვლი და მიყვარს. სახელიც აქვს - დევიდ გენდი შევარქვი (დევიდ გენდი ბრიტანელი მოდელი, საკმაოდ სიმპათიური მამაკაცი გახლავთ). ამ შემთხვევაში, "ბიჭი" მყავს. ალბათ, მამაკაცებს "გოგო" ჰყავთ (იცინის)...

ეთო ყორღანაშვილი