ოლგა ბაბლუანი: "ადამიანი უკეთესი უნდა წავიდეს, ვიდრე დაიბადა"
დედობა, სიყვარული, იდეალური მამაკაცი, ექსტრიმი, ყველაზე რთული მომენტი ცხოვრებაში და ყველაზე ბედნიერი წამი - ეს ის თემებია, რაზეც ოლიკო ბაბლუანს ვთხოვეთ, საკუთარი ასოციაციები გაეზიარებინა.
ჩემი დიდი ოჯახი ჩემთვის არის...
- სიყვარული, მორალური ღერძის, ადამიანური სიმყარის წყარო.
დედობა...
- სიცოცხლის გაგრძელება, ბედნიერება, ყველაზე დიდი ემოცია...
თბილისური სახლი, ეზო...
- მთაწმინდა, ჭავჭავაძის ქუჩა, იტალიური ეზო, სადაც 11 წლამდე ვცხოვრობდი. ზღაპრულად თბილი, დაცული სამყარო.
სვანეთი, სვანური კოშკი...
- ჩემი ხასიათის მთავარი შტრიხები. კოშკი - სიმყარე და ჩემი ისტორიის გაუცნობიერებელი პატივისცემა.
წინაპართა დანატოვარი...
- ყველაზე ძველი, სვანური კოშკი.
ყველაზე რომანტიკული ადგილი მსოფლიოში...
- პარიზი. შარმის განუმეორებელი დედაქალაქი.
ჩამავალი მზე...
- არ მიყვარს. მზე არ ჩადის ჩემთვის, მიუხედავად მისი ბუნებრივი დარდიანი სილამაზის.
"უძინართა მზე"...
- სტუდენტობა, სახალხო ემოციური ცუნამი, სიხარული, სილაღე... მამას ბერლინიდან ჩამოტანილი "ვერცხლის დათვი" ერთია საქართველოში.
იდეალური მამაკაცი...
- კაცობრიობამ ღმერთი დაარქვა. იდეალი მითია...
ქალური სისუსტე...
- ისევე, როგორც კაცური, ადამიანური - ერთია, ინდივიდუალურია. ყველას ჩვენ-ჩვენი გვაქვს.
კადრი მეხსიერებაში, რომელიც არ დამავიწყდება...
- ჩემი შვილების სახეები დაბადებისას.
საუკეთესო კინოკადრი...
- "ლეოპარდი". ლუკინო ვისკონტის ფილმი დაუვიწყარი შედევრია.
გამორჩეული ხმა...
- სიჩუმის.
ეპოქის გამორჩეული ადამიანი...
- მე-20 საუკუნის - განდი, მანდელა. ისინი, ვინც პიროვნული და მორალური ფასეულობების ხარჯზე საკუთარი ხალხის ცხოვრება რადიკალურად შეცვალეს. ასევე, სტივ ჯობსი. საქმე, რომელსაც აკეთებ, აუცილებელია, ადამიანის სამსახურში იყოს - სხვა მხრივ აზრს კარგავ შენც და შენი საქმეც ხომ თავიდანვე დაკარგულია.
ნიღაბი...
- ვენეციაში, კარნავალისთვის განკუთვნილ პატარა მაღაზიებში კარგი ალეგორიული სივრცეა კაცობრიობის სპექტაკლის...
ნაჭუჭი...
- დიდად დადებითი ასოციაციის ვერ არის. პატარა და ჩაკეტილი სულის ასოციაციას იწვევს ჩემში.
რუსული ჩექმა...
- რუსულ ველურ, "ქურდულ", დამპყრობლურ პოლიტიკას ნიშნავს ყველა ჯანსაღად მოაზროვნისათვის.
მაგნიტოფონი...
- ბავშვობაში მქონდა მაგნიტოფონიც, კასეტებიც, ფრჩხილის ლაქით გადაწებებული ლენტები...
ბნელი გვირაბი...
- 90-იანები. დანგრეული სიმშვიდე, ადრეულ ასაკში დაკარგული მეგობრები, სიკვდილის ეპიდემია, ქვეყნის დატოვება.
მთის მწვერვალი...
- სულ ჩანს ლაიტმოტივად... მზიანი.
წყალქვეშა სამყარო...
- რასაც გადარჩენა და მოფრთხილება სჭირდება. ადამიანის უპასუხისმგებლობა ბუნების მიმართ, ეკოლოგიური სიბეცე საშინელებაა.
"ბეღურების გადაფრენა"...
- მამაჩემის მონაყოლი: დედასთან ერთად აივანზე ვიდექი, 1 წლისა და ხელს ვუქნევდი მამას, გადაღებაზე რომ მიდიოდა.
დავეხმარებოდი...
- ვეხმარები! ადამიანებს ერთმანეთი გვჭირდება, კარგი გაგებით. განათლება პრიორიტეტია - ეს არის უდიდესი დახმარება მომავალი თაობისთვის.
მოტოციკლეტი...
- მარტივი, თავისუფალი ტრანსპორტი. თანამედროვე ცხენია. წლებია, საფრანგეთიდან ვატარებ ვესპას.
ექსტრიმი, ადრენალინი...
- ექსტრიმი არ მიყვარს, ადრენალინი - დასახული მიზნისთვის ბრძოლასთან ასოცირდება.
მუსიკა...
- ოკეანის ხმა ღამით, ნორმანდიაში.
ყველაზე რთული მომენტი ცხოვრებაში...
- "ყველაზე" არ არსებობს, პერიოდებს გააჩნია. ვფიქრობ, ცხოვრების საჭირო ნაწილია. ადამიანი უკეთესი უნდა წავიდეს, ვიდრე დაიბადა. საკუთარ თავს თვითონ ქმნი უამრავი წინააღმდეგობის გადალახვის პროცესში.
ყველაზე ბედნიერი წამი... - არსებობს სწორად შეგრძნება სიცოცხლის ფასის. ადამიანები უბედურები არიან იმით, რაც არ აქვთ.
ადამიანი, რომელიც არასოდეს დამავიწყდება...
- ხარისხიანი ურთიერთობები არასოდეს დაგვავიწყდება... ეს ქმნის ჩვენს საარსებო გარემოს.
გამარჯვების სურნელი...
- სურნელის რა მოგახსენოთ და შეგრძნებას არა უშავს, რა.
სიყვარული არის...
- "სიყვარული ერთადერთი რამ არის, რისთვისაც ებღაუჭებიან ცხოვრებას ეს საცოდავი ადამიანები", - ფრაზა წიგნიდან "მზე, მთვარე და პურის ყანა", თემურ ბაბლუანის.
სიცოცხლე...
- დიდი შანსია - ჩემი მცირე გადმოსახედიდან.
ვისურვებდი...
- ბანალურად: ახლობელების ჯანმრთელობას, ზოგადად, ჯანმრთელობას. დანარჩენი მადლობა "შემქმნელ ძალას" და არა მიშავს, რა...
თამთა დადეშელი