ბილ კლინტონისთვის ნაკითხი სისულელე და სკოლის გაზეთით დაწყებული ჟურნალისტობა - გზაპრესი

ბილ კლინტონისთვის ნაკითხი სისულელე და სკოლის გაზეთით დაწყებული ჟურნალისტობა

- ლანა, როდის გაიცანით მიხეილ სააკაშვილი?

- 2013 წლამდე მასთან შეხება საერთოდ არ მქონია. მერე, ჩემი კანდიდატურა ვიღაცამ ურჩია, გავისაუბრეთ და სანამ საქართველოში იმყოფებოდა, ჩვეულებრივად ვთანამშრომლობდით. ადმინისტრაციაში, ჩემ გარდა, უამრავი მანდილოსანი მუშაობდა და არანაირი განსაკუთრებული ურთიერთობა მასთან არ მაქვს. რაც შეეხება მისი პიჯაკების ყბადაღებულ თემას, მათი კანცელარიაში მიტანა ოჯახის გადაწყვეტილება იყო და ვინაიდან მედიასთან დაკავშირებული საკითხები მე მეხება, მისვლა მევალებოდა.

- როგორია თანამშრომელთა პოზიცია ექსპრეზიდენტზე ძებნის გამოცხადებასთან დაკავშირებით?

- კანონმდებლობით, მისი სადმე დაჭერის პერსპექტივა როგორიცაა, აბსოლუტურად ნათელია...

GzaPress- როგორც წესი, ვისაც მასთან ერთად ხედავდნენ, ყველაზე სხვადასხვა ჭორი ვრცელდებოდა: სააკაშვილის "ლოგინის გავლით" ინიშნებიანო. როცა მასთან მუშაობაზე დათანხმდით, არ გიფიქრიათ, თქვენზეც იმავეს იყტყოდნენ?

- საერთოდ, როგორც ვაკვირდები, საქართველოში მარტივი ტენდენციაა და ყოველთვის, ყველა ქალზე, ვინც რაიმე თანამდებობაზე მუშაობს და მამაკაცი უფროსი ჰყავს, ცდილობენ, რაღაც შეთხზან. ჩემს ასაკში, როცა უკვე ორი შვილი მყავს - 20 და 13 წლის, - ამაზე ლაპარაკი ძალიან სასაცილოა. როგორ შეიძლება, მსგავსი, თანაც არარსებული, სულელური ჭორების გამო, ადამიანმა კარიერაზე უარი თქვას?! ასეთ ჭორებზე ბატონი მიშა თვითონაც მაგრად ღადაობს ხოლმე. მახსოვს, 18 წლისამ მუშაობა რომ დავიწყე ამერიკულ სატელევიზიო სააგენტოში, ოთხი მძღოლი გვყავდა, სამი გოგონა ვიყავით და როცა სამსახურში გვიანობამდე გვიწევდა ყოფნა, მერე სახლებში მორიგე მძღოლს მივყავდით. 2-3 წლის შემდეგ ერთ-ერთი მეზობლისგან გავიგე, თურმე ლაპარაკობდნენ, - ეგ კარგი გოგო არ არის, სახლში ყოველღამე სხვადასხვა კაცს მოჰყავსო. ამაზე აყოლას არანაირი აზრი არ აქვს. ერთხელ, ჩემი დაქალის შეყვარებულის ბებიამ თქვა, - არაა მაი კაი გოგო, ტელევიზიაში მუშაობს და მანქნით დადისო. ერთადერთი, რაც ჩემი "ცუდი გოგოობის" დასამტკიცებლად ვერ თქვეს, ის იყო, "პაპიროსს" ეწევაო: არ ვეწეოდი, არც არასდროს მომიწევია და იმიტომ.

- საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაზე ვისაუბროთ: თქვენ რა თანამდებობა გიკავიათ? ვინ არის თქვენი მომხმარებელი და რა სახის ლიტერატურაა აქ?

- ბიბლიოთეკის განვითარება და საზოგადოებასთან ურთიერთობა მევალება. ბატონი მიხეილი ინტერნეტით გვეკონტაქტება ხოლმე, იდეებს გვიზიარებს, დავალებებს გვაძლევს. ხშირად არა, ძირითადად, ჩვენ ვაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ, რასაც ვაკეთებთ და ასე შემდეგ. ჩვეულებრივი საქმიანი ურთიერთობა გვაქვს. ბიბლიოთეკით სარგებლობა ყველასთვის უფასოა, საჯარო ბიბლიოთეკის რეჟიმით მუშაობს - 10-დან 20 საათამდე. ფინანსები თუ საშუალებას მოგვცემს, სამუშაო საათების გაზრდაზეც ვფიქრობთ, რადგან ევროპაში ასეთი ბიბლიოთეკები გვიანობამდე მუშაობენ. ჩვენი ბიბლიოთეკა მეტ-ნაკლებად, ამერიკული საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის პრინციპზეა აგებული და იქ ყველა პრეზიდენტის ბიბლიოთეკას ასე ჰქვია: რუზველტის, ბუშის, კლინტონის და ა.შ. მოგეხსენებათ, პირველი - ჰუვერის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა XX საუკუნის დასაწყისში გაიხსნა და ძირითადად, არქივისა და საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქციას ასრულებდა. ჩვენთანაც ანალოგიურადაა. აქ ყველანაირ წიგნს ვერ ნახავთ, აქცენტი გაკეთებული გვაქვს პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებებზე, არქიტექტურასა და დიზაინზე, ისტორიასა და სამართალზე. დიდი კოლექციით ჯერჯერობით ვერ დავიტრაბახებთ, მაგრამ წიგნების უმეტესობა უახლესი გამოცემაა, ინგლისურენოვანი. მიხეილ სააკაშვილისთვის ავტორების ან ცნობილი პოლიტიკოსების ხელმოწერით ნაჩუქარი წიგნები, ბუნებრივია, სხვა ბიბლიოთეკებში ვერ იქნება. ძალიან კარგი ლიტერატურაა, განსაკუთრებით - არქიტექტურასა და დიზაინზე და სტუდენტები აქ სამუშაოდ ინტენსიურად დადიან. თუმცა, ჯერჯერობით აღრიცხვას არ ვაწარმოებთ, ვინ რა წიგნს იყენებს. სეიჯის კოლექციაც გვაქვს, რომელიც საკმაოდ ძვირად ღირებულია და მისი შეძენა მარტივი არ არის. რამდენიმე ტომია, ყველა მიმართულებისთვის საჭირო მასალაა. ბიბლიოთეკა 22 აპრილს გაიხსნა და აქტიურად ვმუშაობთ. საჯარო ლექციებსაც ხშირად ვატარებთ, განსაკუთრებით პოპულარული, არქიტექტორების ლექციები იყო. ეს შენობა იურგენ მაიერის პროექტის მიხედვით აშენდა. არქიტექტორი მაისის ბოლოს ჩამოვიდა და ორი დღის განმავლობაში ლექციებს კითხულობდა. წარმატებულ ქართველ მეცნიერებსაც ვიწვევთ ხოლმე. საჯარო ლექციები და დისკუსიები კვლავ გაგრძელდება. ვცდილობთ, აკადემიური სტილი შევინარჩუნოთ.

- ახლა თქვენ შესახებაც გვიამბეთ: სად და როდის დაიწყო თქვენი კარიერა?

- 40 წლის გახლავართ და 23 წელია, ვმუშაობ. შესაბამისად, ამ დროის განმავლობაში, ბევრი სამსახური გამოვიცვალე. 1992 წელს ფოტორეპორტიორი ვიყავი, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი და მუშაობა პირველივე კურსიდან დავიწყე. ომის პერიოდში, ამერიკულ სატელევიზიო სააგენტოში ვმუშაობდი, შემდეგ, - "იბერვიზიაში", სანამ არსებობდა. ასევე - "პირველ" და "მეორე" არხებზე. მერე უკვე, ისეთი დრო იყო, ტელევიზიებში, სადაც ფულს არ იხდიდნენ, მუშაობა რთული იყო; წამოვედი და პირველი ორი წელი ბიზნესკომპანიებში ვმუშაობდი, სახელმწიფო მართვაში მასტერის კვალიფიკაციის მიღების შემდეგ კი - არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ილიას უნივერსიტეტშიც ვიყავი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი 4 წლის განმავლობაში და ა.შ. მოკლედ, ბევრგან მიმუშავია და ყველაფრის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

- ასაკით პატარა გოგონასთვის ომში მუშაობა რთული არ იყო?

- სხვათა შორის, არანაირი შიში არ მქონდა. ალბათ, როცა პატარა ხარ, კიდევ უფრო გაბედულად მიდიხარ ყველაფერზე. ექსტრემალურ ვითარებაში, თვითგადარჩენის ინსტინქტი თითქოს დაქვეითებული გაქვს და ახლა რომ ვიხსენებთ, რა ადგილებში დავდიოდით, გვიკვირს, რატომ არ გვეშინოდა?! მახსოვს, ივლისი იყო. აგუძერაში რუსული ჯარის დესანტი გადმოსხეს. ძალიან მძიმე ვითარება იყო შექმნილი და სოხუმში ჩავედით. დილით გვითხრეს, - შეიძლება, ჟურნალისტები აგუძერაში, ჰოსპიტალში წაგიყვანონ და რაღაცები გადაგაღებინონო. ბევრი დაჭრილი იყო. ვინაიდან ოპერატორი არ გვყავდა, თან ვიღებდი კიდეც. სხვათა შორის, იქ გიორგი სანაია, დათო ბოლქვაძე იყვნენ. ჰოსპიტალი გადავიღეთ და მერე ექიმმა შემოგვთავაზა, თუ გინდათ, მორგში შეგიყვანთო. მორგში მხოლოდ მე და ერთი ფოტოგრაფი შევედით, რომელიც ასაკით იქ ყველაზე უფროსი იყო, სხვა არავინ შემოგვყვა და ეს კადრები მხოლოდ მე მქონდა გადაღებული. მახსოვს, ჯარისკაცები გვასწავლიდნენ ხოლმე, - "გრადების" ხმას რომ გაიგონებთ, როგორ უნდა გაარჩიოთ, ისინი გვესვრიან თუ ჩვენ ვისვრითო. ეს მაინც ვერ გავარჩიე და ბოლოს, აღარც ვაქცევდი ყურადღებას. ამას წინათ ერთ უკრაინულ ჯგუფში წავიკითხე, ლუგანსკიდან ქალბატონი წერდა, - როგორი უჩვეულო ამინდებია და რაღაცნაირი ქარიო... ეს სწორედ "გრადის" ეფექტია. მიკროკლიმატი სოხუმშიც ძალიან შეცვლილი იყო, ზაფხულში ისეთი ცივი წვიმა მოდიოდა, როგორიც შემოდგომაზე იცის. ტემპერატურა მხოლოდ 14-15 გრადუსი იყო. ყველაფერი იმდენად ახლოს მაქვს ჩემი თვალით ნანახი, რომ ნურავინ შემეკამათება, თითქოს ეს ომი ქართველებსა და აფხაზებს შორის გაჩაღდა. ის რუსები ჩემი თვალით ვნახე: აგვისტოში ცეცხლის შეწყვეტის სამი კვირა რომ იყო, მოლაპარაკებებზე გადასაღებადაც დავდიოდი, მე ხომ მახსოვს, იქ რა ხალხი ჩამოდიოდა და რა ხდებოდა!

- მოლაპარაკებებზე ვის იღებდით? GzaPress- რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს - ბორის პოსტუხოვს მთელი ამ ომის თემა ჰქონდა მიბარებული და ყოველ ჩამოსვლაზე ვწერდი. მაშინ გამოცდილებაც ნაკლები მქონდა, მოლოდინი - უფრო ოპტიმისტური. ასეთ დროს ვერ ხვდები, რომ ეს კაცი ყოველ ჯერზე რაღაცას გატყუებს, თუმცა ეს სხვა საკითხია. მახსოვს, მერე, 1994 წლის მარტში გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე შემხვდა და ძალიან გაუკვირდა, რომ დამინახა... საზღვარგარეთ არაერთ საინტერესო შეხვედრაზე ვარ ნამყოფი. ჟურნალისტობის პერიოდში, ბილ კლინტონს შევხვდი პრესკონფერენციაზე და შეკითხვაც დავუსვი, ოღონდ, ნამდვილად არ მახსოვს, რა ვკითხე; ალბათ, რაღაც უმნიშვნელო. 1994 წელი იყო, 19 წლის ვიყავი. უშიშროების საბჭოს სხდომას ვესწრებოდი, ამის შესაძლებლობა კი ყველა ჟურნალისტს, რა თქმა უნდა, არა აქვს. მით უმეტეს, საქართველოს საკითხი არც ისე ხშირად განიხილებოდა.

- თქვენ როგორ აღმოჩნდით იქ?

- შევარდნაძის დროს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის აკრედიტაცია მქონდა და ამ შეხვედრებზე სულ დავდიოდი. მაშინ "იბერვიზიაში" ვმუშაობდი. მოკლედ, გაგვაფრთხილეს, რომ თითოეულ ტელეკომპანიას თითო შეკითხვის დასმის შანსი ექნებოდა, ამიტომ ეს ჩემი რედაქტორის პრეროგატივა იყო. წესია, რომ პირველ შეკითხვას ამერიკელი ჟურნალისტი სვამს, ყოველთვის ერთი და იგივე ადამიანი, რომელიც იქ საუკეთესოდ ითვლება და, სხვათა შორის, ახლაც მუშაობს... როტაციული პრინციპით, მის შემდეგ, თვითონ პრეზიდენტი გადასცემს სიტყვას სტუმარ ჟურნალისტს. არ ვიცი, როგორ მოვუვედი თვალში, მაგრამ რატომღაც, მე ამირჩია. არ მახსოვს, რა მოვიგონე და რა ვკითხე, ალბათ - საქართველოსა და ედუარდ შევარდნაძის შესახებ, მაგრამ საკმაოდ დიდხანს კი მპასუხობდა. მაშინ ხომ არც ინტერნეტი არსებობდა, არც მობილური ტელეფონები. აქ აბსოლუტური უკუნი იყო. დედაჩემთან დენი არ იყო, მამიდაჩემს შემთხვევით უნახავს "ლაივი" ჩNN-ზე და ოჯახში დიდი აჟიოტაჟი იყო.

- აქტიური ჟურნალისტიკა არ გენატრებათ?

- ახლა არა, მაგრამ პირველი წელი, როცა წამოსვლამ მომიწია, ძალიან მძიმე იყო, რადგან მიჩვეული ვიყავი. ჟურნალისტობა ჩემი შეგნებული არჩევანი იყო. 15 წლის ასაკში სკოლაში გაზეთს დამოუკიდებლად ვუშვებდი. საბეჭდი მანქანა მქონდა, მამაჩემმა მიყიდა. თბილისში ერთი ქსეროქსი იყო, მელიქიშვილზე, გამომცემლობაში და მამას იქ დავყავდი ხოლმე. სკოლის ამბებზე ვწერდი, ინტერვიუს - დირექტორთან, ფოტოებს ვიღებდი, ვბეჭდავდი და ა.შ. ფორმატის ზომის ერთ დიდ ფურცელს ვავსებდი და "მაღალი ტირაჟით" ვუშვებდი. ადრე, ტელევიზიაში მუშაობისას, პროფესიონალიზმის სულ სხვა დონე იყო, ახლანდელისგან განსხვავებით. ახლა, როცა მაგისტრანტ სტუდენტებს ვასწავლი, რომლებსაც ჟურნალისტიკა უფრო შეგნებულად აქვთ არჩეული, ვიდრე, ვთქვათ, ბაკალავრებს, წერტილ-მძიმის დასმა, აბზაცის მნიშვნელობა, წერა არ იციან. საბავშვო ბაღის შემდეგ, ქართულ ენაზე არსად მისწავლია და სულ ვფიქრობ, მე რომ ასე მხვდება თვალში, უფრო მცოდნეს ხომ მით უმეტეს, მოხვდება. ერთ-ერთ სამსახურში, გოგონები მეხუმრებოდნენ ხოლმე, - დილის 11 საათზე შენი ხავილი თუ გვესმის, ესე იგი, პრესა მოგიტანეს და საოცრებებს კითხულობო. ფონდები ბევრ ტრენინგს ატარებენ და ამაში დიდ თანხებსაც ხარჯავენ. მასმედია ბიზნესია, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან განსხვავებით, გრანტი არ გააჩნია, ამიტომ მას თუ შეგნებული არ აქვს, რომ ტრენინგი და განათლება სჭირდება, რამდენიც გინდა, ასწავლე და უკითხე. ზრდასრულ ადამიანს ამის სურვილი თვითონ უნდა უჩნდებოდეს. კანონმდებლობაში, სამართალში, მედიაეთიკაში - ათასნაირი პრობლემაა, მაგრამ თუ მას ის ყვითელი გაზეთი ეყიდება, რომელშიც, ძირითადად, სისულელეები წერია, როგორ უნდა გააგებინო?! ტყუილს თუ დაწერს, ერთადერთი, რაც შეგიძლია, არის ის, რომ უჩივლო, ეს კი ისეთი ძვირი დაგიჯდება, არ ღირს. სხვათა შორის, ტრენინგებზე რეგიონების ჟურნალისტები უფრო დადიან, რადგან მათთვის მნიშვნელობა აქვს, დონორთან როგორი სახელი ექნებათ. დღეს ძალიან ცოტა ჟურნალისტია ისეთი, რომელიც კარგად წერს. თამთა დადეშელი, ჟურნალი "გზა"