"არ ვიცი, მთაში რა უნდა ვაკეთო"
მსახიობ ნათია წიწილაშვილს საზაფხულო არდადეგების შესახებ ვესაუბრეთ: მართალია, მთაში დასვენება არ უყვარს, მაგრამ შვილის - "ჩემი ცოლის დაქალების" პატარა მსახიობის, ანასტასია კალანდაძის გამო, ზაფხულის გარკვეულ მონაკვეთს იქ მაინც ატარებს...
- მთელი წლის გადაღლილი (ფიზიკურად, ემოციურად, ფსიქოლოგიურად), ზაფხულის არდადეგებს ძალიან ველოდები ხოლმე. როგორც ყველა ელის შვებულებას, დასასვენებლად წასვლას, მეც ერთი სული მაქვს, როდის წავალ. დასასვენებლად ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადგილი ზღვაა. რა თქმა უნდა, ზღვაზე ბავშვი მიმყავს, მაგრამ მასთან ერთად დასასვენებლად წასვლა "დასვენებას" არ ნიშნავს (იცინის). ისე გამოდის, რომ ჯერ ბავშვი მიმყავს, დაისვენებს, შემდეგ ბავშვის გარეშე, მარტო ისევ ზღვაზე მივდივარ და ემოციურად ვისვენებ.
- ზღვაზე დროს როგორ ატარებ?
- თითქოს დასაქმებულივით ვარ: დღეში ორჯერ ზღვის სანაპიროზე ჩასვლის პროცედურა, დილას ადრე ადგომა... ასე თუ ისე, რეჟიმში ხარ. თან, გარუჯვაც ძალიან მიყვარს, თუმცა მზის გულზე ისეთ საათებში არასოდეს ვარ, როცა მზე პიკშია. აუცილებლად დილას ადრე ვდგები, 9 საათზე უკვე სანაპიროზე ვარ. მაქსიმუმ, 12-მდე ვრჩები. მერე საღამოს 5-დან ისევ ჩავდივარ. ჩემთვის ერთგვარი მედიტაციაა სანაპიროზე წოლა, გარუჯვა, ზღვის ყურება, ტალღების ხმა... ალბათ, ზღვა ყველაზე მეტად ამიტომ მიყვარს. მთაში უბრალოდ, არ ვიცი, რა უნდა ვაკეთო ხოლმე (იცინის), მაგრამ ბავშვის გამო, იქ გამგზავრება მაინც მიწევს.
- კარგად დასვენებას ახერხებ? ალბათ, ბევრი ადამიანი მოდის ფოტოს გადასაღებად, გამოსალაპარაკებლად. თან, ახლა შენი გოგონაც - ნასტიაც პოპულარულია...
- მგონი, ამ საკითხში ნასტიამ მაჯობა (იცინის). ვერ ვიტყვი, რომ ხალხის ყურადღება დისკომფორტს მიქმნის და ვწუხდები, პირიქით - მეც ძალიან მიხარია, არასოდეს შევუწუხებულვარ. მადლობელი ვარ, რომ ადამიანებს ასე ვუყვარვარ... კი, დასვენებას ყოველთვის ვახერხებ. ვცდილობ, განვიტვირთო, მარტო დავრჩე... ყოფილა შემთხვევა, სანაპიროზე მარტოც ჩავსულვარ და აბსოლუტურად არანაირი პრობლემა არ შემქმნია.
- თუ ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა მიგიჩნევია, რომ კარგ ფორმაში არ ხარ და ამის გამო, გულშემატკივართან ერთად ფოტოს გადაღებაზე უარი გითქვამს?
- არა, სხვათა შორის, არასოდეს! სულ ვცდილობ, ფორმაში ვიყო, მოწესრიგებულად გამოვიყურებოდე და ასეთი ვარ კიდეც (იცინის). ამიტომ ფოტოს გადაღებაზე უარი არასოდეს მითქვამს. ფორმაში რომც არ ვიყო, ადამიანს გულს მაინც არ გავუტეხ და ფოტოს გადაღებაზე უარს არ ვეტყვი.
- შენი პლაჟური ჩაცმულობა როგორია? მოდურ ტენდენციებს ითვალისწინებ? - ვფიქრობ, XXI საუკუნეში და კონკრეტულად 2019 წელს ისეთი მოდაა, რომელიც ადამიანს ბევრ საშუალებას აძლევს, აარჩიოს თუნდაც, ტანისამოსი, საცურაო კოსტიუმი... რა თქმა უნდა, გარკვეული ტენდენციაც არის, ახალი მოდელები იქმნება. ცხადია, ამას ყურადღებას ვაქცევ და დიდი სურვილი მაქვს, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე პლაჟზეც კარგად გამოვიყურებოდე. ეს საკითხი მეორეხარისხოვანი არასოდეს უნდა იყოს, ხელი არასოდეს უნდა ჩაიქნიო - რა მნიშვნელობა აქვს, რა მაცვიაო... ნებისმიერი ქალი იმისკენ მიილტვის, რომ ლამაზად გამოიყურებოდეს.
- შეგიძლია, ზღვის სანაპიროზე "თამამი" საცურაო კოსტიუმით გამოჩნდე?
- ასეთი სამოსი, ასე თუ ისე, მაინც გამომწვევად აღიქმება... მე არანაირი პრობლემა არ მაქვს: თუ მომწონს, აუცილებლად ჩავიცვამ, მაგრამ ჯერჯერობით, ასეთი შემთხვევა არ მქონია. საერთოდ, გამომწვევად ჩაცმა არ მახასიათებს. ჩვეულებრივად, ისეთ საცურაო კოსტიუმებს ვარჩევ, რომელიც მიხდება.
- საქართველოსა და უცხოეთში შენი ჩაცმულობა განსხვავდება? ამ მხრივ, იქ უფრო მეტად თამამი ხომ არ ხარ?
- არა, აბსოლუტურად ერთნაირად ვიმოსები. ალბათ, იქ უფრო თავისუფლად ხარ ადამიანი, არავინ გაკვირდება. უცხოეთში ისედაც ასეა, ძირითადად, ასეთი მენტალობის ხალხი ცხოვრობს. რა თქმა უნდა, ვინც ლამაზად გამოიყურება, ის ყოველთვის თვალში საცემია და მას ადამიანი ყოველთვის შეხედავს, მაგრამ პირადად მე, როგორც ჩემს მშობლიურ ქალაქში, ჩემს ქვეყანაში მაცვია, უცხოეთშიც იმავენაირად ვიმოსები.
- ძირითადად, ზაფხულის გატარებას სად ამჯობინებ - საქართველოში თუ უცხოეთში?
- ზაფხულს რაც შეეხება, ძირითადად, აქ უფრო ხშირად ვარ - ისევ და ისევ, ბავშვის გამო. საერთოდ, მოგზაურობა ძალიან მიყვარს და ყოველთვის ვცდილობ, დრო საზღვარგარეთ გავატარო, უცხო ადგილები ვნახო, სადაც ჯერ არ ვყოფილვარ... საქართველოშიც ბევრი ადგილია, სადაც ნამყოფი არ ვარ და მინდა, წავიდე. უბრალოდ, არის შემთხვევები, როცა სხვებზე ვარ დამოკიდებული, მაგრამ მაინც ისე ვგეგმავ, რომ ზაფხულის დიდ ნაწილს ჩვენს კურორტებზე ვატარებ, თან - დიდი სიამოვნებით. არანაირი პრობლემა არ მაქვს. საზღვარგარეთ წასვლა ჩემთვის დასვენება არ არის: ესაა ახალი რაღაცების შეცნობა, ნახვა, გართობის ერთ-ერთი სახეობა... ასე რომ, დასვენებას საქართველოში ვამჯობინებ.
- რის გარეშე ვერ წარმოგიდგენია ზაფხული?
- ზღვის. ბავშვობიდან ასე ვარ მიჩვეული: მშობლებს ზღვაზე დასასვენებლად ყოველთვის დიდი ხნით მივყავდი: 2 კვირით კი არა, მთელ თვეს ზღვაზე ვატარებდი. ეტყობა, ზღვის მიმართ სიყვარული იქიდან გამომყვა. როცა ბავშვი მეც ზღვაზე მიმყავს, მინიმუმ 2 კვირით ვრჩებით... ერთ წელიწადს სამსახურში შვებულება არ მქონდა და ისე მოხდა, რომ დასასვენებლად ვერსად გავედი, ზღვაზე არ ვყოფილვარ და თითქოს რაღაც მაკლდა, ეს ხასიათზეც დამეტყო, თუმცა მერე, უკვე სექტემბერში, დანაკლისის ანაზღაურება მაინც მოვახერხე - მეგობრები ბარსელონაში, იბიცაზე ვიყავით, ძალიან კარგი დრო გავატარეთ. იქ გამგზავრებას კიდევ ვისურვებდი და ამ სურვილს აუცილებლად ავიხდენ! კიდევ ბევრ ქვეყანას ვნახავ. თუ ზაფხულში საზღვარგარეთ მივდივარ, მაინც მინდა, რომ საკურორტო ზონა შევარჩიო, სადაც ზღვა და მზე არის. ზამთარში ამას უკვე მნიშვნელობა არ აქვს: შემიძლია, თავისუფლად ვიბოდიალო, მაგალითად, იტალიის ქალაქებსა და ქუჩებში.
- კარგად ცურავ?
- კი, ბავშვობიდან ვცურავ. საერთოდ, აუზში ცურვა არ მიყვარს. მხოლოდ ჯანმრთელობის გამო თუ გავცურავ და გამოვცურავ. სიამოვნებას ვერ ვიღებ. ზღვაში ცურვა სხვა რამ არის. ძირითადად, ძალიან შორს "გავდივარ", "გამოვდივარ", ვთამაშობ, ვერთობი (იცინის)...
- ნასტიაც ცურავს, არა? - ფაქტია, ცურვა ჯანმრთელობისთვის სპორტის ყველაზე კარგი სახეობაა. ნასტია სინქრონულ ცურვაზე შევიყვანე (რაშიც ტანვარჯიშიც შედის). უკვე 2 წელია, დადის. ცურავს, მაგრამ ძალიან კარგად უნდა ისწავლოს, რომ სინქრონულ ჯგუფში გადაიყვანონ. ალბათ, სექტემბრიდან გადაიყვანენ. წყალი ჩემსავით უყვარს: თამაშობს, ერთობა, ტალღებს ეთამაშება... აუზს რაც შეეხება, იქ პირადი მწვრთნელი ჰყავს და მასთან თამაში არ გამოდის.
- შენს გოგონას "შვებულება" აქვს?
- საერთოდ, სერიალზე ივლისის ბოლომდე მუშაობენ, მაგრამ ვუთხარი, - ბავშვია, მთელი ივლისი აქ ვერ მეყოლება-მეთქი. ყველაფერი შეთანხმებაზეა დამოკიდებული. სერიალის წარმომადგენლებს ვეუბნები ხოლმე, - ამა და ამ დროს მინდა, ბავშვი ქალაქიდან გავიყვანო, სუფთა ჰაერზე დავასვენო-მეთქი. არანაირი პრობლემა არ მქონია. შეიძლება ითქვას, რომ ნასტია შვებულებაშია (იცინის).
- შენს საზაფხულო გეგმებზე რას გვეტყვი?
- ძირითადად, უცხოური რეკლამებისა და კლიპების კასტინგებზე დავდივარ. რამდენიმე გადაღება მქონდა. რაღაცები ივლისშიც იგეგმება. დასასვენებლად რომ წავალ, არა მგონია, ერთი რეკლამის გამო ჩამოვიდე. 2 კვირას ზღვაზე გავატარებთ. შემდეგ ვფიქრობ, რომ ბავშვი მთაში წავიყვანო. ზღვაზე ყოველთვის ივლისში მივდივართ, რადგან თითქოს უფრო ნაკლები ხალხია, ამინდიც უკეთესია და ზღვაც უფრო სუფთაა...
- საკურორტო რომანებზე რას ფიქრობ?
- სიმართლე გითხრა, არ მქონია. საკურორტო რომანი ის არ არის, ზაფხულში კურორტზე რომ იწყება, მერე კი მთავრდება ხოლმე (იცინის). ისე, ბევრი მეგობარი, ახლობელი მყავს, რომელთა ურთიერთობაც საკურორტო რომანით დაიწყო - ერთმანეთი იქ გაიცნეს, შემდეგ ურთიერთობა აქაც გაგრძელდა... ზოგის ურთიერთობა ხანმოკლე იყო, ზოგის - დაოჯახებითაც დასრულდა... ჰოდა, რა ვიცი, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ისევ და ისევ, იმაზეა დამოკიდებული, თავად როგორ განავითარებ.
- შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?
- გვერდით მყავს საყვარელი ადამიანი და მასთან ერთად თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, ბედნიერი ვარ...
ეთო ყორღანაშვილი