სულ სხვანაირი რატი დურგლიშვილი
ამბობს, რომ ალბომი, რომელსაც მსმენელს მალე წარუდგენს, მას ძალიან ჰგავს. რატომ დაიშალა დუეტი "ჯორჯია", როგორი ურთიერთობა აქვს მაკა ზამბახიძესთან, რას გააკეთებდა ცხოვრებას თავიდან რომ იწყებდეს, რას ფიქრობს სიყვარულზე, როდის ითრგუნება და როდის იბნევა? - ამ ყველაფერს მისი დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
- დაბადების თარიღი...
- ...1982 წლის 4 მაისი.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...მეცხვარე (იცინის). დამეთანხმები, ადამიანს ბავშვობაში განცდილი განსაკუთრებით ამახსოვრდება. ამიტომ ზრდასრულები უნდა შევეცადოთ, მოზარდების თანდასწრებით რაც შეიძლება ნაკლები უსიამოვნო საუბარი გვქონდეს. ერთ დღეს სკოლაში მასწავლებელმა გვკითხა, - მომავალში ვინ გინდათ გამოხვიდეთო? მერე პასუხის დასაწერად ფურცლები დაგვირიგა. მე მეცხვარეობა (ოღონს არ ვიცი, რატომ) მინდოდა და გულწრფელად ვუპასუხე. ამის გამო დამცინეს. ის დღე ძალიან მწარედ მახსოვს. მაშინ გავიფიქრე, ცხოვრებაში არასდროს არავის დავცინებ-მეთქი და დღემდე ეს განწყობა მაქვს.
- ჩემზე ამბობენ...
- ...რატი კარგი ბიჭიაო. ნაცნობებისა და უცნობი ადამიანების უმრავლესობა მეუბნება, საყვარელი ხარო.
- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...
- ...უფლის სიყვარული, შრომისმოყვარეობა, საკუთარი თავის რწმენა, ნიჭი, ადამიანების დიდი არმია - ჩემი წარმატება ამ ყველაფერმა განაპირობა.
- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...
- ...მნიშვნელოვნად არაფერს შევცვლიდი. ჩემი ცხოვრებით კმაყოფილი ვარ.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- ...გახლავართ ქართველი, ჯანმრთელი და ოჯახის წევრებიც ჯანმრთელად არიან. ბედნიერი ვარ, რომ ბევრ კარგ ადამიანს ვიცნობ. ბედნიერი ვარ ყოველი დილის გათენებისას, ახალ ადამიანის გაცნობისას... ენერგია, რომელსაც გავცემ, უკან მიბრუნდება. ერთი ადამიანიც კი არ არსებობს, რომელზეც შემიძლია ვთქვა, მძულს-მეთქი.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- ...შეიძლება, ამაზე არ უნდა ვლაპარაკობდე, მაგრამ უსაზღვროდ კეთილი ვარ. საკუთარ თავში მომწონს ის, რომ უკეთესობისკენ ვიცვლები. სიკეთის კეთება ყველაზე დიდი სიამოვნებაა. დაბრმავებული არ ვარ. ცუდსა და კარგს ყოველთვის ვარჩევ და თუ რამე შემეშლება, ბოდიშის მოხდაც შემიძლია.
- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...
- ...დაუფიქრებლად რაღაცების თქმა ვიცოდი ხოლმე. ეს თვისება მგონი, უკვე დავძლიე. მადლს მარილს არ ვაყრიდი და ეს არ მომწონდა. სიტყვის კაცი უნდა იყო.
- დაშვებულ შეცდომებს...
- ...ყოველთვის ვასწორებ. ერთი და იგივე შეცდომა დამიშვია თუ არა? - არასდროს. სხვის შეცდომებზეც ბევრი რამ მისწავლია. არ მესმის, ადამიანები ცხოვრებას რატომ ირთულებენ, როცა ბედნიერება სიმარტივეშია.
- დათმობა შემიძლია, თუ...
- ..."თუ" არ არსებობს, დამთმობი ადამიანი ვარ და ამის გამო გული არასდროს მტკენია.
- როცა მომავალზე ვფიქრობ...
- ...წლები რომ მემატება, ვითრგუნები. ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ბევრ რამეს ვერ ვასწრებ, მშობლებთან ბევრ დროს ვერ ვატარებ.
- ვიბნევი, როცა...
- ...დიდი ხანია, შეყვარებული აღარ ვყოფილვარ. შეყვარებული უფრო ხშირად ვიბნეოდი. ვიბნევი და ვითრგუნები, როცა ხალხმრავალ ადგილებში მოხვედრისას ვიღაც რაღაცნაირი გამჭოლი მზერით მიყურებს, თვალს არ მაშორებს, როცა ადამიანში კატის ცბიერ გამოხედვას ვაფიქსირებ.
- ასეთი ცბიერი გამოხედვა უმეტეს შემთხვევაში...
- ...საპირისპირო სქესის წარმომადგენლისგან მიგრძნია... კიდევ, ვიბნევი, როცა სადმე დაგვიანებით შევდივარ და ერთდროულად რამდენიმე ადამიანის ყურადღების ცენტრში ვექცევი. ასეთ დროს სიტყვებიც მავიწყდება. მზერა უკნიდანაც არაერთხელ მიგრძნია. მიმიხედავს და ვიღაც მიყურებს. პროფესიით მხატვარი ვარ. თვალებისა და ხელების ხატვა ყველაზე მეტად მიყვარს. რადგან სწორედ ეს გასცემს ყველაზე მეტად ადამიანის შინაგან სამყაროს. ხომ გაგიგონია, თვალები სულის სარკეაოა და ხელებიც არანაკლები ინფორმაციის მატარებელია. ვინც გაშლილი ხელებით გელაპარაკება, "ღიაა", ვინც მტევანს "კეტავს", რაღაცას გიმალავს... საოცარი ინტუიცია მაქვს. ერთხელ მეგობარმა დამირეკა, რესტორანში წავიდეთო. - არ მინდა, ჩხუბი მოხდება-მეთქი, - და სახლში დავრჩი. ის მაინც წავიდა. მეორე დილით მირეკავს: შენი მოკვლა მინდაო. - რა ხდება-მეთქი? რესტორანში მომხდარი ჩხუბის დეტალები მიამბო.
- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...
- ...რატი დურგლიშვილი (იცინის). ხვალ და ზეგ უფრო მეტის გაკეთებას შევძლებ. მინდა მშობლებმა, ახლობლებმა ჩემით იამაყონ.
- წლებია, გიცნობ. ასეთი მოტივირებული, იმედით სავსე იშვიათად მინახავხარ.
- (იღიმის) ჰო, რაღაც სხვანაირი გავხდი, არა? ჩემი შედეგით კმაყოფილი არასდროს ვიყავი. თითოეული სიმღერა ჩემი ნაწილია. საკუთარ თავს დავუმტკიცე, რომ არაფრის არ უნდა მეშინოდეს. ყველაზე მთავარი, რაც მაბედნიერებს, ის არის, რომ ჩემთვის კეთილ სიტყვებს არ იშურებენ.
- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...
- ...წონასწორობიდან არასდროს გამოვდივარ, მაქსიმალურად დინჯი და დიპლომატიური ვარ.
- მეზარება...
- ...ყველაფერი მეზარება, მაგრამ ვაცნობიერებ, ეს ცუდი თვისებაა. ჰო, მართლა, კომუნალური გადასახადების გადახდა მეზარება; კი არ მენანება, მეზარება.
- მე ვარ შეუმდგარი...
- ...მეცხვარე, სტომატოლოგი. პატარა რომ ვიყავი, ბებიისთვის პროთეზის ნაცვლად ნამდვილი კბილების ჩასმა მინდოდა.
- ცხოვრებას ვილამაზებ...
- ...ადამიანებით, შემოქმედებით.
- სიყვარული ეს...
- ...ღმერთია, რის გამოც კაცობრიობა არსებობს. რაც ნამდვილია, ყველაფერი სიყვარულით არის შექმნილი. თუ არ გიყვარს, კარგად ვერ იმღერებ, კარგ ფილმს ვერ გადაიღებ.
- როცა შეყვარებული ვარ...
- ...14 წელია, აღარავინ მყვარებია. ჯერ არ გამოჩენილა ადამიანი, რომელიც გამიგებს. ჩემი გაგება კი რთულია. თუ ჩემამდე არ მოვუშვი, როგორ გამიგებს? - ის, ვინც მოსასვლელია, თვითონ მოვა. არ მიყვარს, როცა მატყუებენ. თავად ძალიან ერთგული ვარ, მაგრამ გოგო როგორც უნდა მიყვარდეს, სულ მასთან ერთად ვერ ვიქნები. მე ჩემი სამყაროც მექნება და ეჭვიანობა საჭირო არ არის. რატომღაც, ისე მოხდა, რომ აქამდე ვისთანაც ურთიერთობა მქონია, ყველამ ჩემი "კლეტკებში" ჩასმა მოინდომა. თავისუფლების შეზღუდვას ვერასდროს შევეგუები! რადგან ხედავენ, რომ მორჩილი გახლავართ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერზე წამსვლელი ვარ. ურთიერთობებში წინააღმდეგობას სულ ვაწყდებოდი, მაგრამ სიყვარულის გამო ზოგჯერ თვალებს ვხუჭავდი. მერე ჩემი საქციელი გავაანალიზე და მივხვდი, მომავალში ეს უსიამოვნების გარდა, არაფერს მომიტანდა.
- ადამიანი, რომლის გვერდითაც დარჩენილ ცხოვრებას გავატარებ...
- ...საინტერესო უნდა იყოს, სულ უნდა მხიბლავდეს, არ უნდა "გახუნდეს", ძალიან ინდივიდუალური უნდა იყოს, მაგრამ არა - ხელოვნურად შექმნილი ინდივიდუალიზმით. ურთიერთობაში ემოციები არ უნდა ამოიწუროს. მასთან უნდა ვისვენებდე და ვტკბებოდე.
- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...
- ...მზე და კარგი ამინდი ჩემს განწყობაზე დადებითად მოქმედებს, "მოღუშული" ამინდი მასევდიანებს. ახალ წელზე, შობაზე, აღდგომასა და სხვა დიდ დღესასწაულებზე ვგიჟდები. მგონია, რომ ამ დროს ადამიანების უმეტესობა დადებითაა განწყობილი და კარგი ემოციები სამყაროში დადებით ენერგეტიკას ქმნის.
- ცხოვრებაში რისკზე...
- ხშირად მივდივარ. ზოგჯერ ნაბიჯებს დაუფიქრებლადაც ვდგამ.
- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...
- ...სიალალეა. მიმნდობი ვარ. თუ ადამიანი ჩემამდე მოვუშვი, მერე ბევრ რამეში ვენდობი, მაგრამ ისეთ ინფორმაციას არასდროს გავცემ, უკან ცუდად მობრუნებისას გული რომ მატკინოს. ადამიანების უმრავლესობა ადვილად ამოსაცნობია.
- როცა საჯაროდ მაქებენ...
- ...თავს უხერხულად ვგრძნობ, განსაკუთრებით - როცა სუფრასთან ვზივარ და ჩემს სადღეგრძელოს ამბობენ. სამაგიეროდ, ძალიან მსიამოვნებს, როცა მუსიკის, სიმღერის გამო მაქებენ. ეს იგივეა, რომ გითხრან, რა კარგი შვილი გყავსო.
- ხშირად მსაყვედურობენ...
- ...უყურადღებო ხარო.
- მეშინია...
- ...ახლობელი ადამიანების დაკარგვის.
- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...
- ...მაგალითად, ჩემი სიმღერების ტექსტები სულ მავიწყდება. კარგად ვერ ვისწავლე ინგლისური ენა.
- არ მჩვევია...
- ...ტყუილის თქმა.
- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...
- ...ბევრ ადამიანს გავაბედნიერებდი.
- ვერავინ მაიძულებს...
- ...გავაკეთო ის, რისი გაკეთებაც არ მინდა.
- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...
- ...ეს ამბავი ბავშვობაში მოხდა: ბებიასთან ერთად ავტობუსით ვმგზავრობდი. მის გვერდით ვიჯექი. იქვე ხანდაზმული ქალბატონი ფეხზე იდგა. 8-9 წლის ვიქნებოდი. ბებიამ მითხრა, - აბა, კარგად გაიხედ-გამოიხედე, ახლა სწორად იქცევიო? - ცუდს რას ვაკეთებ-მეთქი? - შენ ხარ კაციო, - მიპასუხა და ძალიან ლამაზად ამიხსნა, როგორ უნდა მოვქცეულიყავი. ზრდილობა ყველაზე ფასეული რამ არის, ადამიანს ყველაზე მეტად აკეთილშობილებს. შემიძლია, ზრდილობიან ადამიანს ფეხქვეშ გავეგო. დღეს ბილწსიტყვაობა მოდურად რატომ აღიქმება, ვერ ვხვდები. ჩემი აზრით, ეს "კარგი ტიპობა" ნამდვილად არ არის.
- დაბოლოს, გეტყვით...
- ...ერთმანეთს შეიძლება არ ვიცნობთ, მაგრამ მე თქვენ ძალიან მიყვარხართ.
თამუნა კვინიკაძე